Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts
Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts

Saturday, August 2, 2008

G-8 უნდა გარდაიქმნას, რომ უფრო ეფექტური გახდეს

le_figaro 
რიჩარდ ოზე

2008 წლის მაისში, ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში ”ფიგაროსთან” სილვიო ბრელუსკონი საერთაშორისო კრიზისის მრავალ საკითხს შეეხო და ნიკოლა სარკოზისთან, რომელსაც რომში უმასპინძლებს, თავისი ურთიერთობა გაიხსენა. საფრანგეთის დელეგაციაში სახელმწიფო მეთაურთან ერთად, პრემიერ-მინისტრი და შვიდი მინისტრი შედის. სამიტის შემდეგ, ნიკოლა სარკოზი და ქრისტინე ალბანელი ვილა მედიჩის დირექტორის - ფედერიკ მიტარანის სტუმრები იქნებიან.

წელს G-8-ს თქვენ უკვე მესამედ თავმჯდომარეობთ…

ამით იმის თქმა გსურთ, რომ უკვე დავბერდი? ეს მართალია. G-8-ს 1994 და 2001 წელს ვთავმჯდომარეობდი. წელს ისევ ვუხელმძღვანელებ. ჩემამდე, ამის გაკეთება ვერავინ მოახერხა. მიტერანმა და კოლმა მას მხოლოდ ორ-ორჯერ უხელმძღვანელეს. ამ რთულსა და საიდუმლოებით მოცულ სამყაროში ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

რა იქნება G8-ს მიზნები თქვენი პრეზიდენტობის დროს?

იმდენად ბევრი საკითხია, პრიორიტეტს ვერავინ გამოყოფს: ფინანსური კრიზისის თემა, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული საკითხები, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთსა და ერაყში სტაბილიზაციის საკითხები, ბირთვული პროგრამის ესკალაცია ირანში, დარფურის კრიზისი, შიმშილი, სიღარიბე და კლიმატური პირობების შეცვლა, რომელიც ათასწლეულის მიზნებს დარტყმის ქვეშ აყენებს. შეგვიძლია გავყვეთ: ეკონომიკის გლობალური მართვა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების ახალი არქიტექტურა, მომავალი წელს კოპენჰაგენის სამიტი, რომელიც კლიმატურ საკითხებს მიეძღვნება, მსოფლიოს ლიდერებს შორის შუამავლობა. ყველაფერი ეს, G8-ს იერისა და მომავალი სტრუქტურის გააზრების საშუალებას იძლევა.

როგორი სახით? მისი გაფართოებით?

იტალიას სურს, G8 უფრო წარმომადგენლობითი და იმავდროულად, კონკრეტულ ქმედებებში უფრო ეფექტური იყოს. იმისთვის, რომ წარმომადგენლობითი გახდეს მსოფლიოში, რომელიც სწრაფ გადაფასებას განიცდის, ის ახლად გამოჩენილი ეკონომიკებისთვის გახსნილი უნდა იყოს და მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებთან მუდმივ დიალოგს აწარმოებდეს, აგრეთვე უფრო სტუქტურირებული და სტაბილურ თანამშრომლობას სთავაზობდეს G5-ის ქვეყნებს (ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიას, მექსიკას და სამხრეთ აფრიკას), ისევე როგორც ეგვიპტეს, არაბული, მუსულმანური და აფრიკული სამყაროს წარმომადგენლებს. სპეციფიკური ქვეყნების ჯგუფებს შორის კონფრონტაცია რთულია, მაგალითად აფრიკის ქვეყნებს შორის, ”ცვალებადი გეომეტრიის” პრინციპის მიხედვით. საქმე დემოკრატიის საერთაშორისო მართვას ეხება. ორგანიზაციის მხრივ ეს ადვილი საქმე არ არის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ.

როგორ აფასებთ საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოღვაწეობას ევროკავშირის თავმჯდომარის რანგში?

საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა ამ სემესტრში თავი ჭკვიან და გაბედულ ადამიანად წარმოგვიდგინა. ის ევროკავშირის ძლიერი და გავლენიანი ხელმძღვანელი იყო. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით და ხშირ შემთხვევაში იტალიის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდა. მისი პრეზიდენტობის დროს საფრანგეთს კლიმატის შეთანხმების საკითხები უნდა ემართა, წინ აღდგომოდა ფინანსურ კრიზისს, ხელი შეეწყო რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მოგვარებისთვის, გაზის კრიზისის დაცხრომისათვის. ყველა ამ საკითხში სარკოზის ჩვენი თანდგომის იმედი უნდა ჰქონოდა და ეს საყოველთაოდ ცნობილია. ჩვენ ერთად ვფიქრობთ უფრო ძლიერ ევროპაზე, რომელიც ლისაბონის რეფორმატორულ პროცესზე იქნება დაფუძნებული. ევროპაზე, რომელიც მის მოქალაქეებთან ახლოს იქნება, უფრო დემოკრატიულიც იქნება და კიდევ უფრო გაძლიერდება საერთაშორისო სცენაზე.

თქვენ ჯორჯ ბუშის ახლო მეგობარი იყავით. როგორ აფასებთ ბარაკ ობამას და რას ელოდებით მისგან?

შეუძლებელია იმის შედარება რაც იყო და რაც მომავალში იქნება. ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის შეფასება ჩემი საქმე არ არის. ამას თავად ისტორია გააკეთებს. ის მეგობარი და ადამიანია, რომელსაც ვაფასებდი. მას მისი ქვეყნისთვის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში უნდა ეხელმძღვანელა, 11 სექტემბრის თავდასხმას შებრძოლებოდა, რაც პერლ ჰარბორის შემდეგ ამერიკის წინააღმდეგ პირველი ასეთი მასშტაბური თავდასხმა იყო. ის ჩემთვის ყოველთვის სანდო ადამიანი გახლდათ, მისი”დიახ” ყოველთვის იყო ”დიახ,” ხოლო ”არა” - ყოველთვის ”არა.” ბარაკ ობამასთან პატივისცემაზე, ნდობასა და თანამშრომლობაზე დამყარებულ ურთიერთობებს ვიწყებ. ჩვენი პირველი შეხვედრიდან მივხვდი, რომ ხასიათის ბევრი საერთო თვისება გვაკავშირებს. ის კონკრეტული და პოზიტიური ლიდერია, ღრმად სწავლობს საკითხებს, კარგად იცნობს საერთაშორისო პოლიტიკის მოცემულობებს, რომლითაც საქმეების განსჯა შეუძლია. ჩვენ დიდი იმედი გვაკავშირებს, რაც კრიზისის დროს აუცილებელი პირობაა. ობამა ამერიკელებსა და მსოფლიოს ნდობას უნერგავს, რაზეც მეტყველებს კიდეც, მისი პირველი ნაბიჯები გადადგმული როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე ისლამური სამყაროს მიმართ.

საფრანგეთი და იტალია ლიბანსა და ავღანეთში სამხედრო ნაწილებით არიან წარმოდგენილნი. ამ საერთო წარმომადგენლობას ზღვარი აქვს თუ არა?

ორი ქვეყანის თანამშრომლობა ლიბანში, სადაც იტალიას 2300 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, ოპტიმალურია. ისინი მონაცვლეობით ხელმძღვანელობენ სამშვიდობო ძალებს. ჩვენ სამხედროებს დაშორებული ზონების სწრაფი კონტროლირება ევალებათ. იტალიას არასდროს უთქვამს უარი გაეფართოვებინა მისი ყოფნა სახმელეთო ოპერაციებში. სამხედრო ვალდებულებების გარდა, ჩვენ კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას ვემხრობით. საფრანგეთი და იტალია, ეგვიპტის თავმჯდომარეობით მიმდინარე დონორი ქვეყნების კონფერენციის სპონსორები არიან. ამ კონფერენციის მიზანი რეგიონში სტაბილიზაციის მიღწევაა. ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ამ მიმართულებაზეც გადის. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური დახმარებას ამოფარებულმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, ფესვები მოსახლეობაში გაიდგეს. ინტეგრაციის მომხრეთა აგრესიის სამიზნე ზომიერი ისლამისტები არიან.

ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ ევროპა ისრაელ-არაბეთის კონფლიქტის გადაწყვეტის ძიებაში სრულყოფილადაა ჩართული?

ევროპა ინერტული არ დარჩენილა. არსებობს სხვადასხვა ინიციატივები, დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებით, რომელსაც სარკოზი ხელმძღვანელობდა. პროცესი დაიწყო. იარაღის კონტრაბანდას ბოლო უნდა მოეღოს. უნდა შეწყდეს რაკეტების სროლა და დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის ნებართვა გაიცეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაბრუნდეს. მე ვისურვებდი, რომ ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის რაც შეიძლება მალე განახლდეს მოლაპარაკებები და მთელი ჩემი რწმენით პალესტინელებს შერიგებისაკენ მოუწოდებ. G8-ზე ჩვენ იორდანიის ერთ მხარეს ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამას წარვადგენთ. გეგმა საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, ბეთლემის გავლით კათოლიკე ტურისტების წმინდა ადგილებში ჩამოყვანას, სასტუმროების მშენებლობას და იქ საერთაშორისო ჯგუფების განლაგებას ითვალისწინებს. მხოლოდ ასეთი ეფექტური საშუალებებით მოხერხდება პალესტინის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმა, რაც ორი ხალხის მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებს შექმნის.

საჭიროა თუ არა ჰამასთან დისკუსიის გამართვა?

ის არ შეიძლება ერთი თანამოსაუბრე იყოს. გამოვრიცხავ დიალოგის წარმართვას ორგანიზაციასთან, რომელიც 2003 წელს, იტალიის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს, ევროპამ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჩარიცხა. როგორ შეიძლება მოლაპარაკება მათთან, ვისაც ისრაელის რუკიდან გაქრობა სურდა? ყველა დიალოგი მოწინააღმდეგის არსებობის უფლების შეცნობით იწყება. არცერთ ქვეყანას და არცერთ დემოკრატიას არ შეუძლია მოთმინებით უყუროს იმას, თუ როგორ აყრიან მის ქვეყანას და მოსახლეობას რაკეტებს განუწყვეტლივ.

იტალია დაგვიანებით ჩაერთო ტურინ-ლიონის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში, რომელმაც პოს დაბლობი ორ ნაწილად უნდა გაყოს. შეიძლება თუ არა ეს გზა 2011 წლისთვის გაიხსნას, როგორც ეს წინასწარ იყო ნავარაუდევი?

ამ საკითხზე ჩვენს მთავრობაში სრული თანხმობა სუფევს. მაშასადამე, ტურინ-ლიონის რკინიგზა აშენდება. ჩვენ სამუშაოების დაჩქარებას ველით. ამ ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Tuesday, July 22, 2008

”პუტინმა მითხრა, რომ ჩვენგან კვიპროსს გააკეთებს”

lavanguardia 
ფელიქს ფლორესი
22 თებერვალი 2009

საქართველოს ლიდერი ბარსელონაში ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებისთვის ”უკეთეს დროს” ელოდება.  

ქარიზმატული მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის მესამედი რუსეთთან ომის დროს ზაფხულში დაკარგა, ბარსელონაში ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს. მას დიდი ეკონომიკური გეგმები აქვს და უბრალოდ ”უკეთეს დროს” ელოდება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს. მისი თქმით ”რუსეთს საქართველოზე გაცილებით სერიოზული ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი აქვს.” 

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოცი, ოცდაათი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსად უნდა იყოს? 

შესაძლებელია, თუკი მსოფლიოში და რუსეთში სიტუაცია არ შეიცვლება. 2006 წელს პუტინმა თქვა, რომ ჩვენ კვიპროსად გვაქცევდა, რადგან ჩვენი ნატოსკენ სწრაფვა არ მოსწონდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ თუკი იგი ჩვენთან ჩრდილოეთ კვიპროსს შექმნის, იგივეს გააკეთებს სხვაგან უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში... არ ვფიქობ, რომ მსოფლიოს სიმშვიდის საფუძველი აქვს

ბრიტანეთის პარლამენტის ინფორმაციით, ბუშის ადმინისტრაცია თქვენ ”არასწორ სიგნალებს” გიგზავნიდათ, რომლებმაც გაფიქრებინათ, რომ სამხრეთ ოსეთზე შეტევის შემთხვევაში მისი მხარდაჭერა გექნებოდათ...

ლორდთა პალატის ანგარიშზე გავლენა ბრიტანულმა პრესამ მოახდინა, რომლის წარმომადგენლებიც რუსეთთან კორუფციულ ბიზნესში არიან ჩართულები. 

სხვებიც იგივეს ამბობენ. ვინ მოგცათ გარანტიები დიკ ჩეინიმ, ჯონ მაკკეინმა? 

დიკ ჩეინის შეხვდრის დროსაც კი გაუჭირდა რაიმე რჩევის მოცემა. ეს ყველაფერი შეთქმულებაა. ასეთი შეშლილებიც არ ვართ.

აღიარებთ შეცდომებს? 

შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტი უნდა გვემუშავა ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან, მაგრამ არ მგონია, რომ ისინი დახმარებას შეძლებდნენ. 

ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების ამბიციები ახლა უკვე შორსაა? 

არა, ჩვენ ახლა უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან. დაიბადა ”პარტნიორობის” ახალი იდეა, რომელსაც ხელი მარტში პრაღაში მოეწერება. რაც შეეხება ნატოს, არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რომელსაც წინ ბევრი ამოცანა აქვს. მე მიუნჰენში ჯო ბაიდენს ვესაუბრე, რომელმაც ერთ მილიონიანი დახმარების პაკეტზე მხარდაჭერა აღგვითქვა. მე ასევე ტელეფონით ობამასაც ვესაუბრე, რომელმაც ომის დროს მხარი დაგვიჭირა.

როგორი გავლენა იქონია ომმა ინვესტიციებზე საქართველოში?

სიტუაცია დაძრულია. არსებობს პროგნოზი 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დროს როდესაც რუსეთში, უკრაინასა და ლატვიაში უარყოფითი მაჩვენებელია... 

მაგრამ თქვენი მოსახლეობა ოთხ მილიონზე ოდნავ მეტია და აქედან მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმაა

დიახ, მაგრამ როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი ასეთი მოსახლეობის ნახევარი იყო... საქართველოდან კატალონიაში დამნაშავეების ექსპორტი ხდებოდა, ახლა ჩვენ პოლიციასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. საქართველოში ორგანიზებული დანაშაული აღარ არის!

ოპოზიციამ ომის შემდეგ დრო მოგცათ. დღეს 30-მდე პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები გადადგომისკენ მოგიწოდებენ

დიახ, მაგრამ არცერთი მათგანი პარლამენტში არ არის.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Wednesday, July 16, 2008

მოკლული ჟურნალისტის შვილისთვის, სასამართლო პროცესს ძიების შეწყვეტა არ უნდა მოჰყვეს

tr_geneve 
ნიკიტა რობერი
16 თებერვალი 2009

რუსეთი: ილია პოლიტკოვსკაი მოითხოვს, რომ შემდეგ პროცესზე მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი გაასამართლონ.

სამი თვის განმავლობაში ილია პოლიტკოვსკი მისი დედის, რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში შეთქმულების მონაწილეთა სასამართლო პროცესს თვალს ადევნებს. განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე ის იმედსა და ეჭვებს შორის ყოყმანობს.

რა განაჩენს ელოდებით?

სამართლიან განაჩენს. იმედი მაქვს, ასე მოხდება, თუმცა დარწმუნებულიც არ ვარ. ყველაფერს ნაფიცი მსაჯულების დამოუკიდებლობა განსაზღვრავს. თუ ნაფიცი მსაჯულები ზეწოლას განიცდიან, ეს სამართლიანი განაჩენი ვერ იქნება. დღემდე ჩვენ კმაყოფილები ვიყავით. ადვოკატები ამბობენ, რომ რუსეთში ნანახი პროცესებიდან ეს ყველაზე დემოკრატიული პროცესი იყო. არჩევანი ზემოთ გააკეთდა: ხელისუფლებამ იცოდა, რომ სხდომებს თვალს პრესა მიადევნებდა.

თქვენი აზრით, ეჭვმიტანილები დამნაშავეები არიან? თუ უბრალოდ განტევების ვაცის როლს ასრულებენ?

მე არ ვიცი, ისინი დამნაშავეები არიან თუ არა. ეს ნაფიც მსაჯულთა ჟიურის გადასაწყვეტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქმეში ყველა ჩართული იყო. მაგალითად ძმები მაჰმუდოვები (ჯაბრაილი და იბრაჰიმი ეჭვმიტანილები არიან, რომ ჟურნალისტს სახლამდე გაყვნენ). ისინი მკვლელები არ არიან, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ადგილზე იყვნენ. იმდენი იცოდნენ თუ არა რომ მკვლელობაში მონაწილობდნენ? მსხვერპლის იდენტურობა დადგენილი ჰქონდათ თუ არა?..

შიშობთ თუ არა, რომ ხელისუფლება განაჩენით ისარგებლებს და საქმეს დახურავს?

დიახ. ასეთი რამ შესაძლებელია, როდესაც ვიცით თუ როგორ მოქმედებს ჩვენი სახელმწიფო... ჩვენთვის პროცესი არ სრულდება, რადგან მან მკვლელობის გარემოებების მხოლოდ ნაწილი წარმოაჩინა. გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობს. მთავარი წინ გველოდება. მე მეორე და უკანასკნელი სასამართლო პროცესი მსურს, სადაც დამნაშავეთა შორის ორგანიზატორებიც, მკვლელიც და დამკვეთიც იქნებიან. ჩვენ არ ვიცით ვინ არიან ისინი და რა იყო დანაშაულის მოტივი.
მას შემდეგ, რაც ახლახანს ადამიანის უფლებათა და დამცველი და ”ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი მოკლეს, პრეზიდენტი მედვედევი ”ნოვაია გაზეტას” მთავარ რედაქტორს შეხვდა.

განა ეს პოზიტიური ნიშანია?

მინდა მჯეროდეს, რომ მედვედევმა ეს გულწრფელად გააკეთა. ვლადიმერ პუტინის პირობებში ასეთი შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა. მე დედაჩემის მკვლელობაზე მისი რეაქცია მახსენდება (ხანგრძლივი პაუზა, შემდეგ თავისი მუშაობის შედეგები შეაფასა). მედვედევის დროს ადამიანები თავს ლიბერალებად გრძნობენ, სხვაობა სახეზეა. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა, მხოლოდ გარეგნული ეფექტისთვის არ იყო...

გჯერათ თუ არა, რომ კრემლის წარმომადგენლები ბოლოს და ბოლოს დედათქვენის მუშაობის მნიშვნელობას შეაფასებენ?

დედაჩემის მეგობრებმა მითხრეს, რომ ერთ დღეს ის ნაციონალურ გმირად წარმოჩინდება. ჩემთვის ამ ოფიციალურ ცნობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან პირველ რიგში ის ჩემთვის დედა იყო. მე და ჩემი და უკანასკნელები ვიყავით ვისაც იგი ელაპარაკა. ვიდრე სახლში დაბრუნდებოდა, მაღაზიის სალაროდან დაგვიძახა (”მე ყველაფერი ვიყიდე, სახლში ვბრუნდები და როცა მოიცლით გამოიარეოთო”). იმ დღეს მე ჟურნალისტი არ დამიკარგავს, დედა დავკარგე.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Friday, July 11, 2008

სუფრა მათთვის წმინდა ადგილია

logo_zw 
კატარჟინა კზარნეცკა
11 თებერვალი 2009

პოლონური “მორალური შფოთვის კაბარე”-ს მსახიობს ვარშავის ერთ-ერთ ბარში შევხვდით. საქართველოზე სასაუბროდ უკეთესი ადგილი არ არსებობს - კატარჟინა პაკოსინსკა ამ ქვეყანაზე დიდი გატაცებით საუბრობს - ის საქართველოზე გადაღებულ ფილმში მონაწილეობს. ექვსნაწილიანი ფილმის ტრანსლიაცია 14 თებერვლიდან დაიწყება.

კატარჟინა აქ ხშირი სტუმარია. ვიდრე მაგიდას მიუჯდებოდა, გაუჩინარდა - სამზარეულოში ქალბატონი ზინა და მისი ქალიშვილები მოინახულა. აქ ქართულ ეროვნულ კერძებს ამზადებენ, რომლებიც შეიძლება ოდნავ, ”თქვენი გემოვნების” მიხედვით შეიცვალოს. ეს პატარა სამფლობელოა, სადაც მხოლოდ ხუთი მაგიდა და სპეციალური მაცივრები დგას, მაგრამ მასპინძელი თამარი აქ კერძებით გრაციოზულად მოძრაობს.
ბარში ”თბილისი” არამხოლოდ კარგად დანაყრდებით, ეს არის საქართველოს ფრაგმენტი ვარშავაში, კონტაქტებისა და ინფორმაციის გაცვლის ადგილი, რომელიც ლამის საელჩოზე აქტიურად მუშაობს.

- რა თქმა უნდა აქ ქართველები დადიან, მაგრამ დადიან ვარშაველებიც, რომლებსაც ეს ქვეყანა ჩემსავით, ძალიან უყვართ- ამბობს კატარჟინა - აქ თქვენ თავს, როგორც კავკასიაში ისე იგრძნობთ.

და არამხოლოდ კერძების არომატის გამო, არამედ თბილი, ოჯახური ატმოსფეროს გამოც, რომელიც აქ სუფევს. აქ ყველაფერს ლამაზად გიწყობენ - ამბობს პაკოსინსკა - სუფრა მათთვის წმინდა ადგილია.

არაფერი შეგვიკვეთავს, მაგრამ ჩაი და ხაჭაპური მოგვიტანეს - ეს ყველის ნამცხვარია. ქალბატონმა ზინამ გადაწყვიტა, რომ საუბარი ცარიელ სუფრასთან არ უნდა დაგვეწყო.

ძმარი და ფორთოხალი

კატარჟინამ ჩაი დაისხა და იმის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ მოხვდა პირველად საქართველოში, როგორც მოცეკვავე.

- ჩვენთან გაჭირვება და სიღარიბე იყო. თაროებზე მხოლოდ ძმრის ქილები იდგა. იქ კი ფორთოხლები, მანდარინები და ბანანები... და ცეკვა, რომლის დროსაც ყველა ქალი დედოფალს გავს.
დავბრუნდი და გადავწყვიტე ამ ქვეყნაზე უფრო მეტი გამეგო.
ხელოვნების სკოლაში საქართველოს თემას ვსწავლობდი და მჯეროდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოცნება ამისრულდებოდა და ამ ქვეყნაში დავბრუნდებოდი.

ორი წლის წინ ის საქართველოში მართლაც დაბრუნდა და მას შემდეგ, თვეში ერთხელ ამ ქვეყნაში მოგზაურობს. მშობლები და კოლეგები კაბარედან გაოცებულები არიან. 5 წლის მაიასაც კი ესმის, რომ იგი ”თავის საქართველოში” მიემგზავრება ხოლმე. ერთადერთი რაც ბავშვს აინტერესებს, არსებობენ თუ არა იქ პრინცესები. ზაფხულამდე ვერ ვითმენ ხოლმე. კატარJინამ ამ ქვეყანაზე ყველაფერი იცის: ისტორია, სამზარეულო და ადათ წესები, მაგრამ მანამდე ყველაფერს ნელ-ნელა სწავლობდა.

”თავიდან ბევრ რაღაცაში ვერ ვერკვეოდი, რის გამოც ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ. ძალიან მინდოდა თბილისში მეგობრებს კიტრით გავმასპინძლებოდი. დილით საუზმეს ვაკეთებდი, მაგრამ ქილა ვერაფრით გავხსენი. გავედი მეზობელთან. დილის რვის ნახევარი იყო. ახალგაღვიძებული კაცი წვერს იპარსავდა და სახეზე ქაფი ესვა, კარი გამიღო და ცოტა გაოცებული მიყურებდა: კიტრი გაგიხსნათ! კიტრი გაგიხსნათ!” - იცინის.

ახლა ასეთი რაღაცეები აღარ ხდება. ქართველები მას პატივს სცემენ. ერთხელ (ისევ სუფრასთან) მოვიფიქრეთ ჩემზე ფილმი გადაგვეღო, ანუ ადამიანზე, რომელმაც მათ კულტურაზე იმაზე მეტი იცის ვიდრე თავად ქართველებმა. ბოლოს გადავწყვიტეთ ეს ყოფილიყო ფილმი საქართველოზე. ფილმში ამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებზე და ადამიანებზე მოგითხრობთ. ძლიერ, შემოქმედ ხალხზე, რომლებიც მართლაია დღეს უკვე სხვაგვარად ცხოვრობენ, მაგრამ კარგად ესმით რას ნიშნავს ”პატრიოტიზმი”.
ფილმის გადასაღებად ფული ჭირდებოდა. უნდოდა ფილმი ტელევიზიით გასულიყო. მას ბრძოლა მოუხდა, მაგრამ ბოლოს კონტრაქტი მაინც მიიღო.

ფილმის სახელწოდებაა ”ცეკვა საქართველოსთან,” მართალია თანხა საკმარისი არ იყო, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.
წვნიანი ხარჩო მოგვიტანეს, ცხვრის ხორცი ბრინჯით და სხვადასხვა სუნელებით და ყაურმა - ღორის ხორცი პამიდვრით. კატარJინა ფილმზე მუშაობის სამ თვიან პერიოდზე გვიყვება.
ეს ფოტო, 8 აგვისტოს ომის დაწყებიდან ერთ კვირაშია გადაღებული: ყვავილებიანი მინდორი, წვიმა, ქარისგან თმა აქვს აწეწილი.

იმ დღეებში მას საქართველოს დატოვება არ სურდა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ის თვითმფრინავის ბოლო რეისით სამშობლოში დააბრუნა. ერთ კვირაში უკან დაბრუნდა და ერთ დღეს მართლაც შეშინდა ”რუსები გადამცემს ჩემს საცხოვრებელ სახლთან ახლოს ბომბავდნენ და შუშაც ჩაიმსხვრა, აი მაშინ კი ნამდვილად შემეშინდა.”

ის ქართვეელების გადამღებ ჯგუფში ერთადერთი პოლონელი ქალი იყო. 6 სერიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება პოლონეთის საზოგადოებრივ არხზე 14 თებერვლიდან დაიწყება. ფილმებში საქართველოს ხვადასხვა რეგიონები და ქვეყნის ისეთი ადგილებია ნაჩვენები, სადაც ადამიანები იშვიათად თუ ხვდებიან.

კატარჟინა ამბობს, რომ დასვენება მისთვის წარმოუდგენელია, რადგან პოლონეთში მუშაობა უზარმაზარი ძალისხმევას და რკინის დისციპლინას მოითხოვს. თან დედა ვარ, ამიტომ ყველაფერი 100 პროცენტით უნდა გავაკეთო. ”გერმანელივით ვცხოვრობ,” ამბობს ის და იცინის. მას სამი რამ ახასიათებს - ინგლისური იუმორი და ფანტაზია, ქართული ტრადიციულობა და გერმანული დისციპლინა.

პოლონური “მორალური შფოთვის კაბარე”-ს მსახიობი კატარჟინა კაპოსინსკა განათლებით ფილოლოგი და ჟურნალისტია. მარტში მისი დასი პოლონეთის 18 ქალაქსა და ლონდონში გასტროლებს აწყობს.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Saturday, July 5, 2008

საქართველოს ყოფილი სპიკერი სააკაშვილის წინააღმდეგ

euronews_logo1

4 თებერვალი 2009

ამ თვის დასაწისში ანტისახელისუფლებო გამოსვლებმა მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციის ძალა თვალსაჩინო გახადა.მაგრამ პროდასვლელი პრეზიდენტი ქვეყნის უდიდეს ნაწილში პოპულარობას ინარჩუნებს.

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ექს-სპიკერი გრძნობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ცვლილებები უცილებელია. ერთ დროს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელის პარტიას ქუჩის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ის დისტანცირდა საქართველოს ლიდერისგან. ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დისტანცირების მიზეზები ახსნა.

ნ.ბ. ”რა თქმა უნდა, ჩვენმა ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმაც და ზოგადად ჩვენმა გუნდმა ბევრი კარგი რამ გააკეთა. ეჭვს გარეშეა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი პოზიტიური რეფორმა ჩავტარეთ, გავაკეთეთ ბევრი ისეთი რამ, რაც ოთხი წლის წინ წარმოუდგენელი იო. ეს ეჭვს გარეშეა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ შეცდომებიც დავუშვით, საკმაოდ სერიოზული შეცდომები: აუცილებელი იყო რევოლუციის დასრულება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მართვის სტილი უნდა შეგვეცვალა, დემოკრატია უნდა განგვემტკიცებინა, ჩვენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა უნდა განგვემტკიცებინა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორ? მხარი უნდა დაგვეჭირა მედიის დამოუკიდებლობისთვის, მხარი უნდა დაგვეჭირა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, საჭირო იყო ქვენის დეცენტრალიზაცია, საჭირო იყო თვითმმართველობის განმტკიცება”.

ხუთი წლის წინ, ვარდების რევოლუციის დროს, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა, ბურჯანაძე მას მხარში ედგა. მაგრამ ახლა მიაჩნია, რომ რევოლუციამ და მისმა ლიდერმა კურსს გადაუხვიეს და საქართველოს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება.

ნ.ბ. ” შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიის ხარისხი ჩვენს ქვეანაში დამაკმაყოფილებელი არ არის. რა თქმა უნდა, საქართველო უფრო დემოკრატიულია ვიდრე სხვა ყოფილი საბჭოთა ქვენები, მაგრამ ჩემთვის პირადად და ბევრი ქართველისთვის ეს არ არის საუკეთესო მაგალითი. მე არ მინდა, რომ დემოკრატიის ხარისხი საქართველოში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შევადარო, მე მინდა ჩემი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი ბალტიისპირეთის ქვეყნებს ედრებოდეს, პოლონეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას და სხვა ქვეყნებისას, სადაც დემოკრატია საკმაოდ ძლიერია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძლიერი ინსტიტუტები გქვქონდეს და არა მხოლოდ ლიდერები გვყავდეს ამ ქვეყანაში”.

სააკაშვილის პარტია მაისში, საპარლამენტო არჩევნებში ტრიუმფატორი იყო, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა მისი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას ქვეყნის მასშტაბით დიდი მხარდაჭერა აქვს.ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ სააკაშვილისხისტი პოზიცია  რუსეთისადმი მისი პოპულარობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ნ.ბ. ”მოცემულ მომენტში ხალხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანდა და ბუნებრივია, რომ მაშინ, როდესაც რუსეთმა რეჟიმის შეცვლა მოინდომა, ადამიანები პრეზიდენტის გარშემო გაერთიანდნენ, რადგან რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, ვინ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ეს მხოლოდ ქართველების გადასწყვეტია, ვინ უნდა ილაპარაკოს საქართველოს მოსახლეობის სახელით. ეს არც რუსეთის საქმეა და არც ვინმე სხვის”.

აპრილში მოსკოვმა აფხაზეთთან და და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ შეთანხმებით რუსეთმა ორ სეპარატისტულ რეგიონთან კავშირები განამტკიცება. ამან ზაფხულის კონფლიქტის პრელუდიის როლი შეასრულა და ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ რუსეთმა საქართველო ხაფანგში შეიტყუა.

ნ.ბ. რუსეთმა მართლა შექმნა პროვოკაციული გარემო და ნათლად ჩანდა, რომ რუსეთი საქართველოს პროვოცირებას ცდილობდა. ეს უკვე აპრილში გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, გამოსცა სპეციალური დოკუმენტი, რომელიც რუსეთის და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უშუალო ურთიერთობებს ეხებოდა. რა თქმა უნდა, ეს სრულიად უკანონო დოკუმენტი იყო. სრულიად ნათელი გახდა, რომ რუსეთი აფხაზეთში კრიზისის შექმნას ცდილობდა, საბედნიეროდ ჩვენ ამ კრიზისის აღკვეთა დროულად შევძელით. სრულიად ცხადი იყო, რომ როდესაც აგვისტოში კოკოითი ქართულ სოფლებს ესროდა, ისინი საქართველოს პროვოკაციაში ჩათრევას ცდილობდნენ, მათ ხაფანგი დაგვიგეს, მათ ამ ხაფანგში ჩვენი შეტყუება უნდოდათ. ჩემი წუხილი და ჩემი კრიტიკა სწორედ ამ საკითხებს ეფუძნება. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც პრეზიდენტს გავუგზავნე ასე ჟღერდა: ”იყო, თუ არა შესაძლებელი ამ ხიფათის თავიდან აცილება” იმ დროს, როდესაც ვიცოდით, რომ ეს ხაფანგია , მაგრამ პასუხი არ მიმიღია”.

მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძე მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი, ის ცდილობს ადეკვატურად შეაფასოს ის, რასაც ქართველები რუსეთის აგრესიას უწოდებენ.

ნ.ბ. ”რუსეთმა სუვერენულ ქვეყანაში ჯარი გამოაგზავნა, დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები. შელახა გაეროს წევრი ქვენის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს ოსების დაცვა უნდოდა, თუ თავისი, როგორც სამშვიდობო ძალის ვალდებულებების პატივისცემა უნდოდა, მას გაეროსთვის უნდა მიემართა, მათ მოქმედების უფლება არ ჰქონდათ”.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტს მხოლოდ ორმა ქვეყანამ, რუსეთმა და ნიკარაგუამ დაუჭირა მხარი. რას ფიქრობს ბურჯანაზე,  როგორი პასუხი უნდა გაეცეს რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის, როგორც ახალი ქვეყნების აღიარებას.

ნ.ბ. ”არა მგონია, რომ რუსეთის სრული იზოლაცია პოზიტიური რეზულტატის მომტანი იყოს და არ ვემხრობი რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ახალი რკინის ფარდის შექმნას. თუ გულახდილნი ვიქნებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით, რომ ბევრი ქვეყანა უფრო მტკიცე და შეუვალი იქნებოდა, რადგან ცხადი იყო, რომ რუსეთი დამნაშავეა, მან საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, მაგრამ, მეორეს მხრივ, მესმის, რომ რუსეთის სრული იზოლაცია, სასარგებლო არ იქნებოდა. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის იძულება-მან უნდა შეასრულოს შეთანხმებები, რომლებსაც ხელი მოაწერა, მე სარკოზის შეთანხმებას ვგულისხმობ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო მოლაპრაკებებში რუსეთის მონაწილეობის უზრუნველოფა და იმის უზრუნველოფა, რომ მოლაპარაკებების დაბლოკვა ვერ მოეხერხებინათ ისე, როგორც ახლა, ჟენევაში გააკეთა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, შეიძლება... მინდა უფრო ოპტიმისტურად ვიყო განწობილი, იქნებ ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან ხისტი პოზიციის დაკავებას ერიდებიან, შეეცდებიან და რუსეთთან პოზიტიურ დამოკიდებულებას იმისთვის გამოიყენებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან და მათზე გავლენა რბილი ზემოქმედებით მოახდინონ.

ბურჯანაძე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, მან მემარჯვენე-ცენტრისული პარტია დააფუძნა და იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა 2012 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Thursday, July 3, 2008

მწერალი კოელიო ეკონომიკურ კრიზისზე

spiegel 
ანნე ცეიტი
3 თებერვალი 2009

”აქციების კურსი არ გვახარებს”

პოლიტიკოსები და მენეჯერები დავოსში ეკონომკური კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებენ. მაგრამ ”ბესთსელერების” ავტორი პაოლო კოელიო ამ კრიზისში პოზიტურ ნიშნებსაც ხედავს. SPIEGEL ONLINE-ს მძიმე ეკონომიკურ პერიოდში ის სიყვარულზე, თანხმობასა და მაკიაველის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

SPIEGEL ONLINE:
ბატონო კოელიო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებს. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ დისკუსია ერთსა და იმავე საკითხებზე მიმდინარეობს და დამნაშავეების ძებნა გრძელდება, და ბოლოს, ყველა ეს პოლიტიკოსი და ტოპ-მენეჯერი ძალიან დაბნეული ჩანს.

კოელიო: როგორც ჩანს გამოსავალს ვერ პოულობენ, მაგრამ ეს ცუდი სულაც არ არის! ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია არა გადაწყვეტილებების ძიება, არამედ კითხვების სწორად დასმა და მათზე პასუხების მოძებნა.

SPIEGEL ONLINE: დღეს კრიზისთან ბრძოლისთვის მთავრობა მილიარდებს ხარჯავს, ხომ არ ჯობდა, რომ ყველანი ერთობლივ რეაქციაზე შეთანხმებულიყვნენ, რაც ალბათ გაცილებით სასარგებლო იქნებოდა

კოელიო
: კრიზისის სურათი დღითი დღე იცვლება. შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ფულიც დახარჯონ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდეს რომ პასუხი მცდარი იყო. მთვარია, ჩვენ რას მივაღწიეთ ამით დღეს ადამიანები აცნობიერებენ, თუ რა ხდება გლობალურ ბაზრებზე, ერთი წლის წინ ეს ასე არ იყო: კრიზისის მკაფიო ნიშნები უკვე არსებობდა, მაგრამ ჩვენ მათი დანახვა არ გვსურდა.

SPIEGEL
ONLINE: თქვენ ოპტიმისტი ხართ. მაგრამ ეკონომიკური კრიზისი რეალურად გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. მოვლენების განვითარების პერსპექტივა არ გაშინებთ?

კოელიო
: დიდი შიშები არ მაქვს. სისტემა საკუთარ თავს თავად გაასწორებს, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული პროცესია, მაგრამ ის კარგია კაცობრიობისთვის. ჩვენ რეალურ ღირებულებებს ვუბრუნდებით, რომლებსაც დავშორდით. სწორედ ახლახანს ვწერდი წიგნს, ის 2009 წელს გერმანიაში გამოიცემა და დღევანდელ სიტუაციას შეესაბამება. როდესაც მისი წერა დავიწყე, რა თქმა უნდა არ ვიცოდი, თუ ყველაფერი ასე გართულდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც არასწორად ვითარდებოდა, იმ ადამინების მსგავსად ვისაც ჯანსაღი აღქმა აქვს.

SPIEGEL ONLINE:
რა ღირებულებებს დაუბრუნდება დღეს საზოგადოება?

კოელიო
: პირველ რიგში რა თქმა უნდა სიყვარულს, შემდეგ ცხოვრების საუკეთესო მხარეებს, რომლებსაც ფასი უბრალოდ არ აქვთ, თანხმობას, მოკლედ ყველაფერს რასაც ბედნიერება ჰქვია. რადგან ბენიერება არ არის კომპიუტერის ეკრანთან, ჩაკეტილ სივრცეში ჯდომა, აქციების კურსზე თვალის დევნება ან კაზინოში დავა. ასეთი კრიზისების დროს გონიერ ადამიანებს ეძლევათ შანსი თავიანთი ცხოვრება ახლებურად მოაწყონ, ამ საკითხებზე ახლებურად იფიქრონ.

SPIEGEL ONLINE: თქვენი ოპტიმიზმი დასაფასებელია. მაგრამ ამ კრიზისს ბევრ რეგიონში სიღარიბის ზრდა მოყვება, რაც პოლიტიკურ კრიზისებს გაამწვავებს.

კოელიო:
მე ოპტიმისტი არ ვარ, რეალისტი ვარ. ის რაც ხდება, ხდება, და ეს საზოგადოებისთვის მტკივნეულია. მაგრამ კრიზისი იმიტომ დადგა, რომ მანამდე მიმდინარე ყველა ამ არანორმალური პროცესის გამოსწორება არ ხდებოდა. მაგრამ ადამიანებს ადაპტირების უნარი აქვთ. ასე იყო მაშინაც, როდესაც გამოქვაბულებში ვცხოვრობდით, და დღესაც ასეა, როდესაც დავოსში ფინანსური სისტემის პრობლემებს განვიხილავთ. გაიხსენეთ, გუტენბერგის გამოგონება, პირველი ბეჭდური გამოცემა. მონასტრის ბერები შოკში ჩავარდნენ, როდესაც წამოიდგინეს რომ ბიბლია დაიბეჭდებოდა და მასებში გავრცელდებოდა. ისინი ამბობდნენ: ”დავიღუპეთ”. ესეც კრიზისი იყო, მაგრამ გადაილახა.

SPIEGEL ONLINE: ერთ-ერთი, ვისგანაც დღეს მთელი მსოფლიო, ყველაზე ცოტა გამოსავლის გზების დასახვას ელის, ამერიკის ახალი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაა. შეძლებს ის დაეხმაროს კაცობრიობას?

კოელიო:
ობამა ძალიან მომწონს, მაგრამ ის მესია არ არის. ადამიანები ძალიან ბევრს ელიან მისგან: მის მიერ გადადგმული ყველა არაპოპულარული ნაბიჯი, მის პოპულარობას დააზარალებს. არადა მას მოუწევს ასეთი ნაბიჯების გადადგმა. მე რომ მისთვის რჩევის მიცემა შემეძლოს, აუცილებლად ვურჩევდი წაიკითხოს ნიკოლო მაკიაველის ”მბრძანებელი”. იქ ჩანს, არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა როგორ სჯობს: უკეთესია დასაწყისში, რადგან ხალხს ის დროთა განმავლობაში ავიწყდება.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Tuesday, June 24, 2008

რუსეთთან და ევროპასთან ურთიერთობების გაუმჯობესების ”შესაძლებლობების ფანჯარა” ობამასათვის

new_york_times

ინტერვიუ: ბერნარ გვერცმანი - ჩარლზ კუპჩანი, საგარეო ურთიერთობა საბჭოს ევროპული კვლევების წამყვანი თანამშრომელი 
24 იანვარი 2009

საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ევროპულ კვლევათა თანამშრომელი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ობამას ”პოპულარობა და პრეზიდენტ ბუშის წასვლა ხელისუფლებიდან” ქმნის ” შეერთებული შტატებსა და რუსეთს, აგრეთვე შეერთებული შტატებსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების შესაძლებლობას”. რაც შეეხება ისეთ სადავო საკითხს როგორიცაა სარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსება პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, რამაც რუსეთი გააღიზიანა, კუპჩანის აზრით, ობამას ადმინისტრაცია პროექტს არ გააუქმებს. თუმცა, ალბათ ”კარგად იქნება გააზრებული სად და როდის განთავსდეს მსგავსი სისტემა და შესაძლოა შემუშავდეს მოქმედების უფრო გრძელვადიანი განრიგი იმაში დასარწმუნებლად, რომ ტექნოლოგია მზად არის მოქმედებისთვის” - ამბობს კუპჩანი.

არსებობს უდიდესი ინტერესი ევროპასა და რუსეთში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა მსოფლიოს ამ ნაწილთან მიმართებაში. თქვენი აზრით, რა მოხდება?

ბარაკ ობამას პოპულარობისა და პრეზიდენტ ბუშის თანამდებობიდან წასვლის გამო არსებობს შეერთებული შტატებსა და რუსეთს, აგრეთვე შეერთებული შტატებსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების შესაძლებლობა. ობამას ადმინისტრაციამ, ოფისის დაკავების მეორე დღესვე ევროპის კავშირთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ნაბიჯები გადადგა და მყისიერად დაიწყო ინტერნირებულთა ბანაკის, გუანტანამო ბეის გასაუქმებლად ღონისძიებების შემუშავება. სწორედ ეს საკითხი ამწვავებდა წლების მანძილზე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. რაც შეეხება რუსეთთან მორიგების სპეციფიკურ პრობლემას, ეს საკითხი მუშაობას მოითხოვს და ობამას ადმინისტრაციას სერიოზულად მოუწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ ჩამოაყალიბოს გამსხვავებული მიდგომა რუსეთისადმი და როგორ ამოავსოს ევროპასა და ამერიკას შორის წარმოქმნილი უფსკრული რუსეთთან მიმართებაში - უნდა ითანამშრომლონ თუ არა რუსეთთან, განსაკუთრებით გასული აგვისტოს საქართველოს ომის შემდეგ.

საქართველოსთან ომი რუსეთს, რა თქმა უნდა, ევროპელთა მნიშვნელოვანი კეთილგანწყობის ფასად დაუჯდა, ისევე, როგორც შეერთებული შტატების, ხოლო ბოლოდროინდელმა კრიზისმა - უკრაინის გავლით ევროპისკენ მიმავალი ბუნებრივი გაზის შეჩერებამ, კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა. რაზე უნდა შეთანხმდნენ მოცემულ მომენტში შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კონტექსტში?

ამერიკული და ევროპული რეაქციის განსხვავებამ საქართველოს ომზე, პერსპექტივაში პოზიციათა მნიშვნელოვანი შეუთავსებლობა გამოავლინა. შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავრობის დაცვა უნდოდა და ბრალს მთლიანად რუსეთს სდებდა, ომზე რეაგირება რუსეთის დასჯით უნდოდა, კონტაქტების გაწყვეტით, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. ევროპელებს ომის მიზეზებზე, რაღაც თვალსაზრისით, უფრო დაბალანსებული ხედვა ჰქონდათ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთში წამოჭრილი კონფლიქტის გამო ნაწილობრივ პასუხისმგებელია. ევროპა შეერთებულ შტატებზე ნაკლებად იყო მოწადინებული იმაში, რომ ომი რუსეთთან ურთიერთობის დეგრადაციის სერიოზულ მიზეზად მიეჩნია. ევროკავშირმა იკისრა წამყვანი როლი რუსეთსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესების, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობათა განახლების პროცესში. ბუშის ადმინისტრაციას სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ მათ მაგალითისთვის მიებაძა. ახლა, როდესაც ობამას ადმინისტრაცია მუშაობას შეუდგა, ბევრი პრობლემა, რომელიც მანამდეც ამღვრევდა წყალს, ისევ პრობლემატურად რჩება, მათ შორისაა ნატოს შესაძლო გაფართოვება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპეტივით, რაც მოსკოვში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. დღეს ამ საკითხის აქტუალობამ იკლო და მე არ ველი, რომ ნატოს მომავალი სამიტი აპრილში არსებულ პოლიტიკიდან გადაუხვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარატიულ დონეზე მხარი დაუჭირო საქართველოსა და უკრაინის საბოლოო მიერთებას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადო.

რას იტყვით საკითხზე, რომელიც რუსეთს განსაკუთრებულად აღიზიანებს, ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განთავსება პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში?

ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ძაბავს. ობამას არჩევიდან ცოტა ხანში, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა წარმოსთქვა სიტყვა, სადაც მიუთითა, რომ რუსეთი განათავსებს რაკეტებს კალინინგრადში იმისთვის, რომ დაუპირუსპირდეს რაკეტებს, რომელთა განთავსებასაც შეერთებული შტატები პოლონეთში გეგმავს. თუ ობამას საარჩევნო კამპანიას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონი გადასინჯავს აშშ-ს მიმდინარე პოლიტიკას. კამპანიის დროს ობამას პოზიცია ასეთი იყო - ის პრინციპულად მხარს უჭერდა სარაკეტო თავდაცვით სისტემებს, მაგრამ განვითარებისა და განთავსების ბევრად უფრო მშვიდი ტემპით, რაც იმ ფაქტს ეფუძნებოდა, რომ პენტაგონის მიერ ამ სისტემათა გამოცდა ჯერ არ დასრულებულა და ტექნოლოგია ხარისხის თვალსაზრისით ბევრ კითხვას ბადებს, ანუ გაურკვეველია, რამდენად ეფექტური იქნება სისტემა.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ ობამამ შესაძლოა უბრალოდ შეაჩეროს პროექტი?

ადმინისტრაცია პროექტს ძირითადად მხარს დაუჭერს. 9 სექტემბრის შემდეგ და ირანის ბირთვული აქტივობების შუქზე, არაგონივრული იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ რაღაც სახის სარაკეტო თავდაცვითი სისტემა საჭირო არ არის. მაგრამ უფრო კარგად იქნება გააზრებული სად და როდის განთავსდეს ასეთი სისტემა და შესაძლოა შემუშავდეს მოქმედების უფრო გრძელვადიანი განრიგი იმაში დასარწმუნებლად, რომ ტექნოლოგია მზად არის მოქმედებისთვის და ამავე დროს განხორციელდეს ძალისხმევა დიპლომატიურ ფრონტზე. ბევრს მიაჩნია, რომ ბუშის ადმინისტრაცია მოუქნელად მოქმედებდა და ზედმეტად ორმხრივი მიდგომა არჩია, როდესაც განაცხადა, რომ მოლაპრაკებებს აწარმოებს მხოლოდ პოლონეთთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან ისე, რომ არ გაივლის კონსულტაციებს ნატოში და როდესაც არ გააკეთა საკმარისი რუსეთის შემოსაერთებლად. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ერთ მომენტში  მართლაც ჩავიდნენ მოსკოვში და უთხრეს მათ: ”მოდით, ეს სისტემა ყველასთვის გავაკეთოთ, მოდით რუსეთის მონაწილეობა უზრუნველვყოთ”. კარგი იქნება, თუ დაიწყება ახალი დიალოგი ნატოში, მათ შორის რუსეთის მონაწილეობით, იმისთვის, რომ განიმუხტოს პოლიტიკური ანტაგონიზმი, რომელიც სისტემამ წარმოქმნა. კარგი იქნება, თუ სისტემის განთავსება უფრო სასიკეთო პოლტიკურ ატმოსფეროში განხორციელდება.

პროგრამის გაუქმებას არ ველი. მე ველი გადახედვას და განთავსების ახალი ვადების დადგენას და ახალ დიპლომატიურ სვლებს პროგრამასთან დაკავშირებით.

არსებობს კიდევ რამდენიმე შეთანხმება შეიარაღებასთან დაკავშირებით, რომლებსაც განახლება სჭირდება, ასე არ არის?

დიახ, ჩვეულებრივ შეიარაღებათა კონტროლი და ბირთვული შეიარაღების კონტროლი, მნიშვნელოვანია მათი გადასინჯვა და განახლება. ერთი საკითხი, რომელზეც თვალყურის მიდევნება ღირს - მოინდომებს, თუ რა ობამას ადმინისტრაცია ბუშის ადმინისტრაციაზე მეტად რომელიმე ახალი შეთანხმების და ჩასწორებების კოდირებას. ბუშის ადმინისტრაცია თავს უფრო კომფორტულად აღმასრულებელი გადაწყვეტილებების და სპეციალური შეთანხმებების მიღებისას გრძნობდა, ნაწილობრივ ფორმალიზებული ხელშეკრულებების დისკომფორტის გამო. რუსეთს გადასინჯვის პროცესისადმი უფრო ფორმალიზებული მიდგომა უნდა, მოკლედ ეს ის საკითხია, რომელიც დღის წესრიგში დარჩება. და ბოლოს რჩება კიდევ დაძაბულობა კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით, რომელმაც გასული წლის დასაწყისში სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსები, სერბები და სხვებიც კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგებიან. და რუსეთმა დიდწილად სწორედ ამიტომ, როგორც შურისძიების აქტი, ისე აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს მეამბოხე რეგიონების დამოუკიდებლობა. შეერთებულმა შტატებმა, დანარჩენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უარი თქვა ამ ორი ტერიტორიის დამოუკიდებლობის ცნობაზე. ახლა დაიწყება გზის ძიება, რა მოუხერხონ ამ სამი სადავო რეგიონის-კოსოვოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსს.

თქვენ ფიქრობთ, რომ ამას რაღაც მსოფლიო სამიტამდე მივყავართ? მე ვიცი, რომ მედვედევი ლაპარაკობდა ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, რაც, როგორც ჩანს, 1975 წლის ევროპული უსაფრთხოების შეხვედრებს დაემსგავსება -ის, რასაც რუსეთი ელტვის.

მოსკოვიდან წამოსული წინადადებები ძალიან ბუნდოვანი იყო. რუსებს, როგორც ჩანს, ახალი, განსაკუთრებული ინსტიტუტის შექმნა უნდათ ისეთის, რომელიც დაჩრდილავს ნატოსა და ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) და სხვა არსებულ ინსტიტუტებს. შეერთებული შტატებისა და მისი დასავლელი ევროპელი მოკავშირეებითვის საკმაოდ არასასურველია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც არსებულ წესრიგს ძირს გამოუთხრის. და ეს კიდევ უფრო მეტად ითქმის ცენტრალური ევროპის ქვეყნებზე, რომლებიც, განსაკუთრებით საქართველოში ომის შემდეგ, ძალიან შფოთავენ რუსეთის მიზნების გამო და ძალიან ცდილობენ, რომ ნატო ისევ თავის ტრადიციულ ფუნქციას, ტერიტორიულ უსაფრთხოებას დაუბრუნდეს, ანუ დაიცვას ნატოს აღმოსავლეთის საზღვრები რუსეთის პოტენციური აგრესიისგან.

ვარშავის პაქტის ყოფილი სახელმწიფოები იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონი შეასრულებს ნატოს ურთიერთდაცვის შეთანხმებას, ასეა?

დიახ. შეერთებული შტატების მიერ ცენტრალური ევროპის ქვეყნებისადმი აღებული ვალდებულებები და ნატოს ექსპანსიის განგრძობა ობამას ადმინისტრაციას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან, როგორც მე ვხვდები, ის ნატოს გაფართოვებას მხარს დაუჭერს პრაქტიკულად და პრინციპშიც, მაგრამ ამავე დროს, თუ რუსეთთან ბევრ სხვა საკითხთან თანამშრომლობა უნდა, მან უნდა დააბალანსოს ეს ვალდებულებები, ზუსტად ამ კვირას გვქონდა პროგრესი, როდესაც რუსეთმა გამოხატა ნება გაეტარებინა ტვირთი ავღანეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარშრუტი პაკისტანის გავლით სუ უფრო და უფრო სახიფათო ხდება, ასე რომ ნატოს ცენტრალური აზიისა და რუსეთის გავლით მეტი ტვირთის გადატანა სჭირდება.

დგას კიდევ ირანის საკითხი. კარგი იქნება თუ ობამას ადმინისტრაცია თეირანთან რაღაც ტიპის საუბარს წამოიწყებს, მაგრამ თუ ადგილი ექნება მოლაპარაკებებს ურთიერთობათა მოგვარებაზე, ეჭვს გარეშეა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ არსებობს სტრატეგიულ საკითხთა მთელი წყება, რომლებიც ვაშინგტონს მოსკოვთან კარგი სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნების ძლიერ სტიმულს უჩენს. ეს კიდევ უფრო მეტად ეხება ევროპელებს, რომლებიც იმის გამო, რომ სიახლოვეში მდებარეობენ, მის ენერგეტიკულ რესურსებზე არიან დამოკიდებულნი, ძალიან არიან მოწადინებულნი მოსკოვთან კარგი სამუშაო ურთიერთობებით.

თქვენ ფიქრობთ, რომ არსებობს პოზიციათა მეტი სიახლოვე ახალ ადმინისტრაციასა და ევროპას შორის და ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ატლანტიკურ ურთიერთობებს?

რუსეთთან მიმართებაში, თუ საერთოდ?

საერთოდ

დიახ. ჩვენ, ალბათ, გავხდებით იმ პერიოდის მოწმე, როდესაც ამერიკელები და ევროპელები კეთილგანწყობის ჟესტებს გაცვლიან. ობამას ადმინისტრაცია გუანტანამოს დახურვისკენ წინ წაიწევს და მე ახლო მომავალში კლიმატის ცვლილებების პოლიტიკაშიც სიახლეებს  დაველოდებოდი. ეს ის საკითხებია, რომელსაც ევროპაში დიდი ენთუზიაზმით მიესალმებიან. პორტუგალია და რამდენიმე სხვა ქვეყანა უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ გუანტანამოს რამდენიმე ტუსაღს წაიყვანს იმისთვის, რომ ობამას ბანაკის დახურვაში დაეხმაროს. საპასუხოდ, ვაშინგტონი ევროპელებისგან ავღანეთში მეტ დახმარებას დაელოდება, ჯარების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამოქალაქო რეკონსტრუქციის საკითხებში. რუსეთი კვალავ ერთგვარ წინააღმდეგობრივ პრობლემად დარჩება და გაურკვეველია სად გადაწყვეტს ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობას, რა თქმა უნდა იმ შეგნებით, რომ ისინი ძალიან არიან მოწადინებულნი მოსკოვთან სამუშაო კონტაქტებში, მაგრამ ამავე დროს  მოსკოვი ატარებს პოლიტიკას, რომელიც საკმაოდ კონფრონტაციულია, განსაკუთრებით საქართველოსთან ომის შემდეგ და დემოკრატიული პროცესების რეგრესის ფონზე.

ბევრი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა, 146 დოლარიდან ბარელისთვის, 40 დოლარამდე, რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს, რის შედეგადაც რუსეთის ამჟამინდელი კონფრონტაციული პოლტიკა შესუსტდება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ეს ორივე გზას მოუჭრის. ექნება ნაკლები რესურსი იმისთვის, რომ გააჩაღოს სამხედრო მშენებლობა ან განაგრძოს პოლიტიკა, რომელიც ძვირი და ამბიციურია. ან კიდევ გააგზავნოს ფლოტი და ავიაცია გლობალური ზედამხედველობის მისიით.

ისეთი, როგორიც იყო ვენესუელაში რუსული ბომბდამშენების ფართოდ გახმაურებული გადაფრენები?

დიახ, თქვენ იცით, მთელი ამაში უფრო მეტი ბაქიაობა იყო, მაგრამ ეს მაინც მოითხოვს რესურსებს, თვითდარწმუნების გარკვეულ დონეს. ასე რომ ამ პერსპექტივიდან, რუსეთი ტონს დაუწევს. მაგრამ უფრო ცუდი ინტერპრეტაციაცაა შესაძლებელი, ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურ პრობლემებს შეეჯახებიან ნაციონალიზმისა და პოპულიზმის მიმართულებით წავლენ. და თუ კრემლი აღმოაჩენს, რომ მარწუხებში მოექცა და რუსულ ელექტორატში უკმაყოფილება იჩენს თავს, მედვედევი, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და სხვები  საგარეო პოლიტიკაში ამბიციებს და ნაციონალიზმს უფრო დაეყრდნობიან იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა მოიპოვონ.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Sunday, June 8, 2008

მიხეილ სააკაშვილი სიყვარულზე, თავისუფლებასა და დევიდ ბექჰემზე

telegraph_logo

კეიტ ვეინბერგი
7 იანვარი 2009

მიხეილ, ”მიშა” სააკაშვილი პატარა,  მსუბუქ თერაპიაზე დაგვთანხმდა

ცნობები პაციენტზე

სახელი: მიხეილ, ”მიშა” სააკაშვილი

ასაკი: 41

სამუშაო ადგილი: საქართველოს პრეზიდენტი

წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხა: ”საზოგადოების მტრები”- ავტორები - ბერნარ ანრი ლევი და მიშელ უელბეკი

ფილმი, რომელიც ბოლოს ნახა: შოტლანდიის ბოლო მეფე

მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ბოლოს მოუსმინა: ნაბუკო

ბოლო კულტურული ღონისძიება, რომელსაც დაესწრო: ბალეტი ”რომეო და ჯულიეტა” ნინო ანანიაშვილის შესრულებით

პაციენტის გამოკვლევა

არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, რომელ საუკუნეში არჩევდით დაბადებას?

მეოცე საუკუნის დასაწყისში, პარიზში სკოტ ფიცჯერალდთან და ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად. ეს იყო პერიოდი, როდესაც რომანტიზმის იდეალები, რომელიც ცვალებადებოსათან და ინტელექტუალურ ცნობისწადილთან თანაარსებობდა, ძალიან ძლიერი იყო.

როგორ განსაზღვრავდით სიყვარულის ცნებას?

სიყვარულია, როდესაც რაიმეს აკეთებ, ან იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც შენ საკუთარ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ იცი, რომ სიღრმისეულად მართალი ხარ.

რისი გწამთ?

თავისუფლების და კიდევ იმის, რომ ბოლოს სიკეთე აუცილებლად ამარცხებს ბოროტებას.

დაასახელეთ კლიშე, რომელსაც თქვენთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად იყენებენ

კლიშე, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ”ფიცხია” მაშინ, როცა რეალურად ყველაზე მეტად შემეფერება გამოთქმა ”გამოიკვლიე ყველა შესაძლებლობა” (leave no stone unturned), თითოეული და ყველა გადაწყვეტილების მიღებისას

რომელ თქვენთვის საოცნებო პროფესია?

კინორეჟისორი

რა არის,  კაცობრიობის ისტორიაში ისეთი, რომლის არსებობასაც არ ისურვებდით?

მასობრივი განადგურების იარაღი. გარკვეულ შემთხვევებში ეს გამოგონება საფრთხის მძევლად გვაქცევს და იმ აზრის მძევლად, რომ ერთმა მხარემ მეორის წინააღმდეგ ასეთი ტრაგიკული ძალადობა შეიძლება გამოიყენოს. რეალურად ეს ღირებულებებზე ძალის უპირატესობის დადასტურებაა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ და იმის სურვილი მიჩნდება, რომ ასეთი დესტრუქციული ძალა და საფრთხე არასდროს არსებულიყო.

რომელია ონლაინ თქვენს მიერ გაკეთებული ყველაზე დიდი აღმოჩენა?

ის, რომ შემიძლია მოვიძიო ”ოპერის მოჩვენების” ყველა ვერსია, რომელიც ოდესმე შესრულებულა

თუ საერთაშორისო ასპარეზობაზე თქვენი ქვეყნის წარმომადგენლობა გახდებოდა საჭირო, რას აირჩევდით?

ფეხბურთს, რადგან ჩემთვის ეს სპორტის ყველაზე ამაღელვებელი სახეობაა

რომელი საჯარო ფიგურაა ზედმეტად ნაქები?

დევიდ ბექჰემი

თუ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში ჩარჩებოდით, რომელ კუთხეს არჩევდით?

კავკასიის მაღალმთიან რეგიონს, რომელსაც თუშეთი ეწოდება. ეს ყველაზე ლამაზი მთიანი რეგიონია, სადაც ოდესმე ვყოფილვარ, გასაოცარი ბუნებით (ეს ეროვნული ნაკრძალია) და უნიკალური ადგილობრივი კულტურით.

ვინ არის კაცობრიობის ისტორიაში ის, რომლის გვერდზე ყოფნასაც გრძელი გადაფრენისას ისურვებდით?

ალექსანდრე სოლჟენიცინი

როგორ გინდათ, რომ დაგიმახსოვრონ?

როგორც ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარდა, მისი მსახურება ეამაყებოდა და ის ევროპული განვითარების გზას დაუბრუნა.

ჩვენი დიაგნოზი

ის რომ შეპყრობილი ხართ ენდრიუ ლლოიდ ვებერით, ცოტათი მოულოდნელია, მაგრამ იმაზე ვწუხვარ, რომ ”ოპერის აჩრდილი” მაინც ბოლომდე არ გაგითავისებიათ. თქვენს იდეალებს ვნებითა და სითამამით ეკიდებით, მაგრამ მოსაზრება, რომ სიკეთე ბოროტებას დაძლევს, ამ მუსიკალური ნაწარმოების გზავნილს არ შეესაბამება: ცხოვრება არ არის შავ-თეთრი. აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ ბოროტი და კეთილი პოლარულ ოპოზიციებად არ უნდა განვიხილოთ.

ჩვენი დანიშნულება

  • რეკომენდებული ფილმი

Heat (1995)

ნილ მაკკოლი (რობერტ დე ნირო) მსოფლიოში საუკეთესო ქურდია, რომელსაც ღირებულებათა თავისი, მაგარი სისტემა აქვს. დეტექტივი ვინს ჰანა (ალ პაჩინო), პირველი კლასის გამომძიებელია, რომლის მანიაკალური ერთგულება საქმისადმი, მის პროფესიულ ცხოვრებას უამრავ პრობლემას უქმნის. ფილმის ისტორიული მნიშვნელობა იმაშია, რომ ეს ორი მსახიობი პირველად შეხვდა ერთამენთს გადასაღებ მოედანზე, თითოეული, მეორის სარკისებურ ანერეკლს წარმოადგენს. ფილმის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ,  დე ნირო და ალ პაჩინო, ორი ბრწყინვალე გონების ადამიანი ვითარებისა გამო კანონის სხვადასხვა მახრეს აღმოჩნდა.

  • რეკომენდებული წიგნები:

“ძალით ფუნდამენტალისტი” მოჰსინ ჰამიდი

წიგნის პროტაგონისტი დაბადებით პაკისტანელია, რომელმაც განათლება პრინსტონში მიიღო და ახლა ნიუ-იორკის ფირმის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თანამშრომელია. იდენტურობის კრიზისის გამო მიზანში ადვილად ამოსაღები მათავრი გმირი, ჩანჯეზი თავის თავგადასავალს მონოლოგის სახით ამერიკელს ლაჰორში, რესტორანში უყვება. მან ლოიალობა დასავლეთისადმი აღმოსავლეთისადმი ლოიალობით შეცვალა. საინტერესოდ მოყოლილი ეს რომანი იმის სარწმუნო არგუმენტებს იძლევა, რომ ნაცრისფერის შუქ-ჩრდილების შესწავლასაც აქვს აზრი.

  • რეკომენდებული მუსიკალური ნაწარმოები:

ჯადოსნური ფლეიტა, მოცარტი (ბერლინის ფილარმონია, 1997)

მოცარტის საოპერო ხელოვნების ეს შედევრი სიკეთისა და ბოროტის ერთმნიშვნელოვან დაპირისპირებას ჯადოსნური ზღაპრის ფორმით გადმოსცემს: ღამის დედოფლის ულამაზესი ქალიშვილი, პამინა ბოროტმა ზარასტრომ მოიტაცა და ის მშვენიერმა პრინცმა, ტამინომ უნდა იხსნას. მაგრამ ყველაფერი ისე როდია, როგორც ერთის შეხედვით მოჩანს, ზარასტრო ბრძენი მმართველია, ხოლო ღამის დედოფალი საკამაოდ გაქნილი ვინმე. ფინალში გუნდი ტამინოსა და პამინას მათი მორალური გამძლეობისთვის უმღერის, ხოლო მოცარტი იმას გვახსენებს, რომ ”სიკეთე” იმის ცოდნაა, თუ რა დევს სწორისა და მცდარის მიღმა.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Thursday, June 5, 2008

პენტაგონის შეფი ხედავს ახალ შესაძლებლობებს რუსეთთან ურთიერთობასა და ტერორიზმთან ბრძოლაში

washington_post

ვალტერ პინკუსი
5 იანვარი 2009

თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა წარმავალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის ხიდის როლი იკისრა და მას შემდეგ, რაც თანხმობა განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელად დარჩენაზე, თავისი შეხედულებები ინტერვიუებსა და სტატიებში გამოხატა. მისი ეს მოსაზრებების ხელმეორედ გადახედვას იმსახურებს.

გეითსი CIA-ში მუშაობის დროიდან ექსპერტია რუსეთის საკითხებში და მოსკოვს ბევრად უფრო ნაკლებ საფრთხედ განიხილავს, ვიდრე  აშშ-ს სამხედრო ისტებლიშმენტის ბევრი სხვა წარმომადგენელი.  PBS-ს ეთერში ჩარლი როუზის შოუში მან 17 დეკემბერს  რუსი ლიდერების არასანდოობაზე ილაპარაკა და გაიხსენა, როგორ შეშფოთდა 1955 წელს ჟენევაში ნიკიტა ხრუშჩოვი, როდესაც აღმოაჩინა, რომ დუაით ეიზენჰაუერის თვითმფრინავი უფრო დიდი იყო, ვიდრე მისი. ”იმას ვგულისხმობ, რომ ისინი თავის თანამდებობებს ჩაჭიდებულნი არიან და მათთან რთული ურთიერთობის თავიდან არიდება თითქმის შეუძლებელია”-დაასკვნა გეითსმა.

ის გვაფრთხილებს, რომ , მანამდე, სანამ ამერიკა რუსეთის მიერ ”საქართველოს ერთი ციდა არმიის განადგურების” გამო ახალი ”ცივი ომისთვის” მოემზადებას გადაწყვეტს, აშშ-მ უნდა გააცნობიეროს - მოსკოვი თავისი წარსული დამცირების კომპენსირებას ცდილობს. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მაოხერხა ჩვეულებრივ შეიარაღებათა  გაუმჯობესება, მას თავისი  წარსული ძლევამოსილებიდან მხოლოდ აჩრდილიღა შერჩა.

მაგრამ  გეითსმა როუზს ისიც უთხრა, რომ მოსკოვთან ახალი ურთიერთობების შესაძლებლობას ხედვას. ”რუსეთი, მაგალითად, მხარს უჭერს გაეროს ახალ რეზოლუციას ავღანეთზე” - ხაზი გაუსვა გეითსმა. ”რუსეთი ძალიან წუხს ნარკოტიკებზე, რომლებიც ავღანეთიდან მოდის და მხარს უჭერს ავაღანეთში აღჭურვილობისა და ტვირთების მიწოდებისთვის ევროპელების უზრუნველყოფას ალტერნატიული მარშრუტებით”.

როგორ ხედავს გეითსი აშშ-რუსეთის მომავალ კავშირებს? ”ახალი ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იმის განსაზღვრა იქნება, თუ რა საკითხბში უნდა დაათმობინოს რუსეთს და რა მიმართულებითაა შესაძლებელი უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარება”.

გეითსისი თვალთახედვა ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ბუშისა და არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოზიციებს შორის კიდევ უფრო საინტერესო გარდამავალ მიდგომას გვთავაზობს.

მაგალითად, 2004 წლის ოქტომბერში, ბუშმა განაცხადა: ”ჩვენ ტერორისტებს  სამხედრო ძალით ავღანეთში, ერაყში და მათ საზღვრებს იმიტომ ვებრძვით, რომ მათ  ჩვენივე ქალაქების ქუჩებში არ გადავაწყდეთ”.  მიუხედავად იმისა, რომ გეითსის პროგნოზით ”მსგავსი გამოწვევები მრავალ ადგილას” შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ წერს გეითსი Foreign Affairs-ში, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე ის იქნება, რომ პარტნიორ მთავრობებს შესაბამისი შენაერთების შექმნაში დავეხმაროთ და თავიდან ავიცილოთ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია: ”შეერთებული შტატები, ალბათ, უახლოეს მომავალში აღარ გაიმეორებს ახალ ავღანეთსა და ერაყს, რაც   რეჟიმის შეცვლასა და სახელმწიფოს მშენებლობას საომარი მოქმედებების მეშვეობით გულისხმობს” - წერს ის.

ინტერვიუში ჩარლი როუზსთან გეითსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ცივი ომის დროს ამერიკელები მათი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ სასიცოცხლო საფრთხეზე იყვნენ ფოკუსირებულნი, მაგრამ, მისი აზრით,  ისლამისტური ექსტრემიზმი ”შეერთებულ შტატებისთვის და თავისუფლებისათვის მთელს მსოფლიოში ისეთ სასიცხლო საშიშროებას, როგორსაც საბჭოთა კავშირი ქმნიდა, აღარ ქმნის”.

ტერორიზმი, უთხრა გეითსმა როუზს, ”იდეოლოგიური კონფლიქტია”, ამიტომ უნდა განადგურდეს ის, ვინც შეურიგებელ პოზიციაზე დგას, მაგრამ არსებობენ კიდევ პოტენციური მტრები, რომელთა შემორიგება უნდა მოხერხდეს.

გასულ თვეში ერაყის საჰაერო ბაზაზე ვიზიტისას, შეხვედრაზე გეითსმა განაცხადა: ”ჩვენ მათი რეკრუტირების საშუალება გვაქვს... ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ ისინი ექსტრემისტების რიგებს არ მიუერთდნენ, და შედეგად გასამკლავებლად დავიტოვოთ მხოლოდ ერთი მუჭა ფანატიკოსები იმის ნაცვლად, რომ უკმაყოფილოთა დიდი ჯგუფებს და იმათ  ვებრძოლოთ, ვისაც უბრალოდ ვეზიზღებით”.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი სტრატეგიული კომუნიკაციია. ”როგორ მოხდა, რომ ქვეყანა, სადაც შეიქმნა ფი-არი, გამოქვაბულის კაცმა კავშირების გარეშე დატოვა?” - უთხრა მან როუზს და ამით მანამდე დასმულ კითხვას გამოეხმაურა. ”ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ სტარატეგიული კავშირებისთვის საკმაო რესურსი არ გამოვყავით და პრობლემათა უმეტესობის გადაჭრა სამხედროებს მივანდეთ” - დაამატა მან.

რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში, გეითსი Foreign Affairs-ში წერს: ”სამხედრო და სამოქალაქო ელემენტები აშშ-ს უსაფრთხოების აპარატში მოქმედებდნენ არათანაბრად და სულ უფრო მზარდი დისბალანსის პირობებში”. მან ბრალი მთლიანად დასდო ”პენსილვანია ავენიუს” - 1990-იანებში სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო სამსახურების ჩინოვნიკების აყვანა შეწყვიტეს, ხოლო საერთაშორისო განვითარების სააგენტო და აშშ-ს საინფორმაციო სააგენტოები შეამცირეს და ”დაანაწევრეს”.
”მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობანი”-განაცხადა მან ერაყში შეხვედრაზე: ”მაგრამ ამ პრობლემათა გადაწყვეტა ჩვენგან გარკვეულ კრეატიულობას მოითხოვს”. ჩემის აზრით, სწორედ ესაა ყველაზე რეალური გამოწვევა მომავალი ადმინისტრაციისთვის”.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Wednesday, April 30, 2008

საერთო პასუხისმგებლობა

newsweek

მაიკლ ლევიტინი
29 ნოემბერი 2008

ის კანცლერ გერჰარდ შრიოდერის უწყების ხელმძღვანელი იყო. მისმა პოზიციამ დიდად განსზაღვრა ის, რომ გერმანიამ ერაყში ბრძოლაზე უარი თქვა. დღეს ფრანკ-ვალტერ შტეინმეიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და მომავალი წლის არჩევნებში, კანცლერის პოსტზე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატია - დღევანდელი პოპულარული კანცლერის, ქრიასტიან-დემოკრატი ანგელა მერკელის კონკურენტი. თავისი პირველი მნიშვნელოვანი ინტერვიუ ამერიკული პრესისთვის მან ნიუსვიკის ჟურნალისტს მაიკლ ლევიტინს მისცა. ლევიტინი შტეინმეირს ავღანეთის კამპანიაში გერმანიის ჯარების მონაწილეობაზე, რუსეთის აგრესიაზე, გლობალურ ფინანსურ კრიზისზე და იმაზე ესაუბრა, თუ როგორ აპირებს თანამშრომლობას აშშ-სთან გერმანია.

ფრაგმენტი.

ლევიტინი: ბარაკ ობამას აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის მეორე დღესვე, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დაიმუქრა, რომ თუ ვაშინგტონი არ ”გადაიფიქრებს” ნატოს სარაკეტო ფარის განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში, მოსკოვი კალინინგრადში სარაკეტო სისტემებს დააყენებს. ხომ არ შეცვალა მოსკოვის მიერ აგრესიის ამ ბოლო დემონსტრაციამ რუსეთისა და ევროპის ურთიერთობების აქამდე არსებული დინამიკა?

შტეინმეიერი: მედვედევის განცხადება არჩევნების მეორე დღესვე ნამდვილად არასწორ დროს გადადგმული ცუდი ნაბიჯი იყო. რუსეთთან დაკავშირებით არასდროს გვქონია ილუზიები. ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მან მრავალჯერ დაამტკიცა, რომ რთული პარტნიორია. საქმე ისაა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები ამ უზარმაზარ ქვეყანასთან, რომელიც ევროპის უშუალო მეზობელია. თუ არჩევანის გაკეთება შეკავების პოლტიკასა და თანამშრომლობას შორის უნდა გავაკეთოთ, მე მეორეს მივემხრობოდი. ჩვენ რუსეთთან ისეთი ურთიერთობის დამყარება უნდა შევძლოთ, რომელიც გასცდება ეკონომიკურ ინტერესებს და სულ უფრო მზარდ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოგვიტანს. ბოლოს და ბოლოს ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია - იდენტობის მაძიებელი რუსეთი პოლიტიკურად და კულტურულად დასავლეთს დავუკავშიროთ.

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ გერმანიამ შუამავალის, ბუფერის როლი უნდა შეასრულოს რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, ყოველ შემთხვევაში ახლა, როცა ის ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირეა?

რუსეთმა იცის, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ნატოს და ევროკავშირის წევრი ვართ და ამიტომ არ ვესწრაფით შუამავლის როლის შესრულებას. ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენ მკაცრად და პირდაპირ ვირეაგირეთ რუსეთის ქმედებებზე საქართველოსთან კონფლიქტის დროს. მე ვფიქრობ, ეჭვს გარეშეა, რომ კონფლიქტის დასრულებაში სწორედ ევროპის ერთობლივმა ძალისხმევამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. მთლიანობაში სტაბილიზაციის პროცესი რეგიონში გრძელდება, ხოლო იმისთვის, რომ ნამდვილ სტაბილიზაციას მივაღწიოთ, ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობა გვჭირდება. რაც შეეხება, ევროკავშირისა და რუსეთის ენერგეტიკულ კავშირებს, პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ქვეყანაზე ვლაპარაკობთ. მაგრამ საერთოდ რუსეთი ისევეა დამოკიდებული ევროკავშირსა და ამერიკაზე, რომლებიც მის პროდუქციას ყიდულობენ, როგორც ჩვენ ვართ დამოკიდებულნი მის მიერ მოწოდებულ ბუნებრივ გაზსა და ნავთობზე. რაც შეეხება გერმანიას, შეერთებულ შტატებში ნაკლებად არიან ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ ჩვენ უკვე ათწლეულებია წარმატებით ვმუშაობთ ენერგომიმწოდებლების დივერსიფიკაციაზე, სათბობისა და ენერგორესურსების სხავადასხვა ფორმებზე, რუსეთთანაც, მაგრამ, ამავე დროს, სხვა დიდი მიმწოდებლებიც გვყავს: აფრიკა, ნორვეგია.

თქვენ ახსენეთ კონფლიქტი საქართველოში. შესთავაზებენ, თუ არა მას და უკრაინას ნატოში გაწევრიანებას?

ეს არ არის უბრალო გადაწყვეტილება- ჰო, ან არა. უკრაინის საშინაო მდგომარეობა შეცვლილია, იქ არჩევნებია მოსალოდნელი. გასული ზაფხულის კონფქლიტის შემდეგ, ასევე შეცვლილია სიტუაცია კავკასიაში. ჩვენ კვლივნდებურად მტკიცედ ვუჭერთ მხარს და ვეხმარებით ამ ქვეყნებს ნატოსკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლას (MAP), გერმანია და სხვა ევროპელი ხელისუფალნი კვლავ თავის პოზიციაზე რჩებიან.

აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც ობამა თავისი კამპანიის დროს ხშირად ეხებოდა, ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში გერმანიის მონაწილეობაა. გაზრდის თუ არა შეიარაღებული ძალების რაოდენობას სიტუაციის სტაბილიზებისთვის გერმანია და რას შეწირავს ის პარტნიორობას?

მე ბარაკ ობამას ორჯერ ველაპარაკე და ამ საუბრებიდან ვიცი, რომ მას ავღანეთის საკითხი ზედმიწევნით ესმის. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტილებებით, სასურველ ცვლილებებს ვერ მივაღწევთ. ჩვენი მიდგომა უფრო ყოვლისმომცველი უნდა გახდეს. და მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ზოგიერთები, გერმანიას პროცესში თავისი წვლილი შეაქვს.

ჩრდილოეთში, ნამდვილად. მაგრამ სამხრეთით საშინელ ძალადობასა აქვს ადგილი და სწორედ აქ ითხოვს ობამა გერმანიის უფრო აქტიურ მონაწილეობას.

სამხედრო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე ავიღეთ და ჩვენი მონაწილეობაც გავაფართოვეთ. კონტინგენტის გაზრდას 30 პროცენტით, 4500-მდე ვგეგმავთ. ჩვენ მთელი ავღანეთის მასშტაბით ვმონაწილეობთ პატრულირებაში, მათ შორის სამხრეთშიც, ხოლო გერმანელი რადიოინჟინრები კანდაჰარში არიან დისლოცირებულნი. გერმანული საჰაერო ძალები ნატოს ყველა ქვეყნისთვის მთელ ავღანეთში დაფრინავენ, მათ შორის, სამხრეთითაც. ჩვენ ჩრდილოეთით სწრაფი რეაგირების ძალებს ჩავუდექით სათავეში. და მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ გარემოებები შეიცვალა. შეიარაღებულმა ოპოზიციურმა აქტივობამ ჩრდილოეთითაც იმატა. მაგრამ ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში სამხედრო ქმედებებს ბევრად სცილდება. ჩვენ მუდამ იმას ვამტკიცებდით, რომ წარმატებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, თუ ქვეყნის ეკონომიკურ აღმშენებლობას დავეხმარებით. სამოქალაქო მშენებლობა ის მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია, რომელშიც ვმონაწილეობთ და მომავალ წელს ჩვენი შენატანის გაზრდას ვგეგმავთ.

რაც შეეხება არეულობას პაკისტანში, როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები?

პაკისტანზე მთელი რეგონის უსაფრთხოება დიდადაა დამოკიდებული. თუ ავღანეთში ტერორიზმის დამარცხება გვსურს, ჩვენ პაკისტანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ. ეს კი იმას მოითხოვს, რომ პაკისტანს ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ვადებულება დავაკისროთ, მაგრამ, ამავე დროს, პაკისტანისთვის საერთაშორისო დახმარებამაც უნდა იმატოს.

ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან სოლიდური სესხი დასჭირდება. ჩვენ იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ ქვეყანას გრძელვადიან სტაბილიზაცაში დავეხმაროთ.

რაც შეეხება ირანს, რეალისტურია თუ არა იმედები იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებების მეშვეობით მაჰმუდ აჰმადინიჯადს თეირანის ბირთვულ ამბიციებზე აურს ვათქმევინებთ? და რამდენად შორს წახვიდოდით ამის მისაღწევად?

ეჭვს გარეშეა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება 29 წლიანი უმოქმედობის შემდეგ ახალი მიდგომები გამოიძებნას იმედოვნებს. ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ რატომ გაწყდა ურთიერთობები აშშ-სა და ირანს შორის. აშშ-ს და ირანის ურთიერთობები ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ისტორიაა. როდესაც ამერიკა კონტაქტისთვის მზაობას გამოხატავდა, თეირანს არ უნდოდა ან არ შეეძლო შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა და, პირიქით. მე ვფიქრობ, პირდაპირი მოლაპარაკებების მცდელობა, სასარგებლო იქნებოდა. მაგრამ ირანელებმა უნდა იცოდნენ - მათ უნდა დაამტკიცონ, რომ არ ელტვიან ბირთვული იარაღის დამზადებას და რეგიონში კონსტრუქციული როლის შესრულება უნდათ. უნდა დაგეთანხმოთ, რომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მე მხოლოდ იმედს გამოვთქვამ, რომ ირანის ხელმძღვანელები ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ.

ფინანსური კრიზისის მივუბრუდეთ, ბანკებმა დახმარება მიიღეს. ახლა უკვე ავტომობილების მწარმოებლებიც იმავეს ითხოვენ. როგორ უნდა დაიბრუნონ ევროკავშირის ქვეყნებმა კონკურენტული პოლიტიკა და ლეგიტიმურობა ამის შემდეგ?

მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები მაშინ კარგავენ ლეგიტიმურობას, როდესაც არ მოქმედებენ. ჩვენ ბაზრის მარცხის მოწმენი გავხდით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფინანსური ბაზრების კრიზისი, მთელი ფინანსური სისტემის კრახს არ გამოიწვევს. ატლანტიკის ორივე მხარეს კრიზისის დასაძლევად არატრადციულ მეთოდებს მიმართეს. სიმართლე რომ ვთქვათ, ის, რაც ამერიკაში გააკეთეს უფროა ამერიკული ტრადიციის დარღვევა, ევროპაზე ეს ნაკლებად ითქმის.

რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ განვითარებადი ქვეყნები მომავალში გადაწყვეტილებების მიღებაში უფრო აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას? ამის ნიშნები რამდენიმე კვირის წინ ვაშინგტონის სამიტზე უკვე გამოჩნდა. დიდი რვიანი დიდ ოციანად გარდაიქმება?

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღევანდელი მსოფლიოსთვის? ჩემის აზრით, ეს 21-ე საუკუნეში ასპარეზზე ახლად გამოსული სახელმწიფოების ერთობლივი გლობალური პასუხისმგებლობის სისტემაში ინტეგრაციაა. მე ჩინეთის, ინდოეთის მსგავს ქვეყნებზე ვლაპარაკობ, მაგრამ ამავე დროს ისეთ მუსლიმურ სახელმწიფოებზეც, როგორიცაა საუდის არაბეთი. განა გლობალურ გამოწვევათაგან რომელიმეს მათი მონაწილეობის გარეშე დავძლევთ? არა მგონია. შესაბმისად, რომ ისინი პარტნიორებად უნდა ვაქციოთ. სწორედ ამიტომა იყო ვაშინგტონის სამიტი ისტორიული. ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ გაჩერება უკვე შეუძლებელია.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Saturday, April 19, 2008

რუსულ-ქართულ კონფლიქტში ყველა დამნაშავეა

abc

სკოტ ბივენი
19 ნოემბერი 2008

ელეონორ ჰოლი: ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა Amnesty International-მა ახლახანს ქართულ-რუსულ კონფლიქტზე ანგარიში გამოქვეყნა, რომელსაც საკმაოდ პირდაპირი სათაური აქვს: ”მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის ხაზზე”.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ომში მონაწილე ყველა მხარემ დაარღვია ჰუმანიტარული სამართალი.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ომი 5 დღეში დასრულდა, სამხრეთ ოსეთის ათობით ათასი მცხოვრები კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და შინ ჯერ ვერ დაბრუნებულა.

ანგარიშის შესახებ Amnesty International-ის წარმომადგენელს, ჯონ დალჰუისენს კორესპონდენტი სკოტ ბივანი ესაუბრა.

ჯონ დალჰუისენი: ცხადია, რომ ეს პატარა რეგიონში მომხდარი პატარა ომი იყო. მაგრამ ხარისხობრივად დარღვევები, და არსებობს ამის უტყუარი მაჩვენებლები, ძალიან სერიოზულია. აქ საუბარი არ არის მასშტაბებზე, ლაპარაკია დარღვევათა სიმძიმეზე.

კონფლიქტის მსვლელობისას ორივე მხარემ ძალის განურჩეველი გამოყენებით მშვიდობიან მოქალაქეებს დარტყმა მიაყენა. ეს ჯერ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე ქართული შეტევისას მოხდა და მერე, რაღა თქმა უნდა, რუსეთის საპასუხო შეტევის დროს.

სკოტ ბივანი: რამდენად უტყუარია მონაცემები? Amnesty International-ი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის დროს სამხედრო დანაშაულია ჩადენილი?

ჯონ დალჰუისენი: ჩვენ მართლა ვართ შეშფოთებულნი იმით, რომ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, განურჩეველი შეტევა და შემდეგ, ძარცვის, მოროდიორობის პრეცედენტები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთებმა ჩაიდინეს და რომლებიც არ აღკვეთა რუსულმა არმიამ, თუმცა ამ რაიონებს ამ დროს ის აკონტროლებდა.

სკოტ ბივანი: თქვენ ანგარიშში აღნიშნეთ, რომ არსებობს ორივე მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების სერიოზული მტკიცებულებები. რა მტკიცებულებებია ეს და რა შედეგი შეიძლება მათ მოყვეს?

ჯონ დალჰუისენი: უტყუარი მტკიცებულებაა კასეტური ბომბების დარტყმით დატოვებული მატერიალური კვალი, შეიარაღების ნარჩენები, რომელიც რუსული და ქართული ჯარის მიერ იქნა გამოყენებული, მათ შორის უმნიშვნელო, მაგრამ განსხვავება მაინც არსებობს. სხვადასხვა ადგილას ორივე ტიპის ყუმბარაა აღმოჩენილი და ეს მონაცემები შეესაბამება იმ ჩვენებებს, რომლებიც ორგანიზაციის მკვლევარებმა ამ მიდამოებში მოისმინეს.

კასეტურ ბომბებთან დაკავშირებული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისი აფეთქება ფარავს საკმაოდ დიდ სივრცეს, ხოლო ზუსტი დამიზნება რთულია, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რისკი მაღალია. კონფლიქტის დასრულების შემდეგ კი აუფეთქებელი ბომბების ნარჩენები საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას: პირველ რიგში ბავშვებს, აქ მომუშავე გლეხებს.

სკოტ ბივანი: ანგარიშში თქვენ მოუწოდებთ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევებთან დაკავშირებით შემოსულ ყველა საჩივარზე გამოძიება ჩაატარონ, მაგრამ თქვენ საერთაშორისო საზოგადოებასაც მეტ აქტიურობას სთხოვთ. რა შეიძლება გაკეთდეს უფრო მეტი ამ მიმართულებით და რატომ მიგაჩნიათ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა?

ჯონ დალჰუისენი: არსებობს რამდენიმე სხვადასხვა შესაძლო გზა. პირველი, რომელზეც Amnesty International-მა მიუთითა, ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული საგამოძიებო კომისიის გააქტიურებაა. ამ ორგანოს მუშაობას ჟენევის კონვენცია უზრუნველყოფს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან და რუსეთთან ერთად მომხდარის ანალიზია გასაკეთებელი, შემდეგ კი მათ რეკომენდაციები უნდა მიეცეს.

საერთაშორისო გამოძიების წარმართვის კიდევ ერთი გზა ისაა, რომ კონფლიქტის საწყისი ეტაპი იქნას გამოკვლეული. მაგრამ რუსეთისა და საქართველოს მიერ ჩატარებული გამოძიება არაადეკვატურია, ამიტომ, ალბათ, ეს საკითხი საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ბრალმდებელმა უნდა გამოიძიოს ბრალდებები სამხედრო დანაშაულებებზე.

სკოტ ბივანი: ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების ფაქტები ხუთდღიანი ომის შემდეგაც გაგრძელდა და გარკვეულ დროს კიდევ გასტანს. ომის შედეგებიდან, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, შოკისმომგვრელი?

ჯონ დალჰუისენი: უპირველესად ყოვლისა ეს იძულებით გადაადგილებულთა დიდი რაოდენობაა, მით უფრო თუ არეალის უმნიშვნელო მასშტაბებს გავითვალისწინებთ, მე განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველთა პრობლემას მინდა გავუსვა ხაზი. ისინი სამხრეთ ოსეთიდან იძულებით წამოვიდნენ და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ, მათი რაოდენობა დაახლოებით 20 000 აღწევს.

დაახლოებით კიდევ 10 000 უკან იმიტომ ვერ დაბრუნდება, რომ მათი სახლები, სამხრეთ ოსეთის საზღვრებს გარეთ, დანგრეულია.

მაგრამ ისინიც, ვისაც დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ძალიან დაძაბულ ვითარებაში აღმოჩნდებიან.

ორიგინალი


.

Click Here to Read More..

Sunday, April 13, 2008

სააკაშვილის აღსარება – ინტერვიუ სარკოზისთან შეხვედრამდე

le_point
მარკ ნექსონი
13 ნოემბერი 2008

საფრანგეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის უნდა შეხვდეს. Le point.fr-ს ის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის განვითარებაზე ესაუბრა.

ევროპელი დამკვირვებლები თქვენს ვერსიას, რომ თითქოს პირველებმა რუსებმა შემოგიტიეს, ეჭვქვეშ აყენებენ. სინამდვილეში შეტევის ინიციატორები თქვენ ყოფილხართ... რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

ეს არის ერთი ადამიანის აზრი, რომელიც დამკვირვებელთა მისიამ სამსახურიდან დაითხოვა. შესაბამისად, მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა შესაძლებელია. ყოველთვის შეგვიძლია ისეთი ადამიანები ვიპოვოთ, რომლებიც გეტყვიან, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ პოლონეთში შეჭრამდე პოლონელებმა გერმანელები მოკლეს. ნამდვილი კითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: ვინ ვინ დაიპყრო? რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და ახლა ტერიტორიის 22 %-ი დაკავებული აქვს. მრავალი დღის განმავლობაში, მათი ჯარები და ათობით ტანკი ჩვენი საზღვრების გასწვრივ გადაადგილდებოდა. კონფლიქტის დაწყებამდე ორი დღით ადრე მე ყველა დასავლელი ელჩი მოვიწვიე, იმ ფაქტის კონსტატაციისთვის, რომ ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებში სახლებს ანგრევდნენ. ჩვენ რუსი გენერლის საუბრის ჩანაწერიც გვაქვს, რომელიც ქართული სოფლის ნგრევას პირადად ხელმძღვანელობდა. "მისი სახელი რუქიდან უნდა გაქრეს", ამბობს ის. შეტაკებამდე, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქიდან რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დიდწილად გაიყვანეს, იქ მხოლოდ ოსი სეპარატისტები იყვნენ. იმ დროს მე და ჩემი თავდაცვის მინისტრი საზღვარგარეთ შვებულებაში ვიყავით და ერთ ოჯახს ვსტუმრობდით. როგორ შევძლებდით შეტევის დაგეგმვას? ჩვენ ცილისწამების მსხვერპლი ვართ.

ომის დაწყებამდე თუ დაუკავშირდით თქვენს ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს?

იმ დღეებში მთელი მსოფლიო შვებულებაში, ან პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იყო. ერთადერთი ვისთანაც შევძელი დაკავშირება, ნატოს გენერალური მდივანი იყო... ამ საუბარს ალბათ ისმენდნენ კიდეც. უფრო მარტივად ვახერხებდი აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას. რაც შეეხება ამერიკელებს, ისინი მე ყოველთვის მეუბნებოდნენ: "რუსები არასდროს დაგესხმებიან თავს". ისინი შეცდნენ. საბოლოოდ ბუშმა სერიოზული რეაგირება მოახდინა, და ნატოს პირველი გემი კონფლიქტის ზონაში სამ კვირაში შემოვიდა.

"რეალური დემოკრატიული ფუნქციონირება"

რა უნდა გააკეთოს ევროპამ დღეს?

დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო, რომ სარკოზის ჩარევა კონფლიქტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მე ვაპირებ მისთვის თქმას, რომ რუსებთან მოლაპარაკებისას საქართველო პრიორიტეტად უნდა დარჩეს. რადგან, თუკი ევროპა სტატუს-ქვოს დათანხმდება, რუსები იგივეს მოითხოვენ ყოფილი საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნებშიც. ამ ომმა მათ საშუალება მისცა ეჩვენებინათ, რომ დასავლეთს ჩვენაირი ქვეყნების დასაცავდ რესურსი არ გააჩნია. აი ახლა, ისინი უზარმაზარ ზეწოლას ახდენენ აზერბაიჯანზე. და თუკი ეს ქვეყნა ბოლომდე რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, მოსკოვი მთლიანად გააკონტროლებს ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი გაზით და ნავთობით მომარაგების გზებს. ასეთი კაპიტულაცია ევროპისთვის დრამატული აღმოჩნდება. ეს მაგონებს იმას, რაც ჰიტლერთან დაკავშირებით მოხდა. პირიქით, რუსეთი დღეს ევროპაზე ისეა დამოკიდებული, როგორც არასდროს. მაშინ როდესაც ნავთობის ფასი ეცემა, რუსეთის ინტერსებშია ევროპას რაც შეიძლება მეტი გაზი და ნავთობი მიაწოდოს. ევროპელებმა ეს სიტუაცია მათ სასარგებლოდ უნდა შემოაბრუნონ და მოსკოვს ქმედებები შეაცვლევინონ.

პრეზიდენტი მედვედევი პუტინის წონისაა?

კონფლიქტამდე მე ვცდილობდი მასთან მუდმივი კონტაქტი დამემყარებინა. წერილები, შეხვედრები, სატელეფონო საუბრები, ყველაფერი ვცადე... უშედეგოდ. ყველაფერს პუტინი ხელმძღვანელობს. ყოველ შემთხვევაში რუსეთის ხელმძღვანელებთან კონტაქტი დღეს აღარ მაქვს. ისინი ამტკიცებენ, რომ მე "პოლიტიკური გვამი" ვარ. პუტინმა სარკოზის ისიც კი უთხრა, რომ "ჩემი თავი სურს". ეს ცოტა არ იყოს უცნაური გამოთქმაა, არა?

თქვენ გარშემო "დასავლური" აზროვნების მრჩევლები და მინისტრები შემოიკრიბეთ. განა ამან რუსეთთან დაკავშირებულ რეალობას არ მოგწყვიტათ?

ეს მართალია. ჩვენ პოლიტიკური კულტურის მხრივ ძალიან განვსხვავდებით. როდესაც ჩემი 28 წლის ეკონომიკის მინისტრი დსთ-ს (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგორობა) შეკრებებს ესწრებოდა, მეუბნებობდა, აქ ვიხრჩობიო! ეს მე ვარ ვინც მოსკოვთან კავშირები უნდა შეკრას, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ რუსეთის დღევანდელი მმართველებისთვის, რომლებიც "კაგებეს" ყოფილი მაღალჩინოსნები არიან, ჩვენ ვართ ამერიკის დაზვერვის სამსახურის CIA-ის აგენტები. ამ ფონზე ყველაფერი აზრს კარგავს.

მე ამერიკული ეროვნების ერთადერთი მრჩეველი მყავს ნაციონალური პოლიტიკის დარგში. მაგრამ ის 16 წელია საქართველოში ცხოვრობს. რაც შეეხება ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებს, ისინი მხოლოდ 50-მდე არიან. თითქმის ყველა ჩემს მინისტრს განათლება დასავლურ უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. ეს სახელმწიფოს უფრო ეფექტურ მართვაში გვეხმარება. კონკრეტული მაგალითი გნებავთ? რუსეთის ეკონომიკური ემბარგოსა და ომით მოყენებული ზარალის მიუხედავად, ჩვენ მომავალშიც ეკონომიკური აღმავლობის გზით ვივლით. ეს გადასახადების შემცირების საშუალებას გვაძლევს. ახალგაზრდა მთავრობა ქვეყნაში ხელს უწყობს დემოკრატიის რეალურ ფუნქციონირებას. რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია ხელმძღვანელობს. მათი სხდომები ჩვენი ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მე თავად ვაპირებ იქ მოწმედ მისვლას. თქვენ მსგავსი რამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გინახავთ?

ორიგინალი

Click Here to Read More..

კატრინა ვანდენ ჰიუველი ობამას პრეზიდენტობის პირველი ასი დღის შესახებ

dn_logo

ფრაგმენტი
13 ნოემბერი 2008

ჟურნალ ” The Nation”-ის რედაქტორი კატრინ ვანდენ ჰიუველი, აშშ-რუსეთის ურთიერთობათა დიდი ხნის ექსპერტი ობამას პრეზიდენტობის პირველი 100 დღის პერსპექტივებს მიმოიხილავს.

ემი გუდმანი: კატრინა ვანდენ ჰიუველი. მე მინდა, რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობებს შევეხოთ. თქვენ რუსეთის გამოცდილი ექსპერტი ხართ. აი, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის გასული კვირის რეაქცია ოაბამას გამარჯვებაზე.

პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი: (თარგმანი) კონფლიქტი კავკასიაში ნატოს საომარი გემების შავ ზღვაში გამოგზავნისთვის საბაბად გამოიყენეს. შემდეგ ევროპას ძალადობრივად მოახვიეს თავს ამერიკული ანტესარაკეტო სისტემები, რამაც რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღება მოითხოვა. ჩვენ ამერიკელ ხალხთან პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ანტიამერიკელებად არ დავბადებულვართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია რუსეთთან სრულფასოვან ურთიერთოებებს არჩევს.

ემი გოდმანი: რუსეთის პრეზიდენტი. კატარინა ვანდენ ჰუველი.

კატრინა ვანდენ ჰიუველი: მადლობთ, მოხარული ვარ, რომ კლიპი აჩვენეთ. რადგან კორპორატიული პრესის მეინსტრიმმა ეს სიტყვა ახალი ცივი ომის მომასწავებლად დიმიტრი მედვედევის გამოწვევად წარმოადგინეს. თქვენ ახლა მოუსმინეთ მას, ის ამბობს, რომ ამ ადმინისტრაციასთან ახალი ურთიერთობებისთვის ღიაა.

ამ ბოლო წლების უბედურება ნატოს ექსპანსია იყო, საქართველოსა და უკრაინის იქ შეყვანის მცდელობა, შემდეგ კი ანტი-სარაკეტო სისტემები, თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ, როდეასც მათ ”ანტი-სარაკეტოს” ვუწოდებ, რადგან ეს ტექნოლოგია არ მუშაობს არარსებული საფრთხის წინააღმდეგ, თუმცა გამოსვლაში მათზე ხაზია გასმული. მან განაცხადა-ამას ამბობდა, რომ თუ შეერთებული შტატები ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში რადარებს დააყენებენ, მაშინ ისინი რაკეტებს კალინინგრადში განათავსებენ. ყველაზე საწყენი ისაა, რომ, როგორც მე ვიცი, ისინი რეალურ უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფენ. ეს ტექნოლოგია რეალურად არ არის გამოცდილი, არ მუშაობს. და ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობამ, რეფერენდუმში უარყო ეს პროექტი, უარყო. გამოდის, რომ ის ძირს უთხრის უსაფრთხოებას, ძირს უთხრის დემოკრატიას, ძირს უთხრის სუვერენიტეტს, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ აშშ-რუსეთის ურთიერთობის განახლება გვჭირდება.

მე ვფიქრობ ობამას ადმისტრაცია - ეს პრობლემაა, რადგან მე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მედია და ჩვენი პოლიტიკოსები ბევრად უფრო ნაკლებად მსჯელობენ დღეს რუსეთთან ურთიერთობებზე, ვიდრე ცივი ომის დროს, ეს ცალი ხელით ტაშის კვრას ნიშნას და მხოლოდ ძალიან ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება გვჭირდება. ვაშინგტონ პოსტში გასულ კვირას ბრიტანელი ისტორიკოსის ალისტერ ჰორნი, ლაპარაკობდა, რომ აუცილებლად გვჭირდება ახალი პარტნიორული ურთიერთობები. თქვენ აჩვენეთ მასალა ირანზე. რუსეთი საჭიროა, მასთან უნდა ითანამშრლოს შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ უნდა ითანამშრომლოს ირანთან იმისთვის, რომ დავამარცხოთ ტერორიზმი და შევაჩეროთ ბირთვული იარაღის გავრცელება. ეს სერიოზულ პრობლემად რჩება. კარგი ამბავია, რომ ობამამ ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს აშენებაზე და ბირთვული იარაღი განდგურებაზე ილაპარაკა. ასე რომ გვაქვს მიზანი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ.

ხუან გონსალესი: მაგრამ რუსეთ-საქართველოს ამას წინანდელ კონფლიქტზე, ობამამაც ის თვალსაზრისი გაიზიარა, რომ რუსეთი აგრესორი იყო.

კატრინა ვანდენ ჰიუველი: ემიმ ცოტა ხნით ადრე წაიკითხა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს ის, რაც ცნობილი იყო, ხოლო მედიამ, განსაკუთრებით ”ვაშინგტონ პოსტმა” იგნორირება გაუკეთეს იმ ფაქტს: ომი საქართველომ დაიწყო, რაც ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ, უნდა მოვძებნოთ გზა, რომ შევაჩეროთ ჰიპერმილიტარიზაცია.

ობამას პირველი რეაქცია შუა აგვისტოში, აგვისტოს 7-ში, 8-ში, 9-ში ასეთი იყო-საკითხი გაეროს გადაეცეს. მაგრამ საარჩევნო ორომტრიალში, როდესაც მაკკეინი ეროვნული უსაფრთხოებით მთელი ძალით სპეკულირებდა, ობამას სხვა გზა აღარ დარჩა, მხოლოდ ამის გაკეთება შეეძლო. და ვფიქრობ ობამას სხვა მრჩევლები სჭირდება ისეთები, რომლებიც გააგებინებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აუცილებ

აუცილებელია. მაგრამ მისმა პირველმა, ინსტიქტური რეაქციამ სწორედ ის აჩვენა, რომ რუსეთთან ლაპარაკია საჭირო და არა მხოლოდ საქართველოს მხარდასაჭერად. მე ვიტყოდი, რომ მისი ვიცე-პრეზიდენტია ის, ვინც ნატოს ექსპანსიას მხურვალედ უჭერს მხარს. ნატო ის ინსტუტია, რომელიც უნდა დაიშალოს, ჩემის აზრით. ჩვენ ის უკვე აღარ გვჭირდება. ეს უპირველესად სამხედრო ინსტიტუტია. ამიტომ, მე ნატოს ექსპანსიის წინააღმდეგი ვარ, შეჩერების და მე ვფიქრობ თქვენ დაინახავთ, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობების დამყარება შესაძებელია, ობამას ადმინისტრაციამ ამაზე ბევრი უნდა იფიქროს.

ემი გუდმანი: კატარინა ვანდენ ჰიუველი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან იყავით.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Wednesday, April 9, 2008

"მთავრობა ხალხს ომის შესახებ ატყუებს"

spiegel
მათიას შეპი
9 ნოემბერი 2008

ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან. ისინი კონსულტაციებს რუსეთის საკითხზეც გამართავენ. ქართული ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიდ მეზობელზე უფრო მეტ ზეწოლას მოითხოვს. ის პრეზიდენტ სააკაშვილს მკაცრად აკრიტიკებს.

ქალბატონო ბურჯანაძე, რუსეთ-საქართველოს ომიდან 3 თვე გავიდა. როგორ შეაფასებდით ამ ომის შედეგს თქვენი ქვეყნისთვის?

ამერიკის და ევროპული თანამეგობრობის (ევროკავშირი) დახმარების მიუხედავად, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. რუსები არ ასრულებენ საფრანგეთის პრეზიდენტის ძალისხმევით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას და რუსული ჯარები ჯერ კიდევ დგანან საქართველოს ტერიტორიაზე, და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ მათ საზღვრებს გარეთაც.

კმაყოფილი ხართ ევროკავშირის დამკვირვებლების მუშაობით?

ჩვენ მადლიერები ვართ. მაგრამ ასევე ავღნიშნავთ, რომ რუსეთი შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტს არ ასრულებს და არ გაყავს თავისი ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე. ამის ნაცვლად, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდ სამხედრო ბაზებს აიარაღებს.

ამ ხუთ დღიანი ომით რა გაკვეთილი მიიღეს რუსეთმა, საქართველომ და ევროკავშირმა?

თუკი რუსეთი თავს კვლავ გამარჯვებულად გრძნობს, ეს მცდარი შეფასებაა. მისი იმიჯი მსოფლიოში სერიოზულად შეილახა. იმავდროულად, რუსეთის საზღვრებში არსებულ კავკასურ რეპუბლიკებში სულ უფრო მეტი არეულობაა. იქ სეპარატიზმი იზრდება.

საქართველო და ევროკავშირი?

რუსეთთან ჩვენც უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება. ის ჩვენი მეზობელია, მოგწონს ეს თუ არა, მაგრამ ამასთანავე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეჭქვეშ არ უნდა იდგეს. ევროპამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომ ამ პროცესებში უფრო აქტიურად ომამდე არ ჩაერია. მცდარია ის შეხედულება, თითქოს საქართველო შორსაა და მისი პრობლემები ევროპას არ ეხება. ახლა ევროკავშირმა მისი სამეზობლო პოლიტიკა (ENP) საქართველოს მიმართ უფრო ინტენსიურად უნდა წარმართოს, და არამხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი კავკასიური ქვეყნების, სომხეთის და აზერბაინჯანის მიმართაც. თქვენ ახლა ინტერვიუს მართმევთ ისეთი ღონისძიების წინ როგორიცაა ჰენრიხ ბიოლის და ბერტელსმანის ორგანიზაციების ერთობლივი კონფერენცია, რომელშიც რეგიონის ცნობილი პოლიტიკოსები, ევროპელი დიპლომატები და ექსპერტები ევრკავშირი-კავკასიის მომავალ სტრატეგიაზე იმსჯელებენ. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ კვირაში ნიცაში ევროკავშირი-რუსეთის უმაღლესი დონის შეხვედრა იმართება. რას ელით მერკელის, სარკოზის, ბრაუნის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისგან?

საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველ საკითხად უნდა დარჩეს. ევროპამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს. იმავდროულად, ამ საკითხზე ჩვენ ევროპის ერთიანობა გვჭირდება, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით ერთხმად ლაპარაკობს. სხვა შემთხვევაში რუსეთმა საკუთარ მიზანს მიაღწია. ჩვენ გამარტივებული სავიზო რეჟიმი გვინდა, რომ ქართელებმა ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ. რატომ არის რომ რუსეთი ვიზებზე უარს გვეუბნება.

უნდა განახლდეს თუ არა ევროკავშირი-რუსეთის პარტნიორობასა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, რომლებიც ომის შემდეგ გადავადდა?

ევროპამ ეს საკითხი კარგად უნდა გაიაზროს, მკაფიოდ განსაზღვროს რუსეთთან დამოკიდებულება, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის საკითხები, რომ რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს.

ახლახანს თქვენმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მიმართვაში, მათ შორის გაეროს ასამბლეის წინაშე ნიუ-იორკში, საქართველოში "დემოკრატიზაციის ახალი ტალღის" შესახებ ისაუბრა. გჯერათ მისი?

ეს მშვენიერი სიტყვებია, რომლებსაც ხშირად არანაირი ქმედება არ მოჰყვება ხოლმე. ღონისძიებები, რომლებსაც ის ატარებს კოსმეტიკური, ფასადურია.

ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილს იმ მოსაზრებაში, რომ საქართველო დღეს გაცილებით წინ არის ვიდრე სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები?

ეს ტყუილი არ არის. თუმცა ჩვენ საკუთარი თავი ალბათ აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს უნდა შევადაროთ, როგორებიცაა პოლონეთი, ჩეხეთი ან სამი ბალტიისპირული რესპუბლიკა.

ერთი წლის წინ პრეზიდნტმა სააკაშვილმა ოპოზიციური დემონსტრაცია ძალით დაშალა და დახურა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია. იმავდროულად დასავლურ პრესასთან ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში არსებობს და 3 ოპოზიციური არხია. ეს განცხადება სინამდვილეს შეესაბამება?

ყველამ, ვინც საქართველოს ამბებში ერკვევა, იცის, რომ ეს მართალი არ არის. მე აღარ მივცემ ჩემს მთავრობას იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს მომვალშიც მოატყუოს. ჩვენმა ხალხმა დღემდე არ იცის სიმართლე აგვისტოს ომზე. ამიტომ, მე 43 კითხვა გავუგზავნე მთავრობას და პრეზიდენტ სააკაშვილს.

რისი გაგება გსურთ?

რატომ აღმოვჩნდით რუსების ხაფანგში, ვინ გასცა ბრძანება საომარ აქციაზე, რატომ დაიხია ჩვენმა ჯარმა უკან ასე სწრაფად, რას გულისხმობდა მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლისკენ მოუწოდებდა, მაშინ როდესაც ჯარი უკან დახევის ბრძანებას იღებდა და ა.შ. მთავრობა ჩვენ ხალხს ომის შესახებ ატყუებს და ცინიკურად აცხადებს, რომ საქართელომ ეს ომი თურმე მოიგო, რადგან მსოფლიოში ჩვენს მიმართ დღეს მეტი ყურადღებაა. თურმე ამისთვის უნდა დაღუპულიყვნენ ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

პასუხი მიიღეთ?

დღემდე არ მიმიღია. ამის ნაცვლად, პრეზიდენტმა მთავრობაში კოსმეტიკური ცვლილებები ჩაატარა. ეს სასაცილოა. თანამდებობები დატოვეს კულტურის და გარემოს დაცვის მინისტრებმა, ხოლო თავდაცვის მინისტრი და ომზე პასუხისმგებელი სხვა პირები, ასეთი კატასტროფული მარცხის შემდეგ, თანამდებობებზე დარჩნენ. რომელ დემოკრატიაში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს?

იმ დემოკრატიული დეფიციტის გათვალისწინებით, რომელზეც თქვენ საუბრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ევროკავშირი სააკაშვილის მთავრობასთან მიმართებაში? უნდა შეაჩერონ მათ მილიარდიანი დახმარების მოწოდება?

არა, რა თქმა უნდა. ჩვენ ეს ფული გვჭირდება. მაგრამ დახმარება მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს. ევროპა დეტალურად უნდა იხილავდეს, ეს ფული რისთვის გამოიყოფა. ის ხალხს უნდა მოხმარდეს და არა მთავრობას: საომარი ტერიტორიებიდან დევნილებს, დემოკრატიზაციას.

თქვენ ოპოზიციური პარტია დააფუძნეთ. მაგრამ იმ დროს როდესაც ოპოზიცია ერთიანი არ არის, რა პერსპექტივას ხედავთ?

არ მინდა პატიმოყვარეობაში ჩამომართვათ, მაგრამ მე ჯერ კიდევ საკმარისად პოპულარული ვარ. ჩვენ გაზაფხულზე პარლამენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოვითხოვთ.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Friday, March 21, 2008

”ნავთობი პოლიტიკური იარაღი არ არის”

le_temps 
რაამ ეტვარეა
21 მარტი 2009

გოლამჰოსეინ ნოზარი, ირანის ნავთობის მინისტრი აქცენტს აკეთებს ამ სტრატეგიული სექტორის განვითარებაზე და გვარწმუნებს, რომ მომავალშიც პატივს სცემს შვეიცარულ გაზისმიმწოდებელ კომპანია EGL-თან დადებულ ხელშეკრულებას.

138 მილიარდი ბარელის სანავთობო მარაგით და დღეში 4,3 მილიონი ბარელის წარმოების უნარით, ირანი მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა. დღეიდან 2025 წლის ჩათვლით ქვეყანას სურს გააორმაგოს გაზის საკუთარი წარმოება წელიწადში 400 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობამდე. ჟენევაში ენერგეტიკული შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე, რომელმაც ამ ინდუსტრიის 700-მდე წარმომადგენელი შეკრიბა, ირანის  ნავთობის მინისტრი გოლამ ჰოსეინ ნოზარი კომენტარს აკეთებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში კურსის ევოლუციაზე და ირანული სანავთობო ინდუსტრიის მდგომარეობაზე საუბრობს.

რატომ გადაწყვიტა ამ კვირას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEP) არ შეემცირებინა პროდუქციის წარმოება და ამით გაეზარდა კურსი?

თამაშში ძალიან ბევრი ფაქტორი ერთვება, როდესაც საქმე პროდუქციის წარმოების დაწევას ან მომატებას ეხება. ესენია არსებული კურსი, მოთხოვნილების ევოლუცია, და  გლობალური ეკონომიკური სიტუაცია. პროდუქციის შემცირება და კურსის აწევა დღევანდელ კონტექსტში არ აღნიშნულა.

თქვენს მიერ განსაზღვრული 75 დოლარი ერთ ბარელში ფიქტიური ფასია?

ეს განსაზღვრება ხანგრძლივ დროზეა გათვლილი. OPEP-ს სულაც არ აქვს მისწრაფება კარტელის მსგავსად იმოქმედოს.

ვენესუელასა და ლიბიის თანდგომით ირანი ფასების აწევის მომხრეა. უარს ხომ არ ამბობთ ნავთობის, როგორც იარაღის გამოყენებაზე?

ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არასოდროს გვქონია. OPEP-ის შიგნით გადაწყვეტილებებს უმრავლესობა იღებს.

როგორ ვითარდება ნავთობის რეგიონალური ბირჟის შექმნის პროცესი, რომ ლონდონსა და ნიუ-ორკს კონკურენცია გაუწიოთ, სადაც პრაქტიკულად ბაზარი ყალბდება?

ზოგიეთ სანავთობო პროდუქციაზე ვაჭრობა ამიერიდან თეირანის ბირჟაზე განხორციელდება. ნავთობისთვის ყველა რეგიონალურ მოთამაშეს შორის კარგი კოორდინაციაა აუცილებელი. ჩვენ მხოლოდ კონსულტაციების საწყის  ეტაპზე ვართ.

ირანი 150 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციებს საჭიროებს, რომ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს. ერთ ბარელზე 50 დოლარიანი ფასით ეს რთული არ იქნება?

ციფრები, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ, ინფრასტრუქტურის 20 წლიან განვითარებას ეხება. გასულ წელს ჩვენ შევიკრიბეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნავთობიდან შემოსული თანხის რამდენიმე პროცენტს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოვიყენებთ. მაგრამ უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ: მულტინაციონალური ინვესტიციების მოზიდვა ფულის საკითხს სცდება. ჩვენ გვაქვს ის, რაც გვჭირდება.

თქვენს სტაბილიზაციის ფონდში რა რაოდენობის თანხა გაქვთ?

ჩვენ გვაქვს პროდუქციის ერთი პროცენტი. დღეისათვის ჩვენ დღეში 4,3 მილიონ ბარელს ვაწარმოებთ. ძველი  ტექნოლოგიის პირობებში ეს დიდი ოდენობაა. გაზის წარმოების ყოველდღიური ოდენობა - 500 000 კუბურ მეტრს აღწევს.

ზოგიერთებმა შვეიცარულ კომპანია EGL-სა და ირანულ კომპანია NIGEC-ს შორის დადებულ კონტრაქტთან დაკავშირებით შიში გამოთქვეს. ირანი თავის მხრივ, შეასრულებს EGL-ისათვის გაზის მიწოდების პირობებს?

დღეიდან 2025 წლის ჩათვლით ჩვენ წელიწადში 400 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზის მოპოვებას ვვარაუდობთ. რაც შეეხება EGL-თან დადებულ კონტრაქტს,  ჩვენთვის დადებული პირობების შესრულება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. ამას ჩვენ ორ ეტაპად განვახორციელებთ. ვაპირებთ ამ დარგში EGL-ის კომპანიის ცოდნის გამოყენებას და ირანული გაზსადენის აგებას, რომელიც ევროპისაკენ 110 მილიონი კუბური მეტრი გაზის გადატვირთვის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს უდიდესი პროექტია და ბევრი ევროპული კომპანია ჩვენთან მოლაპარაკებებშია ჩართული.

ჩინეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. როგორ ფასდება პეკინ-თეირანის ღერძის არსებობა?

თანამშრომლობა ძალიან კარგია. ჩვენ მათთან ერთად პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადს” ვანვითარებთ, რომელიც 20 მილიონამდე ტონა ბუნებრივი გაზის პერსპექტივას ითვალისწინებს. ორი კვირის წინ კიდევ ერთ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და მოლაპარაკებებს ჩინეთთან კვლავ გავნაგრძობთ.

ორიგინალი

Click Here to Read More..

Wednesday, March 5, 2008

ჰესბოლასთვის ობამას სტრატეგია ”ილუზიების ნაყოფია”

le_figaro 
5 მარტი 2009

შეიხი ნაიმ კასემი, მეორე პირი ჰესბოლას ლიბანურ ხელმძღვანელობაში ფიქრობს, რომ ვაშინგტონის მიერ დიალოგისთვის მზადყოფნის გამოცხადების მიუხედავად,
”განკიცხულთა ღერძის” წარმომადგენლების, სირიისა და ირანის მოლაპარაკებები უფრო ნაყოფიერი იქნებოდა.

რას ნიშნავს თქვენთვის ნეთანიაჰუს ხელისუფლებაში დაბრუნება?

ჩვენ ლივნის, ბარაკსა და ნეთანიაჰუს შორის ძირეულ სხვაობას ვერ ვხედავთ.

მოახერხებენ თუ არა ისინი ნაპრალის გაჩენას ”განკიცხულთა ღერძის” წარმომადგენლებს შორის, რომელსაც დამასკოს, თეირანისა და ჰამასის მსგავსად, თქვენც მიეკუთვნებით?

შეერთებული შტატები სირიასთან დაკავშირების გზებს დაუფარავად ეძებს, რომ ის ირანს ჩამოაშოროს და ამით ჰამასისა და ჰესბოლასადმი მისი მხარდაჭერა დაასუსტოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ილუზიების ბრალია. ის, რაც რეგიონალურ სცენაზე ხდება, პირიქით განკიცხულთა ღერძის წარმატებაზე მეტყველებს. ამის მაგალითია, თუნდაც სირიისა და საუდის არაბეთის პოლიტიკური კურსის დაახლოება და ისინი, ვინც რეგიონში აქცენტს ამერიკულ პროექტზე აკეთებდნენ, იძულებულნი არიან თავიანთ პოზიციებს გადახედონ.

ეთანხმებით თუ არა ამერიკის პრეზიდენტის ნებას, ირანთან დიალოგი დაიწყოს?

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ირანის არჩევნების მოლოდინშია. ძალიან ადრეა ილაპარაკო დიალოგზე, რომელიც არ დაწყებულა და რომლის დღის წესრიგიც გაურკვეველია. დღემდე ამერიკის პოლიტიკა მარცხით მთავრდებოდა და ახლა ზიზღის შესამცირებლად, რომელიც თავად წარმოქმნა, საშუალებებს ეძებს. მე ობამას პოზიციებში მნიშვნელოვან ევოლუციას ვერ ვხედავ და დიდი იმედი არ მაქვს. მისი პირველი განცხადებები პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან გავდა მისი წინამორბედების პოზიციას, რომელიც ისრაელის უპირობო მხარდაჭერასა და პალესტინელი ხალხის არჩევანის უპატივცემულობას გამოხატავდა.

ჰესბოლამ პირობა დადო, რომ იმად მოგნიესთვის (2008 წელს დამასკოში მოკლული ჰესბოლას ერთ-ერთი ხელმძღვანელის გამო) შურს იძიებს. მსგავსი პასუხი ისრაელის არმიასთან ახალი კონფლიქტის საშიშროებას ხომ არ შექმნის?

ჩვენში არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ მკვლელობა ისრაელელებმა ჩაიდინეს. დავპირდით, რომ პასუხს გავცემდით. ეს ჩვენი უფლებაა. მაგრამ ეს ვერ გაამართლებს ისრაელს ახალი ომის გამოცხადებაში. ყოველ შემთხვევაში, ახალი მტრობის გაჩაღებისთვის მას თავის მართლება არ დასჭირდებოდა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. მოვლენების ასეთი განვითარებისთვისაც კი. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელ პირობებში, ლიბანთან ახალი ომის დაწყება ისრაელის ინტერესებშია. ღაზას სექტორზე თავდასხმამ აჩვენა, რომ ისრაელის არმიამ 2006 წლის ომიდან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა. მას არა აქვს უნარი თავის სამხედრო წარმატება, პოლიტიკურ წარმატებად გადააქციოს.

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მხარეს ახალი რაკეტების სროლაზე თქვენ პასუხისმგებლობა მოიხსენით. ეს დე ფაქტო, დროებითი ზავი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ 2006 წლის ზაფხულის ომის გარეშე, ნაწილობრივ თქვენს მიზანს მიაღწიეთ?

არც დროებითი ზავი არსებობს და არც შეთანხმება, მაგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1701 რეზოლუციას (რომელმაც კონფლიქტს ბოლო მოუღო) ჩვენ პატივს ვცემთ და ვიტოვებთ უფლებას აგრესიას სწრაფადვე ვუპასუხოთ. ჩვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების სროლას არ ამართლებს. ჩვენთვის ისრაელის სამხედრო, ფსიქოლოგიური და მორალური მარცხი აშკარაა. უფრო შორსაც წავალ და ვიტყვი, რომ 2006 წლის ომმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა არმიის წინააღმდეგობის დათრგუნვის აუცილებლობა.

მართალია, რომ ჰესბოლა ლიბანში ისრაელის აგენტურული ქსელის აღმოჩენის შემდეგ, თავისი უშიშროების სისტემის გარდაქმნის წინააღმდეგი იყო?

რამდენიმე აგენტის აღმოჩენა ისრაელელთა დიდ უნარებზე - ლიბანში დაზვერვითი მონაცემები შეკრებონ - არ მიუთითებს. პირიქით ივნისის ომმა დაადასტურა, რომ ლიბანში ისრაელელთა დაზვერვის მუშაობა ჩავარდა, რადგან იმ მონაცემთა უმრავლესობა, რომელსაც ისრაელის არმია ჰესბოლაზე დარტყმის მისაყენებლად იყენებდა, მცდარი აღმოჩნდა.

ჰესბოლა ყოველთვის აცხადებდა, რომ რაფიკ ჰარირის მკვლელობა, ისრაელის აგენტურის მოწყობილი იყო. გჯერათ თქვენ, რომ სპეციალური ტრიბუნალი ამას დაამტკიცებს?

ამ მკვლელობიდან მთავარ სარგებელს სწორედ ისრაელი იღებდა. ჩვენ არ ვიცით როგორ წარმართავს ტრიბუნალი ჰიპოთეზებს, მოტივებსა და მტკიცებულებებს, შესაბამისად არ შეგვიძლია წინასწარ ვივარაუდოთ ბრალდებული ვინ იქნება.

ორიგინალი

Click Here to Read More..