Wednesday, March 5, 2008

ჰესბოლასთვის ობამას სტრატეგია ”ილუზიების ნაყოფია”

le_figaro 
5 მარტი 2009

შეიხი ნაიმ კასემი, მეორე პირი ჰესბოლას ლიბანურ ხელმძღვანელობაში ფიქრობს, რომ ვაშინგტონის მიერ დიალოგისთვის მზადყოფნის გამოცხადების მიუხედავად,
”განკიცხულთა ღერძის” წარმომადგენლების, სირიისა და ირანის მოლაპარაკებები უფრო ნაყოფიერი იქნებოდა.

რას ნიშნავს თქვენთვის ნეთანიაჰუს ხელისუფლებაში დაბრუნება?

ჩვენ ლივნის, ბარაკსა და ნეთანიაჰუს შორის ძირეულ სხვაობას ვერ ვხედავთ.

მოახერხებენ თუ არა ისინი ნაპრალის გაჩენას ”განკიცხულთა ღერძის” წარმომადგენლებს შორის, რომელსაც დამასკოს, თეირანისა და ჰამასის მსგავსად, თქვენც მიეკუთვნებით?

შეერთებული შტატები სირიასთან დაკავშირების გზებს დაუფარავად ეძებს, რომ ის ირანს ჩამოაშოროს და ამით ჰამასისა და ჰესბოლასადმი მისი მხარდაჭერა დაასუსტოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ილუზიების ბრალია. ის, რაც რეგიონალურ სცენაზე ხდება, პირიქით განკიცხულთა ღერძის წარმატებაზე მეტყველებს. ამის მაგალითია, თუნდაც სირიისა და საუდის არაბეთის პოლიტიკური კურსის დაახლოება და ისინი, ვინც რეგიონში აქცენტს ამერიკულ პროექტზე აკეთებდნენ, იძულებულნი არიან თავიანთ პოზიციებს გადახედონ.

ეთანხმებით თუ არა ამერიკის პრეზიდენტის ნებას, ირანთან დიალოგი დაიწყოს?

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ირანის არჩევნების მოლოდინშია. ძალიან ადრეა ილაპარაკო დიალოგზე, რომელიც არ დაწყებულა და რომლის დღის წესრიგიც გაურკვეველია. დღემდე ამერიკის პოლიტიკა მარცხით მთავრდებოდა და ახლა ზიზღის შესამცირებლად, რომელიც თავად წარმოქმნა, საშუალებებს ეძებს. მე ობამას პოზიციებში მნიშვნელოვან ევოლუციას ვერ ვხედავ და დიდი იმედი არ მაქვს. მისი პირველი განცხადებები პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან გავდა მისი წინამორბედების პოზიციას, რომელიც ისრაელის უპირობო მხარდაჭერასა და პალესტინელი ხალხის არჩევანის უპატივცემულობას გამოხატავდა.

ჰესბოლამ პირობა დადო, რომ იმად მოგნიესთვის (2008 წელს დამასკოში მოკლული ჰესბოლას ერთ-ერთი ხელმძღვანელის გამო) შურს იძიებს. მსგავსი პასუხი ისრაელის არმიასთან ახალი კონფლიქტის საშიშროებას ხომ არ შექმნის?

ჩვენში არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ მკვლელობა ისრაელელებმა ჩაიდინეს. დავპირდით, რომ პასუხს გავცემდით. ეს ჩვენი უფლებაა. მაგრამ ეს ვერ გაამართლებს ისრაელს ახალი ომის გამოცხადებაში. ყოველ შემთხვევაში, ახალი მტრობის გაჩაღებისთვის მას თავის მართლება არ დასჭირდებოდა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. მოვლენების ასეთი განვითარებისთვისაც კი. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დღევანდელ პირობებში, ლიბანთან ახალი ომის დაწყება ისრაელის ინტერესებშია. ღაზას სექტორზე თავდასხმამ აჩვენა, რომ ისრაელის არმიამ 2006 წლის ომიდან შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა. მას არა აქვს უნარი თავის სამხედრო წარმატება, პოლიტიკურ წარმატებად გადააქციოს.

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მხარეს ახალი რაკეტების სროლაზე თქვენ პასუხისმგებლობა მოიხსენით. ეს დე ფაქტო, დროებითი ზავი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ 2006 წლის ზაფხულის ომის გარეშე, ნაწილობრივ თქვენს მიზანს მიაღწიეთ?

არც დროებითი ზავი არსებობს და არც შეთანხმება, მაგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1701 რეზოლუციას (რომელმაც კონფლიქტს ბოლო მოუღო) ჩვენ პატივს ვცემთ და ვიტოვებთ უფლებას აგრესიას სწრაფადვე ვუპასუხოთ. ჩვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობა ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების სროლას არ ამართლებს. ჩვენთვის ისრაელის სამხედრო, ფსიქოლოგიური და მორალური მარცხი აშკარაა. უფრო შორსაც წავალ და ვიტყვი, რომ 2006 წლის ომმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა არმიის წინააღმდეგობის დათრგუნვის აუცილებლობა.

მართალია, რომ ჰესბოლა ლიბანში ისრაელის აგენტურული ქსელის აღმოჩენის შემდეგ, თავისი უშიშროების სისტემის გარდაქმნის წინააღმდეგი იყო?

რამდენიმე აგენტის აღმოჩენა ისრაელელთა დიდ უნარებზე - ლიბანში დაზვერვითი მონაცემები შეკრებონ - არ მიუთითებს. პირიქით ივნისის ომმა დაადასტურა, რომ ლიბანში ისრაელელთა დაზვერვის მუშაობა ჩავარდა, რადგან იმ მონაცემთა უმრავლესობა, რომელსაც ისრაელის არმია ჰესბოლაზე დარტყმის მისაყენებლად იყენებდა, მცდარი აღმოჩნდა.

ჰესბოლა ყოველთვის აცხადებდა, რომ რაფიკ ჰარირის მკვლელობა, ისრაელის აგენტურის მოწყობილი იყო. გჯერათ თქვენ, რომ სპეციალური ტრიბუნალი ამას დაამტკიცებს?

ამ მკვლელობიდან მთავარ სარგებელს სწორედ ისრაელი იღებდა. ჩვენ არ ვიცით როგორ წარმართავს ტრიბუნალი ჰიპოთეზებს, მოტივებსა და მტკიცებულებებს, შესაბამისად არ შეგვიძლია წინასწარ ვივარაუდოთ ბრალდებული ვინ იქნება.

ორიგინალი

No comments: