Friday, March 21, 2008

საფრანგეთი და ნატო

france_diplomatie

ბერნარ კუშნერის სიტყვით გამოსვლა დისკუსიაში - საფრანგეთი, ევროპის თავდაცვა და ნატო 21-ე საუკუნეში.

ქალბატონებო და ბატონებო,

თავიდანვე მინდა მოგახსენოთ, რომ დისკუსიის  აუცილებელობის მესმის, მაგრამ არ მინდა მას პოლემიკის სახე მივცე. სხვათაშორის, ნატოში საფრანგეთის ყოფნასთან დაკავშირებულ დებატებში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული. მოსაზრებები, რომლებსაც გთავაზობთ, ისტორიული გამოცდილებით არის გამსჭვალული. თავიდან ორიოდე სიტყვა ნატოს სამხედრო სტუქტურებიდან გამოსვლის შესახებ - გენერალ დე გოლის 1966 წლის მარტის გადაწყვეტილებაზე. ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობისთვის ამ აქტს ჰქონდა და მუდამ ექნება ზოგადად საფრანგეთის იდეის ფუნდამენტური ღირებულების სახე, რომელსაც სრულად ვიზიარებ.

ეს კამათი ლეგიტიმური და აუცილებელია, მაგრამ დროებით გვერდზე გადავდოთ შიშები და წარმოსახვები. ერთნი, ნატოს სტრუქტურებში საფრანგეთის დაბრუნებისთვის გარკვეული ფორმის მინიჭებას მოითხოვენ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საფრანგეთს ნატოსადმი კუთვნილება ეჭქვეშ არც არასოდეს დაუყენებია. მეორენი, დამოუკიდებლობის და ჩვენი ნაციონალური სუვერენიტეტის შესაძლო დაკარგვის საშიშროებაზე კამათობენ, რომელსაც საერთო ევროპული თავდაცვის შესუსტებას უკავშირებენ და რომლის გასაძლიერებლადაც ჩვენ თავდაუზოგავად ვიღწვით. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ 60 წლის განმავლობაში საფრანგეთის უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და მისი ადგილი ევროპაში ერთმანეთს ებმის და სწორედ დღეს ალბათ ყველაზე მეტად უკავშირდება ჩვენს ნატოსთან ურთიერთობას. მე ყოველთვის გენერალ დე გოლის პოზიციის მომხრე გახლდით. გათიშულ მსოფლიოში საფრანგეთის სუვერენულობის დაცვის საქმეში ის მართალი იყო, თავად უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას და ორ, მტრულად განწყობილ ბლოკს შორის მშვიდობის დამცველის ფუნქციას ასრულებდა. მაგრამ ჩვენს პასუხისმგებლობას მოკავშირეების მიმართ არასდროს უარყოფდა და ამასთან დაკავშირებით, 1966 წელს პრეზიდენტ ჯონსონისადმი მიწერილ “დასავლეთის თავისუფალი ხალხების დაცვის” შესახებ წერილს შეგახსენებთ. ის დრო წარსულს ჩაბარდა. გენერალ დე გოლის ეპოქაში არსებული ასეთი სახის დაპირისპირებული ბლოკები გაქრნენ. მაგრამ საფრანგეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის უსაფრთხოება ევროპასთან ერთად ჩვენს ფიქრებში მუდმივად ცოცხლობს. დასაბამიდან, საფრანგეთის უშიშროებაზე ზრუნვა პირველ ადგილზე დგას. ცივი ომის კონტექსტში ატლანტიკურ ხელშეკრულებაში განსხეულებული ამერიკელების პასუხისმგებლობა დასავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის ყოველთვის სიცოცხლისუნარიან ფაქტორად განიხილებოდა. გენერალი დე გოლი ყოველთვის გამოარჩევდა ამ კავშირს, რომელთანაც ღრმად იყო დაკავშირებული და რომლის არსებობის აუცილებლობა და სამხედრო სტუქტურებში ინტეგრაცია ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია. ეს სიტყვა არც არასოდეს თქმულა და არც უნდა ითქვას. ანდა რა შეიძლება ვთქვათ 1983 წლის 20 იანვარს ევრორაკეტების კრიზისთან დაკავშირებით ბუნდესტაგის წინაშე პრეზიდენტ მიტერანის გამოსვლის შემდეგ?  ან ხმელთაშუა ზღვის პირველი ომის, ბოსნიაში, კოსოვოსა და ავღანეთში ჩვენი ჩარევების შესახებ, რომლებიც ჩვენი უშიშროების ირგვლივ მოქსოვილი სოლიდარობის ბოლო მაგალითებია და არის კიდევ მრავალი სხვაც. საფრანგეთის უსაფრთხოება ჩვენი ზრუნვის უპირველესი საგანია.

ნაციონალური დამოუკიდებლობა. ეს ნატოსთან ჩვენ დაახლოვებაში მეორე და უმთავრესი ინგრედიენტია. პრეზიდენტ დე გოლის მიერ გაკეთებული განცხადება სწორედ საკუთარ ძალებზე დაყრდნობას ითვალისწინებდა, ამას ემსახურებოდა ფრანგული ბირთვული იარაღის შექმნაც. მას არ სურდა ჩვენი ქვეყანა არასასურველ კონფლიქტში ჩათრეულიყო.   ეს დამოუკიდებლობის ნება კვლავაც ცოცხლობს. ჩვენი სრულყოფილი მონაწილეობა ალიანსის შემადგენლობაში ჩვენს მიერ არჩეული თავისუფლების საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენი ბირთვული უსაფრთხოება, საკუთარი ტერიტორიების თავისუფალი განკარგვა და სამხედრო ძალების გამოყენება ჩვენზეა დამოკიდებული. მე სრულად მესმის ამ  გადაწყვეტილების სირთულე. მესმის ნაციონალური გრძნობებიც, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მოსდევს.

ტექნიკური თვალსაზრისით, სამხედრო ძალების გამოყენებას და ინტეგრაციას წარსული დატვირთვა აღარ აქვს. ცივი ომის დასრულებასთან ერთად ჩვენ ერთადერთი და ცნობილი სცენარის განხორციელების წინაშე აღარ ვდგავართ, რომელიც სამხედრო მდგომარეობის შესასწავლად ამბრაზურის წინ ძალების გაუნძრევლად დგომას ითვალისწინებდა. ძალებისა, რომლებიც “დაპატიმრებულებივით”  უნდა ყოფილიყვნენ. დღეს კრიზისის სცენარის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. შეიძლება მისი წინასწარ გათვლა და მომზადებაც, მაგრამ ის ყოველთვის სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. არავის შეუძლია სამხედრო ვალდებულებების კონტექსტში ძალების ავტომატურ გამოყენება- შეჩერებას მოაწეროს ხელი. მაშასადამე, ყველაფერს უნდა ელოდო. 

ევროპა. ევროპა თავიდანვე ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი განზომილება იყო. 1948 წლის 17 მარტს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ბენი ლუქსის ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება საფრანგეთის პირველი მცდელობა გახლდათ  ევროპული ერთობა შექმნილიყო, რომელიც დასავლეთ ევროპისთვის არსებულ საფრთხეებს წინ აღუდგებოდა. ეს ევროპული განზომილება თავის სრულ უფლებამოსილებას 1998 წლის დეკემბრის სენ-მალოს ფრანგულ-ბრიტანული სამიტის დროს აღასრულებს, რომელიც ევროპის თავდაცვისა და უშიშროების ოპერატიული პოლიტიკის დაწყებით აღინიშნა. ევოლუცია ნატოს პარალელურად მიმდინარეობდა. მშვიდობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო კრიზისების მართვის პროცესებში ოსლოს 1992 წლის სხდომამ ნატოს როლის გაფართოება დაადასტურა. მისი როლის გაზრდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ერთობლიობაში მიმდინარეობდა. ევროპელთა იდენტობის ევოლუცია 1992 წლის ივნისში პეტერბურგის მისიებთან ერთად ხორციელდებოდა. ამ ყველაფერს ორი ტიპის გადაწყვეტილებამდე მივყავართ:

1. წინ წამოვწიოთ ევროპის თავდაცვისუნარიანობა ლოგიკური გზით, რაც ზოგიერთი დამატების გათვალისწინებით ევროკავშირისა და ნატოს თანაზომიერ გაფართოებას გულისხმობს.

2. 60 წლის განმავლობაში ფრანგი მმართველების პოზიციები  სამი ელემენტის ირგვლივ დავაჯგუფოთ, რომლებსაც ახლავე წარმოგიდგენთ.

დღეს უკვე მოვიდა დრო ყველაფერი ღიად ვაკეთოთ, რასაც პრეზიდენტ სარკოზის წინაპრები სხვადასხვა ხარისხით 35 წლის განმავლობაში მშვიდად აკეთებდნენ. საფრანგეთისთვის ორი რამ არის უპირატესი: გაკვეთილები გამოვიტანოთ პოლიტიკური და გეოსტრატეგიული გარდაქმნების კონტექსტიდან და პრაქტიკა და სიტყვა ერთმანეთს დავუკავშიროთ.

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავცეთ პასუხი კითხვას: როგორ ვიმოქმედოთ მსოფლიოს მშვიდობისა და სტაბილურობის სამსახურში. როგორ ვიმოქმედოთ ადამიანებისა და სახელმწიფოების უფლებების დაცვისთვის, როდესაც მათზე ძალას დაუფარავად იყენებენ?  როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც საშინელ ჩაგვრას იტანს  დიქტატურისგან ან სიღარიბისგან, ან ორივესგან ერთად? მე დარფურის, ავღანეთის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითები მომყავს… დავამტებდი, ორ სასარგებლო ფაქტორს: ატლანტიკურ ალიანსის და ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესაძლებლობებს. ალიანსისა და კოალიციის და  რაღა თქმა უნდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიღმა ვერცერთი აქცია ვერ განხორციელდება. ეს რეალობა ყოველდღიურად დასტურდება, სომალის სივრცეებსა თუ ავღანეთში, საქართველოსა თუ კოსოვოში, ჩადში…

ევროპა თავდაცვის სამსახურში. სენ-მალოში ფრანგულ- ბრიტანულმა იმპულსმა ევროპულ ძალისხმევას ბიძგი მისცა, რამაც თავის მხრივ ოპერატიულობის აუცილებლობა დაადასტურა: ევროპელები საერთო სტრატეგიული ხედვითა და მოხერხებული აქციების წარმართვის უნარით აღიჭურვნენ და მშვიდობის მხარდაჭერისა და აღმშენებლობისკენ მიმართული ძალისხმევა (რაც ხშირად რთული მისაღწევია მუდმივად აოხრებულ ქვეყნებში) სწრაფი რეაგირების ქმედებებით შეცვალეს. ვინ შეიძლება დღეს იდაოს იმაზე, რომ ევროპის თავდაცვის სამსახურმა მნიშვნელოვნი პროგრესი არ განიცადა და მშვიდობას წარმოუდგენელი მხარდაჭერა არ გამოუცხადა? ამ საკითხებზე ვერავინ იკამათებს,  მიუხედავად იმისა, თუ რამდენად საკმარისია ის რაც დღეს გვაქვს და რამდენად მივაღწიეთ იმას რაც გვსურდა. დღევანდელი ევროპა დამცველის ფუნქციას რეალურად ასრულებს. მართალია არასრულყოფილად, მაგრამ ამიერიდან ის ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელიც განახლებისკენ თავდაუზოგავად მიილტვის.

ნება მიბოძეთ მოკლედ შეგახსენოთ:

2003 წელი, ბალკანეთი: სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ევროპელთა პირველი ოპერაცია იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკაში - მაკედონიაში. ევროკავშირმა ეს ოპერაცია ნატოსგან ჩაიბარა, ჩაინიშნეთ ეს! ფაქტია, რომ ეს ოპერაცია და მისი დასრულებაც კი თითქმის მივიწყებულია. დღეს ბევრს საუბრობენ ბოსნიის, კოსოვოს შესახებ და სამართლიანადაც, მაგრამ მაკედონიაში ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შესახებ არავინ ლაპარაკობს. მაკედონია დიდი წარმატებაა, რადგან ის საომარ მოქმედებებს გადაურჩა. ჩარევის მიზანი პრევენცია იყო.

გაიხსენეთ 2004 წლის დეკემბერიც. როგორ განახორციელა ევროკავშირმა ალთეას ოპერაცია ბოსნია-ჰერცოგოვინაში, დაიტონში შეთანხმებული სამხედრო-საჰაერო ფრენები, ასევე სტაბილურობის დასამყარებლად ნატოს დავალებით ჩატარებული მეორე ოპერაცია; ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თხოვნით არტემისის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის და იტურის ოპერაციები? ეს ნატოს რესურსების  გამოყენების გარეშე ჩატარებული ევროკავშირის პირველი დამოუკიდებელი ოპერაციები იყო; 2006 წელს MONUC-ის თანადგომის ოპერაცია არჩევნების მიმდინარეობის დროს, სტაბილურობის შესანარჩუნებლად. გაიხსენეთ 2008 წლის  იანვარში ჩადში (ეტორი) ევროკავშირის მეხუთე ოპერაცია.

PESD-ს ყველაზე მსხვილი ოპერაცია. ამას ჰავიერ სოლანას წინაშე ვლაპარაკობ და მას დიდ მადლობას ვუძღვნი ამ მისიის ფეხზე დაყენებისთვის: 3 700 სამხედროს იქ ყოფნამ დევნილთა და ადგილნაცვალთა წარმატებულ დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ევროპელთა მოდელი, რომელიც მომავლის რეალობებისადმი ინდეფერენტულობას უარყოფს და რომელიც მშვიდობის მხარდაჭერის საქმეში ერევა, სამაგალითოა. ჩადში ოპერაციის დაწყების დღიდან, რესპუბლიკის ტერიტორიაზე 10 000 ევროპელი იმყოფებოდა.10 000-მდე მამაკაცისა და ქალისთვის PESD არა ცარიელი სიტყვები, არამედ სამყაროში დაგროვილი ერთობლივი გამოცდილების შედეგი იყო.

თუნდაც ორი წლის წინ ამას ვინმე წარმოიდგენდა? ევროპელები მოქმედებენ, ევროპელები თავიანთ დავალებებს ასრულებენ.

ერთი შეტევაც კი არ განხორციელებულა ჟანჟივიდებზე, რომლებსაც მთელი დარფური ტერორში ჰყავდათ, თუმცა როგორც ეს შეთანხმებული იყო, იქ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალები უნდა განთავსებულიყვნენ. ჩვენ იქ  ოპერაცია წარმატებულად ჩავატარეთ, მაშინ როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალებს ამის მცდელობაც კი არ ჰქონიათ.

სომალიში ადგილნაცვალ პირთა პროდუქტებით მომარაგებისა და პირატული აქტების აღკვეთის მიზნით ადენის ყურეში ჩვენ საზღვაო ოპერაცია “ატლანტი ” წამოვიწყეთ. ეს PESD-ს პირველი საზღვაო-საჰაერო ოპერაცია იყო, რომელსაც პირველად გაერთიანებული სამეფოდან, ბრიტანელი ხელმძღვანელობდა. ევროპა მშვიდობისათვის იღწვის იქ, სადაც მას მისი უსაფრთხოება მოქმედებას აიძულებს. თუმცა, ევროპელთა უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკა მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს არ გულისხმობს. ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში 300-ზე მეტი ევროკავშირის დამკვირებელი გავგზავნეთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ზონაში, რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ჩემს მიერ აგვისტოში ბატონებთან - პუტინთან და მედვედევთან და რასაკვირველია ბატონ სააკაშვილთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დაკვირვების მიზნით.

ჩვენ PESD-ს ყველაზე დიდი სამოქალაქო მისია ასევე კოსოვოში გავშალეთ. 2 000-მდე ადამიანი კოსოვოს იურიდიული ინსტიტუციების მოწესრიგებასა და კანონის უზენაესობის დაფუძნებაში ეხმარება. საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს ევროპის დაცვის სამსახური კიდევ უფრო განვითარდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ბოლომდე კმაყოფილი არავინ არის. საერთო პროგრესს სხვა მიმართულებების  განვითარებაც სჭირდება. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ჩვენ ჩვენი ამბიციების დაკმაყოფილების სულ სხვა, განსაკუთრებულ სიმაღლეზე ვიმყოფებით.

ჩვენ, ოცდაშვიდივე ქვეყანამ ერთი მიზანი დავისახეთ: გვქონდეს ერთდროული ქმედებების დაგეგმვისა და მათი  განხორციელების შესაძლებლობა.

  • სამოქალაქო კომპონენტების გამოყენებით, აღმშენებლობისა და სტაბილიზაციისთვის ორი მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა, რომელშიც ორი წლის განმავლობაში 10 000-მდე ადამიანი იქნება ჩართული.
  • ევროკავშირის ტაქტიკური ჯგუფების გამოყენებით (თითოეულ ჯგუფში - 1 500 კაცი) სწრაფი რეაგირების ორი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა
  • ათი დღის განმავლობაში ევროპელების ქვემდებარე სასწრაფო საევაკუაციო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. მერწმუნეთ, ამ ტიპის ბევრი ოპერაციიის ჩატარების და მათი გაშლის აუცილებლობა არსებობს
  • საზღვაო თვალთვალისა და აღკვეთის მისიის განხორციელების საშუალება.
  • ჰუმანიტარული ხასიათის სამხედრო-სამოქალაქო მისიის ჩატარების საშუალება
  • ასევე თორმეტამდე სხვადასხვა სახის სამხედრო-სამოქალაქო მისიების განხორციელების შესაძლებლობა, რომელთაგან უმსხვილესი 3 000-მდე ადამიანის ჩართვას ითვალისწინებს.

ვიცი, რომ მთელი ამ ჩამონათვალის მოსმენა მოსაწყენია, მაგრამ ჩვენ მათზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ გვეუბნებიან - ევროკავშირში დაცვისა და უშიშროების საკითხებში პროგრესი არ არსებობსო, მაგრამ ამ ყველაფრის ხუთი წლის წინ წარმოდგენა, 10 წლის წინ კი გაფიქრებაც შეუძლებელი იყო. ევროპის მსგავს ოპერაციებში მონაწილეობა ჯერ ტაბუ დადებული იყო, მერე ის ოცნებად იქცა, ოცნებიდან კი ჩვენ ის რეალობად ვაქციეთ.

დღეს, როგორც ამას ოპერაციების მიმდინარეობა გვიჩვენებს, რომ ცვალებად სიტუაციებთან შესაბამისობაში ევროპას სწრაფი, შეთანხმებული მოქმედების უნარი შესწევს: 3 700 სამხედრო - ჩადში, რვა ფრეგატი და ორი საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი - სომალიში, 300-მდე დამკვირვებელი - საქართველოში, 2 000-კოსოვოში და ა.შ…. და სწორედ ერთდროულად, ერთ მომენტში “მძლავრი და მოქნილი” ხასიათის მქონე გეგმების მთელი სერია იქნა შეთავაზებული წევრი ქვეყნებისათვის, მათი მშვიდობის სამსახურის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, თან ყველა ცალკეულ შემთხვევაში, არჩევანი ოპერაციის  ოპერატიულობიდან გამომდინარე იქნა მიღებული. ჟრაზმიურის ტიპის ოფიცრების გაცვლის პროგრამა და თავდაცვისა და უშიშროების ევროპული კოლეჯის გაფართოება ამ ურთიერთქმედებებს და განსაკუთრებით საერთო კულტურას განავითარებენ. ჩვენთვის, ევროპული თავდაცვის სამსახურის ოფიცრებს შორის ერთიანი კულტურის განვითარება საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს. ოპერაციების მიმდინარეობის ჯაჭვში ყოველთვის წარმატებას ვაღწევთ, როცა ჩვენი ძალები მიწაზე ერთობლივად მოქმედებენ.

მეოთხე და უკანასკნელი: ევროკავშირის ოპერაციათა სტრატეგიული დაგეგმვის უნიკალური მეთოდი გენერალური სამდივნოს საბჭომ დაამუშავა. უკანასკნელი კვირების განმავლობაში მე ბევრჯერ მოვისმინე თანამდებობის პირთა მიერ გამოთქმული სინანული, რომ ევროკავშირს გენერალური შტაბი არ აქვს. მაგრამ მოდით სამართლიანად განვსაჯოთ. 2000 წლიდან ევროკავშირს გენერალური შტაბი აქვს. სწორედ ამიტომ არსებობს პროგრესი ოპერაციების დაგეგმვისა და გაძღოლის საქმეში. ბრიუსელში ეს ნაბიჯი ჯერ არ გადადგმულა, მაგრამ ამის პერსპექტივა რეალურია. ევროპა წინ მიიწევს, ამისთვის სიმტკიცე, მიზნისაკენ სწრაფვა და ხანდახან რამდენიმე წლიანი მოთმინებაც კი საჭიროა. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ევროკავშირში საფრანგეთის თავმჯდომარეობის დასასრულ ჰავიერ სოლანამ ერთგვარი სქემა წარმოადგინა. ის კავშირის ქმედებების დაგეგმვას უფრო ფართოს და რაციონალურს ხდის. აქ ის ფაქტიც გათვალისწინებულია, რომ ხშირად დედამიწაზე ამ სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციებს განსაკუთრებული მასშტაბები გააჩნია და რა თქმა უნდა, იქ სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობა გამიჯნულია.

ათი წლის განმავლობაში როგორ განიცადა PESD-მ ასეთი პროგრესი? პატარა, წარმატებული წინ გადადგმული ნაბიჯებით, ინიციატივებითა და მიზნისაკენ დაუოკებელი სწრაფვით.

მოსდევს თუ არა ევროკავშირის ამ წარმატებებს ატლანტიკურ ალიანსთან კონკურენცია? მე ღრმად მწამს, რომ მათი ქმედებები ერთმანეთს ავსებენ. ატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირი ერთსა და იმავე ღირებულებებს იცავენ, მსოფლიოში მშვიდობის განვითარებასა და სტაბილურობაზე ერთნაირი შეხედულებები აქვთ. აბა როგორ შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც ოცდაერთი ქვეყანა ერთდროულად, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრია? მართლაც როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო?

მაშასადამე, გამართლებულია თუ არა ჩვენი დაბრუნება? იმ ფაქტებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილების სისწორეს ადასტურებს, აღარ ჩაგიკითხავთ. ვფიქრობ, ამ პოზიციას ჰავიერ სოლანა საკუთარ მოსაზრებებსაც დაამატებს და ნატოში დაბრუნებას მოგვილოცავს.

ასეთ პირობებში, ემთხვევა თუ რა ჩვენს ინტერესებს, ასევე ევროკავშირის ინტერესებს ის, რომ საფრანგეთმა ნატოს სამხედრო სტრუქტურებში თავისი ადგილი დაიმკვიდროს? დიახ, მე ამაში დარწმუნებული ვარ და ბოლო უნდა მოეღოს იმ ვითარებას, როდესაც ჩვენ თავადაც არ ვგრძნობდით, თავადაც არ ვგეგმავდით ისე ვმონაწილეობდით ოპერაციებში, მაშინ როდესაც არ ვმონაწილეობდით იმ მოსაზრებების განხილვაში, რომელიც აქციებს წინ უსწრებდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: 1995 წელს ბოსნიაში, 1999 წელს კოსოვოში, ვის ჰქონდა იმის უნარი ადამიანთა უფლებების დარღვევისა და ხოცვა-ჟლეტისთვის ბოლო მოეღო? ატლანტიკურ ალანსს. ეს ის სიმართლეა, რომლის გამოც საფრანგეთმა ჟაკ შირაკის და ლიონელ ჟოსპენის ხელმძღვანელობის დროს ნატოს ოპერაციებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ამ მიწებს მშვიდობა მოუტანა და მოსახლეობის მასობრივ მიგრაციას ბოლო მოუღო. სწორედ ამ დროს ფრანსუა მიტერანმა და ედუარდ ბალადიურმა გადაწყვიტეს, რომ საფრანგეთი ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომებში მიიღებდა მონაწილეობას და რომ GEMA თანაბრად დაიკავებდა ადგილს ალიანსის სამხედრო სტრუქტურებში.  1995 წლის 5 დეკემბრიდან პრეზიდენტ შირაკისა და ბატონ ჟუპეს გადაწყვეტილებით ჩვენ თავდაცვის მინისტრების ყველა სხდომებში ვმონაწილეობთ.

მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ ვმონაწილეობდით იმ სცენარების დაწერაში, რომლებშიც მაინც ყოველთვის ჩართულები ვიყავით. ამ პარადოქსულ სიტუაციას ზოგიერთები საფრანგეთის დამოუკიდებლობისადმი პატივისცემით ხსნიდნენ, რაც ცოტა არ იყოს აბსურდული იყო.

ალიანსში სამხედრო გადაწყვეტილებებზე სრულყოფილი გავლენის მოპოვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხედვას და მაშასადამე ჩვენ ინტერესს მოკავშირეები სრულად გაითვალისწინებენ. შევწყვიტოთ იმაზე ფიქრი, რომ ნატოსა და ევროკავშირს შორის მხოლოდ უნაყოფო თამაში მიდის. ევოლუციამ დაგვანახა, რომ ევროკავშირი და ნატო სულ უფრო ხშირად ერთდროულად, ერთსა და იმავე სამხედრო თეატრში მუშაობენ: კოსოვოში - EULEX და KFOR, ავღანეთში - EUPOL და FIAS… მაგრამ ეს მისიები თანაბრად აუცილებელია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი საკმაოდ სრულყოფილი და ფართოა. დღეს, ცივი ომის პერიოდში ინტეგრირებული სამხედრო ძალები აღარ არსებობენ. ჩვენი მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში (კოსოვოში, ავღანეთში, ხმელთაშუა ზღვაში) ჩვენს სრულყოფილ სუვერენიტეტს ადასტურებს. მოკავშირეთა გუნდისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ჩვენთვის ეს ჭეშმარიტებაა - ერებს თავიანთი სამხედრო ძალები ნატოს განკარგულებაში ჰყავთ გადაცემული, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ინტეგრირებული არ არიან და ყველა მათი მისია მათი სახელმწიფოების მიერ უნდა იყოს მოწონებული. ამას იმიტომ ვიმეორებ, რომ ჩვენს ყოფნას სამხედრო სტრუქტურებში ჩვენი ძალების ინტეგრაცია არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება და მაშასადამე ჩვენს სუვერენიტეტს ვერაფერს დააკლებს, თუნდაც მასში ფსიქოლოგიურ, პოლიტიკურ, სენტიმენტალურ და ნაციონალურ ღირებულებებს ვაქსოვდეთ.

პირიქით, როდესაც ჩვენ სამხედრო სტრუქტურებში არ ვართ, რომელიც ოპერაციებს არჩევს და მათ ჩატარებაზე გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ ამ ოპერაციებში ვმონაწილეობთ, მხოლოდ იმის არჩევანიღა გვრჩება, რომ დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ იმ გეგმას, რომელიც ჩვენს გარეშე მომზადდა და შემდეგ ჩვენი გენერლები და ჯარისკაცები იძულებულნი არიან ისინი პრაქტიკაში განახორციელონ.

სხვათაშორის, ყველა მონაწილეს შეუძლია ოპერაციას შეეწინააღმდეგოს და მის განხორციელებაში მონაწილეობა არ მიიღოს. ასე მოიქცნენ ბერძნები 1999 წელს კოსოვოში საჰაერო ოპერაციის ჩატარების დროს, გერმანელები 2003 წელს ერაყში ამერიკელების პოლიტიკას წინ აღუდგნენ. ეს ყველაფერი, სამხედრო ხელმძღვანელობაში ინტეგრირებული ქვეყნების თავისუფალ არჩევანზე მოწმობს. შემდეგ მაგალითად გამოდგება საქართველოსა და უკრაინის ნატოში აუცილებელი მიღების გეგმაზე მტკიცე “უარის” თქმა ჯერ ბუქარესტის სამიტზე აპრილში და მერე გასული წლის ბოლოს, მინისტრების სხდომაზე ბრიუსელში.

მე ღრმად მწამს, რომ ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობაში ჩვენი მონაწილეობა, ჩვენი გავლენის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს, რისი ნაკლებობაც მე პირადად არა ერთხელ მიგვრძნია მშვიდობისადმი მხარდაჭერის მრავალრიცხოვანი ოპერაციების ჩატარების დროს. ევროპულ ორგანიზაციაში ინტეგრაცია, იქ ჩვენი თვალსაზრისის გაფართოებას ნიშნავს. ამას ჩვენი მეგობრებიც გვეუბნებიან და ყველა ამის მომხრეა. მე ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვიცი, რომ ჩვენ იქ მნიშვნელოვან პოზიციებს დავიკავებთ.

თუ ჩვენ ეს გვსურს, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, მისი ძირითადი ღირებულებები, რომლებმაც 60 წლის განმავლობაში და ცივი ომის დამთავრების შემდეგ ალიანსის ძლიერება და მიმზიდველობა შექმნეს, დაბალანსდება და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მონაწილეობით ალიანსის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყება.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში პირველად შესაძლებლობა გვაქვს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის გაწონასწორებული ურთიერთობები ავაგოთ, სადაც სოლიდარობა ვასალობის საპირწონე არ იქნება, როდესაც ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება გადაწყვეტილების მიღებას წინ გაუსწრებს. პრეზიდენტების, ბუშისა და ობამას შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის მიუნჰენში გაკეთებული განცხადებები ამაზე ნათლად მიუთითებს.

11 სექტემბრიდან დაწყებული, ჩვენ ვიცით რომ საფრთხეებს საზღვარი არ აქვთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა ჩვენი საზღვრებიდან შორს იწყება. ტერორიზმი, დამანგრეველი მასობრივი იარაღისა და რაკეტების რაოდენობის ზრდა, კიბერ-თავდასხმები, მეკობრეობა, ენერგეტიკული არასტაბილურობა - ეს გამოგონილი ფობიები არ გახლავთ, არამედ რეალობაა, რომლის პირისპირაც ვდგავართ. უკანასკნელი წლების მოვლენებმა ეს დაადასტურეს. მაშასადამე, გულწრფელები ვიყოთ, საფრთხეები იზრდება. ვერავინ, ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს თავისი ხალხი  წარმატებულ და ბედნიერ იზოლაციაში ამყოფოს. 

არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ალიანსის შემადგენობაში ჩვენ იგივე სიმტკიცე არ გვქონდეს, რომელიც თავად ჩვენს ალიანსს ჰქონდა 60 წლის განმავლობაში.

გმადლობთ.

2009 წლის 11 მარტი

ორიგინალი

No comments: