Thursday, March 13, 2008

აღმოსავლეთის ფრონტზე ზედმეტად წყნარი ვითარებაა

postglobal_banner1_350x67 
ფაბრიციო ტასინი
13 მარტი 2009

ხანმოკლე რუსულ-ქართული ომის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში,  ბევრმა ევროპელმა გაიხარა - როგორც იქნა, ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპული რეალობა გააცნობიერა, რომ არა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოუსვენარი მოგზაურობა თბილისსა და მოსკოვში, ომი უფრო დიდხანს გაიჭიმებოდა. 27 ქვეყნის  ბლოკმა მართლაც   “პატიოსანი შუამავალივით” იღვაწა

სამწუხაროდ, ამ კონფლქიტის შემდეგ რეალური პრობლემები დაბრუნდა და ახლებმაც იწყეს ამოტივტივება.  ევროკავშირმა რეგიონის კონფლიქტურ რაიონებში თავისი დიპლომატიური და სამხედრო როლის მნიშვნელოვნად განმტკიცება ვერ მოახერხა. რუსეთსა და უკრაინას შორის უკვე მერამდენედ იანვარში დაწყებულმა “გაზის ომმა,” კიდევ ერთხელ გამოაჩინა ევროკავშირის უძლურება, რადგან   ისევ მოსკოვზე თავისი ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და არასტაბილური სატრანზიტო ქვეყნების პირისპირ აღმოჩნდა. რეგიონის მოსახლეობას ევროპამ  ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ ის ისევ პასიურად ადევნებს თვალს რუსეთის აღორძინებულ აგრესიულობას. ახლა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას საკრედიტო კრიზისმა მართლაც მძიმე დარტყმა მიაყენა,  ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირი ისევ პასიური დამკვირვებლის როლში დარჩენას აპირებს.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ევროპა ისევ შეეცდება “ოსტპოლიტისკენ” მიბრუნებას. შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივით ევროკავშირი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტს იწყებს. ამ პროექტმა  ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე დასავლეთით მდებარე, ყველა რესპუბლიკა უნდა მოიცვას: უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და პერსპექტივაში ბელორუსიაც. ახალი პოლიტიკა ამ რესპუბლიკების დაფინანსებას $450 მილიონით გულისხმობს.

“აღმოსავლური პარტნიორობა” ბრძნულად გამოიყურება და სიტყვებიც აბსოლუტურად სწორად წარმოითქმის. მის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნები თანდათანობით  მთლიანად ინტეგრირდებიან ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარში, რასაც ენერგეტიკული სექტორის გამჭვირვალობა უნდა მოჰყვეს, სავიზო პირობები შემსუბუქდება და ადამიანების გადაადგილება ამ ახალი რეალობების მიხედვით დადებული შეთანხმებების შესაბამისად განხორციელდება.

მაგრამ ისევე, როგორც  რეგიონში ყველა წინა ევროპულ ინიციატივას, ამ პროექტსაც ერთი ტაბუ აფერხებს -  ის ყველა ზემოთ ჩამოთვილი ქვეყნის კავშირში  გაწევრიანებას  გამორიცხავს.

მიუხედავად პოზიტიური მომენტებისა,  სულ უფრო რთულდება ამ ქვეყნების ერთ კონტექსტში მოქცევა. ბელორუსია  ავტოკრატიულ გზას ადგას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიულობამ პრეზიდენტი ლუკაშენკო აიძულა დასავლეთის გარკვეული წინადადებების განხილვა დაეწყო  (მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგანგებო სესხისაც), სომხეთი და აზერბაიჯანი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მერყეობენ. მიუხედავად გარკვეული  ნაკლოვანებებისა, უკრაინა და მოლდავეთი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მისწრაფებას ამართლებენ.

ამ ინტეგრაციის “ატლანტიკური” ნაწილი უფრო რთულად გამოიყურება. 2008 წელს ალიანსმა უკრაინას და საქართველოს განუცხადა, რომ მათ შეეძლებათ ნატოში გაწევრიანება,  მაგრამ ამას წინ იმ მომენტში  ნატოს მთავარი წევრების,  საფრანგეთისა და გერმანიის სიჯიუტე გადაეღობა.  ნატოს მხარდაჭერა რეგიონში არაერთგავროვანია. საქართველოში გაწევრიანებას მოსახლეობის 75% ემხრობა, უკრაინაში კი მხოლოდ - 20%. კონფლიქტმა კავკასიაში და პრეზიდენტ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთის მიმართ  აშშ-ს ნაკლებად კონფრონტაციულმა მიდგომამ, ნატოს პერსპექტივები თვალსაწიერ მომავალში კიდევ უფრო დაასუსტა.

თუ ევროკავშირზე ვილაპარაკებთ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო დრო,  როდესაც ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები იმას ამბობდნენ, რომ ევროკავშირის  უკრაინამდე  გაფართოვება, იმის ტოლფასია, რომ შეერთებულმა შტატებმა მექსიკა შემოიერთოს. თუ  ჭკნობის გზაზე დამდგარმა “ფერადმა რევოლუციებმა” რაღაც სახის მემკვიდრეობა დატოვეს, ეს იმაში გამოიხატება, რომ დღეს ბევრად უფრო ნაკლები ქვეყანა არ დაეთანხმება უკრაინისა და მოლდავეთის ევროპულ იდენტობას.   ჯერ-ჯერობით კი ევროპა თავის ურიცხვ ნორმებს ისეთ ფორმატებში ახვევს, რომლებიც არაფერს ამბობს ამ ქვეყნების გაწევრიანების შესაძლებლობაზე.

ფინანსურმა კრიზისმა ევროპას დანაკარგები მოუტანა და ახლა ევროკავშირისგან კიდევ უფრო მეტ ინტრავერტობას უნდა ველოდეთ.   თუ ეს კრიზისი მართლაც  რაიმე შესაძლებლობებს გააჩენს, ეს ალბათ ის იქნებოდა, რომ ევროპამ  რეგიონში გაბედული ნაბიჯების გადადგმა უნდა მოისურვოს. აღმოსავლეთ ევროპის  ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებაში უფრო ცხადად უნდა გამოითქვას ევროპის გაფართოვების  შესაძლებლობები, თუმცა ისიც უნდა  ითქვას, რომ ეს უახლოეს მომავალში ვერ მოხდება.

ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინაა, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, იმ რთული მოგზაურობის დასაწყისი იქნებოდა, რომელიც მხოლოდ 15 წლის შემდეგ შეიძლება დასრულდეს, მაგრამ მსგავსი ნაბიჯი დანიშნულების ადგილს დაადგენდა და გააჩენდა საერთო მაჩვენებელს, რომლის გარშემოც ახირებული პოლიტიკოსები კონსესუსთან მიახლოვებას შესძლებდნენ.

ევროპისთვის გაფართოვების დილემის გადაწყვეტა, მისდამი რწმენის მყისიერი აღდგენის გარანტიას ვერ შექმნის  და ვერც იმას შესძლებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მისი სუსტი პოზიციები უცაბედად შემოაბრუნოს, მაგრამ ყველაფერი ეს ევროპას  სტრატეგიული ტრანსიდან ნამდვილად გამოიყვანდა.

ორიგინალი

No comments: