Thursday, July 24, 2008

თეთრ სახლსა და კრემლს შორის დიდი მოლაპარაკება იწყება?

observateur 
ვინსენ ჟოვერი, მიუნჰენი
24 თებერვალი 2009

ბარაკ ობამას სურვილი კონფლიქტები მოაწესრიგოს, რომლებშიც შეერთებული შტატებია ჩართული, ვაშინგტონისაგან მოსკოვისთვის ხელის გაწოდებას მოითხოვს, თუმცა საქმეები იმდენად რთულია, რომ პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს.

ადამიანი, რომელიც საუბრობს, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სამხედროებთან და დიპლომატებთან ერთად შეგვხვდა. ”ჩვენ, ბუშის შემდეგ მზად ვართ ვაშინგტონთან დიდი გეოპოლიტიკური მოლაპარაკებები დავიწყოთ.” ფაქტია, რომ მიუნჰენში რუსებმა და ამერიკელებმა, რვაწლიანი დაძაბულობებისა და კრიზისების შემდეგ, მაგიდის ირგვლივ დასხდომასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე მზადყოფნა გამოთქვეს. მათ ამ ორ ქვეყნას შორის არსებულ უთანხმოების საკითხებზე უნდა ისაუბრონ, ირანზე, ანტისარაკეტო ფარზე, ავღანეთზე, სტრატეგიულ შეიარაღებაზე.

დიპლომატიური ბალეტი

ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. ამ მაღალი დონის კონფერენციაზე ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა მათი მეორე ნომრები მიავლინეს. ამერიკელებმა თეთრი კბილებისა და მკაცრი ხელის მქონე ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რუსებმა - მიმინოს გამოხედვის მქონე მარლბოროს ნისკარტიანი პუტინის ვიცე-პრემიერი, ”კაგებეს” ყოფილი გენერალი სერგეი ივანოვი. ბაიდენი და ივანოვი კვირას დილით ერთმანეთს მიუნჰენის ბრწყინვალე სასტუმროში შეხვდნენ. ორმა დიდმა მოწინააღმდეგემ ჯერ ჩაისუნთქა, შემდეგ შეხვედრიდან გამოსვლისას - რუს პასუხისმგებელ პირთა შორის პირველმა და ბარაკ ობამას უფლებამოსილებით აღჭურვის შემდეგ უკვე მაღალი დონის ამერიკელმა - თავიანთი ნეტარი ღიმილი და მტაცებლური კბილები გამოაჩინეს. ფოტოგრაფებმა მათი ხელის ჩამორთმევა - ახალი ერის დაწყების სიმბოლო - გადაიღეს. დაძაბულობის ახალი შენელება?

წინა დღეს ჯო ბაიდენმა პირველი ნაბიჯი გადადგა. უცხოეთში თავის პირველ გამოსვლაში, რომელსაც ძალიან ელოდნენ, მან ამერიკული დიპლომატიის მიერ ”მსოფლიოსთან ურთიერთობაში”, განსაკუთრებით კი მოსკოვთან ”ახალი ტონი” დააფიქსირა.”ჩვენ ურთიერთპატივისცემას უნდა დავეყრდნოთ,” განაცხადა მან ნუგეშნაცემი საზოგადოების წინაშე. ”ჩვენ კრემლთან ერთად მრავალ ზონას უნდა ვესტუმროთ და ერთად უნდა ვიმოქმედოთ”. შემდეგ სრულყოფილად შეფუთულ დიპლომატიურ ბალეტში, სერგეი ივანოვმა მეორე ნაბიჯი გადადგა. ”ვიცე- პრეზიდენტ ბაიდენის საუბრები ძალიან პოზიტიურია,” განაცხადა მან ჯოსთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ. ცხადია, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ცვლილებების დიდი სურვილი აქვს. ჩვენ მათთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ”. ორი წლის განმავლობაში მათი საუბრის ენა ძალიან განსხვავებული იყო. იმავე ტრიბუნაზე ვლადიმეირ პუტინი ძალიან მკვახე სიტყვით გამოვიდა, რაც ყველას დაამახსოვრდა. ვინ დაზარალდა ამ შეცდომით? თავიდან ამერიკა. ნეოკონსერვატორებმა გადაწყვიტეს რუსეთი არაფრად ჩაეგდოთ და ამ დასუსტებული ძალის მოსაზრებებისთვის ყურადღება არ დაეთმოთ. ბუში ერაყის ომში ისე გადაეშვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს აზრი, რომლის მუდმივი წევრიც რუსეთი გახლდათ, არაფრად ჩააგდო. მან 1970 წელს დადებული ABM-ის ხელშეკრულება დენონსირებულად გამოაცხადა. შემდეგ, ყველას უკითხავად, ანტისარაკეტო ფარის აგება და ზოგიერთი კომპონენტის ევროპაში, რუსეთის ბალტიის ზღვის სიახლოვეს განლაგება გადაწყვიტა.

ეს კიდევ ყველაფერი არაა. ბუშმა მტკიცე უარი თქვა სტრატეგიული განიარაღების შეთანხმებაზე მოლაპარაკება ეწარმოებინა, რითაც კრემლში შიში დათესა, რომ პენტაგონი ბირთვული შეიარაღების გზიდან გადახვევაზე უარს არ იტყოდა, რაც რუსული ეკონომიკის მორიგ დახრჩობას ნიშნავდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოსა და ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უკრაინაში, 2005 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ბრატისლავაში განაცხადა, რომ საბჭოთა იმპერიაში წარმოქმნილ ყველა მშვიდობიან სახალხო მღელვარებას მხარს დაუჭერდა. კრემლში ეს ამბავი პოლიტიკური ომის გამოცხადებად აღიქვეს.

მაგრამ შეცდომა მეორე მხარემაც დაუშვა. ნავთობზე ფასების ზრდითა და შეერთებული შტატების ერაყში მარცხით ჯერ დამშვიდებულმა, მერე კი გახარებულმა პუტინმა უფრო და უფრო აგრესიული პოზა მიიღო. მან რუსულ ოპოზიციას და მედიას ლაგამი ამოსდო, დიდი ანტიამერიკული კამპანია გააჩაღა და გაზის შანტაჟითა და კულისებში მოქმედებებით საბჭოთა ექს იმპერიაში და მის გარეთ მოსკოვის როლის ხელახლა წამოწევას შეეცადა. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, როცა ბუშის ადმინისტრაციის უფლებამოსილება დასასრულს უახლოვდებოდა, ნავთობის ფასი კი ზენიტში იყო, მან საქართველოს ერთი ნაწილი დალაშქრა იმ მოტივით, რომ მიხეილ სააკაშვილმა სეპარატისტული ოსეთის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ბოლო წლებში პუტინი ირანთან სულ უფრო მეტ სიახლოვეს ავლენს. ის ისლამურ რესპუბლიკას იარაღს აწვდიდა და ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში ეხმარებოდა და ამერიკის საუბედუროდ, 2008 წელს ირანის შემაშფოთებელი ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციებზე მკაცრი უარი განაცხადა.

START-ის განხილვის ვადა

დღეს ამერიკულ-რუსული მონაცემები უკიდურესად შეცვლილია. თეთრ სახლს, ისევე როგორც კრემლს, საუბრის დაწყების სურვილი აქვს. ნავთობის ფასის თავბრუდამხვევი ვარდნა და მთელი ძალით ამოტივტივებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რუსეთის ხელისუფლების ერთ ნაწილს პლანეტის უდიდეს სამხედრო და ეკონომიკურ ძალასთან შეთანხმებისკენ უბიძგებს. ბარაკ ობამას სურვილი - აღადგინოს ამერიკის იმიჯი და იმავდროულად კონფლიქტები დაარეგულიროს, ვაშინგტონისაგან მოსკოვისთვის ხელის გაწვდას მოითხოვს. განსახილველი თემები იმდენად მრავალრიცხოვანია, იმდენად რთულია, იმდენადაა ერთმანეთში გადახლართული, რომ მოლაპარაკებები, თუ ისინი მართლაც გაიმართება, მრავალი წლის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

რა შეიძლება შესთავაზონ ამერიკელებმა რუსებს?
პირველ რიგში, სამხედრო ბირთვულ სფეროში წინსვლა: სტრატეგიული (START) შეიარაღების შემცირების განხილვა, რომელსაც ვადა 5 დეკემბერს გაუვიდა. ყველაფერი შესამოწმებელია: გაშლილი და საწყობებში შენახული ქონების რაოდენობა, მონიტორინგის მეთოდები და ინსპექტირების პროცედურა. მოკლედ, თვალუწვდენელი ველია. მოსკოვისთვის ასეთი მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვნია, როგორც საბიუჯეტო თვალსაზრისით - ბირთვული იარაღის გაუვნებელყოფა და განადგურება უკიდურესად ძვირი ჯდება - აგრეთვე პოლიტიკური მოსაზრებითაც: ”ბირთვული იარაღი ერთადერთი სფეროა, სადაც რუსეთი საკუთარი დიდი ქვეყნის სტატუსს ხედავს და ეს ერთდროულად ყველას მიერ აღიარებულია,” ამბობს სპეციალისტი ფრანსუა ჰეისბურგი. თეთრ სახლს შეუძლია, მოსკოვისთვის მგრძობიარე ამ საკითხს სიმძიმე მოხსნას. მას აგრეთვე ანტისარაკეტო ფარზე პოზიციის შერბილებაც ძალუძს. ვარშავასა და პრაღასთან ამერიკელებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ 2012 წლამდე პოლონეთში ათამდე ჩამხშობი მექანიზმი, ჩეხეთის რესპუბლიკაში კი უშველებელი რადარი განთავსდება. მათი განცხადებით მიზანი შეერთებული შტატებისა და ევროპის მიმართულებით ირანიდან ნასროლი რაკეტებისგან დაცვაა. რუსებს სწამთ (ან თავს იკატუნებენ, რომ სწამთ), რომ ეს ყველაფერი მათი ბირთვული ძალების შეკავებისთვისაა გამიზნული. ისინი პროექტის შეჩერებას ან მასში მონაწილეობის მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კალინინგრადის ოლქში, პოლონეთის საზღვართან, საშუალო მანძილზე მფრინავი რაკეტების, ”ისკანდერის” განლაგებით იმუქრებიან. როგორც ჩანს, ვაშინგტონს ამ ულტიმატუმის სერიოზულად აღქმა ძალუძს. ბარაკ ობამას ნატოს გაფართოების საკითხის თავიდან განხილვაც შეუძლია. ბუშის ადმინისტრაციამ, ისევე როგორც კლინტონისამ, ამ საკითხზე საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ღერძი გამოჩარხეს, მასინ როდესაც მოსკოვს ეს თემა სასოწარკვეთამდე მიჰყავს. საქართველოსა და უკრაინის კანდიდატურების საკითხის განხილვა შარშან ჩავარდა, თუმცა ეს თემა ატლანტიკური ალიანსის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე აპრილში, შეიძლება კვლავ ამოტივტივდეს. საარჩევნო კამპანიის დროს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის ამ საკითხს მხარს დაუჭერდა, თუმცა მას შეუძლია ენერგიული შეტევა არ განახორციელოს.

ავღანური გაცვლა

ამ თამაშში მოსკოვსაც მრავალი კოზირი გააჩნია. დასაწყისისთვის - ირანის საკითხი. ამერიკელები ფიქრობენ, რომ თუ რუსები ირანის საკითხს ვეტოს არ დაადებენ და მას იარაღს აღარ მიჰყიდიან, თეირანი შეიძლევა იძულებული გახდეს თავის ბირთვულ პროგრამაზე ხელი აიღოს და ჰესბოლასა და ჰამასს დახმარება საგრძნობლად შეუმციროს. მაგრამ მაშინ, როდესაც ობამა ხელს უწვდის აჰმადინიჯადს, მოსკოვი ირანის ბაზარზე უარის თქმას არ აპირებს. ეს ბაზარი ბევრმა დასავლურმა წარმოებამ დატოვა. რუსეთი არ აპირებს სპარსეთის ყურეზე მისი პოლიტიკური და ფინანსური გავლენის შეზღუდვას.

რუსეთის ხელში მეორე კარტი ავღანეთია, სადაც ბარაკ ობამამ საბრძოლო ფრონტის გაძლიერება გადაწყვიტა. ნატოს ჯარების მომარაგება სულ უფრო პრობლემური ხდება. პაკისტანის გავლით გზა ძალიან მოწყვლადი გახდა. სამხედრო ბადრაგს ყოველდღე თავს ესხმიან. საჭიროა ალტერნატიული გზების გამონახვა. საიდან? ძალაუნებურად რუსეთიდან. სამოქალაქო ტვირთის გატარებაზე შეთანხმება მოსკოვთან, აპრილში მიღწეულ იქნა. საკითხი საქართველოსთან ომის შემდეგ გაიყინა, მართალია ამ მხრივ სიტუაცია უკანასკნელ კვირას ”დათბა”, თუმცა მთავარი საკითხი - სამხედრო მასალების ტრანზიტის თაობაზე არ გადაწყვეტილა.

ყველა გასაცვლელი კარტი, ან თითქმის ყველა, მაგიდაზე დევს: მოსკოვს შესაძლებლობა აქვს ირანს თავი დაანებოს და ავღანეთისკენ გასასვლელი გზები გახსნას, თუ ვაშინგტონი თავს დაანებებს (ან საგრძნობლად შეარბილებს) ანტისარაკეტო ფარის პროექტს, უარს იტყვის ნატოს გაფართოებაზე, ან ბირთვული რაკეტების შემცირებაზე შეთანხმებას ხელს მოაწერს. როგორც ჩანს, რუსებმა და ამერიკელებმა ყველაზე გადაუდებელი საქმით დაიწყეს - მათ START-ის საკითხის განხილვა განაახლეს. მიუნჰენში მაღალი თანამდებობის რუსმა ჩინოვნიკმა გაგვიმხილა, რომ ”ამ თემაზე” მოლაპარაკება ”ერთ ან ორ თვეში” დაიწყება. ამასობაში ორივე მხარე ერთმანეთის შესწავლას განაგრძობს. ვაშინგტონი კრემლში ძალთა ევოლუციას დიდი ყურადღებით აკვირდება. რუსული რეჟიმის მკაცრი ფრთა, რომლებმაც ამერიკასთან სიახლოვით შეიძლება ბევრი რამ დაკარგონ, დიდი მოლაპარაკების ჩაშლას შეეცდებიან. უკანასკნელ კვირას, ყირგიზეთის ხელისუფლებამ ამერიკელებს ავღანეთის ომისთვის მეტად მნიშვნელოვანი მანასის სამხედრო ბაზის დახურვა სთხოვა. შეიძლება თუ არა ამ საქმეში სამხედროების ხელი დავინახოთ?

ამ პირობებში როგორც ჩანს, შეიძლება.

ორიგინალი

No comments: