Thursday, March 13, 2008

საქართველოს ოპოზიცია სააკაშვილის ჩამოგდების პირობას დებს

IWPR

მიხეილ ვიგნანსკი
13 მარტი 2009

პრეზიდენტის მტრები ამბობენ, რომ ქუჩის უზარმაზარი საპროტესტო აქციები მომავალ თვეში, მის მმართველობას დაასრულებს, მაგრამ ამაში ყველა დარწმუნებული არაა.

საქართველოს პრეზიდენტი 9 მარტს თბილისში, იაპონურ რესტორანში მშვიდად აპირებდა ვახშმობას, მაგრამ საღამო ჩაუშხამდა

იმ საღამოს 2007 წელს ძალადობრივად დარბეული დემონსტრაციის საპატივცემულოდ შექმნილი “7 ნოემბრის ჯგუფი”-ს აქტივისტები რესტორანთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ:”მიშა წადი!” და “მიშა - ციხეში!”

გასულ წელს ოპოზიციამ განაცხადა, რომ 9 აპრილს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ფარტომასშტაბიანი პროტესტი დაიწყება. 20 წლის წინ ზუსტად 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ჩაახშო.

” 2009 წლის 9 აპრილი რუბიკონად იქცევა: საქართველოსთვის და სააკაშვილის ბანდიტური რეჟიმისთვის” - განუცხადა გიორგი ხაინდრავამ, კონფლიქტების გადაწყვეტის ყოფილმა მინისტრმა, დღეს კი საქართველოს პრეზიდენტის მკაცრმა ოპონენტმა IWPR -ს.

“მთელი მსოფლიო ელოდება დღეს, როდესაც ქართული საზოგადოება, კონსტიტუციური გზით სააკაშვილის გადადგომას მიაღწევს”.

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნები სამხრეთ ოსეთის გამო დაწყებული დამანგრეველი ომის შემდეგ სულ უფრო ხმამაღლა გაისმის.

”ხელისუფლებამ, რომელმაც ქვეყანა ასეთ უბედურებამდე მიიყვანა დაკარგა მართვის უფლება,” - ამბობენ ოპოზიციის აქტივისტები.

მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ჯერ კიდევ არ შეუდგენიათ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ერთობლივი სტრატეგია და არც ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გამოუთქვამს 9 აპრილის აქციაში მონაწილეობის მზადყოფნა.

თებერვლის ბოლოს ერთმა ჯგუფმა პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა და ორი თვის ვადაში საპრეზიდენტო ვადამდელი არჩევნების თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნა მოსთხოვა, ხოლო თარიღის დასასახელებლად ათი დღე მისცა.

ამ ჯგუფს - “ალიანსი საქართველოსთვის”, 35 წლის ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს, ის გაეროში სააკაშვილის წარმომადგენელი იყო, მაგრამ გასულ დეკემბერს საჯაროდ დაუპირისპირდა პრეზიდენტს და თანამდებობიდან გადადგა.

დღეს ალასანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პუპულარული ფიგურაა. მის ალიანსში გაერთიანდნენ ”რესპუბლიკური,” ”ახალი მემარჯვენეები”-ს პარტიები და ალასანიას მიმდევრები.

ულტიმატუმის ვადა 5 მარტს ამოიწურა, ხოლო მის ადრესატს არც ერთი საპასუხო ნაბიჯი არ გადაუდგამს.

სააკაშვილი, რომლის მეორე საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება, ვადამდელი არჩევნების იდეას აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს.

ის ფიქრობს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის სტაბილურობაზე უნდა იფიქრონ, რადგან, მისი სიტყვებით, საქართველოს მსოფლიო ფინანსური კრიზისი ემუქრება.

ისინი იმაზე უნდა კონცენტრირდნენ, თუ “რა უდევთ ადამიანებს მაცივრებში” - შენიშნა სააკაშვილმა.

“ჩვენი პრიორიტეტებია უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ხოლო ახალი არჩევნები და რეფერენდუმი მხოლოდ წინ აღუდგება ამ პრიორიტეტების შესრულებას” - ამბობს აკაკი მინაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

“არჩევნები და რეფერენდუმი ძირს გამოუთხრის საზოგადოების ინტერესებს”.

9 აპრილის მიტინგის ჩატარების იდეა “გაერთიანებული ოპოზიციის”, ქართული ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ფრთის იდეაა.

ამ ბოლო დროს, ხუთი დღის განმავლობაში “გაერთიანებული ოპოზიციის” აქტივისტები თბილისის ქუჩებში დადიოდნენ და იმ ადამიანების ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად 9 აპრილს ქუჩაში გამოსასვლელად მზად არიან.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ დედაქალაქში უკვე 48 387 ხელმოწერა შეაგროვა და იმავეს გამეორებას 10 მარტიდან რეგიონის, 16 ქალაქში აპირებენ.

“ოპოზიცია მართლა სერიოზულად ემზადება, საქართველოს პრეზიდენტს ვერ წარმოუდგენია რა მძიმე დარტყმას მიიღებს” - პირობას დებს ხაინდრავა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ნინო ბურჯანაძე, რომელმაც საკუთარი ოპოზიციური ჯგუფი “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” დააფუძნა და რომელსაც ალასანიას მსგავსად, პრეზიდენტობის ამბიცია აქვს, 9 აპრილის აქციაში აქტიური როლის შესრულებას აპირებს.

ის ამბობს, რომ თუ სააკაშვილი, რომელსაც “არაადეკვატურს” უწოდებს, 9 აპრილამდე არ გადადგება “ხალხი მას მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით გადააყენებს”.

სააკაშვილის კიდევ ერთი ყოფილი მოკავშირე ოპოზიციური მოძრაობისთვის ხელის შეშველებას იმედოვნებს.

ეს ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც თავისი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობები ეკავა.

ახლა ის საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც ერთი წლის წინ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

“ოქრუაშვილი 9 აპრილისთვის, როდესაც სერიოზული საპროტესტო მოძრაობა გაიშლება, (საფრანგეთიდან) საქართველოში დაბრუნდება” - ამბობს ხაინდრავა.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე თითქმის ურჩევს სააკაშვილს და მის გუნდს, რომ “თუ გადარჩენა უნდათ, გაიქცნენ ქვეყნიდან”.

“9 აპრილი პერმანენტული ქუჩის საპროტესტო მოძრაობისა და საზოგადოების კონსოლიდაციის დასაწყისი იქნება” - აცხადებს ხაინდრავა.

“ძნელია სათქმელია, როდის დამთავრდება ეს პროტესტი… ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი რის ფასად”.

მაგრამ ოპოზიციას ძლევამოსილი რუპორი, რომელიც მის საქმიანობას პრომოუტირებას გაუწევდა, არ ჰყავს.

“იმედ”-ს, ტელეკომპანიას, რომელსაც ისინი 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების მოსამზადებლად იყენებდნენ, ისევე როგორც ყველა ნაციონალურ ტელევიზიას, ახლა მთავრობა აკონტროლებს.

ამ არხს იმ დროისთვის აწ გარდაცვილილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა.

ოპოზიცია მოსახლეობასთან კომუნიკაციას მხოლოდ ორი პატარა ტელეკომპანიის მეშვეობით ახორციელებს, ეს კომპანიებია “კავკასია” და “მაესტრო”.

20 იანვარს “მაესტრო”-მ უპრეცედენტო რეალური შოუ, “საკანი #5″ დაიწყო, რომელსაც ცნობილი მომღერალი, გიორგი გაჩეჩილაძე, ოპოზიციური ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის ძმა ამზადებს.

სწორედ 20 იანვრიდან ის “მაესტრო”-ს სტუდიაში ჩაიკეტა და განაცხადა, რომ იქ მანამდე დარჩება, სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში იქნება.

პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ყოველ საღამოს მასთან ერთად პოლიტიკური სიტუაციის გასაანალიზებლად რიგში დგანან, აკრიტიკებენ ხელისუფლებას და მაყურებელს 9 აპრილის საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

დღე და ღამე 4 სატელევიზიო კამერა გაჩეჩილაძეს თვალს ადევნებს. ის ამბობს, რომ მისი ნებაყოფლობითი ტუსაღობა შეძლებისდაგვარად მიახლოებულია რეალური საპატიმროს სიტუაციასთან.

გიორგი გაჩეჩილაძის აზრით, ეს პროექტი იმის სიმბოლოა, რომ საქართველო სააკაშვილის მმართველობის პირობებში ციხედ იქცა.

მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა უშედეგო გამოდგეს.

“ჯერ ძალიან ადრეა იმის სათქმელად, შეძლებს, თუ არა ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას”- ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე - “ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სტრატეგიას აირჩევს ხელისუფლება”.

ის ამბობს, რომ ოპოზიციამ შეიძლება მარცხი განიცადოს, თუ პრეზიდენტი უკომპრომისო პოზიციას დაადგება.

“ის ფაქტი, რომ 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” დროს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი მემკვიდრე იმავეს გააკეთებს” - მიაჩნია საყვარელიძეს.

“სააკაშვილი ძალიან ჯიუტია, ის არ არის ისეთი ვინმე, ვინც იოლად გადადგება”.

მეორე ექსპერტი, არჩილ გეგეშიძე იმავე ინტონაციაში ლაპარაკობს. “თუ ოპოზიცია კოორდინაციას და კონსოლიდაციას ვერ მოახერხებს, ის საპროტესტო მოძრაობას დუღილის წერტილამდე ვერ მიიყვანს”.

მის კოლეგას, სოსო ცინცაძეს მიაჩნია, რომ უახლოეს მომავალში ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ადამიანების 80%-ს მყისიერი დათმობების იმედი აქვს.

“ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მიტინგების მეშვეობით ისინი გამარჯვებას მოკლე დროში მიაღწევენ” - ამბობს ის.

“ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური ბრძოლა. საპროტესტოდ გამოსული 10 ადამიანიდან მხოლოდ 2 დაიცავს თავის პოლიტიკურ შეხედულებებს”.

“ოპოზიცია, იმის ნაცვლად, რომ პირველ რიგში თავის რიგებში კოორდინაცია უზრუნველყოს, დათვის ტყავს, დათვის დაჭერამდე ყიდის”.

ორიგინალი

No comments: