მეთიუ ლი
The Associated Press
18 სექტემბერი 2008
ვაშინგტონი - სახელმწიფო მდივანმა რუსეთთან დაკავშირებით უჩვეულოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა: რუსეთი არსაითკენ მიმავალ გზას დაადგა.
ვაშინგტონში გერმან მარშალის ფონდში გამოსვლისას რაისმა რუსეთის ლიდერებზე გამანადგურებელი შეტევა მიიტანა და განაცხდა, რომ მათ თავისი გაუთვლელი პარანოიდალური პოლიტიკით, ამაყი ერი გლობალური მასშტაბის გაუგებრობაში ჩაითრიეს. მიუხედავად ამისა, პატარა მეზობლის მიმართ რუსეთის სრულიად მიუტევებელ აგრესიაზე, ბუშის ადმინისტრაციას რიტორიკის მიღმა მიმავალი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.
მარტოოდენ ის ფაქტი, რომ ყოფილ სოვეტოლოგს რაისს, ერთ თვეზე მეტი დასჭირდა პოლიტიკური ვითარების შეჯამებისთვის, იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი სულაც არ ჩანს ირელევანტურ მოთამაშედ მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე, ხოლო ვაშინგტონს ცივი ომის გამყინვარების დაბრუნების ეშინია.
საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა რაისს, რომელმაც დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა, უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა ურჩია.
"მე მგონია, რომ სახელმწიფო მდივანი, როცა დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს, თავის შეფასებებში სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას უნდა იჩენდეს", - აღნიშნა გორბაჩოვმა პრეს-კონფერენციაზე ფილადელფიაში. კომენტარი გორბაჩოვმა მშვიდობის ორდენის მიღებამდე გააკეთა. ჯილდო მას ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა ეროვნული კონსტიტუციის ცენტრში გადასცა.
გორბაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამხედრო აქციას უპასუხა და რომ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით, კიდევ უფრო ართულებს ორი ქვეყნის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს.
რაისის გამოსვლა მართლაც ძალიან მკვეთრი იყო, მაგრამ კონკრეტულ ზომებზე, რომელთა მეშვეობითაც ვაშინგტონი რუსეთის დასჯას აპირებს, არაფერი უთქვამს: ადმინისტრაციას, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა იწურება, ირანისა და ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის პრობლემის მოგვარებაში, ტერორიზმთან ბრძოლაში, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში რუსეთის დახმარება სჭირდება.
მაშინაც კი როდესაც რაისი რუსეთს ცუდი საქციელისთვის გმობდა, საკითხების მთელი წყება ჩამოთვალა, რომელთა მოგვარებაში აშშ-სა და რუსეთის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და იმედიც გამოთქვა, რომ რუსეთი მოახერხებს შერყეული რეპუტაციის აღდგენას.
სახელმწიფო მდივანმა კრემლი ომისა და "თვითიზოლაციის პოლიტიკის" გატარების გამო აბუჩად აიგდო და იმაზეც მიანიშნა, რომ მსგავსი ქმედებების გამო რუსეთს მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება გაუჭირდება.
"სურათი, რომელიც ქცევის ამ მოდელმა დაგვანახა ადასტურებს, რომ რუსეთი შინ სულ უფრო ავტორიტარული და გარეთ სულ უფრო აგრესიული ხდება" - თქვა რაისმა.
"ჩვენი სტრატეგიული მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ გავაგებინოთ რუსეთის ლიდერებს - მათ არჩევანს ქვეყანა თვითიზოლაციისკენ მიყავს" - განაცხადა რაისმა.
"რუსეთის რეპუტაცია მსოფლიოში, 1991 წლის მერე ასე შელახული არ ყოფილა" - თქვა მან - "საზღაური, რომელიც ქვეყანამ ამ თვითდამანგრეველი თვითიზოლაციის გამო უნდა გაიღოს არნახულად დიდი იქნება".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაისის გამოსვლაზე მყისიერი რეაქცია არ მიუცია. ამავე დროს, ხუთშაბათს დიპლომატებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა რუსეთისთვის კვლავინდებურად პრიორიტეტულია. :ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ კონსტრუქციული, გრძელვადიანი ურთიერთობები განვავითაროთ" - თქვა მან.
"აშშ-რუსეთის ურთიერთობებს უფრო მწვავე სიტუაციებიც ახსოვს, მაგრამ საღი აზრი, პრაგმატიზმი და ერთმანეთის ინტერესთა პატივისცემა საბოლოოდ ყოველთვის პრევალირებდა" - აღნიშნა მედვედევმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მუდმივად ემუქრებიან დიდი რვიანიდან გარიცხვით, რაისს მთელი სიტყვის განმავლობაში ეს ერთხელაც არ უხსენებია და მხოლოდ მსოფლიო სავაჭრო და კიდევ ერთ ნაკლებად ცნობილ ორგანიზაციაში (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) გაწევრიანებისას პრობლემების შექმნით იმუქრებოდა.
ბუშის ადმინისტრაციამ მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმება რუსეთთან შეაჩერა, მაგრამ დამატებით ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს. ბოიკოტიც კი, რომელიც რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარეკებებს კრძალავდა, ახლა აღარ განიხილება.
მას შემდეგ, რაც რუსეთი პროდასავლურ საქართველოში შეიჭრა, რაისს ასე მკვეთრად ჯერ არ ულაპარაკია, მაგრამ მისი გამოსვლის პოლიტიკური კონტენტი ბუშის, ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისა და თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის ადრინდელი განცხადებებისგან დიდად არ განსხვავდებოდა.
ლონდონში ხუთშაბათს გეითსმა ნატოში არსებულ განსხვავებულ პოზიციებზე მიანიშნა. ამ გაზაფხულზე საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანების პროცესი ევროპელთა კონტრარგუმენტებმა შეაჩერა.
"ვფიქრობ, გარკვეული სიფრთხილე გვმართებს, რადგან ცხადია, რომ კონფლიქტზე ალიანსის პასუხთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს" - უთხრა გეითსმა ჟურნალისტებს ნატოს თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე. აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი გაიყო.
No comments:
Post a Comment