Thursday, March 6, 2008

აფხაზურმა ინციდენტმა საქართველოს კონფლიქტის ახალი ასპექტები გამოააშკარავა

radioliberty1

ატო ლობიაკასი

24 წლის ქართველი, ირაკლი ბიგვავა, საქართველოსა და მის სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის მთვლემარე კონფლიქტის ახალი ასპექტების ეპიცენტრში მოექცა.

საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცი გასული კვირის ბოლოს, აფხაზეთის გალის რაიონიდან, თავისი მშობლიური სოფლიდან, ოტობაიადან საქართველოს ტერიტორიაზე გამოიქცა, რადგან მას აფხაზეთის შეირაღებულ ჯარებში სამსახურს აიძულებდნენ. ბიგვავამ აფხაზურ ჯარში გაწვევის მცდელობებს წინააღმდეგობა გაუწია და  სერიოზული ჭრილობები მიიღო. შემდეგ კი ის ნათესავებმა საზღვარზე გადმოიყვანეს.

ოტობაიადან მასთან ერთად 70 ქალი და ბავშვი გამოიქცა. რადიო ”თავისუფლებ”-ის ქართული ბიურო იუწყება, რომ აფხაზეთის მთავრობა მამაკაცებს ოტობაიაში მძევლების მდგომარეობაში დარჩენას აიძულებს. ბიგვავა ამბობს,  რომ მასთან ერთად გამოქცეულები ახლა იმას სთხოვენ, რომ უკან დაბრუნდეს და აფხაზურ ხელისუფლებას ჩაბარდეს.

საქართველოს სეპარატისტულმა რეგიონებმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მათი დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა,  თავი უფრო თამამად იგრძნეს. მას შემდეგ, ორივე რეგიონი იმას ცდილობს, რომ სახელმწიფოებრიობა ქართული პოპულაციის დაშინებით განიმტკიცოს, ყოველ შემთხვევაში, ასე ხედავს მოვლენებს აქაური ქართული მოსახლეობა.

საქართველოს და დასავლეთის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ გალის ინციდენტი ეთნიკური ქართველებისთვის ულტიმატუმს წარმოადგენს - ისინი ან უნდა, ასიმილირდნენ, ან დატოვონ რეგიონი. ეს საქართველოს ხელისუფლებას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას სეპარატისტულ რეგიონებში მოვლენებზე ზეგავლენის  შესაძლებლობას შეუსუსტებს.

სერგეი შამბამ, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადიო ”თავისუფლება”-ს 3 მარტს განუცხადა, რომ სოხუმს განზრახული აქვს სამხედრო გაწვევა გამონაკლისების გარეშე ჩაატაროს.

”ჩვენი კანონით სამხედრო სამსახური სავალდებულოა და ყველა მამაკაცი, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, შეიძლება ჯარში გაიწვიონ” - განაცხადა შამბამ - ”ჩვენ არ დავუშვებთ გამონაკლისს ქართული წარმომავლობის მოქალაქეებისთვის”.

შამბამ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა გალში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ სთქვა, რომ ბიგვავას სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ეძებდნენ, რადგან მან რამდენიმე ძარცვაში მიიღო მონაწილეობა.

ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის ლიდერმა კოკოითიმ განაცხადა, რომ ის ასევე აპირებს, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, სამხედრო სამსახურის სავალდებულო გახადოს.

ინფორმირებულმა დასავლურმა წყაროებმა თბილისში განაცხადეს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების სამხედრო სამსახურში, ძალადობრივი გაწვევა ქართული ხელისუფლებისათვის ”აუტანელი პროვოკაცია” იქნება.

მცირერიცხოვანი ქართული მოსახლეობა

აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ქართული მოსახლეობა ჰყავდა.  მათი უმეტესობა იძულებული გახდა  1990-იანების დასაწყისის კონფლიქტებისა  და გასული აგვისტოს ომის დროს  აქაურობა დაეტოვებინა.

რამდენიმე ათასი ეთნიკური ქართველი, სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში იყო დარჩენილი და ალბათ, 30 000-40 000 აფხაზეთის გალის რაიონში. ზუსტი რიცხვების დასახელება რთულია.

აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა  1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ, თავისი ჯარები მოსკოვის დახმარებით შეინარჩუნეს, მაგრამ გალის ინციდენტამდე არ არსებობდა ცნობები იმის შესახებ, რომ ისინი ეთნიკური ქართველების რეკრუიტირებას მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ცდილობენ.  სამხრეთ ოსეთში საქართველო ეთნიკური ქართველებით დასახლებული რეგიონების უმეტესობას აკონტროლებდა, ხოლო აფხაზეთის ხელისუფლებამ, გასულ ზაფხულამდე, გალის რაიონი საკუთარი თავის ანაბარა დატოვა.

შოთა მალაშხია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ შიშობს-აფხაზები  მუქარით დარჩენილ ეთნკურ ქართველებს  პროვინციის დატოვებას აიძულებენ და ”წარმატებით დაასრულებენ ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას”.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ დარჩა საქართველოში სიტუაციის კონტროლის შესაძლებლობა, იმის შესაძლებლობა, რომ ჩაერიოს პროცესებში, თუ ეს საჭირო გახდება.

მეთვალყურეებს რეგიონში შესვლაზე უარი უთხრეს

რუსების მხარდაჭერით, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა უარი განაცხადეს საერთაშორისო მეთვალყურეთა შეშვებაზე თავის ტერიტორიებზე, მაგრამ რუსული ჯარის დიდ შენაერთებს მასპინძლობენ. დაახლოებით 3000-4000 რუსი ჯარიკაცი დგას ახალგორის რაიონში, რომელიც თბილისიდან 40 კმ-ში მდებარეობს. აფხაზებმა კი განაცხადეს, რომ მათ თავის ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო ბაზების განთავსება უნდათ.

ევროპის კავშირი, გაერო და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, საქართველოში დაძაბულობის შემცირებას ცდილობდნენ და სწორედ ამიტომ ფოკუსირდნენ  ყველაზე მწვავე სივრცეებზე, საქართველოსა და მისი სეპარატისტული რეგიონების საზღვრებზე. არსებობდა მოსაზრება, რომ სწორედ აქ არსებული დაძაბულობა ემუქრება ყველაზე მეტად  რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ საზავო შეთანხმებას.

ევროკავშირმა ცალმხრივი მონიტორინგის უფლება მიიღო, მისი მეთვალყურეები  საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მომიჯნავე ტერიტორიებზე პატრულირებენ, მაგრამ არც ერთ ამ პროვინციაში მათ შესვლის უფლება არა აქვთ. ”ის მაინც შეგვიძლია, რომ საჭიროების შემთხვევაში დავადასტუროთ -  საქართველოს არაფერი მოუმოქმედებია” - გასულ თვეს უთხრა რადიო ”თავისუფლება”-ს ევროკავშირის  თვეს.

დასავლეთის მშვიდობისმყოფელი ძალისხმევა წარმატებულია, რადგან არც ერთი პოსტ-კონფლიქტური პროვოკაცია, მათ შორის 12 ქართველი პოლიციელის მკვლელობა, ომის განახლების მიზეზი არ გამხდარა.

ბურუსი

მაგრამ  გალის რაიონის მოვლენებმა იმის ვარაუდი გააჩინა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უფრო ღრმა კონფლიქტმა დაიდო სათავე. ერთი დასავლელი ოფიციალური პირის განცხადებით, სეპარატისტული ხელისუფლებების მიერ ეთნიკური ქართველების ჯარში გაწვევის მცდელობამ შეიძლება ”ფეთქებადსაშიში სტუაცია” შექმნას.

გასაგებია რატომაც. საქართველოს ხელისუფლება აუტანელი არჩევანის პირისპირ აღმოჩნდება - ის ან პასიურად უნდა შეჰყურებდეს იმას, თუ როგორ აძალებენ   მისი მოქალაქეების ერთ ნაწილს სამსახურს შეირაღებულ ფორმირებებში, რომლებსაც ის არალეგალურად მიიჩნევს, ხოლო მეორე ნაწილი საკუთარ სახლებს ტოვებს და გამორბის, ან მოქმედება დაიწყოს და მოსკოვთან ფატალურ ორთაბრძოლაში გადაეშვას.

მანამდე, სანამ ომის ბურუსი ჯერ კიდევ თავს დასტრიალებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, საქართველოს მთავრობის არჩევანი შეზღუდულია. ევროკავშირს არც ერთ ამ ტერიტორიაზე არ უშვებენ. აფხაზეთში გაეროს მეთვალყურეები, რუსეთის გარდა ერთადერთ გარე ძალას წარმოადგენს და მას ნება არ ეძლევა ჯარის გადაადგილებებს ადევნოს თვალი. მას შემდეგ, რაც ეუთოს მეთვალყურეებს სამხრეთ ოსეთში მისიის განგრძობაზე უარი უთხრეს, რეგიონი გარე თვალისთვის სრულიად მიუწვდომელი გახდა.

გასული თვის ჟენევის ოთხმხრივ  შეხვედრაზე, მიღწეული იქნა გარკვეული პროგრესი ,  უნდა ამუშავდეს  - ”ინციდენტების პრევენციის” მექანიზმი და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში  სიტუაციის კონტროლის გარკვეული შესაძლებლობები გაუჩნდება.

მანამდე კი  დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა, რომელთაც არ გააჩნიათ იმის ვერიფიცირების დამოუკიდებელი ინსტრუმენტები, თუ ზუსტად რა მოხდა გალის ინციდენტის დროს, ან რა მოხდება მსგავს შესაძლო შემდგომ ინციდენტებში,  ადგილზე არსებული წყაროების დახმარებით ნამცეც-ნამცეც უნდა შეაგროვონ ინფორმაცია.



ორიგინალი

No comments: