6 მარტი 2009
რიგა - ლატვიელმა ჩინოვნიკებმა, საგარეო პოლიტიკის ლიდერებმა და ექსპერტებმა ბალტიის და შავი ზღვის ალიანსის (BBSA) დისკუსიის განმავლობაში, რომელიც როგაში გაიმართა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და ტრანს-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.
ღონისძიების მონაწილეები შეთანხმდნენ იმ ფაქტზე, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ ახალი გამოწვევები გაჩნდა, რომლებიც ევროკავშირზე და მათ შორის ლატვიაზეც ირიბად გავლენას ახდენენ.
დისკუსია BBSA-ს საბჭოს თავმჯდომარემ, სარმიტ ელერტემ გახსნა და საქართველოში დღეს არსებული სიტუაცია ცივი ომის დროს ლატვიის მდგომარეობას შეადარა, რაც ლატვიელებისთვის საქართველოს სიტუაციას მარტივად გასაგებს ხდის.
მისი თქმით, ლატვიამ კარგად იცის, რას ნიშნავს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს და უკრაინის აქტიური მხარდაჭერა მათ მისწრაფებაში გაწევრიანდნენ ტრანს-ატლანტიკურ ორგანიზაციებში, ევროკავშირსა და ნატოში.
ლატვიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრის სფრადსიმ, საქართველოს ომის გავლენა ბალტიის სახელმწიფოებსა და ევროკავშირზე აშშ-ში 11 სექტემბრის შედეგებს შეადარა, ხაზი გაუსვა რა იმ ფაქტს, რომ ამ მოვლენებმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა არა მხოლოდ საქართველოს პერსპექტივებზე მომავალში, არამედ ევროკავშირის მომავალზეც, დასავლეთის ქვეყნებზეც და მათ მომავალ თანამშრომლობაზე რუსეთთან, ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე 21-ე საუკუნის ევროკავშირში.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო კონფლიქტი საქართველოში იმ უსაფრთხოების სისტემების ტესტი იყო, რომლებიც საქართველოს საზღვრებისგან შორსაა.
შეხვედრაზე სემნებიმ განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა - რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაცია იყო და საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის განვითარების მხარდაჭერა - რესურსების მოზიდვით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან.
დისკუსია BBSA-ის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც 2008 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს პოლიტიკოსებს, მედიის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციის ხელშეწყობა ნატოსა და ევროკავშირში.
No comments:
Post a Comment