ფილი პენი
9 მარტი 2009
სისუსტე გადრამავალი ქვეყნებისთვის ნორმაა
თბილისი, საქართველო - მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დაბრუნებული გმირივით შევიდა და აპლოდისმენტებს მიეფიცხა. ხუთი წლით ადრე იმავე დარბაზში ის ვარდით ხელში შეიჭრა, უკან ადამიანების მასა მიყვებოდა, მათ მმართველი რეჟიმი უნდა ჩამოეგდოთ. ახლა უკვე თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადაზე სააკაშვილი პარლამენტში დებატებისთვის დაბრუნდა და დეპუტატები გამამხნევებელი შეძახილებით ეგებებოდნენ.
ერთი მუჭა ოპოზიციონერი პარლამენტარები ნაკლებად თავაზიანნი იყვნენ. ერთი პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავარდა კიდეც. დანარჩენები მას რუსეთთან აგვისტოს ომში დამარცხების გამო სდებდნენ ბრალს. უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარამაძემ ის იმ გმირს შეადარა, რომელმაც მონსტრი მოკლა და თავად იქცა მონსტრად. თარგამაძე მის ხელისუფლებას ბრალს იმაშიც სდებდა, რომ ოპოზიციის აქტივისტებს ავიწროვებს, აშინებს კერძო მეწარმეებს, ტელეკომპანიებს და მოსამართლეებს.
დაახლოებით ოთხი წლის წინ პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ”თავისუფლების შუქურა” უწოდა და მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების თავის კამპანიას კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი შემატა. მაგრამ დღეს საქართველო არც ავტორიტარული ქვეყანაა, როგორიც ოდესღაც იყო და არც დემოკრატიული, ისეთი, როგორადაც გახდომას აპირებდა. ის სადღაც შუაში გაიჭედა, ისეთ ადგილად იქცა, სადაც ხალხი უფრო მეტი თავისუფლებით ხარობს, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტები - მედია, სასამართლო, საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პარტიები არანორმალურად ფუნქციონირებენ და სუსტები არიან.
ქართული ჰიბრიდი ტიპურია. დაახლოებით 30 წლის წინ ბევრმა ქვეყანამ ადრინდელზე უფრო თავისუფალი არჩევნების ჩატარება არჩია, მაგრამ მსოფლიოს დემოკრატიათა უმეტესობა ცუდი მართვის, კორუპციის, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გამო ისეთ პრობლემებს აწყდება, რომ მათი მდგომარეობა სულ უფრო სარისკო ხდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ათეული მაინც ავტორიტარულ მართვას დაუბრუნდა.
საქართველო იმის გარკვევის შესაძლებლობას იძლევა, თუ რატომ ხდება ასე. 4.5 მილიონიანი ქვეყნის გამოცდილება მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა, იმის ილუსტრაციაა, თუ რამდენად რთულია გრძელვადიანი დემოკრატიის აშენება მაშინაც კი, თუ შეერთებული შტატები და ევროპა ხელგაშლილად აფინანსებს და მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს პროცესს.
”თქვენ უნდა შეცვალოთ კულტურა და ინსტიტუციური ნორმები” - ამბობს ლარი დაიმონდი, მეცნიერი ჰუვერის ინსტიტუტიდან და სტენფორდის უნივერსიტეტიდან - ”ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. თქვენ ახლა იმაზე ლაპარაკობთ, რომ ადამიანებმა ძალაუფლების გამოყენების მეთოდები უნდა შეცვალონ”.
”ჩვენ კომპრომისებზე წავედით”
2005 წლის 10 მაისს თბილისის თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ბუშის დასახვედრად ადამიანთა დიდმა მასამ მოიყარა თავი. ”თქვენ აქ ვარდებით ხელში და თქვენი რწმენით შეიარაღებულებმა მოიყარეთ თავი და თქვენს თავისუფლებას მიესალმებით” - განაცხად მან - ”სწორედ ამიტომაა საქართველო დღეს თავისუფლების შუქურა ამ რეგიონისა და მთელი მსოფლიოსათვის”.
ამ დროს უკვე ზოგიერთი ქართველი სააკაშვილს ძალაუფლების მონოპოლიზირებაში და პარლამენტისთვის, სასამართლოსთვის, მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრაში სდებდა ბრალს. მაგრამ შეერთებული შტატები, თუ გამოთქვამდა კრიტიკას, მხოლოდ პრივატულ საუბრებში.
მაგალითად, როდესაც სააკაშვილმა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელმაც მას პარლამენტის დათხოვნის უფლებას მისცა, ვარდების რევოლუციის ბევრი მომხრე ამ ნაბიჯს პროტესტით შეხვდა. მაგრამ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა კონკრეტული პოზიციის დაკავება და საკითხთან დაკავშირებით საჯარო დებატების გამართვა არ მოინდომეს, იხსენებს ოპოზიციის ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც იმ მომენტისთვის სააკაშვილის მოკავშირე იყო და ამერიკულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა.
ლინკოლნ მითჩელი, მეცნიერი კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, რომელიც თბილისში ნაციონალური დემოკრატიის ინსტიტუტის განყოფილების უფროსად მუშაობდა, ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ სააკაშვილის მხარდაჭერა (სააკაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა) საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერას გაუტოლა.
”ურთიერთობებმა პირადული ხასიათი შეიძინა” - ამბობს ის და აქვე შენიშნავს, რომ ერაყში ქართული ჯარის გაგზავნის შემდეგ, სააკაშვილმა ერთ-ერთ ქუჩას ბუშის სახელი დაარქვა - ”იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რეგიონში ყველაზე მტკიცე მოკავშირისთვის, ინგლისურენოვანი ლიდერისთვის პრობლემა არ შეგვექმნა”.
სააკაშვილისადმი აშშ-ს მხარდაჭერის შედეგად საქართველოს მთავრობამ უამრავი უცხოური დახმარება მიიღო. მაგრამ იმ უფლებადაცვითი ჯგუფების დაფინანსება, ვინც ვარდების რევოლუციის მამოძრავებელი ძალას ქმნიდა, შეწყდა, რამაც ორგანიზაციებს იმ პროგრამების შეჩერება აიძულა, რომლებსაც სააკაშვილის გადაწყვეტილებათა მონიტორინგი და მისი გამოწვევა შეეძლოთ.
ასევე იზარალა სამოქალაქო საზოგადოებამაც, რადგან აქტივისტები მასობრივად მიუერთდნენ მთავრობას. მართალია, დასავლეთის მაღალჩინოსნებს გამორჩათ სააკაშვილი სვლა ავტოკრატიისკენ, მაგრამ ზუსტად იგივე მოუვიდათ, რეფორმატორულად მოაზროვნე ქართველებსაც. დღევანდელი ოპოზიციის ყველაზე გავლენიანი ლიდერები, ოპოზიციაში გადასვლამდე წლების მანძილზე სააკაშვილთან მუშაობდნენ.
”ჩვენ კომპრომისზე მივდიოდით და ჩვენს თავს ვარწმუნებდით, რომ ერთ დღეში დემოკრატიის აშენება ადვილი არ არის” - ამბობს გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც იუასტიციის სამინისტროში მუშაობდა - ”ჩვენ ძალიან დიდხანს ვიცადეთ, სანამ ავლაპარკდებოდით”.
მაგალითად ის ამბობს, რომ ბევრის აზრით, სამართლებრივი პროცესის გადადება მანამდე შეიძლებოდა, სანამ სააკაშვილი კორუპციას ებრძოდა, რადგან მან ეს ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოაცხდა. იმ დროს საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს განეკუთვნებოდა, თავის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებით, რომლებმაც ეკონომიკურ პროცესში გაიდგეს ფესვები, მოქლაქეები გადასახადებზე ხშირად ქრთამს იხდიდნენ, ხოლო ქვეყანა გაკოტრების პირას იდგა.
სააკაშვილმა 15,000 საგზაო პოლიციელი და ათობით ათასი სახელმწიფო მოსამსახურე სამსახურიდან დაითხოვა. მაგრამ მანვე შექმნა სისტემა, რომელმაც კორუპციაში დადანაშაულებეულ ბიზნესმენებსა და სახელმწიფო მოხელეებს იმის საშუალება მისცა, რომ დიდი ჯარიმის ან ქონების დათმობის ფასად თავიდან აეცილებინათ სასამართლო პროცესი. ამ გეგმამ საბიუჯეტო კრიზისის გადალახვის საშუალება გააჩინა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ კრიმინალებს თავისუფლების ყიდვა შეეძლოთ, ხოლო ბრალმდებლებს ნებისმიერი ადამიანისგან ფულის გამოძალვის ნება მიეცათ.
ჩხეიძე, რომელიც ახლა ადამიანის უფლებების დამცველია, ამბობს, რომ კანონის უზენაესობა საქართველოში აღსადგენია. მოსამართლეებს დღესაც არ სურთ მთავრობისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამბობს ის, ხოლო ბიზნესმენები ოპოზიციის მხარდაჭერას უფრთხიან, რადგან პროკურორების შურისძიების ეშინიათ.
”ისინი სწრაფად მოქმედებდნენ, მაგრამ შეცდომებს უშვებდნენ” - ამბობს ჩხეიძე - ”ჩვენ დღემდე ვიხდით ამ შეცდომების საფასურს”.
სააკაშვილი აღიარებს, რომ საპროცესო გარიგების სისტემა ”ძალიან კარგად არ გამოიყურება”, მაგრამ ამტკიცებს, რომ დემოკრატიისკენ სვლა კორუპციის სწრაფი დამარცხების გარეშე შეუძლებელი იყო. მას სწარაფი წინსვლა სჭირდებოდა, ამბობს, ის, მანამდე, სანამ დაინტერესებული პირები მისი რეფორმების დაბლოკვას მოახერხებდნენ, ხოლო საზოგადოება რწმენას დაკარგავდა.
”ეს იყო არჩევანი დემოკრატიასა და არადემოკრატიას შორის, მაგრამ მთავრობას ფული არ ჰქონდა, ხოლო აქვე იყვნენ კორუპმპირებული ჩინოვნიკები, რომლებსაც მთელი ეს ფული ხელში ჰქონდათ ჩაგდებული” - თქვა მან და დაამატა, რომ სასამართლოც ზედმეტად კორუმპირებული იყო იმისთვის, რომ ნორმალური პროცედურა შეესრულებინა- ”ეს ის კომპრომისი იყო, რომელზეც უნდა წასულიყავი. საზოგადოების რეფორმა, განსაკუთრებით, როდესაც ის ცუდ ფორმაშია, არ შეიძლება აკადემიური პროცესი იყოს”.
არაერთმნიშვნელოვანი სურათი
ნინო ზურიაშვილი სიცოცხლით სავსე, ენერგიული ჟურნალისტი საგამოძიებო რეპორტაჟებს ამზადებს, მაგრამ ისინი ქართველთა უმეტესობას არ უნახავს. ”ჩვენ მათ ტელეკომპანიებს უფასოდ ვთავაზობთ, მაგრამ ნაციონალური მაუწყებლები ამ გადაცემების ტრანსლირებაზე უარს ამბობენ” - ამბობს ნინო.
ვარდების რევოლუციამდე მედია უფრო მცირე შეზღუდვებით მუშაობდა და ზურიაშვილი ”60 წუთის” ქართული ვერსიისთვის მუშაობდა. გადაცემას უმაღლესი სარეიტინგო მაჩვენებლები ჰქონდა და ის ”რუსთავი-2” ის ეთერში გადაიცემოდა. სწორედ დამოუკიდებელი მაუწყებლების მხარდაჭერამ განაპირობა სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლა.
მაგრამ მოგვიანებით ზურიაშვილი პრობლემებს წააწყდა. ტელევიზიის მენეჯერებმა მთავრობის წარმომადგენლების მიერ კერძო მეწარმეების საკუთრების მიტაცების ამსხაველი სიუჟეტი შეაჩერეს, შემდეგ ეთერში არ გაუშვეს რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ აყალბებდნენ პროკურორები მტკიცებულებებს. ის მენეჯერების გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაიგო, რომ ტელეკომპანია ახალ მფლობელს მიყიდეს, რომლებიც მთავრობას ვითარებას გაუიოლებდა. ახალმა მფლობელებმა ზურიაშვილის გადაცემა გაუუქმეს და სხვა სახის სამუშაო მისცეს.
ის ტელეკომპანიიდან წამოვიდა და საკუთარი ორგანიზაცია, სტუდია ”მონიტორი” დააფუძნა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებაზეა დამოკიდებული. მან და მისმა ორმა კოლეგამ 26 საგამოძიებო გადაცემა მოამზადეს. ბოლო გადაცემაში სწორედ ის ასახეს, თუ როგორ ზეწოლას ახორციელებდა ხელისუფლება ტლეკომპანიების მფლობელებზე, მათ შორის რუსთავი-2-ზე და როგორ აიძულებდა მათ ტელეკომპანიების დათმობას სააკაშვილისადმი მეგობრულად განწყობილი ბიზნესმენების სასარგებლოდ.
მაგრამ მედიაგარემო საქართველოში ერთმნიშვნელოვან შეფასებას არ ექვემდებარება. სააკაშვილის მმართველობის დროს ვითარება სხვადასხვაგვარი იყო. ახლა თბილისში ორ ტელეკომპანიას ოპოზიცია მართავს. გაზეთების უმეტესობაც სააკაშვილისადმი კრიტიკულად არის განწყობილი.
ეს არაერთგვაროვანი სურათი სააკაშვილს იმის საშუალებას აძლევს, რომ დასცინოს თავის კრიტიკოსებს, რომლებიც მედიის დევნაში სდებენ ბრალს. სააკაშვილი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ბრალდებები პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუებში გაისმის და ისინი მთელი ვეყნის მასშტაბით ტრანსლირდება.
”თუ ვინმეს დილაობით რაღაც იდეა უჩნდება და ის საჯარო ფიგურაა, სულ რაღაც 6, ან 8 საათში ამას ქვეყნის უმეტესობა ისმენს. თქვენ ვერავის გააჩუმებთ” - განაცხდა მან და უარყო, რომ ტელეკომპანიებს თავის მეგობრებს უგდებს ხელში და გადაცემებს აკონტროლებს. ”თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ ზოგიერთი ტელეკომპანია უფრო მთავრობას უჭერს მხარს, მეორე ნაკლებად, ხოლო ზოგიერთი საერთოდ ჩვენს წინააღმდეგაა განწყობილი, მაგრამ ასე ხდება ყველა ქვეყანაში”.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ პრობლემა პირდაპირ ცენზურაში არ მდგომარეობს და გრძელვადიან გადაწყვეტას მოითხოვს - უნდა შემუშავდეს პროგრამები, რომლებიც ჟურნალისტიკის სტანდარტს აამაღლებს და მედიის დამოუკიდებლობის წაახალისებს. ”რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ კივაზიდემოკრატია გვაქვს, რაც კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე დიქტატურა” - ამბობს ნინო ბურჯანაძე, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც შარშან ოპოზიციაში გადავიდა - ”მოვლენები სწორხაზოვნად არ ვითარდება და ამიტომ ყველაფერი ეს კიდევ უფრო რთული ასახსნელია ჩვენი მეგობრებისთვის”.
რუსეთთან გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა ”დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის” აგორების დაპირება დადო. ბურჯანაძე და სხვები საერთაშორისო დონორებს პროგრესის ცხადი სტანდარტების დაწესებას სთხოვენ, მაგალითად, სტუდია ”მონიტორის” გადაცემების ტრანსლირებას, სასამართლო დარბაზებში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კამერების დაშვებას, და პროკურატურის დარღვევების გამოძიებას.
ოპოზიციამ ისიც სცადა, რომ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები ჩაეტარებინა. 2007 წლის ნოემბერში პოლიციამ ასეთი დემონსტრაცია დაშალა, სცემა საპროტესტოდ გამოსულ ხალხს, რასაც ადამიანის უფლებათა მთავარმა დამცველმა წინასწარ განზრახული ძალადობა უწოდა.
სააკაშვილმა რუსეთის მიერ ინსპირირებულ შეთქმულებაზე მინიშნებით ოპოზიციური ტელევიზია ეთერიდან გამორთო და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამ მოვლენებიდან ექვსი კვირის შემდეგ მან არჩევნები 52 პროცენტით მოიგო, თუმცა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კამპანიის დროს მედიაში ყველას თანაბარი დრო არ დაეთმო და სახელისუფლებო რესურსებიც არათანაბრად გადანაწილდა.
მაისში სააკაშვილის პარტიამ მაჩვენებელი გააუმჯობესა, საპარლამენტო არჩევნებში 60 პროცენტით გაიმარჯვა და ადგილთა 80 პროცენტი მოიპოვა. ოპოზიცია ბევრ სხვა ბრალდებასთან ერთად იმასაც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილმა საარჩევნო სისტემა თავისი პარტიის ინტერესებს მოარგო. ერთ-ერთი ინციდენტის დროს სამხედროებმა საარჩევნო უბანთან ტერორისტული აქტის ინსცენირება მოახდინეს და ამით ჟურნალისტებისა და მეთვალყურეების ყურადღება საარჩევნო პროცესიდან ინციდენტზე გადაიტანეს.
სწორედ მსგავს პრობლემათა გამო უფლებადაცვითმა ჯგუფმა, Freedom House-მა წელს საქართველო ელექტორალური დემოკრატიების სიიდან ამოიღო. მაგრამ ოპოზიციამ არჩევნებში წარმატებას იმიტომ ვერ მიაღწია, რომ სააკაშვილის გადადგომის გარდა, სხვა არსებითი იდეის გარშემო გაერთიანება ვერ მოახერხა.
რამდენიმე პარტიამ უარი თქვა სადეპუტატო მანდატებზე, რომლებიც არჩევნებში მოიპოვა. ბოიკოტმა ოპოზიცია კიდევ უფრო გახლიჩა - პარლამენტის გარეთ დაჩენილებმა პარლამენტში შესულებს სააკაშვილის მარიონეტები უწოდეს.
გია ნოდიას, განათლების ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ პრობლემას პოლიტიკური პარტიების უმწიფრობა ქმნის, მათ შორის მმართველი პარტიისაც, რომლებსაც რევოლუცია ხელისუფლების მოპოვების მთავარ ინსტრუმენტად მიაჩნიათ. ”პრობლემა უკიდურესად კონფრონტაციულ პოლიტიკურ კულტურაშია” - გვეუბნება ის და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არც ერთ პრეზიდენტს ვადა ბოლომდე არ მიუყვანია.
უმცირესობის ლიდერი თარგამაძე ამბობს, რომ მისი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია მოთმინებას კარგავს - ”მე ვცდილობდი ზომიერი პოზიცია მქონოდა, მაგრამ თუ სააკაშვილი რეალურ პოლიტიკურ რეფორმებს არ დაიწყებს, ჩვენც უფრო რადიკალურნი გავხდებით”.
No comments:
Post a Comment