რობერტ ევანსი
19 თებერვალი 2009
რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომლითაც სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გარშემო ნებისმიერი ინციდენტის სრულმაშტაბიან შეტაკებაში გადაზრდის პრევენცია უნდა მოხდეს, განაცხადეს ოთხშაბათს საერთაშორისო მედიატორებმა.
დიპლომატები მიესალმნენ შეთანხმებას და მას რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს, მაგრამ დიპლომატები შიშობენ, რომ ამ მექანიზმს წინასწარ გამოცდა ადგილებზე დასჭირდება. დაძაბულობის ზრდას რეგიონში, შარშან აგვისტოში, მოკლე, მაგრამ დამანგრეველი ომი მოჰყვა.
”ვფიქრობთ ეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია,” განაცხადა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა პრესკონფერენციაზე. გაეროს მედიატორმა ჯოან ვერბეკმა მას ”პირველი გრანდიოზული შეთანხმება უწოდა”.
თუმცა, აშშ-ს სახელწმიფო მდივნის თანაშემწის, დენიელ ფრიდის შფასება უფრო ფრთხილი იყო და ჟენევაში ოქტომბრიდან დაწყებული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს, ”პოზიტიური და პრაქტიკული” უწოდა.
”მისი განხორციელება ადგილზე მხარეების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული,” განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არასტაბილურ კავკასიის რეგიონში საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევს, მოლაპარაკებებში როგორც დაინტერესებული მხარე ისე მონაწილეობს.
სამი მედიატორის, რომელთაგან ერთ-ერთი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენელიც იყო, ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებებზე კონსენსუსის საფუძველზე მომზადდა ” წინადადებები ინციდენტების ერთობლივი პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე”
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მექანიზმები გულისხმობს რეგულარულ კონტაქტებს ”შესაბამისს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც დაძაბულ ზონებში უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე არიან პასუხისმგებლები”.
ფრთხილი ფორმულირება
ფრთხილი ფორმულირებებია გამოყენებული, როგორც რუსული, ასევე ქართული ძალების მიმართ, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის პოლიციისა და მისი სხვა დაჯგუფებების, და აფხაზეთის, მეორე სეპარატისტული რეგიონის მისამართით. საქართველოს ამ ორმა რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სუვერენიტეტის აღიარება რუსეთისგანაც მიიღო, თუმცა საქართველო მათ ძველებურად საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს.
მექანიზმების შემუშავების მიზანი, რომელთა დეტალებიც მომენტალურად არ გახმაურებულა, მდგომარეობს ”უსაფრთხოების ზონებში სიტუაციებზე დროულ და ადექვატურ რეაგირებაში, მათ შორის ინციდენტების გამოძიებაში,” ნათქვამია განცხადებაში.
ის დასძენს, რომ ყველა მხარის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძალები ამ კვირაში შეიკრიბებიან, მეტიც, აუცილებლობის შემთხვევაში შეხვედრა შესაძლოა უფრო ადრეც გაიმართოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, ცალკე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნაბიჯი ”სწორი მიმართულებით” გადაიდგა, მაგრამ მოითხოვს, რომ ამას უნდა მოჰყვეს მოლაპარაკებები რუსების მიერ ”ოკუპირებული ქართული ტერიტორიების” მთლიანი დატოვების შესახებ.
მოლაპარაკების მონაწილე რუსულ მხარეს არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
თუმცა ის, რომ ქართველებისა და რუსების მოსაზრებებში მკვეთრი სხვაობები რჩება, ორი დღის განმავლობაში მიმდინარე პარალელურ მოლაპარაკებებზე გამოჩნდა - რეგიონში დევნილებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.
დიპლომატებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთელები, როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხოების გამო, უარს აცხადებენ რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთების გატარებასა და ქართველი დევნილების დაბრუნებაზე, რომლებიც საკუთარი სახლებიდან აგვისტოს ომის ბრძოლების დროს და ომის დასრულების შემდეგაც, შეიარაღებულმა ფორმირებებმა გამოყარეს.
რუსებმა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღის განსაზღვრაზე ჯერ უარს ამბობენ, განაცხადეს დიპლომატებმა.
მორელმა თქვა, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შემდეგი რაუნდის მოლაპარაკებები მიეძღვნება უსაფრთხოების ისეთი მექანიზმებით უზრუნველყოფას, როგორებიცაა ძალის გამოუყენებლობა და საერთაშორისო წარმომადგენლობის ყოფნა რეგიონში.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment