ლორენ მიიო
18 სექტემბერი 2008
Libération-მა რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს რია "ნოვოსტი"-ს ყურადღება დაიმსახურა. თემა სხვა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმაც აიტაცეს. "ფრანგული გაზეთი სამძიმარს არ დაეთანხმა” – ასე ერქვა სამშაბათს საღამოს გავრცელებულ ცნობას, სადაც ნათქვამი იყო, რომ Libération-მა უარი განაცხადა "სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის მსხვერპლთა" სამძიმრის გამოქვეყნებაზე. პარიზში რუსეთის საელჩო მზად იყო 9000 ევრო გადაეხადა, რომ ეს პუბლიკაცია განცხადებების რუბრიკაში გვერდის მეოთხედზე განთავსებულიყო – იტყობინებოდა სააგენტო რია "ნოვოსტი".
საელჩოს პრეს-ატაშე სერგეი პარინოვი, რომელსაც ჟურნალისტები გუშინ დაუკავშირდნენ, აღშფოთებულია: ორშაბათს გაზეთი ავარჩიეთ, რომ მასში განცხადება გამოგვექვეყნებინა, რადგან ამ გამოცემამ თავი წარმოაჩინა, როგორც "ყველაზე ოპერატიულმა" პრესამ, Le Figaro -სთან და Le Monde-თან შედარებით. წინა დღით ის დაგვთანხმდა, რომ განცხადებას დაბეჭდავდა ერთი პირობით: ტექსტიდან უნდა ამოგვეღო ფრაზა, რომელშიც "თბილისის რეჟიმის შეტევა" გაკიცხული იყო. თუმცა საბოლოოდ გაზეთმა უარი თქვა ამ ტექსტის გამოქვეყნებაზე, რომელიც დანგრეული ცხინვალის ფოტოს ფონზე უნდა დაბეჭდილიყო: "სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის მსხვერპლთა – ოსების, ქართველების, რუსების - ხსოვნის საპატივცემულოდ. ჩვენ მათი ახლობლების მწუხარებას ვიზიარებთ".
სინამდვილეში Libération პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს არ აქვეყნებს. რუსეთში, სადაც შეეჩვივნენ, რომ ფული ყველა კარს ხსნის, ამ უარმა ლამის სენსაცია გამოიწვია. "საფრანგეთში სკანდალი გორდება" – იუწყება გუშინ რადიო "ეხო მოსკვი". რუსეთის ხელმძღვანეობის აზრით, Libération-ის უარი – დასავლური გულქვობის კიდევ ერთი სამხილია. რია "ნოვოსტი"-ს ცნობის ფრანგული ვერსია იუწყება: "სამხრეთ ოსეთი: გაზეთმა Libération მსხვერპლი დაივიწყა?". ვფიქრობთ, მხოლოდ ერთმა რუსულმა საინფორმაციო საიტმა - "იზბრანნოე" დაუჭირა მხარი ჩვენს პოზიციას, გამოაქვეყნა რა სტატია სათაურით: "ლიბერასიონი თანაგრძნობით არ ვაჭრობს". საელჩოს მიერ მოწოდებულ განცხადებაში მინიშნება იყო რუსეთის ქმედებებზეც, რომელიც თურმე სამხრეთ ოსეთის დახმარების მიზნით მოქმედებდა, რომ ის საქართველოს ბრჭყალებიდან გამოეხსნა. Liberation პერიოდულად უარს ამბობს მსგავსი განცხადებების გამოქვეყნებაზე, რომლებშიც ფულს ათასგვარი რეჟიმები იხდიან.
No comments:
Post a Comment