Saturday, March 8, 2008

შეჩერებულმა რეკონსტრუქციამ სამხრეთ ოსეთში იმედები გააქარწყლა

new_york_times
ცხინვალი, საქართველო - ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს სამხრეთ ოსეთის გამო ომი ჰქონდათ, მაგრამ ანკლავის დედაქალაქში ყოველ ნაბიჯზე შეხვდები მოუშუშუბელი ჭრილობების კვალს. ცხინვალში პლასტმასის ფურცლებით შეკეთებულ ფანჯრებს მიღმა  ადამიანები  დღესაც ზამთრის სუსხისგან კანკანელებენ.  ცენტრალურ ბულვარში  აგვისტოს შემდეგ დატოვებული დამსხვრეული შუშისა და ნაგვის გორები, ქართული ტანკების გადამწვარი ლულები არავის აუღია. მაწანწალა ძაღლები, რომელთა პატრონებმაც აქაურობა კარგა ხანია დატოვეს, საჭმლის ძიებაში ჰაერს ყნოსავენ.

აქვეა იმ ეიფორიის სამახსოვრო ნიშნებიც, რომელმაც ხეობას გასულ ზაფხულს გადაურა - მაშინ 18 წლის ბრძოლის შემდეგ, რომლის მიზანიც სუვერენიტეტის მოპოვება იყო, რუსეთმა სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.  კედლებზე წარწერებს ვკითხულობთ: ”ოსეთი მადლობას უხდის თავის დამცველებს” და ”დიდი რუსეთი”.  მოქალაქეები ახლაც აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად მადლობელნი არიან საქართველოსგან გათავისუფლების გამო.

მაგრამ მათ მძიმე ზამთარი გამიარეს, აღდგენითი სამუშაოები ნელა მიიწევს წინ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ  რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე პროცესი ფასების ზრდამ და უსინდისო კონტრაქტორების მიერ ცუდად შესრულებულმა სამუშაომ შეაფერხა. ის ამბობს, რომ სამუშაოების ტემპი გაზაფხულიდან აღდგება.  ადგილობრივების უმეტესობას, რომლებმაც სამშენებლო მასალები შეაგროვეს და თავისი სახლების შეკეთება თვითონვე დაიწყეს, ძალიან აინტერესებთ, როდის მოაღწევს მათთან დაპირებული დახმარება.

”გამდინარე წყალი არ გვაქვს” - გვეუბნება მარია პლიევა, ცხინვალში გამომავალი გაზეთის, ”21- საუკუნის” 25 წლის ჟურნალისტი - ”ეს მარტოოდენ დისკომფორტის საკითხი როდია, უხერხულია იმ ქვეყნის ხელისუფლებაზე ლაპარაკი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს, როდესაც ბინაში გამდინარე წყალიც კი არ გაქვს.”

შეჩერებული რეკონსტრუქცია კიდევ ერთელ უსვამს ხაზს იმ პრობლემებს, რომელთა პირისპირაც სამხრეთ ოსეთი, ეს ერთი ბეწო კუთხე აღმოჩნდა. ანკლავის მოსახლეობა ომამდე 70,000 კაცს შეადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ის ნაციონალურ სიმბოლომდე აიყვანა. როდესაც საქართველომ სეპარატისტულ დედაქალაქზე 7 აგვისტოს შეტევა მიიტანა, რუსეთმა თავისი მოკავშირეების დასაცავად ტანკების კოლონები გამოუშვა. რუსთმა ცხინვალზე შეტევა (ისინი ქალაქს ქართული ცხინვალი-ს ნაცვლად ოსურ ცხინვალ-ს უწოდებენ) წყალგამყოფად, 11 სექტემბრის მსგავს მოვლენად აღიქვა და პირობა დადო,  აქაურობას სიკეთით აავსებდა. ცხინვალის ქუჩებში შემოწირულობებით დატვირთული საბარგო მანქანები გამოჩნდა, ხოლო მოსკოვში ყოველ ნაბიჯზე წააწყდებოდი პლაკატს ”ცხინვალ, ჩვენ შენთან ვართ”.

მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოსთან ოცწლიანმა სასტიკმა კონფლიქტმა ანკლავი მხოლოდ ორი ფაბრიკის ამარა დატოვა, რომლებშიც სამშენებლო მასალას ამზადებენ. (ერთში ასფალტს, მეორეში კი გამჭვირვალე პლასტიკატს, რომელსაც დამსხვრეულ ფანჯრების შესაკეთებლად იყენებენ, გვითხრა კოკოითის თანაშემწემ). სამხრეთ ოსეთს ვეღარ ექნება საქართველოდან ენერგორესურსების მიღების იმედი.  აქაურები ამაში მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც ზამთრის ყველაზე  ცივ თვეებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. 

ვიწრო ტრასა, რომელიც ანკლავს რუსეთთან აკავშირებს, ზვავებითაა ჩახერგილი და ზამთრის განმავლობაში, როგორც წესი, გაუვალია. კარგ ამინდშიც ჩრდილოეთიდან მომავალ ტვირთებს მძარცველები და დივერსანტები უქმნიან საფრთხეს. ჩარლზ კინგი, რეგიონის ექსპერტი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია საქართველოსა და რუსეთს შორის გამავალ გზაზე ”კონტრაბანტის გიგანტურ მაგნიტს” წარმოადგენს და ეკონომიკურად  ძალიანაა დამოკიდებული ტვირთებიდან მიღებულ უკანონო საზღაურზე.

”თუ ვინმე ეცდება, რომ სამხრეთ ოსეთში დახმარება გააგზავნოს, ძალიან სავარაუდოა, რომ ეს დახმარება დაიკარგება” - ამბობს კინგი, ავტორი წიგნისა ”თავისუფლების აჩრდილი: კავკასიის ისტორია”.

რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, ცხადია, რომ აღდგენის პროცესი ფერხდება. დეკემბერში რუსეთის ფედერალური სარევიზიო სააგენტოს მიერ გამოცემულ ანგარიშში ნათქვამია, რომ $55 დაპირებული მილიონიდან რეგიონში მხოლოდ $15 მილიონის დახმარება შევიდა და აქედან მხლოდ $1.4 მილიონი დაიხარჯა. იქვეა ნათქვამი, რომ 111 შენობიდან, რომელიც 2008 წლის განმავლობაში უნდა აღდგენილიყო, მხოლოდ 8 შეკეთდა ბოლომდე, ხოლო 38-ისთვის ხელიც კი არ შეუვლიათ.

იმავე თვეში, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილმა მისნიტრმა, კოკოითის პოლიტიკურმა მეტოქემ, გაზეთ ”კომერსანტს” უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 3,200 ტონა ცემენტი და დაახლოებით 200,000 კვადრატული ფუტი მინა, რომელიც ზამთრის დადგომამდე  ქალაქის მცხოვრებთა ბინების შეკეთებისთვის იყო გამიზნული, სხვაგან გამოიყენეს. კოკოითმა ეს ცნობები უარყო და გაზეთს განუცხდა -  ”პროქართული ძალები ცდილობენ რუსებისა და რუსეთის თვალში სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციას”.

სამუშაოების შეფერხება თავის ტკივილად იქცა  კოკოითისთვის, რომელსაც გასულ ზაფხულს, როდესაც მოსკოვმა ოფიციალურად სცნო მისი მთავრობა, ქათინაურების შეძახილებით ხვდებოდნენ.  ცხინვალში უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ პროცესი რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მიერ ომის შემდეგ შერჩეული კონტრაქტორების უსინდისობის გამო შეფეხრდა. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ   რუსების მიერ დაპირებული დაახლოებით $280 მილიონიდან მხოლოდ $42 მილიონია დახარჯული და პროცესი მალე დაჩქარდება, რადგან უკვე დაინერგა ფინანსური კონტროლის უფრო ეფექტურის სისტემა.

”ჩვენ რუსეთის ფედერაციის თითოეულ მოქალაქესთან ვაგებთ პასუხს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს ფული სრულადაა ათვისებული” - განაცხდა კოკოითიმ - ”აჯობებს ისინი ფინანსთა სამინისტროში დავტოვოთ, ვიდრე უწესო ხალხს ჩავუგდოთ ხელში”. ზურაბ კაბისოვი, სამხრეთ ოსეთის რეკონსტრუქციის კომიტეტის პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარ წინაღობას რუსეთიდან სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება ქმნის. ასეთი პრობლემა საქართველოს არ აქვს, შენიშნა მან.

”1989 წლიდან ჩვენ ძირითადად იზოლაციაში ვცხოვრობთ” - გვითხრა კაბისოვმა - ”უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელმაც, ბოდიში, მაგრამ ომი დაიწყო, უფრო სწრაფად აშენებს”.
თუმცა ცხინვალში გარკევეული პროგრესიც შეინიშნება. განახლებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სკოლა მოსკოვის ქუჩაზე  მწვანედ გადაღებეს, და ბოლო კვირებში წითელი და ცისფერი კრამიტით გადაფარეს უამრავი სახურავი. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ იმედიანად არიან განწყობილნი და რეალისტურად აფასებენ იმას, თუ რას ნიშნავს სამხრეთ ოსეთის აღმშენებლობა.

მაგრამ ზამთარი მათ მაინც მძიმე ტვირთად დააწვათ, ამბობს ვარვარა პახომენკო, დემოსის, რუსული სოციალური პრობლემების შემსწავლელი არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსი, რომელიც სამხრეთ ოსეთს თებერვალში ეწვია.
”ისინი კითხულობენ: ”რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ?” - გვითხრა პახომენკომ - ”ომის შემდეგ აქ ეიფორიული განწყობები იყო, მაგრამ ახლა ეს განწყობა გადის”.

ქალაქის ებრაულ უბანში, რომელიც ქართველთა შეტევის დროს 7 აგვისტოს გრადის ჭურვებით დაიბომბა, სახლის მფობელები, როდესაც მათ დახმარებაზე ეკითხები, ბედს შერიგებულნი ჩანან.  39 წლის გალინა ნანიევამ გვითხრა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს 11,000 მანეთი სთხოვა, დაახლოებით $300, მაგრამ უარი მიიღო- ”ისინი ყველაფერს თავის ნათესავებს და მეგობრებს აძლევენ” - გვითხრა მან.
67 წლის ნორა კობესოვამ მოგვიყვა, რომ არაფერი მიუღია, თუმცა ამის გამო კოკოითიზე აზრი არ შეიცვალა - ”ჩვენ ის გვიყვარს, ჩვენ მას პატივს ვცემთ” - გვითხრა მან - ”მაგრამ ბევრი ცუდი ხელქვეითი ჰყავს”.

პაატა ელბაკიევმა და ნანული ციხელაშვილმა, რომლებიც ვლადიკავკაზის ვიწრო ქუჩაზე ცხოვრობენ, ზამთარი საკუთარი ხელით აშენებულ თავშესაფარში გაატარეს. თავშესაფრის ერთი კედელი ელექტრონული აღჭურვილობის წითელ სარეკლამო ფარს შეჰყურებს. ელბაკიევმა მითხრა, რომ მან კომპენსაციისთვის განცხადება შეიტანა - მისი სახლს ქართული რაკეტა მოხვდა - მაგრამ უარი მიიღო, რადგან  მათი თქმით ”მთელი ეს სივრცე უნდა დაინგრეს” (კაბისოვმა, რეკონსტრუქციის ხელმძღვანელმა, გვითხრა, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს).  ელბაკიევი და ციხელაშვილი ძალიან შეეცადნენ მიღებული დახმარება გაეხსენებინათ  და ბოლოს გაიხსენეს:  სურსათი, ორი ბალიში და საბანი. მათ სადღაც გაიგეს, რომ ქართულმა მთავრობამ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებიდან გამოქცეული ეთნიკური ქართელებისთვის ათასობით სახლი ააშენა.

”ეს მართალია?” - იკითხა ელბაკიევმა ადვილა შესამჩნევი შურით.

ორიგინალი

No comments: