საქართველოსთან ომის შემდეგ მოსკოვის ძალისმიერ ახირებებზე ყველაზე ეფექტური წინააღმდეგობა რუსეთს იქიდან შეხვდა, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდა: ბრუსელიდან.
მოსკოვის საქართველოში შეჭრამ დაადასტურა, რომ რუსეთს სურს განაცხადოს, რომ სუპერსახელმწიფოს სტატუსს იბრუნებს, საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადაა, აგრესიულია დიპლომატიაში და ძალის გამოყენების არ ეშინია. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სამხედრო ოპერაციით რუსულ თავდასხმას პასუხობდა, თუ თავად მიიღო კატასტროფულად ბრიყვული გადაწყვეტილება სამხედრო გზით მოეგვარებინა ტერიტორიული პრობლემა? ასეა თუ ისე, რუსეთი მეზობელ სახელმწიფოში შეჭრისთვის მზად იყო; ქართული ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განადგურება ისევე კარგად იყო მომზადებული, როგორც სასწრაფო წესით სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
ჭკვიანმა რუსულმა მმართველმა ტანდემმა, პუტინის და მედვედევის სახით, სწორი ანალიზი გააკეთა, დაასკვნა რა რომ სუპერსახელმწიფო აშშ ვერ შეძლებს საპასუხო საჯარიმო სანქციების დაწესებას თავისი ქართველი პროტეჟეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ვაშინგტონს შეუძლია გაპროტესტება და გაფრთხილება, პრეზიდენტობის კანდიდატს მაკკეინს შეუძლია ერთი ხელის მოსმით ყველა ამერიკელი ქართველად გამოაცხადოს – მაგრამ ამერიკა ამით შემოიფარგლება. უსაფრთხოების გარანტიები რომლებიც ვაშინგტონმა თითქოს საქართველოს მისცა და რომლებმაც გაამხნევა სააკაშვილი სამხედრო მოქმედებაზე წასულიყო, დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით სასაცილო აღმოჩნდა. ამერიკის, როგორც უსაფრთხოების გარანტის იმიჯისთვის ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
სუპერსახელმწიფოების კონფლიქტი კავკასიის გარშემო
ბოლო წლებში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ აშშ კავკასიას საკუთარ სტრატეგიულ ბაღჩად აღიქვამდა. ახლა რუსეთმა გეოგრაფიაში კორექტივები შეიტანა და მეზობლებს აჩვენა, რომ ვაშინგტონი – არ არის ის პარტნიორი, რომელიც უსაფრთხოების გარანტად გამოდგება. დღესდღეობით აშშ-ს არ აქვს იმის საკმარისი ძალა, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში წესრიგს თვალყური ადევნოს. ასეთ დასკვნამდე მიდის New York Review of Books-ში უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ჯორჯ ფრიდმანი. მით უფრო, რომ ირანთან დაკავშირებით ვაშინგტონი კვლავ მოსკოვზეა დამოკიდებული. თეირანი ძალიან არის დაინტერესებული რუსული შეიარაღების სისტემებით, რომელთა ხილვას მოლების რეჟიმის ხელში, ვაშინგტონი ნამდვილად არ ინატრებდა.
რუსეთის ნეოიმპერიულ პრეტენზიებს - რეგიონში სუპერსახელმწიფოს სტატუსი ჰქონდეს - ეფექტური წინააღმდეგობა სულ სხვა მხრიდან შეხვდა. ერთის მხრივ, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო აქამდე უარს ამბობდა დაჰყოლოდა რუსულ არგუმენტაციას და კოსოვოს პრეცედენტის საფუძველზე საქართველოს აჯანყებული რეგიონების დამოუკიდებლობა ეცნო. მაგრამ მოსკოვი ამას შეეგუება, სანამ დრო ყველაფერს თავის ადგილს არ მიუჩენს – მით უფრო, რომ დღეს არარეალურად გამოიყურება, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოდესმე ისევ საქართველოს კონტროლის ქვეშ დაბრუნდნენ. მოსკოვის თვალთახედვით გაცილებით სახიფათოა ევროპელების საოცრად მკაფიო, დინამიკური და ბრძნული რეაქცია.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროკავშირს ნიკოლა სარკოზი თავმჯდომარეობს, რომლის პირადი ავტორიტეტიც კოლეგებს შორის კრიზისის დასაწყისში არც თუ ისე მაღალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მის წევრებს ასე გამეტებით შეეძლოთ ყველა სხვა თემაზე მეტად სწორედ რუსეთთან დაკავშირებით ეკამათათ, და იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ განელებია შოკი კონსტიტუციის რეფორმის არაერთგზის ჩავარდნის გამო, ქართული კრიზისის დაწყების მომენტიდან ევროკავშირი უფორმო მასას აღარ წარმოადგენს, როგორც ამას მოსკოვი შეეჩვია.
სარკოზი თავით გადაეშვა კრიზისულ მენეჯმენტში, და მოლაპარაკებებზე დაშვებული ზოგიერთი შეცდომის მიუხედავად, ევროკავშირის ყველა წევრმა ცნო მისი, როგორც ევროკავშირის პოზიციის გამომხატველის ავტორიტეტი. ევროპული სახელმწიფოები განაგრძობენ მედიაში კამათს თემაზე, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ რუსეთთან – პარტნიორული თუ კონფრონტაციული, მაგრამ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც კრიზისს მიეძღვნა, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთთან პრაგმატულ-გაწონასწრებული მოპყრობის გადაწყვეტილებამდე მივიდნენ – ანუ საუბარი ეხებოდა ურთიერთობების არა დრამატულ დაკონსერვებას, არამედ ახალი მოლაპარაკებების შეჩერებას. ამ მომენტიდან ამ კურსის მიზანშეწონილობა არცერთი ევროპული ქვეყნის მთავრობას ეჭქვეშ არ დაუყენებია.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი 8 დღის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება იყო – შემხვედრი ნაბიჯი გადაედგათ უკრაინის ამბიციისკენ გახდეს ევროკავშირის წევრი, რითაც მოსკოვს გააგებინეს, რომ საჯარიმო აქციები და შეშინების ზომები მხოლოდ ხელს უწყობს უკრაინის ტიპის სახელმწიფოების ევროკავშირში ინტეგრაციას. მაგრამ არსებითად კიევთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში, მაგალითად გერმანია ჯერ კიდევ სერიოზულად ყოყმანობს. არც სარკოზი არ ხუმრობს, როდესაც აცხადებს, რომ ევროკავშირი მანამ არ მიიღებს ახალ წევრებს, ვიდრე სამთავრობო სტრუქტურები არ გამყარდება. თუმცა, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შანსი რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.
ევროკავშირმა გაკვეთილი მიიღო
სულ რაღაც რამდენიმე კვირის მანძილზე ევროკავშირის 27 სახელმწიფომ რუსეთის სამხედრო ქმედებებზე ერთიანი სტრატეგიული პასუხის შემუშავება შეძლო. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ევროპისგან ელოდნენ, რომელიც გააფთრებულად კამათობდა ერაყის ომის ირგვლივ და რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების ჩავარდნამ შოკში ჩააგდო. Economist-ს რომელიც ჩვეულებრივ ევროკავშირის პოლიტიკას ირონიულად აფასებს, პირველ გვერდზე გამოქვს სათაური: Europe Stands up to Russia("ევროპამ რუსეთს ფსონი გაუორმაგა"). ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, ის რომ ბრიტანელი კონსერვატორების საგარეოპოლიტიკურმა წარმომადგენელმა, მათმა ყოფილმა ხელმძღვანელმა და ევროფობმა უილიამ ჰეიგიმ ყველას არა ბრიტანული, არამედ ევროპული პასუხისკენ მოუწოდა.
ევროკავშირმა, რომელმაც დანაშაულებრივად უყურადღებოდ მიატოვა ოსური კონფლიქტი, ვიდრე საქართველოში ომი არ დაიწყო, როგორც ჩანს ამჯერად ერთიანი პასუხის ფორმულირება შეძლო – და ეს იმ დროს, როდესაც ამერიკა უუნარო აღმოჩნდა ყოველშემთხვევაში თავისი არაკომპეტენტურობის და საკუთარ თავზე აღებული ზედმეტად ბევრი ვალდებულებების გამო. ჩვენ ვისწავლეთ – და ამჯერად შეიძლება გამოგვივიდეს – რომ ცალ-ცალკე კრიზისთან გამკლავებას და მეზობლის უწესო თამაშისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შევძლებთ. ჩვენ ეს მომენტი უნდა გავაცნობიეროთ. რაღაც ახალი ხდება, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს.
No comments:
Post a Comment