ვიოლა გინჯერი
სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა რუსეთთან ურთიერთობათა განსაახლებლად იუმორს მოუხმო და თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს მწვანე, ბაფთით მორთულ ყუთში სახუმარო ”გადატვირთვის” ღილაკი უსაჩუქრა.
კლინტონმა გასული თვის მიუნჰენის კონფერენციაზე ჯო ბაიდენის ხშირად განმეორებული ფრაზა გაათამაშა და სახუმარო საჩუქრით იმის ილუსტრირება მოახდინა, რომ ობამას ადმინისტრაციას იმ ურთიერთობების გალხვობა სურს, რომელმაც ცივი ომის შემდეგ პირველად მიაღწია გამყინვარების წერტილს.
”ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, მე მინდა გადმოგცეთ პატარა საჩუქარი, რომელიც იმას გამოხატავს, რასაც პრეზიდენტი ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და მე ვამბობდით” - განაცხდა კლინტონმა და ჟენევაში დახურული შეხვედრის დაწყების წინ სიცილით გადასცა ყუთი - ”ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობანი”.
მოლაპარაკებები პირველი კონტაქტი იყო საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან, როელსაც კლინტონის წინამორბედთან, კონდოლიზა რაისთან ხშირად ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა.
აშშ-ს ადმინისტრაცია მიზნად ისახავს ორ მთავრობას შორის ურთიერთობათა ისეთ გაუმჯობესებას, რომ შესაძლებელი გახდეს თანამშრომლობა ერთობლივი ინტერესების ისეთ სფეროებში, როგორიცაა ირანის ბირთვული საფრთხე და ომი ავღანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გაფართოვებასთან და ევროპაში სარაკეტო ფარის განთავსებასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება.
ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც გასულ წელს პრორუსული ანკლავის გამო წამოჭრილი უთანხმოების შედეგად, რუსეთი საქართველოში შეიჭრა.
თარგმანში დაკარგულები
საჩუქრის გადაცემის დროს წამოჭრილმა უხერხულმა მომენტმა უნებლიედ გამოხატა კონტაქტის ის სირთულეები, რომელიც ორ ქვეყანას შორის ხშირია. სიტყვა ”გადატვირთვა” რუსულად წარმოითქვა.
”ჩვენ ბევრი ვიშრომეთ, რომ შესაბამისი რუსული სიტყვა შეგვერჩია” - უთხრა კლინტონმა ლავროვს - ”როგორ ფიქრობთ, გამოგვივიდა?”
”არა, არასწორად შეარჩიეთ” - უპასუხა ლავროვმა და ორივემ გაიცინა. მან თქვა, რომ წარმოთქმული სიტყვა სინამდვილეში ნიშნავს ”გადატენვას”.
”ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ჩვენთან დაკავშირებით გააკეთოთ” - განაცხდა კლინტონმა პასუხად მანამდე, სანამ უფრო სერიოზულ ინტონაციაზე გადავიდოდა - ”ჩვენ გადატვირთვას ვგულისხმობდით და ჩვენ სწორედ ამას ველოდებით”.
ლავროვმა გაიღიმა.
”ძალიან დიდი მადლობა” - უპასუხა მან - ”თქვენ ძალიან გულისხმიერი ხართ”.
კლინტონის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ გამოასწორებენ შეცდომას და შეარჩევენ ადეკვატურ სიტყვას მოგვიანებით დაგეგმილი ერთობლივი ბრიფინგისთვის.
No comments:
Post a Comment