10 მარტი 2009
მოსკოვი - ლატვიას არ მიაჩნია, რომ მიუხედავად ნატო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენისა, აგვისტოს კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში ამოწურულია, განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრის ტეიკმანისმა
”ევროკავშირმა ღია პოზიცია დაიკავა და გამოხატა თავისი დამოკიდებულება ორივე საკითხისადმი, როგორც რუსეთის ქმედებებისადმი, ასევე მის მიერ საქართველოს ორივე რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისადმი. არაფერი შეცვლილა” - განაცხადა ტეიკმანისმა სამშაბათს კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც ნატოს იმ გადაწყვეტილებაზე აკეთებდა კომენტარს, რომლის თანახმადაც ალიანსი რუსეთთან ურთიერთობებს აღადგენს.
ლატვია, უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას ემხრობა, აღნიშნა მან. ”ლატვია მხარს უჭერს ნებისმიერი ქვეყნის უფლებას აირჩიოს ალიანსი, რომელშიც გაერთიანებას მოისურვებს. არავის აქვს უფლება ვეტო დაადოს მათ სუვერენულ გადაწყვეტილებას” - ამბობს ტეიკმანისი.
”რიგა მზადაა განიხილოს რუსეთის წინადადება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს საკითხი ეუთომ უნდა განიხილოს” - განაცხადა მან.
”ეს ის საკითხია (რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა ევროპის უსაფრთხოების ხელშეკრულების შესახებ), რომელიც შეიძლება განხილვის ობიექტი გახდეს, მაგრამ რუსმა კოლეგებმა უფრო ცხადი განმარტებები უნდა მოგვცენ. ევროპა ყველაზე ადვილი რეგიონი არაა. გარდა ამისა უკვე არსებობს პრობლემების გადაწყვეტის ფორმატები, მაშინაც კი თუ რეგიონს უფრო ფართო მნიშვნელობით, ვანკუვერიდან-ვლადივოსტოკამდე განვიხილავთ, მაინც არსებობს უსაფრთხოების პრობლემების განხილვის ფორმატი - ეუთო. ყველა აღებული ვალდებულება არსებული სისტემების მეშვეობით უნდა შესრულდეს” - განაცხადა ტეიკმანისმა.
No comments:
Post a Comment