ერთი წლის წინ, ქართველი მილიარდერი ლონდონში, სარეიში საკუთარ სასახლეში გარდაიცვალა. ამ ფაქტს მოგვიანებით სასტიკი ბრძოლა მოჰყვა. მილიარდერის ქვრივი სატელევიზიო სადგურზე კონტროლის აღდგენისთვის იბრძვის. იგი აცხადებს, რომ ტელეკომპანია, რომელიც მისმა მეუღლემ დაარსა მას უნდა ეკუთვნოდეს
ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ბადრი პატარკაციშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა, რითაც უარყოფილ იქნა თეორიები პოლიტიკური მოტივით მისი მკვლელობის შესახებ.
თუმცა ამ ფაქტს სერიოზული შედეგები მაინც მოჰყვა - მათგან ზოგიერთი პოლიტიკურიც.
სწორედ იმ დღეებში, ინა გუდავაძემ შეიტყო, რომ მისი მეუღლის ბიზნეს-პარტნიორმა გიორგი ჯაოშვილმა ტელეკომპანია ”იმედი”-ს საკონტროლო პაკეტი, რომლის ნახევარსაც ის ბატონ პატარკაციშვილთან ერთად ფლობდა, ამ უკანასკნელის ნათესავს, ჯოზეფ კეის გადაუფორმა.
”ოჯახი ამას არასდროს დასთანხმებოდა, არასდროს იცოდა ამის შესახებ, ჩვენ იმედის აქციების გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით,”- განაცხადა მან.
ქალბატონი გუდავაძე დღემდე ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ მე მას თბილისში, მის მდიდრულ სახლში შევხვდი, რომელიც ამაღლებულ გორაზე მდებარეობს და ქალაქს გადაჰყურებს.
მან სთქვა, რომ ტელევიზია საოცრად შეიცვალა.
”არხის გასხვისება იმას ნიშნავდა, რომ ”იმედი” აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო” - განაცხადა მან.
”იმედი” ახლა ხელისუფლების ხმაა და მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არ დაგვიბრუნოს, რადგან როგორც კი არხი ჩვენს ხელში მოხვდება ის ცენზურისგან გათავისუფლდება და დაბალანსებული გახდება.”
”ეს არის ჩემი ხედვა. ეს არის ის, რაც მე მინდა.”
”პოლიტიკურად მოტივირებული”
”იმედი” მთავრობას სასტიკად აკრიტიკებდა.
2007 წლის ნოემბერში, პოლიციამ ტელეკომპანიის ოფისი დაარბია და ის ეთერიდან გათიშა.
პატარკაციშვილი დაადანაშაულეს, იმაში რომ მისი ტელევიზია, ხალხს რევოლუციისკენ უბიძგებდა ანტი-სამთავრობო დემონტრაციების დროს, რომლებიც ასევე ძალის გამოყენებით ჩაახშვეს.
ტელეარხის დახურვა და დემონსტრაციის დარბევა დასავლეთმაც გააკრიტიკა.
პატარკაციშვილმა უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული იყო - და მალევე ამის შემდეგ წარუმატებლად შეერკინა მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში.
ქალბატონი გუდავაძის საქმე შეიცავს პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ბატონ ჯაოშვილს წილის დათმობა მუქარის ქვეშ აიძულა.
ჩვენი საუბრის შემდეგ, სადილზე მობრძანდა ლორდი გოლდსმიტი, ტონი ბლერის დროს დიდი ბრიტანეთის გენერალური პროკურორი. სწორედ ის უძღვება გუდავაძის სამართლებრივ ბრძოლას.
”ახლახანს ჩვენ დავიწყეთ პროცედურები საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რადგან ცნობილი გახდა, რომ ადამიანი რომელმაც ქვეყანა დატოვა და ახლა საშუალება აქვს თავისუფლად ილაპარაკოს, ამბობს, რომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს მთავრობის ზეწოლით ჩამოართვეს,” - განაცხადა მან.
”ამგვარად ოჯახის სახელით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ის წართმეულია.”
”ფსიქოლოგიური ზეწოლა”
შობამდე ცოტა ხნით ადრე, ბატონმა ჯაოშვილმა დუმილი თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე დაარღვია.
მან ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ მიყიდა აქციების საკონტროლო პაკეტი ქეის, რომელიც ცნობილია ასევე სახელით იოსებ კაკალაშვილი და შემდეგ როგორ წავიდა მის სანახავად თბილისის აეროპორტში.
”რუსთაველის გამზირზე (თბილისის ცენტრალური ქუჩა), ჩემი მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხალხმა გააჩერა. ისინი ჩაჯდნენ მანქანაში და მომთხოვეს სასწრაფოდ ფინანსურ პოლიციაში გავყოლოდი” - განაცხადა მან.
”გზაში სამინისტროს წარმომადგენლები ძალადობასაც მიმართავდნენ. ეს ყველაფერი ღამით 12-საათამდე ან 12 საათის შემდეგ ხდებოდა” - დასძინა მან.
”ფინანსურ პოლიციაში, მე ხელი მომაწერინეს განცხადებაზე, რომელშიც საკუთარი სურვილით ვტოვებდი ორ თანამდებობას - კომპანია ”ჯიემჯი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და ”იმედი”-ს სააქციონერო კომპანიის ხელმძღვანელის პოსტებს.”
”ჯიემჯი” ”ი-მედიას” აქციების 70%-ის მფლობელია, რომელიც თავის მხრივ ”იმედი”-ს წილის 100%-ს ფლობს.
”აქ მე მივხვდი, რომ საქმე გაცილებით რთულად იყო, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა” - განაგრძო ბატონმა ჯაოშვილმა.
”დეპოლიტიზებული”
მაგრამ ბატონი ქეი, რომელიც ახლა ”იმედი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ზეწოლის ბრალდებებს და მის მიერ ”იმედი”-ს აქციების შეძენის პროცესში მთავრობის მონაწილეობას უარყოფს.
”ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, სადაც ის ჩივის, რომ გზაზე გააჩერეს და მანქანაში ჩატენეს მთავრობის წარმომადგენლებმა, პოლიციამ თუ ვიღაცამ.”
”მაგრამ ის გარკვევით ამბობს, რომ ეს ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მან გაყიდა ან დათმო თავისი წილი.”
ქეიმ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”იმედი” ობიექტური და მიუკერძოებელია.
”ჩვენ არავის მხარდამჭერები არა ვართ, ჩვენ არც მთავრობის და არც ოპოზიციის მხარეს არ ვდაგავრთ. მე არც ერთ მხარეს არ მივცემ უფლებას ტელევიზიასა და არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინონ.”
თუმცა, ქეი აღნიშავს, რომ მან ”იმედი”-ს ”დეპოლიტიზება” მოახდინა, მაშინ როდესაც ის ერთ დროს მჭიდროდ იყო მიბმული ოპოზიციასთან.
გასულ კვირას, ბატონმა ქეიმ გამოაცხადა, რომ მან ”იმედი” მესამე მხარეს მიყიდა. ამ ფაქტს ქალბატონი გუდავაძე აპროტესტებს.
იმავდროულად, ”იმედი”-ს საქმის გამო, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოში სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება.
”ეს გამოხატვის თავისუფლების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯია” - ამბობს ელსა ვიდალი ორგანიზაციიდან ”რეპორტიორები საზღვრების გარეშე”, რომელიც ამ საქმეს შეშფოთებით ადევნებდა თვალს.
”იმედი”, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ნაციონალური მაუწყებელია. ვიდალი ამბობს, რომ -”კრიტიკა ახლა შეზღუდულია და მხოლოდ უფრო მცირე, რეგიონალური არხებიდან ისმის.
”ეს ცხადყოფს, რომ დემოკრატია აქ ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა და ხელისუფლება ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ პრესის შეზღუდვა ლეგიტიმური საშუალებაა იმისთვის, რომ მოსახლეობა აკონტროლოს” - ამბობს იგი.
No comments:
Post a Comment