ფაბრის ნოდე ლანგლუა
26 თებერვალი 2009
შაბათს, პროსახელისუფლებო მოძრაობა ”სოლიდარნოსტს” მანიფესტაციის ჩატარების ნება პირველად დართეს და მათი მომხრეებიდან ზოგიერთები დააპატიმრეს კიდეც.
ეს ერთ-ერთი იმ სცენთაგანია, რომელიც, როგორც ამას პუტინი შიშობს, შეიძლება მისი უშველებელი ქვეყნის ყველა მხარეში გავრცელდეს. თებერვლის ამ დღეს თბილ ტანსაცმელში, ქუდებსა და ფერად თავსაკრავებში გამოწყობილი, უკმაყოფილო ადამიანების ერთი პატარა ჯგუფი (დაახლოებით თხუტმეტამდე ადამიანი) თოვლზე იდგა და სიცივის გამო დრო და დრო ერთ ფეხს მეორეს უნაცვლებდა. ისინი ტუტაევის სარაიონო ადმინისტრაციის პატარა შენობის წინ შეიკრიბნენ და რომ გაზისა და ელექტროენერგიის საგადასახადო ტარიფების შემცირებას, პენსიებისა და უმუშევართა შემწეობის გაზრდას მოითხოვდნენ. მოსკოვიდან ჩრდილოეთით, ოთხი საათის სავალ გზაზე, ყინულის ჯავშანში გახვეული ვოლგის ნაპირზე მდებარე ტუტაევი (40 000) რუსეთის ერთ-ერთი მრავალ ქალაქთაგანია, რომელიც ერთადერთი საწარმოს ბედზეა დამოკიდებული და მთელი სისრულით განიცდის კრიზისის გავლენას.
ეს დემონსტრაცია ქალაქის მთავრობამ იმ მოტივით აკრძალა, რომ ამ ადამიანებს ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლა შეეძლოთ გზაზე, რომელზეც ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მანქანა თუ გაივლის. აკრძალვისთვის გვერდი რომ აევლოთ, დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მიტინგს კი არ მართავდნენ, არამედ საოლქო დუმის დეპუტატთან - კომუნისტ მიხაილ პონომარიოვთან, რომელიც მათ ბრძოლას მხარს უჭერდა, შეხვედრა ჰქონდათ დანიშნული. მათ ათამდე მილიციონერი თვალს ადევნებდა, კიდევ უფრო მეტნი იქვე ძველ საბჭოთა ჯიპებში ისხდნენ. ”მხოლოდ სისულელეების გარეშე, ხომ?!,” მეგობრულად ამბობს ოფიცერი და ერთ-ერთ დემონსტრანტს მხარზე ხელს უთათუნებს. ატმოსფერო პროვინციულად გულღიაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურ მღელვარებებს ყურადღებით აკვირდება. გასული წლის ნოემბრიდან სახალხო უკმაყოფილებამ ტუტაევის ყოფილი სამოტორო ქარხნის მუშის, კომუნისტ ალექსანდრე შაპოვალოვის ხელმძღვანელობით, ქუჩებში გადაინაცვლა. 18 იანვარს 500 მდე ადამიანი - რაც არც თუ ისე ცოტაა რუსეთის პატარა ქალაქისთვის - ქუჩაში გამოვიდა და საგზაო მოძრაობა გადაკეტა. კომუნისტი შაპოვალოვი მილიციამ დააკავა. ”დიდი ხნის განმავლობაში მთავრობა უკმაყოფილებაზე თვალის დახუჭვას ცდილობდა, მაგრამ მათ მაინც ესმით, რომ სოციალური მღელვარების საშიშროება, მართლაც არსებობს,” შენიშნა გასული წლის ბოლოს მოსკოვში მომუშავე ერთმა ევროპელმა დიპლომატმა. ”გარდა ამისა, სოციალური მღელვარების ჩაქრობა რუსეთში მხოლოდ რეპრესიების საშუალებით შეუძლიათ”.
შევიწროვებული საშუალო კლასი
რეპრესიები დეკემბერში განხორციელდა, როდესაც ვლადივოსტოკში ასამდე დემონსტრანტი დააპატიმრეს. შორეული აღმოსავლეთის ეს პორტი, სადაც გაზრდილი საბაჟო გადასახადების გამო იაპონური მანქანებით ადგილობრივ ვაჭრობას საფრთხე შეექმნა, მასობრივი პროტესტის თეატრად იქცა. კრიზისის საწყის ეტაპზე ცენზურა და მუქარა გამოიყენეს. ასე მაგალითად, სოციოლოგმა ევგენი გონტმახერმა ყოველდღიურ გაზეთში ”ვედომოსტი” წერილი გამოაქვეყნა, სადაც პატარა ქალაქში განვითარებული მასობრივი არეულობის აღწერა სცადა. სტატიის ავტორი უმალვე ”მაღალჩინოსანმა” გააფრთხილა, ხოლო ”ვედომოსტმა” კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურიდან წერილი მიიღო, სადაც მასალაში ექსტრემისტული მოღვაწეობის წახალისების გამო, უკმაყოფილება იყო გამოთქმული.
რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც კრიზისის გავრცელების უარყოფა აღარ შეუძლია, პოზიცია შეცვალა. 14-15 თებერვალს, დასვენების დღეებში, ცხოვრების გაძვირებისა და სამსახურებიდან განთავისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად საპროტესტო აქციებმა მილიციის ჩარევის გარეშე ჩაიარა. კვირა საღამოს დიმიტრი მედვედევმა სატელევიზიო ეთერში თითქმის ჩერჩილის დარი სიტყვა წარმოთქვა: ”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა და იმ სირთულეების აღნიშვნა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც განიცდის,” განაცხადა ახალგაზრდა პრეზიდენტმა (43 წლის) და საშინელი ციფრი გააჟღერა: ”მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში უმუშევართა რაოდენობა 90 ათასი ადამიანით გაიზარდა... არის დაფარული უმუშევრობაც”. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით იანვარში უმუშევართა რაოდენობა 300 000 გაიზარდა და 6,1 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის აქტიური მოსახლეობის 8,1%-ია, რაც უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში აბსოლუტური რეკორდია.
ქვეყნის მეთაური თანამემამულეების მიმართ მუდმივად გულისხმიერების გამჟღავნებას ცდილობს. ახლახანს მან ოთხი რეგიონის გუბერნატორი გაათავისუფლა და სხვა მომავალ საკადრო ცვლილებებზეც გააკეთა განცხადება. პრეზიდენტმა, რომელმაც ღია ომი გამოუცხადა კორუფციას, თქვა, რომ კრიზისის ზრდის შემთხვევაში, ტერიტორიების ხელმძღვანელებს კოლექტივებთან მუშაობა და მაღალი საშემსრულებლო დისციპლინა მოეთხოვებათ. თუმცა, პუტინის მიერ შექმნილ ”სახელისუფლებო ღერძში” ეჭვის შეტანასა და გუბერნატორის არჩევითობის აღდგენაზე, ლაპარაკიც კი ზედმეტიაო.
მედვედევმა სარკოზის მსგავსად ღიაობის დემონსტრირებისთვის ოპერაციაც კი ჩაატარა. პატარა პარტია ”ესპეესის” ყოფილი ლიბერალი ოპოზიციონერი ნიკიტა ბელიხი გაღარიბებული კიროვის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით 800კმ-ზე მდებარეობს. დაინიშნა თუ არა, ბელიხმა სიმბოლური ჟესტი გააკეთა - თავისი სამსახურეობრივი მანქანა Lexus აუქციონზე გაიტანა, რადგან ძალიან ძვირ სიამოვნებად ჩათვალა. მანქანის გაყიდვიდან შემოსული თანხა ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს. შაბათს, ოპოზიციურმა მოძრაობა ”სოლიდარნოსტმა” დემონსტრაციის ჩატარების ნებართვა პირველად მიიღო. მოსკოვში რამდენიმე ასეულმა ”ნესოგლასნიმ” პუტინის მთავრობის გადადგომის მოწოდება გააჟღერა, ხოლო რამდენიმე პროსახელისუფლო აქტივისტი ანტიოპოზიციური შინაარსის ტრანსფარანტის გამო, დააპატიმრეს კიდეც.
ადამიანებს ტუტაევის ქუჩებში, სადაც ლამაზი ქოხები გაპარტახებულ მაღალსართულიან სახლებს ესაზღვრება, პირველ რიგში ის აინტერესებთ, თუ რატომ შემცირდა მათი შემსყიდველუნარიანობა. ლიბერალმა ოპოზიციონერმა და ელცინის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა ბორის ნემცოვმა ცოტახნის წინ მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის ამჟამინდელი კრიზისის ბუნებას და მის მიზეზებს ხსნის. ამ მოხსენების მონაცემებით რუსების რეალური შემოსავალი დეკემბერში 12%-ით შემცირდა. საშუალო კლასის წარმომადგენლებს ავტოკრედიტები და იპოთეკები მძიმე ტვირთად დააწვა, სადაც თანხები დოლარებში იყო დაფიქსირებული. დოლარის ფასი კი რუსულ რუბლთან შედარებით რამდენიმე კვირაში 30% გაიზარდა. საყვედურები, რომლებიც ვოლგაზე მდებარე პატარა ქალაქში გაისმის, გვადელუპასა და პარიზში გამოთქმულ საყვედურებს ემთხვევა: ”კრიზისის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის გეგმა, მხოლოდ მსხვილ ბანკებსა და წარმოებებს დაეხმარა”. ამ აზრს, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვიც ეთანხმება, რომელიც პუტინის პოლიტიკას, თუ არ ჩავთვლით ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროს, იშვიათად აკრიტიკებდა.
კრემლის ფინანსური კოზირები
”ტუტაევის მაგალითი ტიპურია,” აღნიშნა თებერვლის ბოლოს ოფიციალურმა ”როსიისკაია გაზეტამ”. სოციოლოგი ევგენი ტონტმახერი თვლის, რომ რუსეთში 600, 700-მდე ასეთი ტუტაევია. საბჭოთა ეპოქის 70-იან წლებში აშენებული ტუტაევის სამოტორო ქარხანაში 12 000 ადამიანი იყო დასაქმებული. გასული წლის სექტემბერში ქარხანაში მხოლოდ 4 000-მდე მუშა იყო დარჩენილი, რომელიც მანქანის სიჩქარის გადამცემ კოლოფებს ამზადებდა. გათავისუფლების პირველი ტალღა ნოემბერში გაჩნდა. ნადეჟდა, რომელიც თერმული დამუშავების საამქროში მუშაობს, თვლის რომ გაუმართლა. ის არასრულ სამუშაო კვირაზე გადაიყვანეს, არსებული ხელფასის ნაცვლად (6 000 რუბლი-136 ევრო), იანვარში, მან მხოლოდ 1600 რუბლი( 36 ევრო) მიიღო. ”სწორედ ამდენს ვიხდი ოთახისა და კომუნალური მომსახურებისთვის,” ამბობს ნადეჟდა და ხარჯების ფურცელს გვიჩვენებს. ის ერთოთახიან (12კვ.მ. სამზარეულო) სახლში თავის ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ასევე ქარხანაში მუშაობს. ”როსიისკაია გაზეტა”-ს მონაცემებით, დაძაბულობის მოსახსნელად, უცხოელ მუშებზე კვოტა 30%-მდე შემცირდა. პუტინის მთავრობამ აგრეთვე უმუშევრობისთვის შემწეობის მინიმალური სიდიდის 4 900 რუბლამდე (108 ევრო) გაზრდის შესახებ გამოაცხადა.
კრიზისის პირობებში კრემლის ზოგიერთი წარმომადგენელი დიმიტრი მედვედევსა და მის მასწავლებელს, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შორის დაწყებული უთანხმოების ნიშნებს ამჩნევს. მაგალითად, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ცხოვრებაში ნელი გატარებისათვის მთავრობა გააკრიტიკა. ან, ამას წინათ, როდესაც მედვედევმა თითქმის საიდუმლოდ მიხეილ გორბაჩოვი მიიღო, რომელიც ”ნოვაია გაზეტას ”აქციონერია და 19 იანვარს გაზეთის ახალგაზრდა ჟურნალისტის ანასტასია ბაბუროვას მკვლელობის საკითხს შეეხო. არ ღირს შეცდომის დაშვება, გვარწმუნებს კრემლის სასახლის ჟამთააღმწერელი ”კომერსანტიდან” ანდრეი კოლესნიკოვი, ”რუსეთის გერბის ორთავიან არწივს შორის მანძილი ძალიან მცირეა.” გარდა ამისა, თვლის ერთი ევროპელი დიპლომატი, ”პუტინმა მემკვიდრედ დიმიტრი მედვედევი და არა ძალოვანთა წარმომადგენელი (სპეცსამსახურებიდან) შეგნებულად აირჩია.
აღმასრულებელი ხელისუფლება თითქოს, ჯერ კიდევ მერყეობს პოლიტიკური კურსის შერჩევაში. 6 თებერვალს მედვედევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა წინაშე მკაცრი სიტყვა წარმოთქვა და კრიზისის პირობებში დანაშაულის ზრდის რისკებზე ილაპარაკა.” უკანასკნელ წლებში ადამიანებმა კეთილდღეობა არციეს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვას,” ამბობს ლიბერალური შეხედულებების ბიზნესმენი, რუსეთის მრეწველთა კავშირის წევრი იგორ იურგენსი, ”ახლა, როდესაც კეთილდღეობა დნება, სამოქალაქო თავისუფლებები უნდა გაფართოვდეს.” იურგენსი თანამედროვე განვითარების ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და მთავრობას ხშირად აკრიტიკებს. ამავე ინსტიტუტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე კი, კრემლის ბინადარი დიმიტრი მედვედევია.
კომუნისტი ტუტაევიდან თვლის, რომ ქალაქის მოსახლეობის მობილიზაციამ გაზის ფასის დამუხრუჭების შესაძლებლობა შექმნა, თუმცა, შეწუხებული საუბრობს მისი თანაქალაქელებისთვის დამახასიათებელ აპათიაზე:
”როცა საჭმელი აღარ გვექნება, ადამიანები მიხვდებიან, რომ დემონსტრაციებზე გამოსვლაა საჭირო”. ალექსეი ხვდება, რომ მედვედევ-პუტინის ტანდემი, ისევე, როგორც სარკოზი-ფიიონის ჯგუფი, სოციალური სამართლიანობის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. თუმცა, რუსეთს ვალებში ჩავარდნილი საფრანგეთისგან განსხვავებით, კოზირი აქვს: ის 386 მილიარდი დოლარის სავალუტო მარაგს ფლობს, რომ აღარაფერი ვთქვათ შავი დღისთვის შემონახულ ორ სტაბილიზაციის ფონდზე, სადაც 222 მილიარდი დოლარი ინახება.
No comments:
Post a Comment