ევროკავშირს ახალი პრობლემური რეგიონი აქვს და არ იცის რა მოუხერხოს.
მას შემდეგ რაც ბალკანეთში სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, დასავლეთი კავკასიაში ახალი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა. საქართველოს ომმა ევროკავშირი აიძულა პროცესში ჩაბმულიყო, თუმცა ერჩივნა კონფლიქტური რეგიონისთვის თვალი გვერდიდან ედევნებინა.
”გინესის რეკორდების წიგნში,” ასეთი ჩანაწერი რომ ყოფილიყო - ”ყველაზე მცირე ტერიტორია ყველაზე მრავალრიცხოვანი კონფლიქტებით” - კავკასია ამ კატეგორიაში შეიძლება კანდიდატი გამხდარიყო. შავსა და კასპიის ზღვებს შორის მოქცეული ეს პატარა მიწა - შეიარაღებული შეტაკებებისა და დახურული საზღვრების არეალია: რუსეთ-საქართველოს საზღვარი ისევე დაკეტილია, როგორც თურქეთ-სომხეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის. კავკასიაში სურვილი და რეალობა ერთმანეთს მკვეთრად სცილდება. საქართველოს ერთი მხრივ აქვს გადაუწყვეტელი კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მაგრამ იმავდროულად მისი სატრანზიტო ფუნქცია, მას რეგიონში საკვანძო როლს ანიჭებს. ამ როლის გამო ხელმძღვანელობა თბილისში ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების მოლოდინშია, რაც ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღეს, არარეალურია.
ინტერნაციონალიზებული კონფლიქტები
თუკი ბალკანეთი ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე პრობლემური რეგიონი იყო, რომელიც ევროკავშირის ყურადღების საგანი გახლდათ, ახლა ამ ორგანიზაციის მზერა სულ უფრო აღმოსავლეთით, კავკასიისკენ ინაცვლებს. 2008 წლის აგვიტოს ომმა აჩვენა, რომ ”გაყინული კონფლიქტებიც” კი მოულოდნელად შეიძლება ხელახლა გაღვივდეს. კონფლიქტები, რომლებიც 1990-იან წლებში ეთნიკურ და ლოკალურ კონფლიქტებად მიაჩნდათ, დღეს საერთაშორისო კომპონენტს იძენს.
ერთის მხრივ, ეს განპირობებულია საერთაშორისო ეკონომიკური ინტერესებით რეგიონში (ნავთობი და ბუნებრივი აირი), მეორე მხრივ კი იმით, რომ რეგიონის ცალკეული ქვეყნები დასავლური სახელმწიფოების მოკავშირეები გახდნენ. ასეთ მცირე სივრცეში თავი მოიყარა, აბსოლუტურად შეუთავსებელმა ინტერესებმა. საქართველო ნატოსკენ მიისწრაფვის, სომხეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს, აზერბაიჯანი კი თავს ნეიტრალურად განიხილავს. ასეთ დანაწევრებას არასტაბილურობისკენ მივყავართ.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განახლება, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირის დაშლის თანმდევი კონფლიქტი იყო, დღეს რუსეთს, აშშ-ს და ევროპულ ქვეყნებს ჩაითრევს. ასევე, უკრაინულ-რუსული დავა ყირიმში სევასტოპოლში არსებული რუსული ფლოტის გარშემო და ამ რეგიონში ეთნიკური რუსების სტატუსი - მხოლოდ რეგიონის პრობლემა აღარაა.
1990-იან წლებში, იუგოსლავიის დაშლის დროს წარმოქმნილი ბალკანური ომების ჩაქრობა შესაძლებელი გახდა, ყოველ შემთხვევაში არსებობს ძლიერი პოლიტიკური და ორგანიზაციული ჩარჩოები, რომლითაც ჯერ კიდევ არსებული პრობლემის - როგორიცაა, მაგალითად, კოსოვო - ლოკალიზების ან გადაწყვეტის რესურსი არსებობს. კავკასიაში, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებულ სადემარკაციო ზოლში ევროკავშირის 260 დამკვირვებელი მუშაობს. ისინი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის პროცესს თვალყურს ადევნებენ, მაგრამ რაიმე ჩარჩო-ხელშეკრულება ან ევროპული სტრატეგია ამ რეგიონთან მიმართებაში არ არსებობს. ევროპელებისთვის ეს რეგიონი ისეთივე ყამირია, როგორიც თავის დროზე იუგოსლავია იყო. ბერტელსმანისა და ჰენრიხ ბიოლის ოფისებმა თბილისში დისკუსია, სწორედ ამ აქტუალური საკითხების განხილვისთვის გამართეს.
თუმცა ბალკანეთისა და კავკასიის სიტუაციები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. იუგოსლავიის ომების გამო, ევროპას დევნილთა დიდი მასები მიაწყდა, რის გამოც ევროპული ქვეყნები იძულებულები გახდნენ ჩართულიყვნენ კონფლიქტში. მას შემდეგ რაც ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღეს, აშშ-ს და ევროპას მესამე ძალის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. უფრო მოშორებით წარმოქმნილ რუსეთ-საქართველოს ომში კი განსხვავებული გარემოებებია. კავკასიაში, მნიშვნელოვან როლს კიდევ ერთი ძლიერი ”აქტიორი”, რუსეთი თამაშობს, რომელსაც რეგიონში გავლენა აქვს. თუმცა, უდაოა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რკალი, რომელიც გადაჭიმულია ბელორუსიიდან, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისკენ, ევროკავშირის ყველაზე პრობლემურ სამეზობლოს წარმოადგენს. იმ 12 რესპუბლიკიდან ნახევარი, რომლისგანაც ოდესღაც საბჭოთა კავშირი შედგებოდა, ცდილობს ”საერთო ევროპულ სახლში” საკუთარი ადგილი მოიპოვოს.
ევროკავშირის ფრანგული პრეზიდენტობა აგვისტოს ომში აქტიურად ჩაერთო. პრეზიდენტმა სარკოზიმ საქართველოში ევროპის დამკვირვებელთა მისიის განთავსებაზე მოსკოვს თანხმობა გამოსტყუა, თუკი ადრე ევროკავშირის მონაწილეობა რეგიონში ფულადი დახმარებებით და თბილი სიტყვებით შემოიფარგლებოდა, ამჯერად ის პირველად, უშუალოდ ხდება რეგიონში მიმდინარე პროცესების მონაწილე, მაგრამ წარმატება ამით შემოიფარგლა. ევროპელები იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ მათი ორი პირობა შეუსრულებელი დარჩა. რუსეთმა არ დაუშვა ევროპელი დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და იმავდროულად სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა, მოსკოვმა არ გაიყვანა ჯარები სამხრეთ ოსეთის იმ ადგილებიდანაც, რომლებსაც მანამდე საქართველო აკონტროლებდა.
მართალია კრემლი არღვევდა სარკოზის მიერ მიღწეულ შეთახნმებას, მაგრამ ევროკავშირმა მალევე გაალღო რუსეთთან ურთიერთობა. ბრიუსელის კომისიამ და ცალკეულმა წევრმა-სახელმწიფოებმა ომის დასრულებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ აღიარეს, რომ მოსკოვთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე ახალი შეთანხმების მიღწევაში დაინტერესებულები არიან. სინამდვილეში, მალევე ცხადი გახდა, რომ რეგიონში დამკვირვებლების გაგზავნა არა ფართო სტრატეგიის ნაწილი, არამედ საქართველოში კრიზისებთან გამკლავების მოკლევადიანი გადაწყვეტილება იყო.
ევროკავშირი კავკასიის სახელმწიფოებს და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს უფრო მეტს სთავაზობს, ვიდრე წარსულში. კომისია ”აღმოსავლური პარტნიორობის” ინიციატივით გამოვიდა. პროგრამა მოიცავს დამატებით 350 მილიონიან (ევრო) დახმარებას, ასევე სავაჭრო ხელშეკრულებას და გამარტივებულ სავიზო რეჟიმს. ეს აღმოსავლური პოლიტიკა ერთგვარი ტრიუკია, რომ ერთის მხრივ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ინტერესი შეინარჩუნონ და მეორეს მხრივ, მათ განსაკუთრებული შეღავათები არ გაუკეთონ.
მოსკოვის აჩრდილი
ევროკავშირი კავკასიასა და დანარჩენ რესპუბლიკებთან დისტანციას ინარჩუნებს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის არც თუ უმნიშვნელოა დასაბუთებული ეჭვები მათ პოლიტიკურ სტაბილურობასა და დემოკრატიულ სიმწიფეზე, თუმცა დიდი ქვეყნები და პირველ რიგში გერმანია გაურბიან ყველაფერს, რაც კი მათ რუსეთთან ურთიერთობას გაართულებდა. ისინი უსიტყვოდ ეთანხმებიან, მაგრამ ოფიციალურად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს რეგიონი მოსკოვის გავლენის სფეროა და ეს იმ დროს, როდესაც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოვების ბოლო ტალღაში უკრაინასა და საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთისთვის მონაწილეობის უფლება არ შეუთავაზებიათ.
თუმცა არც არავის წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი, რომელიც რუსეთის ჰეგემონიის უფლებას უარყოფს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღევანდელი უკრაინის რეგიონი ისტორიულად ერთ დროს რუსეთის ნაწილი იყო, საქართველოს ნატოში გაწევრიანება კი შეუძლებელია, რადგან ქვეყანა ჩაფლულია ტერიტორიულ კონფლიქტებსა (აფხაზეთი, ოსეთი) და რუსეთთან დავაში. ასეთი ლოგიკით, საბჭოთა საფრთხის პირობებში ფედერაციული რესპუბლიკა ნატოში მხოლოდ 1990 წლის შემდეგ უნდა გაწევრიანებულიყო, რადგან ქვეყანა მანამდე გაყოფილი იყო. შესაბამისად ნატოს განმარტებაც იცვლება და ალიანსი, რომელიც სწორედ რთულ სიტუაციებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიების შემქმნელი ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო, მეტიჩრებისა და უზრუნველყოფილთა კლუბად გარდაიქმნება, რომლებსაც გარე საფრთხეების აღარ უნდა ეშინოდეთ.
No comments:
Post a Comment