11 თებერვალი 2009
მარკუს პაპადოპულოსი
მარკუს პაპადოპულოსი აცხადებს, რომ დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის მხარდაჭერა, კავკასიაში კონფლიქტის გაგრძელებას ნიშნავს.
დიდი რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინი თავის ცნობილ პოემაში ”ბახჩისარაის შადრევანი”, წერდა: მე ვიცი ხმალი როგორ გამოვიყენო/მე კავკასიაში დავიბადე. შარშანდელი ომი სამხრეთ ოსეთში, ზესახელმწიფოების კონკურენციით გამოწვეულ ხანგრძლივ დაძაბულობასთან ერთად რეგიონში, ადასტურებს, რომ სამყაროს ამ ნაწილის პუშკინისეული შეფასება ისეთივე ადეკვატურია დღეს, როგორც ეს 1823 წელს იყო.
გასულ ზაფხულში, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს, მსოფლიოს ყურადღება საქართველომ მის სეპარატისტულ რესპუბლიკაში, სამხრეთ ოსეთში შეჭრით მიიპყრო. ბრძოლა, რომელიც თბილისის აჯანყებული რეგიონის მხარდასაჭერად რუსეთის სამხედრო კონტრ-შეტევას მოჰყვა და რაც რუსული არმიის ღრმად, საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრით და ამ ქვეყნის ომში დამარცხებით დასრულდა, დასავლური მთავრობებისა და მედია საშუალებების უმრავლესობამ წარმოაჩინა, როგორც რუსული იმპერიალიზმის გამოვლინება. გაჩნდა ისტორიული პარალელები მოსკოვის სამხედრო ინტერვენციასთან 1956 წელს უნგრეთში და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში.
როგორც ეს ყოფილი იუგოსლავიის ომების დროს მოხდა, დასავლელი კომენტატორები რთულ კონფლიქტთან მიმართებაში, რომლის ისტორია ცოტამ თუ გაიგო, მხარედ იქცნენ. თუმცა დღეს, დასავლეთის მთავრობებიც კი, რომლებსაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ახლო ურთიერთობები ჰქონდათ, დაეთანხმნენ აშშ-ს ყოფილი სახელწმიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სიტყვებს, რომ სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში თბილისმა პირველმა ისროლა. მას შემდეგ რაც გაჩნდა მტკიცებულებები ქართული არმიის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში, ცხინვალში შეჭრის დროს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა საქართველოს ქმედებები შეაფასა, როგორც წინდაუხედავი, რაც ზომიერი კრიტიკა იყო, თუმცა მან აღიარა მაინც, რომ საქართველოს მთავრობა არ იყო ისეთი უმანკო, როგორც ეს თავიდან ჩანდა.
საბჭოთა კავშირის წლებში, ხელისუფლება რკინის ხელითა და საიდუმლო პოლიციის მუდმივი თვალთვალით ახშობდა კავკასიის ხალხებს შორის არსებულ ისტორიულ მტრობას, რაც მას მემკვიდრეობით მეფის რუსეთისგან ერგო. საბჭოთა ნაციონალური სპეციფიკა ამ ხალხებს, მართალია სუსტად, მაგრამ მაინც კრავდა. 1922 წელს ბოლშევიკურმა მთავრობამ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონი შექმნა. 1931 წელს, საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა აფხაზეთი თბილისის იურიდიქციას დაუქვემდებარა.
საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ მსოფლიო კავკასიის რეგიონში კონფლიქტების სერიის მოწმე გახდა, რომლებიც დასავლეთის დედაქალაქებში საგარეო პოლიტიკის შემქმნელებმა წესიერად არც შეისწავლეს.
1992 წელს, კონფლიქტი გაჩაღდა საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის, რასაც შედეგად ამ ორი რეგიონის ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადება მოყვა. მათ რუსეთთან ახლო კავშირების და მასთან მიერთების გზების ძიებაც კი დაიწყეს. ბრძოლა საქართველოსა და სამხრეთ ოსურ შეიარაღებულ ძალებს შორის 1992 წელს დაიწყო და დასრულდა რეგიონში რუსი სამშვიდობო კონტიგენტის შესვლის შემდეგ. ამ დროს აფხაზეთში მშვიდობა მკვიდრდებოდა 1993 წელს იქიდან ქართული ძალების გამოდევნის შემდეგ.
საქართველოს მთავრობის შარშანდელი გადაწყვეტილება - ძალით დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი - დიდწილად პრეზიდენტ სააკაშვილის პოპულარობის შემცირებისა და საქართველოს ეკონომიკის საეჭვო ბუნების შედეგი იყო. სწორედ ასე შეეცადა არგენტინელი ლეოპოლდო გალტიერი ფოლკლენდის კუნძულებზე შეჭრით მისი არაპოპულარული რეჟიმის გადარჩენას და მის გარშემო საზოგადოების მობილიზებას. საქართველოს პრეზიდენტმაც იგივე გზა აირჩია იმის იმედით, რომ მხარდაჭერას დაიბრუნებდა, რომელიც შემცირდა 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, რომლის ტალღაზეც ის ხელისუფლებაში მოვიდა.
ერთ დროს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის გადაყენების შემდეგ, სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა და საკუთარი მთავრობის საკვანძო პრიორიტეტებად დასავლეთში ინტეგრაცია და სეპარატისტულ რეგიონებზე, აჭარაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენა გამოაცხადა. აშშ-მ სერბეთში 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე ერთხელ გამოყენებული მეთოდებით, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანის პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ამერიკაში განათლება მიღებული ადვოკატის მთავრობასთან მჭიდრო პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობების ფორმირება დაიწყო.
სააკაშვილმა ვერ შეძლო მისი მიზნების განხორციელება, თუ არ ჩავთვლით კონტროლის აღდგენას აჭარაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აჭარა თბილისის იურისდიქციას 2004 წელს მას შემდეგ დაექვემდებარა, რაც რუსეთის მთავრობამ რეგიონიდან მის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე გაიყვანა.
სააკაშვილს მემკვიდრეობით ისეთი ეკონომიკა ერგო, რომელიც მისი მთლიანი შიდა პროდუქტითა და წარმოებით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. თუმცა საქართველოს ლიდერმა იმის ნაცვლად გეზი ქვეყნის ეკონომიკის შენებაზე აეღო, შეიარაღებაზე დაიწყო უზარმაზარი თანხების ხარჯვა. სააკაშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონში, ლამის ყველაზე მილიტარიზებულ ქვეყნად იქცა. შეიარაღების ხარჯები 2003 წლის შემდეგ 30-ჯერ გაიზარდა და შეძენილი იარაღის დიდი ნაწილი თავდასხმითი ხასიათის იყო. დღეს უკვე ცხადი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სეპარატისტულ რეგიონებს ძალის საშუალებით დაიბრუნებდა. სამხედრო აღჭურვილობის დიდი ნაწილს მას აშშ აწვდიდა, ასევე ისრაელიც, რომელმაც თბილისს უპილოტო საფრენი სატრანსპორტო საშუალებები მიჰყიდა.
სამხედრო ხარჯების გაზრდამ ქართული ეკონომიკის მდგომარეობა გააუარესა, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში მათი ლიდერის მიმართ უკმაყოფილების ზრდა მოჰყვა.
სააკაშვილის წინდაუხედავი ეკონომიკური პოლიტიკის გადაფარვა მისი სახიფათო საგარეო პოლიტიკური კურსით ხდებოდა. საქართველოს ლიდერმა მოსკოვთან ურთიერთობა დაანგრია და ისტორიულად მეგობარ ხალხებს, ქართველებსა და რუსებს შორის მტრული განწყობები გააჩინა.
სააკაშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობებში მლიქვნელურად მოქმედებდა. მისი მთავრობა ყველაფრის ფასად ცდილობდა ნატოში გაწევრიანებას, და ქვეყნის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით, ამერიკელ ჩინოვნიკებთან ამ კავკასიურ ქვეყანაში ყოველგვარი საფასურის გარეშე ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა. ვაშინგტონისთვის, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, რასაც ბარაკ ობამას განცხადებით ისიც მხარს დაუჭერს, რუსეთის გარშემო სანიტარული დერეფნის შექმნის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნებოდა. მაგრამ ამისთვის გაბრაზებული და ძალამოკრებილი რუსული სახელწმიფოს პირისპირ ცეცხლის წინა ხაზზე ქართველებს დააყენებდა.
სააკაშვილმა ასევე განარისხა კრემლი, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში (დსთ) სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ალიანსის საშუალებით ანტირუსულ აქტივობებს ყველანაირად მიესალმებოდა.
საქართველო ამერიკის კლიენტი გახდა, თუმცა არამუდმივი. სააკაშვილის დამღუპველმა პოლიტიკამ ერთი ომი უკვე მოიტანა და მისი ქვეყანა რუსთის და ამერიკის კონფრონტაციის თეატრად აქცია. თუმცა საქართველოს ლიდერი, ამას ალბათ ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე ვერ მიაღწევდა. ამერიკელი მაღალჩინოსნების მცდელობებმა მოსკოვის გლობალური და მზარდი გავლენა რუსეთის ფედერაციის გარშემო ნატოს სახელმწიფოებისგან შემდგარი სარტყელით შეეკავებინა, სეროზული შედეგები მოუტანა სტაბილურობას და მშვიდობას თვალსაზრისით არამხოლოდ კავკასიას, არამედ მთელს მსოფლიოს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment