Showing posts with label ავტორებისგან. Show all posts
Showing posts with label ავტორებისგან. Show all posts

Saturday, May 31, 2008

მეგობრებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს!

Happy-New-Year

ერთ-ერთი ჩვენგანი ძალიან დიდხანს აკეთებდა ყოველკვირეულ ისტორიულ გადაცემას. კვირაში ერთხელ ახალი ტექსტი უნდა შეეთხზა, რაც საშინელ რუტინად ექცა. ჰოდა, უნდოდა, თუ არა ერთგვარი ”თემფლითები” გამოიმუშავა: როდესაც აბსტრაქტული და გულის ამაჩუყებელი ფინალური ტექსტი უნდა დაეწერა, ფრაზას: ”დრო სიმბოლური სტრუქტურაა, რომლის მსვლელობაც ცვლილებებით იზომება” (დიდი მადლობა თომას მანსა და მის ”ჯადოსნურ მთას”) ათასგვარად ატრიალებდა: ”დრო, რომლის მდინარებაც ცვლილებებით იზომება, სიმბოლური სტრუქტურაა”; ”სიმბოლური სტრუქტურა, რომელსაც დროს ვუწოდებთ და რომელსაც ცვლილებები მოაქვს...”; ”კონტინუუმი, რომელსაც ცვლილებით ვზომავთ და რომელსაც სიტყვა ”დროით” მოვიხსენიებთ...” და ა.შ. გაუთავებლად.

და აი, ახლა ამ ფრაზას ნებაყოფლობით ვიმეორებთ. დრო, მართლაც, სიმბოლური სტრუქტურაა და ის, ალბათ მართლაც, ცვლილებებით იზომება. მაგრამ იქნებ ჩვენს, მიწიერ დროს მიღმური რეალობა ასაზრდოებს და იქნებ ეს რეალობა ადამიანის მიერ გამოგონილ საზომებს ემთხვევა. იქნებ ნაკიანი წელიწადი მართლა ცუდია იმიტომ კი არა, რომ ეს ადამიანური ცრურწმენაა, არამედ იმიტომ, რომ სადღაც იქ (ზევით, ქვევით, თუ მარჯვნივ, არ ვიცი), სადაც ჩვენი თვალსაწიერი ვერ აღწევს, ნაკიანი წელიწადი იმიტომ გამოიგონეს, რომ მძიმე იყოს და ცუდი.

და თუ ჩვენი ეს მოსაზრება რეალობას ემთხვევა, მაშინ ყველას გილოცავთ უმძიმესი და ურთულესი 2008-ის გასვლას და დამთავრებას. მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე წაიღო: ახალგაზრდა კაცების, რომლებიც ომში იბრძოდნენ და მოხუცების, ვინც მათზე დარდმა გადაიყოლა. კიდევ ათასობით ადამიანი უასახლკაროდ დარჩა და შინ დაბრუნების იმედიც დაკარგა. სამყაროში ისეთი ტექტონური ძვრები მოხდა, რომ ყველა შფოთიან ანალიტიკოსს 1914 წელი და სარაევო გაახსენდა. 2008 ბევრისთვის ილუზიებთან გამოთხოვების წელიც გახდა: მანამდე ყველას მაინც გვჯეროდა, რომ დასავლეთი სიკეთეა, აღმოსავლეთი კი ბოროტება; რომ თავისუფალი ბაზარი სამოთხეა, ხოლო ეკონომიკის რეგულაცია სატანის ინსპირაცია; რომ სადღაც იქ, სადაც ჭეშმარიტებაა, თავისუფალი პრესა მაინც არსებობს და ა.შ.

მაგრამ თუ არ გვინდა ამ მძიმე ნაკიან წელიწადს უსამართლოდ მოვექცეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის არც ისე წყალწაღებული გამოდგა და ბოროტება-სიკეთის ბალანსი ბოლომდე არ დაარღვია: ძალიან ბევრმა პერსონალური უანგარობისა და თავგანწირვის აქტი ჩაიდინა, უამრავმა ადამიანმა ერთი საშინელი ცრურწმენა დაძლია და კანის ფერი მთავარ საზომად აღარ მიიჩნია, რითაც ომსა და ძალადობას უარი უთხრა. რამდენად გამართლდება ამ ადამიანების მოლოდინი, ეს უკვე სხვა საკითხია.

ჩვენს ბლოგს მეგობრები და მხარდამჭერები გამოუჩნდნენ, რომლებმაც მართლაც ხელშესახები, ქმედითი დახმარება აღმოგვიჩინეს და მისი არსებობა მომავალ წელსაც შესაძლებელი გახადეს.

ასე რომ, ჩვენო მკითხველებო და მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს მთელი გულით, მომავალ 2009-ში სიმსუბუქეს, მხიარულებას, ყოველდღიურობით ტკბობის სიამოვნებას გისურვებთ, გისურვებთ იმას, რომ კოლეტქიურმა ბედისწერამ თავი დაგანებოთ და პირადი, პერსონალური ცხოვრებით ცხოვრების უფლება მოგცეთ, აღარ მოგთხოვოთ გმირობა და გამძლეობა და ადამიანური სისუსტეებით გართობის დრო დაგიტოვოთ. ჯანმრთელები იყავით, წარმატებულები, სიმშვიდე მოგეცეთ, უანგარობასთან, გულწრფელობასთან, ერთგულებასთან შეხვედრის ბედნიერება და ბევრი, ბევრი, ბევრი, ძალიან ბევრი, უზომოდ ბევრი სიხარული!

ბლოგ-ტანდემი

Click Here to Read More..

Sunday, April 13, 2008

ბლოგის ავტორებისგან - 5

13 ნოემბერი 2008

დღეს ერთ-ერთი მკითხველისგან წერილი მივიღეთ, ბლოგის საავტორო რუბრიკაზე გვწერდა. ჩვენც კიდევ ერთხელ გადავხედეთ რუბრიკას და თვალნათლივ დავინახეთ, როგორ შეიცვალა ამ ორ-თვენახევარში ყველაფერი - რადიკალურად.

სამყაროს სახელით ახლა უკვე 40 წლის ანგლო-საქსი აფრო-ამერიკელიც ალაპრაკდა. მისი არჩევის შემდგომმა ეიფორიამ ჩაცხრომა დაიწყო. აჰმადინიჯადმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს გულწრფელი და გულის ამაჩუყებელი მილოცვა გაუგზავნა, დანარჩენი ქვეყნებისადმი სამართლიანი, არადისკრიმინაციული მოპყრობა სთხოვა. თურმე უკვე 30 წელია ირანს აშშ-სთვის არაფერი მიულოცია. ბარაკ ჰუსეინ ობამამ ირანელთა მილოცვას არ უპასუხა და, როგორც სადღაც წავიკითხეთ (ბმულს ვეღარ მივაგენით :)), ტერორისტებთან თანამშრომლობის გამოც დაგმო.

ყოველდღიურობა დაბრუნდა. ამერიკულ პრესაში არჩეული პრეზიდენტის პირველი კრიტიკაც გაისმა. აკრიტიკებენ ძირითადად ისინი, ვინც ხმა მისცა. უწუნებენ შესაძლო დანიშვნებს, იმას, რომ თავის გუნდში ცივი ომის მოყვარულ აგრესიულ ქორებს აჩერებს და ა.შ. ამით შეშფოთებულებმა, ჩვენს ერთ მეგობარს ამერიკაში მივწერეთ - რა ხდება, ამ კაცს ასე რატომ შეუტიეთ -თქო. იმან კი აი რა გვიპასუხა: ”აბა ქართველებივით, ”ამ კაცს დააცადეთ”-ს ხომ არ დაიწყებენ. უნდა აკრიტიკონ, აბა რა, დიახაც, წინასწარ და ჯერ არგადადგმული ნაბიჯებისთვის”

ამ პასუხმა ბევრ რამეზე აგვიხილა თვალი. აბსოლუტურად სწორია, როგორც ”ჰარი პოტერში” სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ამბობს ერთი გმირი საზოგადოებას ”Constant vigilant”, მუდმივი სიფხიზლე მართებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენს მკითხველებსაც აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. დატოვეთ თქვენი კომენტარები ბლოგზე, მოგვწერეთ მეილზე, გაგვაკრიტიკეთ და ხანდახან შეგვაქეთ კიდეც (გაგვიხარდება :)), გამოგვიგზავნეთ ბმულები, მოკლედ, ითანამშრომლეთ ჩვენთან. უცხოურ გვერდებზე ისე მრავლადაა კომენტარი, რომ მერე მათზე დაყრდნობით დაიჯესტებს, სტატიებს აქვეყნებენ. ამ მანიპულაციის ჩასატარებლად მხოლოდ ბლოგზე დარეგისტრირება გჭირდებათ - სხვა არაფერი. გამოცდილი მომხმარებლისთვის, ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

მადლობთ ყურადღებისთვის და არ დაგვივიწყოთ, შემოგვიარეთ. საღამოს Stat counter-ში სტუმართა რაოდენობას დავითვლით და თუ აღმოჩნდა, რომ ბევრნი იყავით, მეორე დღეს, საშინელი დაღლილობის მიუხედავად, გაორმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ მუშაობას: ე.ი. ვიღაცას ვჭირდებით!

ბლოგ-ტანდემი

Click Here to Read More..

Saturday, April 5, 2008

ავტორებისგან - 4

5 ნოემბერი 2008


ამ ბოლო დროს ისეთი განცდა ჩნდებოდა, რომ პროექტი სახელწოდებით ”კაცობრიობა” თავის დასასრულს უახლოვდებოდა. ვიღაცეები, ალბათ, უკვე ბოლო რაპორტის დასაწერად ემზადებოდნენ, მათ შორის ჩვენც. მაგრამ, როგორც ჩანს, დონორებმა, ბოლო შანსის მოცემა გადაწყვიტეს, ეტყობა შეძახილს ”დიახ, ჩვენ შეგვიძლია”, კიდევ ერთხელ მიუგდეს ყური და დამატებითი ოთხწლეული გამოგვიყვეს.

დროში, როდესაც პათეტიკა და სერიოზულობა უკიდურესად უგემოვნოდ ითვლება, საოცრად სერიოზული და ამაღელვებლი რამ მოხდა: ადამიანები მიხვდნენ, რომ ისეთი უმნიშვნელო მომენტი, როგორიც კანის პიგმენტური შემადგენლობაა, ბევრს არაფერს ნიშნავს. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 40 წლის წინ თუ ცოტა მუქი იყავი, ცალკე ტრამვაით უნდა გეგმგზავრა, თორემ კაპიუშონიანი კაცები მოგადგებოდნენ და ლინჩის წესით გაგასამრთლებდნენ. ფუტუროლოგიურ ფილმებში იმის ნიშნად, რომ ეს ”ძალიან, ძალიან, ძალიან მომავალია” ხანდახან ამერიკის პრეზიდენტს მუქკანიანი მსახიობი თამაშობდა, ხოლმე (მაგალითად ”მეხუთე ელემენტში”). ეს ”ძალიან, ძალიან, ძალიან მომავალი” 2008 წლის 4 ნოემბერს დადგა.

გუშინ უბრალოდ დაღამდა, დღეს კი ახალ სამყაროში გავიღვიძეთ. ამაღლებული წუთები დადგა და ადამიანები კამერების წინ შესაბამისი განცდების გამოხატვას სულაც არ ერიდებოდნენ. ხვალ, ზეგ, მაზეგ, ესეც რუტინად იქცევა და ყოველდღიური შფოთი, რა თქმა უნდა, გარდამტეხ ცვლილებებზე ფიქრის დროს აღარვის დაუტოვებს. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ამაღლებული წუთების გარშემო იკინძება სიცოცხლე. როცა მარცხდება ის, ვისაც იუგოსლავიის დაბომბვით თავი მოაქვს, განა ეს სასიხარულო არ არის?

მოკლედ, როგორც ჩანს, პროექტი ”კაცობრიობა” გრძელდება და თუ მის ”იმპლიმენტაციას” :) რიგიანად შევძლებთ, იქნებ შემდეგი ოთხწლეულიც დაგვიფინანსონ.

Click Here to Read More..

Monday, October 1, 2007

ავტორებისგან - 3

1 ნოემბერი 2008

პარასკევს 7 ნოემბერია, იმ 7 ნოემბრის წლისთავი, შარშანდელის.

მაშინ აზრი, როგორც ყოველთვის, ორად გაიყო: ნაწილი კოსმოსისა და ქაოსის ორთაბრძოლაზე, ქაოსის დაძლევის საჭიროებასა და კოსმოსისათვის აუცილებელ მსხვერპლშეწირვაზე, სახელმწიფოებრიობის უპირატესობაზე და ჩასაფრებულ გარე მტერზე ლაპარაკობდა. მეორენი - სიტყვისა და შეკრებების თავისუფლებაზე, ძალადობის დაუშვებლობაზე, დემოკრატიული პროცედურის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე.

დღესაც, მგონი, ყველა თავ-თავის აზრზე დარჩა.

მაგრამ რას წერდა იმ დროს უცხოური პრესა, როგორ აფასებდნენ ჩვენთვის სამაგალითო დასავლეთში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს? ამის გახსენება წლისთავის მიჯნაზე, ალბათ, ყველასთვის საინტერესო იქნება.

ჩვენ შევეცდებით იმდროინდელ მრავალფეროვან პუბლიკაციებში ყველაზე საინტერესო ამოვარჩიოთ და შემოგთავაზოთ.

იხილეთ სტატიები რუბრიკაში 7 ნოემბერი 2007

Click Here to Read More..

Wednesday, September 19, 2007

ბლოგის ავტორებისგან - 2

19 სექტემბერი 2008

უკვე ერთი თვეა ბლოგს "ვაკეთებთ" და გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა. გზადაგზა შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ და ა.შ., მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომ საინტერესო, უცნაურ გამოცდილებას (experience -აქტუალური სიტყვაა) ვიღებთ და რაღაც დასკვნებიც გამოგვაქვს:

1. აუცილებლად, ყველა სუფრაზე დავლევთ ბოდრიარის, ამ ნათელი კაცის შესანდობარს. ვიცოდით, რომ, რასაც წერდა მართალი იყო, ვიცოდით, რომ მედია საშინელი მანქანა და მანიპულირების ინსტრუმენტია, მაგრამ უცხოურ საიტებში გაუთავებელმა ქექვამ ეს უშუალოდ, კონკრეტულად, ხელშესახებად დაგვანახა: ფანტასტიკურია, როგორ იჩქმალება ერთი (ვითომდაც არა ყოფილა :)) და როგორ ხმაურდება, ტირაჟირდება, მრავლდება მეორე ფაქტი.

2. სიტყვის თავისუფლება არსებობს, არ არსებობს არჩევანის თავისუფლება, რადგან იმისთვის, რომ მიჩქმალულ ფაქტს მიაგნო, ყველაფერს თავი უნდა გაანებო და მხოლოდ ამისთვის უნდა მოიცალო.

3. თუ აქამდე გვეგონა, რომ (როგორც მეცნიერები წერდნენ), კაცობრიობის სახელით ლაპარაკობს 40 წლის თეთრკანიანი მამაკაცი, ახლა მივხვდით (ისევ კონკრეტულად, პირადი გამოცდილების საფუძველზე), რომ კაცობრიობის სახელით მხოლოდ თეთრკანიანი ანგლოსაქსი ლაპარაკობს, სხვას ყველას სიტყვა, უფრო სწორად, ენა (ინგლისური) წართმეული აქვს. ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მასალაში ქიშორ მაჰბუბანი წერს, რომ როდესაც დღეს ვამბობთ "მთელი მსოფლიო", ვგულისხმობთ მხოლოდ დასავლეთს, დანარჩენ ხალხებს და ქვეყნებს უბრალოდ არ ვითვალისწინებთ, მათი ხმა არ ისმის, გამქრალია. ჩვენ კი ქიშორ მაჰბუბანზე შორს წავალთ და ვიტყვით, რომ მხოლოდ ინგლისურენოვან დასავლეთს ვგულისხმობთ და მორჩა. ნეტა რას წერენ ჩეხები, უნგრელები და ა.შ.? კიდევ კარგი "შპიგელს" ინგლისურენოვანი ვერსია აქვს და ხანდახან ჩვენი ახლობელი (ერთ-ერთის მამა) ფრანგულში ხელს წაგვიკრავს ხოლმე. ამიტომ, ბოდრიართან ერთად ედვარდ საიდის შესანდობარსაც დავლევთ ხოლმე, ამ ნათელი კაცისას, რომელიც ენაწართმეული სამყაროს სახელით ლაპარაკობდა.

4. მივხვდით, რომ ფაშისტები ვყოფილვართ და ამას არც კი ვაცნობიერებდით. როცა მასალას ვიძიებთ, ერთმანეთს ვეუბნებით: "არ გინდა ამ ყარტა-ყურტა ქვეყნების ინფორმაცია". საშინელებაა - თურმე დავყავით მსოფლიო პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ქვეყნებად და კიდევ თავიც მოგვაქვს, რომ კარგები ვართ და კეთილები: ჩინეთი "ყარტა-ყურტაა" , კიდევ არაბული ქვეყნები, კიდევ ლათინური ამერიკა და აფრიკა, (ნახე ერთი ესენიც, რომ აქვეყნებენ რაღაცეებს). როდის დაგვემართა ეს? რატომ?

5. მივხვდით, რომ პოლიტიკა (მიამიტობის გამო არ დაგვცინოთ) შიზოფრენიის სივრცეა, მოზარდთა აგრესიული თამაშების. სიმბოლურ ჟეტს, სიტყვას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. "მე უფრო მაგარი ბიჭი ვარ, თუ შენ?"; "ეს ჩემი ტერიტორიაა, იმიტომ კი არა, რომ მჭირდება, იმიტომ, რომ "პალაჟენიე" უნდა დავაყენო"; ოღონდ როცა ეზოში პატარა ბიჭები ჩხუბობენ, შედეგი ბევრად უფრო მსუბუქია, ცხადია.

6. ეს ტექსტი ბევრად უფრო სევდიანი გამოგვივიდა, ვიდრე პირველი. მაშინ ინფორმაციის კატასტროფული ნაკადით არ ვიყავით დაბინძურებულნი და უმანკოებას ვინარჩუნებდით... და, ალბათ, კორექტურული შეცდომაც უამრავი გვექნება :(, მაგრამ ახლა ერთ სასიამოვნო პასაჟზე შევჩერდებით: რა კარგია, როდესაც რაღაცას უანგაროდ აკეთებ, როცა ამაში ფულს არავინ გიხდის, როცა მაინც ინარჩუნებ იდეალებს და იცი, რომ "თავისუფალი სიტყვა" მხოლოდ სიტყვიერი კლიშე კი არ არის, არამედ რეალური ღირებულებაა, როცა ადამიანებს, თუნდაც 10-ს, 20-ს, 30-ს განსხვავებულ ამბავს უყვები, ეძებ, არჩევ და აწვდი იმას, რასაც უმალავენ და იმასაც, რასაც ცხვირში აჩეჩებენ. ყველა ზემოთქმულის გამო ერთ გადამწყვეტ და ფუნდამენტურ დასკვნამდე მივედით, იმისთვის, რომ შენი ცხოვრება ამაო არ იყოს: უნდა დარგო ხე, გააჩინო ბავშვი და "გააკეთო" ბლოგი. :)

პატივისცემით,
ბლოგ-ტანდემი

Click Here to Read More..

ბლოგის ავტორებისგან


არსებობს მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირი ქსეროქსის გამოგონებამ დაანგრია: ინფორმაციის ტირაჟირება გაადვილდა, მისი ცირკულირება რეპრესიულმა ინსტიტუტებმა ვეღარ გააკონტროლეს, სიტყვა გათავისუფლდა, რასაც შედეგად ზოგადად თავისუფლების გამარჯვება მოჰყვა.

მანამდე, უფრო დიდი ხნით ადრე, ასეთივე პარადიგმული ცვლილება გუტენბერგის მიერ გამოგონილმა ბეჭდურმა სიტყვამ გამოიწვია. მოკლედ, ყველასთვის ცხადია, რომ ხელმისაწვდომი, მრავალფეროვანი, პლურალისტული ინფორმაცია თავისუფალი საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველთაგანია. მოცემული ბლოგის ავტორებს ეს კარგად ესმით.

დღეს ყველას რთულ, დაძაბულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. იმისთვის, რომ ინფორმაციის დეფიციტმა დამატებითი შფოთის საბაბი არ მოგვცეს, გადავწყვიტეთ ინტერნეტში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია მოგვეძია და ყველაზე სიმპტომატური, ყველაზე ნიშნეული, ძირითადი ტენდენციების ამსახველი მასალა ქართულად გვეთარგმნა. მას, ვისაც ასეთი ძიების დრო არ აქვს, ვფიქრობთ, მცირედით მაინც დავეხმარებით.

ვცდილობთ, სტატიების შერჩევისას ყველა პოზიცია ავსახოთ - ისეთი, რომელსაც ვეთანხმებით და ისეთიც, რომლის კითხვისას აღშფოთებას ვერ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თუ მიმდინარე მოვლენების (თუნდაც უცხოეთიდან დანახულის) გაანალიზებას ახლავე არ დავიწყებთ, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ერთსა და იმავე წყალში შესვლა - ჰერაკლიტეს ცნობილი თეზის საპირისპიროდ.

ჯერჯერობით სულ ორნი ვართ, რის გამოც მოვლენათა თავბრუდამხვევ კასკადს ხშირად ჩამოვრჩებით, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულად ანალიტიკური პრესა დავასახელეთ, რადგან მისი მოცულობა შედარებით მცირეა. მთარგმნელობითი საქმიანობის დიდი გამოცდილება არ გვაქვს, თან ხშირად ვჩქარობთ, ამიტომ ლაფსუსებისთვის წინასწარ გიხდით ბოდიშს. მთავარი მაინც ისაა, რომ ავტორის ტექსტს პატიოსნად მივყვებით და მთელი გულით ვცდილობთ კონტექსტი არ შევცვალოთ.

გარკვეული ტექნიკური პრობლემების გამო, ტექსტის ვრცელ ვარიანტში მხოლოდ იმ თარიღს მიაქციეთ ყურადღება, რომელიც სათაურის ქვეშაა მითითებული. აქვე შეგიძლიათ მოძებნოთ ორიგინალური პუბლიკაციის ბმული.

იმიჯები ბლოგზე, YouTube-იდან იტვირთება და შესაბამისად იცვლება ისე, როგორც ორიგინალურ საიტზე.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ასეთი ტიპის გამოცემა პირველია, ყოველ შემთხვევაში, უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში ჩვენი ბლოგი დიდ ვებ-პორტალად გარდაიქმნება. ცნობისთვის: საავტორო უფლებები დაცულია.

მოკლედ ინტერნეტ საზოგადოებას, ჩვენს ბლოგზე ვიწვევთ. ველოდებით თქვენს გამოხმაურებებსა და შენიშვნებს.

პატივისცემით,

ბლოგ-ტანდემი

სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით Email: foreignpressgeo@gmail.com

Click Here to Read More..