Friday, March 14, 2008

აშშ ტერმინზე ”მტრის მებრძოლი” უარს ამბობს

bbc_logo_thumb
14 მარტი 2009

აშშ ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მიმართებაში აღარ გამოიყენებს ტერმინს “მტრის მებრძოლი” და ამით ბუშის ადმინისტრაციის საკვანძო პოლიტიკაზე უარს იტყვის.

ეს ბოლო სიახლეა გუანტანამო ბეისთვის, რომლის გაქუმებაზეც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განცხადება უკვე გააკეთა.

ჟურნალისტების თქმით, ტერმინის უარყოფა ღრმად სიმბოლურია.

პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამტკიცებდა, რომ მას, როგორც მხედართმთავარს, უფლება ჰქონდა დაეტუსაღებინა “მტრის მებრძოლის” განუსაზღვრელი ვადით და სასამართლოს გარეშე.

იუსტიციის დეპარტამენტმა ტერმინის ამოღების შესახებ განცხადების გაკეთებისას განაცხადა, რომ მომავალში ეჭვმიტანილებს ომის კანონებით დაწესებული სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად დააკავებენ.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ახალი დეფინიციით პატიმრობას დაექვემდებარებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ალ-ქაიდას და თალიბებს “რეალურ” დახმარებას უწევს.

ღირებულებები

როდესაც ბუშის ადმინისტრაცია პატიმრებთან დაკავშირებით იყენებდა ფორმულირებას “მტრის მებრძოლი,” ის მათ “სამხედრო ტყვეების” სტატუსს უუქმებდა. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის ნორმები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ჟენევის კონვენცია, ამ პატიმრებთან დაკავშირებით ძალას კარგავდა, ამბობს BBC-ის კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან ბილი.

ობამას ადმნისტრაცია, წინამორბედისგან განსხვავებით, პატიმრებს კონგრესის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დააკავებს მხოლოდ მაშინ, როდესაც კონგრესი დაეთანხმება სამხედრო ძალის გამოყენებას “იმ ქვეყნების, ორგანიზაციების და პირების წინააღმდეგ, ვინც პრეზიდენტის განსაზღვრებით გეგმავდა, ახორციელებდა, ან ეხმარებოდა 11 სექტემბრის თავდასხმას, ან იფარებდა მსგავს ორგანიზაციებსა და პირებს” 2001 წლის სექტემბერში.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, “მთავრობის ახალი სტანდარტი შესაბამისობაშია ომის საერთაშორისო კანონმდებლობასთან და პრეზიდენტის ძალაუფლების ფარგლებს ამ კანონმდებლობას უქვემდებარებს”.

“იმის გამო, რომ ჩვენ ვამუშავებთ ახალ პოლიტიკას პატიმარებთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ნაციონალური უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ვიმოქმედოთ ჩვენს ღირებულებებთან შესაბამისობაში და ვიხელმძღვანელოთ შესაბამისი კანონმდებლობით” - ნათქვამია აშშ-ს გენერალური პროკურორის, ერიკ ჰოლდერის განცხადებაში.

”გუანტანამოში დღესაც დაახლოებით 250 პატიმარია,” - იტყობინება ჩვენი კორესპონდენტი.

იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, ობამას ადმინისტრაცია თითოეულ საქმეს განიხილავს, გვითხრა მან.

მკაცრი მეთოდები

საპატიმრო ცენტრი 2002 წლის იანვარში შეიქმნა. მაშინ ბუშის ადმინისტრაციამ აშშ-ზე 2001 წლის თავდასხმის შემდეგ ალ-ქაიდასა და თალიბებთან ბრძოლაში პირველი ადამიანი დააკავა.

მოგვიანებით საპატიმრო საყოველთაოდ გახდა ცნობილი. აქ დაკითხვის სასტიკ მეთოდებს მიმართავდნენ. ბევრის თქმით ეს მეთოდები წამებას უტოლდებოდა. გარდა ამისა, დაკავებულებს თავისუფლებას აღუკვეთდნენ სასამართლოს და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების გარეშე.

საარჩევნო კამპანიის დროს, ობამამ პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში, გააუქმებს ბანაკს და თანამდებობის დაკავების შემდეგ, პირველსავე კვირაში შესაბამისი განკარგულებაც გასცა.

ზოგიერთი დაკავებული პირი აშშ-ს სასამართლოს წინაშე წარსდგება, ხოლო სხვები სამშობლოში დაბრუნდებიან.

მაგრამ ობამას ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, ზოგიერთ პატიმართან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება იმის გამო, რომ მათ წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები დაუშვებელი მეთოდებითაა მოპოვებული.

ზოგიერთი ტუსაღის სამშობლოში დაბრუნება შეუძლებელი გახდება, რადგან მათ შესაძლოა წამების ან სიკვდილით დასჯის საფრთხე დაემუქროთ.

ობამამ ამ კვირას დიპლომატი დენიელ ფრიდი მესამე ქვეყნებში სპეციალურ წარმოამდგენლად დანიშნა. მან უნდა დაითანხმოს ამ ქვეყნების მთავრობები იმ პატიმართა მიღებაზე, ვისი სამშობლოში ექსტრადიციაც შეუძლებელია.

ორიგინალი

No comments: