მარკუს ბერნატი
18 თებერვალი 2009
საქართველოს ომის შემდეგ კავკასია ისევ მოდაშია. რეპორტიორები, ისტორიკოსები და პოლიტოლოგები თავისუფლების ვირუსს მისდევენ.
რა თქმა უნდა, ისინი გიჟები არიან. ომის დაწყება ძლევამოსილი მეზობლის, თავად 52-ე არმიის წინააღმდეგ, გონივრულ ქმედებას არ გავს. ალექსანდრე ლომაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ამას თავად აღიარებს, ”ყველა ფიქრობს რომ ჩვენ გიჟები ვართ, რადგან რუსეთს ავუმხედრდით, ამ დიდ, ძლევამოსილ ქვეყანას,” უხსნის ის გორის დაბომბვის დროს, ჯონატან ლიტელს, ფრანგ-ამერიკელ ავტორს. თითქოს ეს ყველაფერი მართლაც ბოდვას გავს. მაგრამ ამ დროს ლომაია საუბარს მსხვერპლზე იწყებს, რომელიც 2008 წლის ზაფხულში საქართველომ გაიღო, რათა მსოფლიო გამოეფხიზლებინა და მისთვის რუსების რეალური სახე ეჩვენებინა - და აქ ის აბსოლუტურად სერიოზულ ადამიანად გადაიქცევა.
ამ საუბრის დროს, ჩვენ დიდ ”მერსედესში” ვსხედვართ - ფრიდონი, ქართველი ფოტო-რეპორტიორი და მე - გორისკენ გზა ჯერ კიდევ ჩაკეტილია - რუსმა კომენდანტებმა ასე გადაწყვიტეს. ამიტომ, ჩვენ თბილისის აეროპორტთან არსებული დევნილების ბანაკის მოსანახულებლად მივდივართ. უკანა გზაზე ფრიდონი - რადიო-ტექნიკოსი, კინემატოგრაფისტი და ვებ-გვერდის დიზაინერი, რომელიც გარკვეულ დღეებში მძღოლადაც მუშაობდა - მანქანაში 1950-ანების იტალიურ ჰიტს ისმენს, რომელიც საიდანღაც ამოქექა - Tu vuò fa l'americano - ”შენ გინდა ამერიკელი იყო”
ეს ერთგვარი მადლიერებაა, რომელსაც ქართველები ამერიკელების მიმართ გამოხატავენ. ფრიდონი მთელი გზა იმეორებს - americano, americano და მანქანას მტკვრის სანაპიროს გასწვრივ, ფართო გზატკეცილზე მიაქანებს ბარათაშვილის გამზირისკენ, იქიდან ”თავისუფლების მოედანზე” და შემდეგ რუსთაველზე, ქალაქის მთავარ გამზირზე.
არადა, აქ შეიძლება რუსები ყოფილიყვნენ და ასფალტზე, რომელიც 3 წლით ადრე, ჯორჯ ბუშის ვიზიტისთვის საგანგებოდ დაიგო, ტანკებით ევლოთ. როგორც ჩანს ისინი ზავმა შეაჩერა, რომელიც მათ საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოსტყუა, მაგრამ მაინც, რუსები აშკარად ნაკლებად გიჟები არიან, ვიდრე ქართველები. ”შენ გინდა ამერიკელი იყო”, ისმის დინამიკებიდან - ma si nato in Italy!, ”მაგრამ იტალიაში დაიბადე”
თბილისი, რაღაც თვალსაზრისით წარმოსახვაა. კავკასია მთლიანად ფანტაზიის ნაყოფია, რომელსაც აქ ასწლეულების განმავლობაში ევროპის დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან ჩამოსული მოგზაურები ქმნიდნენ. დღეს, ამ 15 მილიონმა ადამიანმა, რომელიც კავკასიის დიდსა თუ პატარა მთებში ცხოვრობს, საკუთარი თავი აჩვენა. ჯონატან ლიტელი აგვისტოს დღეებში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თავის ”მოგზაურის ჩანაწერებს” რუსული ფრაზით იწყებს: ”პიშიტე პრავილნო” - ”სიმართლე დაწერეთ, დაწერეთ ის რაც სინამდვილეში იყო.”
მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს რეგიონში, სადაც სახელმწიფოებრივი იდენტობა განსაზღვრული არ არის და იგრძნობა, რომ რაციონალურობა დღითიდღე ფეხქვეშ ითელება?
კავკასიური ომმმა, რომელიც აგვისტოში 5 დღეს გაგრძელდა (ხუშაბათის ღამიდან - ორშაბათის შუადღემდე) იმ პროპაგანდის ჯიბრზე, რომლითაც თბილისი და მოსკოვი საზოგადოებას აბრუებდნენ, ყველას ჭეშმარიტების წამი აჩუქა. რაღაც მომენტში ფარდა გაიხსნა, და გამოჩნდა, რომ დასავლეთის რიტორიკა ”სამხრეთ კავკასიაში” ძალთა ბალანსის თაობაზე მითი იყო. რუსეთი დომინანტია, დასავლეთი კი შერხვენილი. მას არასდროს არ ესმოდა რა ხდებოდა მის სამხრეთ საზღვრებთან.
იმავდროულად, კავკასიის ფენომენის ამოსახსნელად ორი საშუალება არსებობს: ინფორმაცია და ანალიზი, სამუშაო რასაც რეპორტიორები ან ჟამთააღმწერლები აკეთებენ - აგროვებენ ფაქტებს და ცდილობენ კავკასიის პოლიტიკური განვითარების მიმართულება გაიგონ, რომლის მნიშვნელობაც დღეს ევროკავშირისა და ამერიკისთვის ერთი სიტყვით განისაზღვრება - ”სტრატეგიული”.
ჯონატან ლიტელი, ისტორიკოსი შარლ კინგი და ვენდელ სტივენსონი, რომელმაც გასულ დეკემბერს, ნიუ-იორკერში საქართველოს პრეზიდენტზე 10 გვერდიანი პორტრეტი გამოაქვეყნა („მარშით საქართველოზე”, 15 დეკემბერი 2008) ”რეპორტიორების” პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
სამივე, გასული წლების განმავლობაში კავკასიაში რეგულარულად მოგზაურობდა. ლიტელმა გარკვეული დრო ჩეჩნეთშიც გაატარა, სადაც ის ჰუმანიტარულ მისიას ხელმძღვანელობდა, ვიდრე იქ ადგილობრივი ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს მუშაობის საშუალებას აძლევდა. ერთ დღეს, მან ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ ტვირთზე თავდასხმის დროს, წინააღმდეგობა გაუწია და მსუბუქად დაჭრეს. ამით კავკასიაში მისი მოგზაურობა მაშინ დასრულდა და ის საფუძვლად დაედო 2006 წელს გამოსულ რომანს ”კეთილი ზრახვები”.
ჯორჯთაუნის პროფესორმა, შარლ კინგმა, მისი როგორც მთხრობელის ოსტატობა 2 პუბლიკაციით დაადასტურა - ”მოლდაველები: რუმინეთი, რუსეთი და კულტურის პოლიტიკა” და ”შავი ზღვა: ისტორია” (The Moldovans: Romania, Russia and the Politics of Culture", Hoover Institution Press 2000; „The Black Sea: A History", Oxford University Press 2004), რასაც გერმანულენოვან უნივერსიტეტებში იშვიათად ვხვდებით.
”თავისუფლების აჩრდილი”(The Ghost of Freedom) სამხრეთ კავკასიის ისტორიაა, დაწყებული დამპყრობელი შაჰ აბასის, სპარსელი მმართველის (1587 – 1629) პერიოდით, რომელიც ქართული სამეფოების და მუსულმანური სახანოების უმრავლესობას აკონტროლებდა, დასრულებული - მიხეილ სააკაშვილით, საქართველოს პრეზედენტით, იმ დრომდე ვიდრე იგი 5 წლის წინ, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებაში არ მოვიდა. კინგმა ფუნდამენტური ნაშრომი შექმნა.
და ბოლოს, ვენდელ სტივენსონმა, თავისუფალმა ჟურნალისტმა, რომელიც 90-იან წლებში თბილისში ცხოვრობდა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პორტრეტი შექმნა. რომლის გამოსვლებსაც მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მანიაკალური სიხშირით გადასცემდნენ (”ტყვიამფრქვევივით ლაპარაკობს” - ამბობს სააკაშვილის ერთ-ერთი თანაშემწე”) და რომელიც ომამდეც და ომის შემდეგაც ამერიკაზე იყო დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონისგან დახმარება არ მიუღია.
სტივენსონი თავის სტატიას სააკაშვილის საკმაოდ მოულოდნელი და უცნაური განცხადებით ასრულებს, რომელსაც ის საკუთარი თანამემამულეების მისამართით არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა და რომელიც დღემდე შეუმჩნეველი დარჩა. ”სააკაშვილს მართლა არ მიაჩნია, რომ ზაფხულის ომი წააგო,” წერს იგი და პრეზიდენტის სიტყვები მოჰყავს: ”ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი - ავტ) აღებაა გამარჯვება. კიდევ ერთი ქართული ქალაქის მართვის უფლება ჩემთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი”, ”და რა მერე? ორი ქართული რეგიონი (აფხაზეთი, და სამხრეთ ოსეთი - ავტ). ეს სულაც არ ნიშნავს წაგებას. ჩვენ ვიბრძვით და ეს ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთ-ერთი პოზიციაა”.
ჩვენ რუსეთისგან უნდა გავნთავისუფლდეთ, ამბობს სააკაშვილი და საუბარი აქ ისევ თავისუფლებაზეა - რის გამოც კავკასიელები გაუაზრებელ ომზეც წამსვლელები არიან - ოღონდ არა დასავლურ, სამოქალაქო თავისუფლებაზე, რომელიც კანონით რეგულირებად მექანიზმებშია ჩადებული. ეს ”თავისუფლების სული,” რომელიც კავკასიას ასწლეულების მანძილზე მოსდევს, შარლ კინგის რომანშიც ცენტრალური თემაა. მან კავკასია, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, როგორც კინგი გვახსენებს ”უგუნურების სიმბოლოდ” აქცია, სადაც პოლიტიკაზე პასუხსმგებელი პირები მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ და ტერორისტებს სკოლის მოსწავლეები მძევლად აჰყავთ.
კავკასიის თავისუფლება ქიმერაა და იმავდროულად რეალური ღირებულება, რომელსაც ფეხებით თელავენ. იყო დრო, როდესაც პუშკინის ლექსების რომანტიკით შთაგონებული ახალგაზრდა რუსები პეტერბურგიდან და მოსკოვიდან უსასრულობის ძიებაში კავკასიაში გარბოდნენ. კავკასიის არარაციონალურობა დღესაც გხიბლავს: ველური და მიმზიდველი, დასავლეთი - აღმოსავლეთის წინააღმდეგ, ერთდროულად ევროპაც და აზიაც, მუსულმანები და ქრისტიანები, ცივილიზაცია და ბარბაროსები, პუტინის რუსეთი - ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ.
თუმცა, კავკასიაში პოლიტიკური მმართველების მხრიდან თავისუფლებაზე საუბარი ყალბია. ქართველები უარყოფენ მათი პრეზიდენტის მტკიცებას, რომ სამხრეთ ოსეთის ომი გარდაუვალი იყო. ”ვარდების რევოლუციის” მუხტმა ძალა დაკარგა, საბოლოოდ ჩავარდა პროექტი, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასია ქართველების ხელმძღვანელობით დემოკრატიისკენ უნდა შემობრუნებულიყო. ლიტელი, ”მოგზაურის ჩანაწერებში”
ზაფხულის მოვლენების უგუნურ ბუნებაზე საუბრობს. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ მიტოვებულ ქართულ სოფელზე ლიტელი წერს: ”ეზოში მშიერი საქონელი და ქათმები დაძრწიან, ხილით დახუნძლული ხეები მოუკრეფავ ნაყოფს ვეღარ უძლებს. ერთ-ერთს ვწყვეტ და ამ უაზროდ დაღუპული, დაქცეული სიცოცხლეების გამო გული მწარე სინანულით მევსება.”
ყოველდღიურმა ფრანგულმა გაზეთმა ”ლე მონდმა”, რომელმაც მწერალს საქართველოში გამგზავრება შესთავაზა, კარგი არჩევანი გააკეთა. ბერნარ ჰენრი ლევის, გაღეღილ მაისურიანი მოდური ფილოსოფოსის ნაცვლად, ”ლე მონდი” რეალისტური რეპორტაჟისთვის საქართველოში ლიტელს აგზავნის, რომლის პუბლიკაციაც პათოსისა და დიდაქტიკისგან დაცლილია. ის აკვირდება, წერს და არაფერს აფასებს. ამგვარი წერის მანერაში ”კეთილი ზრახვების” ავტორის ამოცნობა მარტივია. აქ არ არსებობს ფიქტიური ხელმძღვანელიც კი, პოლკოვნიკი დოქტორი მაკს აუე, რომელიც ტერორისტული შემთხვევების ადგილებს ინსპექტირებას უწევს, აქ მხოლოდ ორი მხარეა, ორი ერთმანეთთან ბრძოლაში ჩაბმული მხარე, რომელთა კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება.
დღეს კავკასიის პოლიტიკის მკვლევართა მცირე ჯგუფის შეხედულებები მოძველებულად გამოიყურება, რადგან ისინი ქართველების არაგონივრულ ქმედებებს არ ითვალისწინებდნენ. სამხრეთ კავკასიის პირველი ომების დასრულებიდან (მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში), თითქმის 15 წელი გავიდა, და მათ მიერ წარმოდგენილი კონფლიქტების გადაწყვეტის მოდელები ერთ თარგზეა მოჭრილი: ისინი ევროკავშირს გაუბედავი პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ (სამხრეთ კავკასიის ეს 3 ქვეყანა ”სამეზობლო პოლიტიკის” ნაწილი მხოლოდ 2004 წელს გახდა) და რეგიონში რუსეთსა და ამერიკას შორის კონკურენციის ზრდაზე საუბრობდნენ. მათ ვერ გათვალეს ქართველების მხრიდან ცხინვალზე საარტილერიო თავდასხმის შესაძლებლობა, რამაც გეოსტრატეგიული რუკა შეცვალა.
ამ თემაზე ორი დიდი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოიცა ავსტრიაში: ერთი, ”უსაფრთხოების თავისებურება და სამხრეთ კავკასია” (Security Identity and the Southern Caucasus) - აზერბაიჯანის, საქართველოს, იტალიისა და ავსტრიის პოლიტოლოგების ორი წლის ხანგრძლივი მუშაობის შედეგი და მეორე, ლიბერალური პოლიტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გამოცემული კრებული სეპარატისტულ კონფლიქტებზე. მასზე მუშაობა აგვისტოს ომის შემდეგ განახლდა. ამ ნაშრომში ვკითხულობთ ფრაზას, რომელიც რუსებს არ მოეწონებათ: ევროკავშირი, ახალი კოლექტიური თავდაცვის მთავრობა, ომის შემდეგ კავკასიაზე ადრინდელზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment