Wednesday, June 18, 2008

ქართული ”რულეტკა”

Harpers_305x100

პეტერ სავოდნიკი
იანვარი 2009

დასაწყისი

დასასრული

მას შემდეგ, რაც თავისი მტრის ასეთი შემაშინებელი პორტრეტი დახატა, სააკაშვილი იმას მიუბრუნდა, თუ რამდენად იოლად შეეძლო დასავლეთს მისი დახმარება. რუსეთი, ამტკიცებდა სააკაშვილი, აღარ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, როგორსაც ოდესღაც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი. პრობლემა იმაშია, რომ ზოგიერთ ევროპელ ლიდერს (მან დასახელებაზე უარი თქვა) მიაჩნია, რომ რუსეთი ძველებურად სახიფათოა და სწორედ ეს ქმნის გაუგებრობას - არასწორი წარმოდგენა რუსეთის ძალის ბუნებასა და შესაძლებლობებზე, და იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიო მას წინააღმდეგობა. ეს უქმნის რეალურ საფრთხეს დასავლეთს. როგორც ჩანს, სააკაშვილი იტალიის პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონისა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს გულისხმობდა. ბერლუსკონი, რომელსაც პუტინთან ახლო ურთიერთობები აქვს და ანგელა მერკელი, რომელიც, როგორც ამბობენ, სააკაშვილისადმი ცუდადაა განწყობილი, რუსეთის თავდასხმაზე უფრო თავშეკავებული პასუხის მომხრენი იყვნენ. ამ რამდენადმე დახლართული მოსაზრებების გამო, დასავლელი ლიდერები, რომლებიც შორს არიან ფრთხილი რეალპოლიტიკის გატარებისაგან, რომელსაც ცივი ომის დროს მისდევდნენ, უბრალოდ ვერ აცნობიერებენ რამდენად ძლიერნი არიან რუსეთთან მიმართებაში, რადგან შიშმა, აღორძინებული და აგრესიული რუსეთისადმი, ხედვა დაუბინდათ. ”ეს რუსეთი სულაც არ არის ისეთი საშიში, როგორც გერმანია ოდესღაც ან, როგორც სტალინის საბჭოთა კავშირი, მაგრამ (ევროპელები) ასე არ ფიქრობენ” - მითხრა სააკაშვილმა - ”არა მგონია, რუსეთი საკმაო ძალას ფლობდეს იმისთვის, რომ შეცვალოს ძალთა (ბალანსი) მსოფლიოში”.

რუსეთმა, სააკაშვილის აზრით, ამიტომ წარმოიდგინა, რომ უფრო ძლევამოსილია, ვიდრე ის რეალურად არის-ეს ყალბი წარმოდგენა დასავლეთის გაუბედაობამ განაპირობა. ”მე ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთი უფრო გათავხედებულია, ვიდრე ოდესმე. რუსეთის ლიდერები ნავთობით მოპოვებული შემოსავლებისა და ფულის წყალობით ეიფორიაში არიან, ისეთ ეიფორიაში, რომ ჰგონიათ, საბჭოთა ტანკებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ. ისინი თავის რისხვასა და ქმედებებში ირაციონალურნი არიან. დასავლეთი, ჩინეთი, ყველა თავს არიდებს პრობლემებს, მაგრამ შეხედეთ, ამ ბიჭებს მოსკოვში, პრობლემები მათ ძალას მატებენ. თუ პრობლემებს არ ქმნიან, მოიწყენენ ხოლმე, ან თავს დაუცველად გრძნობენ. ისე დაუცველად გრძნობენ თავს, რომ ყოველთვის გაქცევა უნდათ, მაგრამ მცირე დისტანციაზე სირბილის თავი აქვთ მხოლოდ.” ვკითხე, რას გულისხმობდა და მიპასუხა: ”საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიაში რბილი ძალაუფლების დიდი რესურსი ჰქონდა. რუსეთმა ეს ყველაფერი დაკარგა. ის, რაც რუსეთს დღეს შერჩა, მხოლოდ უხეში ძალაა”.

უმთავრესი კითხვა, რომელიც დღეს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის წინაშე დგას ასე ჟღერს: რამდენად შორს წავლენ საქართველოს დასაცავად? კონკრეტულად კი უნდა გადაწყვიტონ შეუშვებენ, თუ არა საქართველოს ნატოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, თუ მომავალში საქართველოზე შეტევას მიიტანენ, ისეთს, რომლის გამოც ახლა განსაცდელიშია, წევრმა ქვეყნებმა ეს საკუთარ ტერიტორიებზე შეტევად უნდა განიხილონ, რის გამოც რუსეთსა და დასავლეთს შორის თითქმის აუცილებლად დაიწყება ომი. ”ეს მნიშვნელოვანი კითხვაა”-მითხრა სააკაშვილმა - ”ეს ნატოსთვის ზნეობრივი საკითხია. ეს უკვე მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ლაპარაკია იმაზე, დაიცავს ნატო თავის ღირებულებებს, თუ ზეწოლას დაუთმობს? ”.

საათნახევრიანი საუბრის დროს სააკაშვილი ცდილობდა ძალიან წვრილი ნემსის ყუნწში გამძვრალიყო - დაეხასიათებინა რუსეთი, როგორც რევანშისტულად განწყობილი იმპერიალისტი, მაგრამ არც ისე რევანშისტული და არც ისე იმპერიალისტული, რომ თუ რუსეთის აგრესიისგან საქართველოს დაცვა (რაც არ უნდა მოყვეს ამას) საჭირო გახდება, დასავლეთს მისი შეეშინდეს. დელიკატური ბალანსირების ამ მანევრს ატარებდა კაცი, რომლისთვისაც დელიკატურობა სულაც არ იყო ბუნებრივი რამ. ჩვეულებრივ, სააკაშვილს აღწერენ, როგორც კომუნიკაბელურ, ფეთქებად ადამიანს, რომელიც ყოველთვის დარწმუნებულია, რომ სწორ გზას ადგას. ჩარლზ ებინგერი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ამავე დროს ბრუკინგის ინსტიტუტშიც მუშაობს, იხსენებს, რომ ოთხმოცდაათაინებში სააკაშვილს ასწავლიდა. ”ის ბრწყინვალე სტუდენტი იყო, ძალიან გამბედავი”- მითხრა ებინგერმა - ”მე და ერთ პროფესორს, რომელთანაც კურსს გადიოდა, გვითხრა, რომ ოდესმე საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა”. როგორც სტივენ ლარაბი რანდ კორპორაციიდან ამბობს: ”სახელმწიფო დეპარტამენტში სულ იყო ისეთი განცდა, რომ სააკაშვილი, ერთის მხრივ, მიმზიდველი ბიჭია, მაგრამ, მეორე მხრივ, იმპულსური”. სწორედ ამ იმპულსურობის გამოა, რომ არადემოკრატიულ ქმედებებს სააკაშვილი ხშირად დემოკრატიის სახელით სჩადიოდა. მაგალითად მან გასულ ნოემბერს მომიტინგეთა ძალადობრივი დარბევის განკარგულება გასცა და დროებით ეთერიდან გამორთო დამოუკიდებელი მედია. (ნდობის აღსადგენად, სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, 53% გაიმარჯვა და თავისი უშუალო კონკურენტი, ღვინის მაგნატი 28 პუნქტით დაამარცხა). ლარაბი, რომელიც კარტერის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა და საქართველოში 2002 წლიდან 2006 წლებში ცხოვრობდა ამბობს: ”ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ უცნაური კაცია. და არის კიდეც უცნაური. კარგი თვისებებიც ჰქონდა, ქვეყნის ვესტერნიზაცია უნდოდა, მაგრამ ჰქონდა უფრო ცუდი თვისებებიც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ემოციური იყო, იმპულსური, მიდრეკილი იყო უპასუხისმგებლო ქმედებებისადმი, არ უფიქრდებოდა მოვლენებს, სანამ წინ გაიხედავდა, მანამდე ხტებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო პოლიტიკური ინსტიქტები სწორად ჰქონდა მიმართული, იმ ტიპის კაცი იყო, რომელზეც ვერასდროს იტყოდი რის გაკეთებას დააპირებს. საკუთარ თავს შესაძლოა თვითონვე უმტროს”.

რუსულ-ქართულ კონფლიქტს სააკაშვილი კულტურულ განხეთქილებად აღიქვამს: წარსულზე ორიენტირებული, ვასალებისა და ბოიარების იმპერია, ებრძვის ახალფეხადგმულ, დასავლურ ტრადიციებზე დაფუძნებულ დემოკრატიას. როდესაც კონფლქიტის აღმძვრელ მიზეზებზე ვკითხე, მიპასუხა: ”მე მგონია, რომ ეს ძირითადად მართლაც ღირებულებებია. არაფერი პერსონალური - მე არასდროს მიბრძოლია, არასდროს მიმიყენებია საჯაროდ შეურაცხყოფა რუსი ლიდერებისთვის. მე მგონია, ეს წმინდა წყლის ღირებულებითი დაპირისპირებაა. საქართველო პატარა, დემოკრატიული ქვეყანაა, რამდენიმე წელიწადში ორმაგად გაზრდილი ეკონომიკით. ჩვენ სულ ცოტა ასჯერ უფრო ნაკლებად კორუმპირებულები ვართ, ვიდრე რუსეთი. და აი, მათ უცებ გააცნობიერეს, რომ აქვე ყავთ წარმატებული ქვეყანა და ყველაზე ნაკლებად ის უნდათ, რომ ჩვენი წარმატებები გაგრძელდეს, შემოვიდეს სულ უფრო და უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია, გაშენდეს მეტი სახლი, გაჩნდეს ენერგეტიკული მარშრუტები ცენტრალური აზიიდან ევროპამდე.”

უცნაურია, მაგრამ ამავე დროს პოსტსაბჭოთა აბსურდული პოლიტიკისთვის სრულიად დამახასიათებელიც, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი გმირი ალექსანდრე სოლჟენიცინია. როდესაც დისიდენტი ნოველისტი აგვისტოში, რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე გარდაიცვალა, სააკაშვილი მის ქვრივს, ნატალიას დაუკავშირდა. ”წერილი მივწერე... ვუთხარი, რომ ის ჩემს ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა” - მითხრა სააკაშვილმა. მართლაც, სოლჟენიცინი სტალინიზმის საშინელებებზე წერდა და პროდემოკრატიული მოძრაობაც გამოაცოცხლა, მაგრამ იმ ფაქტის იგნორირება, რომ სოლჟენიცინი ამავე დროს იმპერიალისტური რუსეთის დამცველი იყო, იმ რუსეთის, რომელსაც პუტინი განასახიერებს, შეუძლებელია. პუტინი სოლჟენიცინის დაკრძალვას დაესწრო, სადაც საპატიო ყარაულიც იდგა და რუსული სამფერი დროშაც ფრიალებდა. ცხადია, რომ სააკაშვილი დასავლეთისთვის საკუთარი თავის მისაღებას ცდილობდა, როდესაც პროდემოკრატიული საბურველი აირჩია და ანტიკომუნიზმის მოძველებულ მანტიაში გაეხვია. მაგრამ ეს შეცდომა (თუ ეს სიტყვა საკმარისად გამოხატავს აზრს) სწორედ იმას ადასტურებს, რომ ეს ორი ხალხი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ერთ თარგზე გამოჭრილი რუსეთი და საქართველო სულაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან კულტურულად და ისტორიულად ისე, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს. ”მე მიყვარს რუსული ლიტერატურა”-ამბობს სააკაშვილი. როგორც ქართველმა, მან რუსული იცის და დიდი რუსი რომანისტებისა და პოეტების ნაწარმოებებიც ბლომადაა აქვს წაკითხული. ”ტოლსტოი მიყვარს. ბულგაკოვი მიყვარს. შემიძლია ასობით რუსული ლექსი გითხრათ ზეპირად. ამას პუტინზე უკეთ გავაკეთებ.”

მისი ყველაზე საყვარელი რომანი ერნეტს ჰემინგუეის ”ვის უხმობს ზარია”. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილი და სენატორ მაკკეინი, რომელსაც თავის მხრივ იმპულსურობაში სდებენ ბრალს, ერთ თვალსაზრისს იზიარებენ. ეს წიგნი იდეალებისა და ღირსების ძლევამოსილებაზე მოგვითხრობს, იმაზე, თუ რას გვაძლევს იდეალებისათვის ბრძოლა, გაღებული საფასურის მიუხედავად. დღეს ცივი ომის უსისხლოდ დასრულებიდან და საბჭოთა კავშირის დაშლიდან 17 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები რუსეთთან ახალი ცივი ომის მსგავსი კონფლიქტის წარმოქმნის ძალიან ხელშესახები რისკის პირისპირ აღმოჩნდა. დინამიკა, რომელიც საფუძვლად ედო ზაფხულის ომს და რომელმაც ის დააჩქარა-სამხრეთ ოსეთის გაურკვეველი პოლიტიკური სტატუსი, რუსეთის გაურკვეველი პოლიტიკური იდენტობა, ევროპისა და განსაკუთრებით ჩინეთის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნები და, რა თქმა უნდა, პუტინისა და სააკაშვილის პირადი მტრობა, ძალაში რჩება, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც შეიცვალა: ვაშინგტონმა ბევრად უფრო აგრესიულად დაუჭირა მხარი სააკაშვილს. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც ჯონ მაკკეინმა და მერე ბარაკ ობამამ საქართველოს სახელით მკაცრი, არაორაზროვანი განცხადებები გააკეთეს, რათა რუსეთს უკან დაეხია. ჩვენი ინტერვიუს დროს სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ორივე მისი მეგობარია. მან თქვა, რომ ნოემბრის არჩევნებზე რომელიმე მათგანის გამარჯვებას უპირატესობას არ ანიჭებს. ამომრჩევლებს, შეიძლება დაავიწყდათ, რომ მიუხედავად მაკკეინის დაუღალავი, ხმალამოღებული ბრძოლისა რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ სენატორი ჯო ბაიდენი, ახლა უკვე არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, იყო ის, ვისაც აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა განსაკუთრებით სთხოვა საქართველოში ჩამოსვლა (და ვინც ეს გააკეთა კიდეც). ”ჩემთვის ეს ძალიან რთული არჩევანია” - განაცხადა სააკაშვილმა-” ზუსტად ახლა, როდესაც ორივე ბანაკი ნამდვილად, ნამდვილად გვიჭერს მხარს”.

შეერთებული შტატებისთვის სახიფათო ვითარებაა. მიუხედავად იმისა, მიიღებენ, თუ არა საქართველოს ნატოში, ომმა, რუსულ ჯარსა და ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ქართულ არმიას შორის (რომელშიც შესაძლოა, ამერიკელი სამხედრო მრჩველებიც არიან) შესაძლოა საშინლად დაძაბოს ურთიერთობა ნატოს წევრებს შორის, რამდენიმე წლით უკან დასწიოს აშშ-რუსეთის ურთიერთობები, გაამყაროს რუსეთის კონტროლი ევროპისათვის გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე, წააქეზოს რუსი ჰარდლაინერები, რომლებიც იმის მომხრენი არიან, რომ რუსეთმა გააფართოვოს პოლიტიკური და სaმხედრო თანამშრომლობა ირანთან, სირიასთან, ვენესუელასათან და შესაბამისად ააღორძინოს ძველი, იმპერიული სტრატეგია. ამაზე უარესი მხოლოდ ის ქნებოდა, რომ შეერთებულ შტატებს პოლიტიკური ნება გამოეჩინა და რუსეთივით ჩაბმულიყო ბრძოლაში, თუმცა ეს ძნელი წარმოსადგენია. გაიხსენეთ კუბის სარაკეტო კრიზისი, რომელშიც საბოლოოდ რუსეთმა აღიარა, თუმცა უსიტყვოდ, რომ კუბა შეერთებული შტატების გავლენის სფეროს განეკუთვნება. ომი საქართველოს გამო, რუსეთის თვალთახედვით, სულაც არ არის ბრძოლა სხვა ქვეყნისათვის, რომელიც მას უბრალოდ ესაზღვრება. საქართველო ბევრი რუსისთვის, და ვლადიმერ პუტინისთვის დანამდვილებით, რუსეთის ნაწილია. ეს თვალთახედვა რუსეთში საყოველთაოდაა გავრცელებული და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან გვაბრუნებს. საქართველოს სამხედრო გზას, რომელიც თბილისს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ჩრდილო ოსურ ქალაქთან, ვლადიკავკაზთან აკავშირებს, პუშკინიდან დაწყებული და ლერმონტოვითა და ტოლსტოით დამთავრებული, უამრავი რუსი მწერალი განადიდებდა და უმღეროდა.

მაგრამ საფრთხე მხოლოდ საქართველოს როდი ემუქრება. ყირიმი, სამხრეთ უკრაინაში, ასეთივე პრობლემატური ადგილია. რუსეთს თავისი შავის ზღვის ფლოტი ქალაქ სევასტოპოლში ყავს დისლოცირებული, ისე, როგორც საბჭოთა კავშირს და ისე, როგორცა მანამდე ”ცარს”. უკრაინელებს უნდათ, რომ რუსებმა აქაურობა 2017 წლისთვის დატოვონ. რუსებმაც განაცხადეს, რომ ისინი დიდი რაოდენობით საბრძოლო წყალქვეშა ნავების, ფრეგატების, განმანადგურებლების რუსეთში, ნოვოროსიისკში გაყვანას 2012 წლისთვის აპირებენ. მაგრამ ასე რომ არ მოხდეს? რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამას წინათ მიანიშნა, რომ რუსეთი მისი ფლოტის დისლოცირების ვადის გაგრძელებას გეგმავს. პარალელები საქართველოსთან ცხადი და შემაშინებელია. უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, ისევე როგორც სააკაშვილს, კრემლის სურვილის საპირისპიროდ (2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუცია) შეერთებული შტატები უჭერდა მხარს. ყირიმი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი სავსეა ადამიანებით, ვისაც რუსული იდენტობა უფრო აქვთ (ან საბჭოთა), ვიდრე უკრაინული. თუ მოსკოვი აქ დარჩენას გადაწყვეტს, აღუდგება თუ არა ამას კიევი? როდესაც უკრაინა ამერიკას დახმარებას სთხოვს,როგორ ირეაგირებს ამერიკა? და როგორ წავა საქმე მოლდოვეთის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით? ან რად გადაიზრდება მუდმივი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის, რომელიც ღია კონფლიქტამდე მივიდა? ბელორუსიაც კი, რომელსაც 1994 წლიდან ცნობილი ალექსანდრე ლუკაშენკო მართავს, უკვე დასავლეთისკენ იხედება. რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუ მინსკი განაცხადებს, რომ ევროკავშირში შესვლას, ან ვაშინგტონთან ურთიერთობების განმტკიცებას აპირებს? რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი?

სააკაშვილი ხშირად საქართველოს დაშვებას ნატოში ჩვენი დროის განმსაზღვრელ ეთიკურ საკითხად წარმოაჩენს - თითქოს თუ დასავლური უსაფრთხოების საბანს მის ერს მყუდროდ შემოახვევენ, რეგიონში ძველი, ნაცადი იმპერიული მოდელები გაქრება დ აქ ნაციონალური სუვერენიტეტის პატივისცემის, სტაბილურობის პერიოდი დაისადგურებს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვაა სათქმელი. შეიძლება იფიქრო, რომ გაუთავებელი სიტყვიერი ომი ესტონეთსა და რუსეთს შორის ძირითადად ასეთად რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ ესტონეთი ნატოს წევრია. მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილი ერთ რამეს არ ითვალისწინებს - როგორ კონსტიტუციურ ცვლილებებს გამოიწვევს ახალი ქვეყნების გაწევრიანება ნატოში - არა მხოლოდ სტრატეგიულს, არამედ ფსიქოლოგიურს და ონტოლოგიურსაც კი. პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო სისტემების ინსტალაციასთან, ესტონეთში საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალთან და რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაპირისპირება ”ახალ” და ”ძველ” ევროპას შორის (როგორც ამას დონალდ რამსფელდი უწოდებს) ალიანსში მზარდ განხეთქილებაზე მიუთითებს. ეჭვს გარეშეა, რომ ძველ (ან დასავლეთ) ევროპას სულაც არ ხიბლავს თავდაცვითი ვალდებულებების ტვირთის დამძიმების პერსპექტივა. მაგრამ მეხუთე მუხლის შესაბამისად სწორედ ამას მიიღებს ევროპა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში. ოდესღაც, როდესაც არსებობდა საბჭოთა კავშირი და წითელი არმია, თავისი ულევი ბირთვული მარაგით, არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ალიანსს ერთიანობა უნდა შეენარჩუნებინა. მაგრამ დღეს, მნიშვნელოვნად დასუსტებული რუსეთი, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივ ენერგეტიკულ შეთანხმებებს დებს, ბევრად უფრო ადვილად მოახერხებს ცალკეული წევრი ქვეყნებით მანიპულირებას, ზუსტად იმიტომ, რომ ის უკვე სუსტია. ძლევამოსილება დაკარგული რუსეთი დასავლეთს ალიანსად ვეღარ გააერთიანებს, მაგრამ მან ახალი ძალა შეიძინა - ალიანსის დაშლის ძალა.

ყველაფერი ზემოთქმულის გამო, შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ ნატო სააკაშვილს თავის წევრად მიიღებდა, ის საქართველოზე მეორე თავდასხმას ვეღარ გადაიტანდა. ჩარლზ ებინგერი აღნიშნავს, რომ ზაფხულში, როდესაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირება მოახდინა, ნატოს წევრი ქვეყნები მკვეთრად განსხვავებულ პოზიციას დაიკავებდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო უკვე ნატოს წევრი იქნებოდა. ”მოდით, დავუშვათ, რომ ისინი ნატოში მიიღეს” - ამბობს ებინგერი - ”ნუთუ მართლა გვგონია, რომ ნატო მათ დაცვას გადაწყვეტდა? მე პირადად, არა მგონია, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების თავი ვინმეს ჰქონდეს”. სააკაშვილი, რა თქმა უნდა ამაზე იტყოდა, რომ რუსეთი ვერასდროს გაბედავდა თავდასხმას დასავლეთის კალთას ამოფარებულ საქართველოზე. მაგრამ სამომავლო სტრატეგიისთვის, ასეთი ვითარება, სულ მცირე აზარტულ თამაშს დაემსგავსებოდა.

რუსეთმა დანამდვილებით იცოდა, რომ საქართველოზე თავდასხმით ის ნატოში არსებულ მნიშვნელოვან დაძაბულობას კიდევ უფრო გააღრმავებდა. საკითხი ასე დგას, სხვა ომის წარმოქმნის შემთხვევაში გაღრმავდება ეს განხეთქილება იმდენად, რომ ალიანსი გადაიყოლოს, თუ ნატო უკეთესი მომავლის სახელით შეძლებს თავისი შინაგანი დაპრისპირების დაძლევას. სჯერა კი ნატოს, რომ საქართველო, მით უფრო საქართველო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მართავს, დაცვად ღირს?

მთავარი აქ ისაა, როგორად წარმოუდგენია საკუთარი თავი საქართველოს, რას ესწრაფვის? ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებულნი არიან, ისინი მერყეობენ არა მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებისა და სურვილების, არამედ საქართველოს გამოც. შეიძლება ეჭვი გაგიჩნდეთ, იცის კი სააკაშვილმა ამის თაობაზე ყველაფერი? ის გორში ნამყოფია, მას ქალაქის მოედანზე წამოჭიმული სტალინის ძეგლი უნახავს. არ შეიძლება არ გრძნობდეს, თუ რამდენი ძალა, რამდენი იდეოლოგია ებრძვის ერთმანეთს მისი ქვეყნის მომავლისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ხალხისთვის ახალი პოლიტიკური იდენტობის არტიკულირება მოახდინა. ანტი-სტალინის თამაშით, მან სტალინის გადამეტება მოინდომა. ძალუძს კი მას ამ უდისესი მიგრაციის აღსრულება, შეუძლია კი თავისი გიგანტური, რევანშისტული ჩრდილოელი მეზობლის მიერ დაგებული გარადუვალი მახეებისა და პროვოკაციების თავიდან აცილება? - ძალიან საეჭვოა.

ორიგინალი

No comments: