Thursday, March 13, 2008

სამხრეთ ოსეთი: ”კაგებეს” ანკლავი კავკასიაში

john hopkins 
კონსტანტინ პრეობრაჟენსკი
13 მარტი 2009 

სამხრეთ ოსეთში ”კაგებე” ფართოდაა წარმოდგენილი. მეგობრობის შესახებ შეთანხმების თანახმად, რუსეთს სამხრეთ ოსეთში საკუთარი მესაზღვრეების განთავსების უფლება აქვს, რომლებიც ორგანიზაციულად უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს - ”კაგებეს” მემკვიდრის - შემადგენლობაში შედიან. მათი ფუნქცია არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის საზღვრების დაცვაა, არამედ სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება საქართველოს წინააღმდეგ. თითქოს ასეთი პატარა ქვეყნისთვის ასეთი სადაზვერვო პოტენციალი საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა - სამხრეთ ოსეთი საკუთარ ”კაგებეს” და საკუთარი საგარეო დაზვერვის სამსახურს ქმნის: აქაც რუსები იმუშავებენ, სამაგიეროდ მოსკოვს მანევრების საშუალება ეძლევა.

მონაცემები: რუსეთში სასაზღვრო სამსახურები ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ექვემდებარებიან და დაზვერვის საკუთარი განყოფილებაც აქვთ. ისინი აღჭურვილნი არიან უფლებამოსილებით საქართველოს ტერიტორიაზე დაზვერვის მონაცემები შეაგროვონ, თანაც არა მხოლოდ ვიზუალური თვალთვალის საფუძველზე, არამედ საქართველოს მოქალაქეების გადაბირებითაც.

სასაზღვრო სამსახურის განყოფილება უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს დაზვერვის ნაკლებად ცნობილი სამსახურის შემადგენლობაში შედის. ეს რუსეთში არსებული მესამე სადაზვერვო სამსახურია (ასევე არსებობს საგარეო დაზვერვის სამსახურიც, ”კაგებეს” ყოფილი პირველი განყოფილება და რუსეთის არმიის მთავარი სადაზვერვო განყოფილება). ფედერალური ბიუროს სადაზვევრო განყოფილება 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა სუკის პირველი რაიონული განყოფილებების საფუძველზე შეიქმნა. ეს პირველი განყოფილებები სადაზვერვო მონაცემებს უცხოეთში აგროვებდნენ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთის მოქალაქეების გადმობირების საშუალებით, იმ ადამიანების გზით, რომლებიც საბჭოთა კავშირის შესაბამის რეგიონებში ჩადიოდნენ. დღეს უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს დაზვერვა ხშირ შემთხვევაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებითაა დაკავებული.

1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარებით დე-ფაქტოდ გამოეყო საქართველოს, იქ ადგილობრივი ”კაგებეს” სამსახური შეიქმნა (ძველი სახელწოდებით). მას მართავდნენ და უძღვებოდნენ რუსეთის მოქალაქეები.

სამხრეთ ოსეთის მთელი რიგი მაღალჩინოსნების წარსული უშიშროების კომიტეტს უკავშირდება, მაგალითად დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ასლანბეკ ბულანცევი, წარმოშობით ოსი და რუსეთის მოქალაქე, პუტინის ეპოქის ტიპიური სახელმწიფო მოღვაწეა - უშიშროების კომიტეტის ფინანსური განყოფილების ყოფილი ოფიცერი, მინისტრად დაინიშნა. 1986 - წლიდან 2006 - წლამდე  ბულანცევი ხელმძღვანელობდა ”კაგებე”-”ფეესბე”-ს ფინანსურ განყოფილებას რუსეთის ფედერაციაში შემავალ  ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში. ვასილ ლუნევი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი იყო, ადრე პერმის ოლქში სამხედრო კომისრად მსახურობდა. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი ბარანკევიჩი სტავროპოლის მხარის სამხედრო კომისრის მოადგილე იყო და ურჩ ჩეჩნეთში მსახურობდა. არც ერთი ეს ადამიანი ოსი ეროვნების არ არის.

ჩეჩნეთის ომის დროს ბარანკევიჩი რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის უფროსის მოადგილე იყო.

სამხედრო კომისარიატები რუსეთის არმიაში ახალგაზრდების გაწვევით არიან დაკავებულები, თუმცა ისინი აბსოლუტურად არ გვანან ამერიკული არმიის პირადი შემადგენლობის მობილიზების ცენტრებს. პირველ რიგში, სამხედრო კომისარიატები ახალწვეულებს არა მხოლოდ არმიაში აგზავნიან, არამედ უსაფრთხოების ფედერალურ ბიუროსა და მილიციაშიც. მეორეც, რუსეთის მოსახლეობის ყველა მამაკაცი სამხედრო ვალდებულია. სწორედ ამიტომ, სამხედრო კომისარიატების განკარგულებაში არსებობს მონაცემთა ბაზა ყველა მამაკაცსა და ზოგჯერ ქალებზეც, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და ამ მონაცემებით მათ ფედერალურ ბიუროსთან და მილიციასთან ერთად უნდა ისარგებლონ. ფედერალური ბიურო ხშირად სამხედრო კომისარიატებს ამოფარებული მოქმედებენ, მაგალითად, როდესაც საცხოვრებელი სახლის არასანქცირებული ჩხრეკა და სახლის გასაღებია საჭირო, ადგილობრივი სამხედრო კომისარიატი სახლის მეპატრონის სამედიცინო კომისიაზე გამოძახების ბრძანებას იღებს, ხოლო სამედიცინო პროცედურების დროს თეთრ ხალათში გამოწყობილი ”კაგებეს” ოფიცერი მოქალქეს ჯიბიდან სახლის გასაღებს აცლის, დუბლიკატს აკეთებს და პატრონს უბრუნებს. მეორე დღეს, როდესაც მოქალაქე სახლიდან გადის იქ ფედერალური ბიუროს თანამშრომლები მიდიან და ჩხრეკას ატარებენ.

ჩეჩნეთში მუშაობის დროს ბარანკევიჩის ძირითადი საქმე, როგორც ჩანს ჩეჩნეთის მოსახლეობის მამაკაცების აღწერა იყო, ტერორისტებისა და მათი ოჯახის წევრების გამოვლენის მიზნით - სხვა დროს ამ საქმეს უშიშროების ფედერალური ბიურო გააკეთებდა. ამგვარად, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ბარანკევიჩი ”ფეესბეს” ფარს უქმნიდა და საშუალებას აძლევდა მას სამხედრო კომისარიატის სახელით ემოქმედა.

”კაგებეს” ფინანსური განყოფილების ყოფილი ოფიცრების დაწინაურების ფენომენი საყურადღებო ჯერ კიდევ პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გახდა. სამხრეთ-ოსეთის პრემიერ-მინისტრი ბულანცევი, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის, ანდრეი ბელიამინოვის მაგალითს იმეორებს, რომლის უწყებაც ცნობილი გახლდათ თავისი კორუმპირებულობით, მაგრამ ”კაგებეს” პირველ (სადაზვერვო) განყოფილებაში იგი მხოლოდ მოლარე იყო. ყოველ თვე ის დაზვერვის თანამშომელ ოფიცრებზე ხელფასს გასცემდა, რომელთაგან ერთ-ერთი ამ სტატიის ავტორიც იყო, რომელსაც კარგად ახსოვს როგორ იდგა ხელფასის რიგში ბელიამინოვთან, ხშირად თავდაცვის მომავალი მინისტრის და რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის სერგეი ივანოვის გვერდით. 1980-იანი წლების ბოლოს ბელიამინოვი აღმოსავლეთ გერმანიაში, ”კაგებეს” შტაბში გაგზავნეს, სადაც იგი დაუმეგობრდა კიდეც პუტინს და ეჭვიც არ არსებობს იმის თაობაზე, რომ მისი კარიერის აღმასვლა სწორედ ამ მომენტიდან იწყება.

ჩანართი: ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთის კონტრდაზვერვის განყოფილებას რუსეთის მოქალაქეები მართავენ და საბჭოთა სახელი ”კაგებე” ჰქვია, უდაოდ საყურადღებოა. ამაში გარკვეული ირონიაც იგრძნობა, რადგან სულ თავიდან ”კაგებე”-ს აბრევიატურის მიმართ გარკვეულად, აგდებული დამოკიდებულებაც კი იყო. 1954 წელს საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრიუშჩოვმა ყოვლისშემძლე სახელმწიფო უშუშროების სამინისტროს (”ემგებე”) სტატუსი შეუცვალა და ის კომიტეტის დონემდე დაიყვანა (ამ სტატუსს ნაკლებად მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებებს ანიჭებდნენ, მაგალითად, არსებობდა სპორტის კომიტეტი). ასე აგო პასუხი ”ემგაბე”-მ სტალინის მასობრივ რეპრესიებში მონაწილეობისათვის, თუმცა საბოლოოდ ”კაგებე” სასტიკი საბჭოთა ეპოქის სიმბოლო გახდა და სიტყვა ”კომიტეტის” დამამცირებელი მნიშვნელობა ყველას გადაავიწყდა. პუტინის რუსეთში აბრევიატურა ”კაგებე” პატივისცემით უნდა მოიხსენიო, თუმცა ყველა იმ ნეგატიური ასოციაციის გამო, რაც საბჭოთა კავშირს უკავშირდება ღიად ამ ტერმინით სარგებლობა არ შეიძლება (ყველაზე ცოტა საერთაშორისო დონეზე მაინც). თუმცა ეს ყველაფერი სამხრეთ ოსეთზე არ ვრცელდება, რადგან ამ ქვეყანაში ”კაგებეს” აბრევიატურას საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია ახლავს, რომელსაც არამხოლოდ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა განიცდის, არამედ რუსული ოფიცრობაც, რომელსაც მისი მართვა ავალია.

საბჭოთა ეპოქაში ”კაგებე” ატარებდა როგორც კონტრდაზვერვით, ასევე დაზვერვით ოპერაციებს, თუმცა სამხრეთ-ოსურ ”კაგებეს” ჯაშუშობის მიმართულებით მუშაობის უფლება არ მისცეს. 2008 წლის ოქტომბერში, რუსეთის მხრიდან რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, სამხრეთ ოსეთმა საკუთარი დაზვერვის სამსახური გაიჩინა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ერთი ციდა, ჩამორჩენილ რესპუბლიკაში არც ერთ პროფესიონალ ჯაშუშს არ უმუშავია, არაა გასაკვირი, რომ სამსახურს პროფესიონალი რუსი მზვერავები მართავენ. მეორეს მხრივ, რადგან საქათველოს ტერიტორია უკვე ”ფეესბეს” კონტროლქვეშ მოექცა, ამგვარი სტრუქტურის არსებობის აუცილებლობა ეჭვქეშ დგება. როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახური იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოში ამერიკულ ინტერესებზე ინფორმაცია მოიპოვოს, ისევე როგორც ამას ”უფროსი ძმა”, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური მთელს მსოფლიოში აკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფორმალურად სამხრეთ ოსეთის დაზვერვის სამსახური დამოუკიდებლად არსებობდეს, რადგან რუსეთის აზრით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს პასუხისმგებლობა მოიხსნას, იმ შემთხვევაში თუკი მისი მუშაობა გამჟღავნდება.

რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა აღნიშნავდა, რომ ”სამხრეთ ოსეთი - ეს არის არა ტერიტორია, ქვეყანა ან რეჟიმი, არამედ ძალოვანი გენერლებისა და ოსი ბანდიტების ერთობლივი საწარმო, რომელიც ერთი მიზნით, საქართველოსთან კონფლიქტზე ხელის მოსათბობად შეიქმნა.” ”კაგებეს” ფინანსისტის დანიშვნა სამხრეთ ოსეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე 2008 წლის ოქტომბერში, ამ ორ მიზანს ემსახურება. ერთის მხრივ, სახელმწიფო ფინანსურ სტრუქტურაში მუშაობის დროს შეძენილი პროფესიონალური უნარ-ჩვევები უტოლდება პროფესიონალურ უნარ-ჩვევებს ფულის გათეთრებაში, და მეორეც, ის, რომ პრემიერი ”კაგებეს” ელიტის პრივილეგირებული კლასის წარმომადგენელია, მას ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევს.

დასკვნა: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, დღეს ის რუსეთის საბიუჯეტო სისტემის ნაწილია. რესპუბლიკის მოსახლეობის 80%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული, ამ ტერიტორიას ფაქტობრივად უშიშროების კომიტეტი მართავს. მისი მმართველი კლასი კი იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივი საზღვრების გადახედვას ემხრობიან. იმ ნოსტალგიაზე, რაც მათ საბჭოთა დროზე აქვთ, არა მხოლოდ აგვისტოში საქართველოზე თავდასხმა მოწმობს, არამედ ისიც, რომ სამხრეთ ოსეთის სპეც-სამსახურს საბჭოთა სახელი, ” სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი” დაარქვეს. რუსეთში უშიშროების კომიტეტი არა მხოლოდ დაზვერვით სამუშაოებს ეწეოდა, არამედ უზარმაზარ კორუფციასაც აჩენდა, რაც ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფოს მართვის რუსული მოდელის ექსპორტი მოხდა და ახლა ამ გაღატაკებული ტერიტორიის ანტიამერიკული შპიონაჟისა და ფულის გათეთრების ზონად გარდაქმნა ხდება,  რომელიც მთლიანად ერთი ორგანიზაციის, პუტინის ”კაგებეს” მიერ იმართება.

ავტორი: კონსტანტინ პრეობრაჟენსკი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში 1976-დან 1991- წლამდე მსახურობდა, შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და მუშაობა დაიწყო რედაქციაში ექსპერტად დაზვერვის საკითხებში, მუდმივ ავტორად. დღეს იგი აშშ-ში ცხოვრობს. მისი ბოლოს გამოქვეყნებული წიგნის სახელწოდებაა - ”ახალი ტროას ცხენი კაგებე/ფეესბესგან: რუსული წარმოშობის ამერიკელები.”

ორიგინალი

No comments: