ვლადიმირ სოკორი
5 მარტი 2009
26 და 27 იანვარს ბუქარესტში ნაბუქოს ბოლო სამიტზე, ევროკავშირის კომისარმა ენერგეტიკის სფეროში ანდრის ფიბალგსმა ხაზი გაუსვა ნაბუქოს პროექტზე მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას 7 მაისს პრაღაში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, რომელსაც ევროკავშირის ჩეხეთის პრეზიდენტობა უმასპინძლებს. თუმცა, დღეისთვის თურქეთის მთავრობა განაგრძობს პროექტის შეფერხებას, რომელმაც ევროპაში კასპიის გაზის ტრანსპორტირება უნდა მოახდინოს, და რომელიც ევროკავშირის ყველაზე დიდი პრიორიტეტია.
მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერის გარეშე, კასპიის ბუნებრივი გაზის მწარმოებლები ვერ დაიწყებენ მოლაპარაკებებს მიწოდების ხელშეკრულებაზე ნაბუქოს გაზსადენის კონსორციუმთან, და ვერც ინვესტორები დარწმუნდებიან, რომ პროექტი მალე უნდა დააფინანსონ. მეტიც, ანკარას გაჭიანურების ტაქტიკა ხელს უშლის აზერბაიჯანის უშუალო დაშვებას ევროპის გაზის ბაზრებზე ნაბუქოს პროექტის საშუალებით. დასავლეთისკენ დაზღვეული გასასვლელის გარეშე, აზერბაიჯანის გაზის დამუშავებისა და წარმოების სფეროში პროცესები შეფერხებებით მიდის; რუსეთის ”გაზპრომიც” ცდილობს აზერბაიჯანის დღეს არსებული და მომავალი საექსპორტო შესაძლებლობები გადაყლაპოს. ანკარას ყოყმანი შეიძლება სამი მიზეზით აიხსნას: ის საკუთარი ეკონომიკური უპირატესობის მაქსიმიზაციას პარტნიორების ხარჯზე ცდილობს; მას სურს დიპლომატიური ბერკეტის გაძლიერება ევროკავშირთან მიმართებაში; ცდილობს რუსეთთან მისი მთავრობის სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმავოს. ეკონომიკური პირობების თვალსაზრისით, ანკარა უპირატესობას ითხოვს: მას სურს, პროექტის პირველ ეტაპზე ნაბუქოს გაზსადენით ევროპისკენ მიმავალი აზერბაიჯანული გაზის 15%-ის მყიდველი იყოს, მეტიც, აცხადებს, რომ საწყისს ეტაპზე ევროპულ ფასებზე ნაკლები უნდა გადაიხადოს (ანკარას ამ 15%-ის საკითხი უკანასკნელ შეხვედრებზე არ დაუზუსტებია). თურქეთი შეძლებდა ამ საწყისი ნაწილის მომარაგებას და შემდეგ მის გამოყენებას ან ქვეყნის შიგნით ან მის სარფიან რეალიზებას მესამე ქვეყნებში ხელახალი ექსპორტის საშუალებით. გარდა ამისა, ანკარა ცდილობს ნაბუქოს გაზსადენის თურქულ სექტორზე ყველაზე მაღალი გადასახადი და სატრანზიტო ღირებულება დააწესოს, რაც პროექტის ყველაზე რთული პირობაა.
ასეთმა გეგმებმა შეიძლება მხოლოდ აზერბაიჯანის და ნაბუქოს გაზსადენის კონსორციუმის ხარჯზე იმუშაოს. განსაკუთრებული უპირატესობები, რასაც ანკარა საკუთარი თავისთვის ითხოვს აზერბაიჯანის და კონსორციუმის მომავალ შემოსავლებზე აისახება, სხვა შემთხვევაში საინვესტიციო უკუგებაზე სერიოზული კითხვები ჩნდება და პროექტის დაფინანსება დროში იწელება. თურქეთს, რომელიც გაზს თავად არ აწარმოებს, მაგრამ პოტენციურად არაჩვეულებრივი პერსპექტივები აქვს როგორც სატრანზიტო ქვეყანას, მოულოდნელად განუვითარდა ამბიცია, რომ აზერბაიჯანელი და სხვა სატრანზიტო პარტნიორების ხარჯზე გაზის გამყიდველი ქვეყანა გახდეს, თუმცა თურქეთი ამით სერიოზულად რისკავს და პარტნიორობას მანამ აყენებს საფრთხის ქვეშ, ვიდრე ის განხორციელდება.
ამ საკითხის გადაწყვეტა და უთანხმოებების რეგულირება მომავალში, როდესაც პროექტი ამუშავდება, აბსოლუტურად სხვა თემაა. კონსორციუმის პარტნიორები და ევროკომისია თურქეთის ინტერესის დარეგულირებას შეძლებენ.
ვიდრე ევროკავშირი ნაბუქოს, როგორც უმთავრესი პრიორიტეტის ადგილიდან დაძვრას ცდილობს (იმ განცდით, რომ მისი გადადება ამდენი შეფერხებების შემდეგ აღარ შეიძლება), თურქეთის მთავრობა ამას საკუთარ შესაძლებლობად აღიქვავს და ცდილობს პროცესი ევროკავშირზე გავლენის მოპოვებისთვის გამოიყენოს. სინამდვილეში, ანკარა ხვდება, რომ მისი გავლენა იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხდება ევროკავშირისთვის ნაბუქოს პროექტი. ბოლო ვიზიტის დროს ბრიუსელში, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის მხარდაჭერა ნაბუქოს პროექტის განხორციელებაში დამოკიდებული იქნება ევროკავშირის მიერ თურქეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარებაზე. მან ისეთ საკითხსაც კი დაუკავშირა ნაბუქოს მხარდაჭერა, როგორიცაა ევროკავშირის პოზიცია თურქეთისა და კვიპროსის დავაში.
თურქეთის მთავრობა ნაბუქოს პროექტს აღიქვავს როგორც კოზირს ევროკავშირთან მის არცთუ მარტივ ურთიერთობებში. ის, რომ თურქეთი ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდია ახლო აღმოსავლეთს, კასპიის აუზსა და ევროპას შორის - ამ ქვეყანას ევროკავშირის ენერგო-დამოკიდებულებაზე უნიკალური გავლენის საშუალებას აძლევს.
თურქეთის მთავრობის ლიდერებისთვის თითქმის ჩვეულებრივ საქმედ იქცა იმის დეკლარირება, რომ ეს ენერგეტიკული ტრანზიტი ევროპისკენ, თურქეთისთვის არამხოლოდ ეკონომიკური პროექტია, არამედ გეოპოლიტიკურიც, რომელიც აძლიერებს თურქეთის გავლენას ევროპაზე. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ჰილმი გიულერი ნაწილობრივ ამ საკითხზე მისი მთავრობის პოლიტიკური ლიდერების მოსაზრებას გამოხატავს: ”თურქეთს პასუხისმგებლობა აკისრია შეასრულოს ხიდის როლი ევროპასა და აღმოსავლეთს შორის. ასეთი პროექტებით თურქეთი აძლიერებს მის გეოპოლიტიკურ გავლენას რეგიონში. ჩვენ გვაქვს ნაბუქოს გაზის სატრანზიტო პროექტი. ეს თურქეთის მნიშვნელობას გაზრდის.” (Anatolia News Agency, 21 თებერვალი).
ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ანკარას მომხრეები და მოწინააღმდეგეები მისი ”ენერგეტიკული კოზირით ” სარგებლობაზე” თანაბრად უნდა ღიზიანდებოდნენ. ოპონენტები, დიდწილად დასავლეთ ევროპაში, ბრაზობენ, რომ ის ამ გზით ევროკავშირზე ზეწოლას ახდენს. მხარდამჭრები, უმეტესად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებულნი რჩებიან ანკარას მიერ ნაბუქოს პროექტის შეფერხების გამო, რომელსაც ქვეყნების ეს ჯგუფი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. საბოლოო ჯამში, თურქეთის მთავრობის მიერ ქვეყნის სატრანზიტო როლის ფაქტორის ნებისმიერი გამოყენება ევროკავშირზე ზეწოლისთვის, შეამცირებს თურქეთის ფასს ევროპისთვის. გარდა ამისა, ანკარას დაჟინებულმა მოთხოვნებმა, შეიძლება ზოგადად თურქეთის როგორც სატრანზიტო ქვეყნისადმი ნდობის საკითხი ბიზნესის პერსპექტივის თვალსაზრისით ეჭქვეშ დააყენოს, და ის ევროკავშირის დისკუსიებისა და ევროპული პოლიტიკის მიღმა დატოვოს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment