Tuesday, June 17, 2008

ქართული ”რულეტკა”

Harpers_305x100

პეტერ სავოდნიკი
იანვარი 2009

2006 წლის აგვისტოში თბილისიდან გორში გასამგაზვრებლად ავტობუსი დავიქირავე. გორი თბილისიდან, საქართველოს დედაქალიქიდან, ჩრდილო-დასავლეთით საათზე მეტი გზის სავალზე მდებარეობს. სანამ გავემგზავრებოდი, ავტოსადგურზე მოხუცი ქალისგან ბოთლით წყალი, ძალიან პატარა ვაშლი, თხილისა და თეთრი, დაფხვნილი ყველის ორი რულონი ვიყიდე. სადგური სინამდვილეში ავტონაწილების მაღაზიას წარმოადგენდა, რომელიც გარე ბაზრობით იყო შემოფარგლული.

აქაურობა სავსე იყო დამტვრეული, მტვრიანი ავტობუსებით, რომლებიც წლების მანძილზე არავის უტარებია; აგურებზე შეყენებული საბჭოთა წარმომავლობის ლადებითა და ვოლგებით, კიოსკებით, სადაც სქელი კაცები ჩირს, მზის სათვალეებს, პირატულ DVD-ებს, პურ-ფუნთუშეულს, სოსისების შეკვრას და პორნოგრაფიულ ჟურნალებს ყიდდნენ; გაურკვეველი წარმომავლობის ძაღლებით; პატარა ბავშვებით; ველოსიპედებზე წამოჭიმული ბავშვებით; შორმანძილზე მიმავალი ტაქსისტებით, რომლებიც თავისი ავტომობილების, უმეტესად ვოლგებისა და ფოლკსვაგენების სახურავებს დაყრდნობოდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ელოდებოდნენ ვინმეს, ვისაც ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე, ან ნინოწმინდაში, სომხეთის საზღვარზე, ან ვლადიკავკავკაზში, რუსეთში წაიყვანდნენ.

თბლისში უკვე ერთი კვირა ვიყავი და უკვე მოვინახულე, გალერეები, მუზეუმები, სკვერები რუსთაველის პროსპექტზე, ქალაქის მთავარ არტერიაზე, ავედი წმინდა ნიკოლოზის ტაძრისა და ნარიყალას ციხის ძველებურ კიბეზე; უკვე ვისადილე პირველხარისხოვან კაფეში, რომელიც თავისი ხარჩოთი იყო ცნობილი. იმ დილით გადავწყვიტე, რომ დედაქალაქიდან გასვლის დრო მოვიდა. გორში იმიტომ წავედი, რატომაც უცხოელთა უმრავლესობა მიდის ხოლმე: აქ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, იგივე სტალინი დაიბადა.

იმ ზაფხულს გორში, დაახლოებით, 50,000 კაცი ცხოვრობდა და ავტობუსი ქალაქის რამდენიმე ადგილას უნდა გაჩერებულიყო. როდესაც ჩემს გაჩერებაზე მივედით, ავტობუსის მძღოლი წამოდგა და განაცხადა: ”სტალინი -აქ”. მარტო წამოვდექი, ფანჯარასთან ვიყავი ჩაჭუჭყნული, უკან. გასასვლისკენ დავიძარი და გარეთ გამოვედი, მტვრიან სიჩუმეში, გაყვითლებული საცხოვრებელი სახლების რიგი გაჭიმულიყო, რომელთაც ფიჭვის ხეები ამშვენებდა.

შენობა, სადაც სტალინმა თავისი ცხოვრების პირველი ხუთი წელი გაატარა, 1879 წლიდან 1883-მდე, ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ველოდი: საცოდავი ხის ნაგეგობობა, რომელშიც მსოფლიო მნიშვნელობის ტირანი უნდა დაბადებულიყო. სამ საფეხურს ხის აივანზე აყავდი. კედლები თეთრი იყო. ოთახები ერთი ციდა. სახლთან დიდი, მართკუთხა მარმარილოთი და ბეტონით ნაგები სვეტებიანი შენობა იდგა. მოხატული ასოები, ნამგლები და უროები, ოთხი ფუტის სიმაღლეზე განლაგებულ სკულპტურულ ჭერზე ამოეტვიფრათ. საბჭოელებს, როდესაც 1936 წელს ყველა ხალხების მამის ეს ტაძარი წამოჭიმეს, ეტყობა ორი ოპოზიციური, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული ტროპის გამოხატვა უნდოდათ: სტალინის ცხოვრების ჩვეულებრივი, სადა დასწყისი და ამავე დროს ამ ადგილის ექსტრაორდინარულობა, ძლევამოსილება და სპირიტუალობაც კი, ადგილისა, სადაც, როგორც ამბობენ, მშრომელთა სამოთხე დაიბადა.

დღეს, უკვე პოსტსაბჭოთა გადასახედიდან, პატარა სახლი, რომელიც ამაზრზენ მოყავისფრო კონსტრუქიითა გარშემორტყმული, აბსურდულად გამოიყურება. ასეთი განცდა მხოლოდ იმიტომ, როდი გიჩნდება, რომ ეს დისკრედიტებული რწმენის აკლდამაა, ან იმიტომ, რომ მსოფლიოს ცნობილ სისხლიან დიქტატორთა პანთეონში სტალინმა პირველი ადგილი დაიკავა. ორივე ეს უსიამოვნო ფაქტი შეიძლება ახსნა ან ერთმანეთს დააცილო, თუ პატარა სახლი ისტორიის ნაწილად გარდაიქმნება, რაღაცად, რასაც შეისწავლიან. მაგრამ სტალინის სახლს ეს ფუნქცია არა აქვს. სტალინის სახლი ისევე როგორც კოსმონავტების, პოეტების, რევოლუციის გმირების უამრავი ძეგლი, რომელიც მიმობნეულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, გორის ქსოვილის განუყოფელ ნაწილად იქცა. არ არსებობს აკადემიური დისტანცია, რომელიც მას გარემომცველ რეალობას დააშორებდა. წარწერა მემორიალურ დაფაზე გაცნობებთ, რომ აქ ცხოვრობდა ახალგაზრდა იოსებ ბესარიონის ძე, მაგრამ ვერც კონტროლიორს, ვერც ველვეტის თოკს, ვერც სხვა რაიმე ბარიერს თვალს ვერ მოკრავთ. ამ ადგილს დანარჩენთაგან არაფერი გამოყოფს, ის აქვეა, ახლოს.

ისტორიული სივრცეების გათანაბრების განცდა კიდევ უფრო გიმწვავდება, როდესაც აქვე, ამ სახლს უკან განთავსებულ ისტორიის მუზეუმში შედიხარ: პომპეზური, მაღალჭერიანი, სქელკედლებიანი ნაგებობა, რომელიც მძიმე ფარდებით მოურთავთ. შეიძლება წარმოიდგინო, როგორ აღაფრთოვანებდა სტალინს ეს სივრცე, როგორ ჩაუვლიდა ბუნდოვანი ღიმილით სახეზე ფოტოგრაფებს, რუკებს, პირად ნივთებს,- როგორ დაუკრავდა თავს ამ მნიშვნელოვნებას, ამ მასშტაბებს. მაგრამ არის მუზეუმში ერთი ლაკუნა - არსად მოიხსენიებენ შრომის ბანაკენს, მასობრივი დახვრეტის ადგილებს, იმას, რასაც კრებითი სახელით, გულაგით მოიხსენიებენ და სადაც 20-იდან 40 მილიონამდე საბჭოთა მოქალაქე მოკლეს და რაც, საბოლოოდ, სტალინისტური რუსეთის მახასიათებლად იქცა. როდესაც კონსიერჟს ვკითხე, გამოყოფილია, თუ არა აქ რაიმე სივრცე გულაგისთვის, რადგან მეგონა, რომ რაღაც უბრალოდ გამომრჩა, მან იმ რუკაზე მითითა, სადაც სტალინის პატიმრობის ადგილები იყო ასახული: ”მან ძალიან ბევრი იწვნია მეფის პოლიციისგან” - მითხრა კონსიერჟმა - ”მაგრამ მისი დამარცხება მაინც ვერ შეძლეს”. ასეთი პასუხი საბჭოეთში სავსებით მოსალოდნელი იყო. მაგრამ 2006 წელს? გასაგებია, რომ სტალინი ქართველი იყო, ხოლო გორი მისი სამშობლო, მაგრამ ოთხმოცდაათაინების დასაწყისში საქართველომ დამოუკიდებლობა მიიღო და საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას, დღეს ასე მოდურს რუსებს შორის, თითქოს არ ამჟღავნებდა. მაგრამ ახლა სწორედ ამ ნოსტალგიის წმინდა წყლის და თვალნათელ მანიფესტაციას გადავეყარე. მანიაკი დესპოტის ყველაზე მთავარი მახასიათებელი - მომაკვდინებელი პარანოია და ამ პარანოიის ამაზრზენი შედეგები დამარხეს, შეალამაზეს.

2008 წლის აგვისტოში, გორში ჩემი ვიზიტის ორი წლის შემდეგ, საქართველომ სამხრეთ ოსეთზე, პროვინციაზე, რომელმაც 1991-ში დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შეტევა მიიტანა. ორ მხარეს შორის მთელი ამ დროის მანძილზე უამრავი შეტაკება მოხდა, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, იყო რუსეთი, რომელიც პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმეტესობა უფრო რუსული წარმომავლობისაა, ვიდრე ქართულის. რუსი ხელისუფალნი აცხადებენ, რომ მათი თანადგომა, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ოფიციალურ აღიარებად იქცა, კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. მაგრამ რეალურად რუსეთს უბრალოდ პროვინციის მიტაცება და თბილისის ხელისუფლების შესუსტება უნდოდა. კრემლი ამავე პოლიტიკას (რომელიც იმაში გამოიხატება, რომ მოსკოვისადმი არალოიალური ეთნიკური ჯგუფები უნდა გააძევონ, ან მათი მარგინალიზაცია მოახერხონ , ადგილობრივი ბანდები უნდა შეიარაღონ და რუსული პასპორტები დაარიგონ) აფხაზეთში, საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში ატარებდა, კიდევ დნესტრისპირეთში, მოლდოვეთის აღმოსავლეთით მდებარე კუთხეში. სამივე შემთხვევაში მიზანი ერთი იყო: სუვერენული სახელმწიფოს მთავრობის ხარჯზე მოსკოვის ჰეგემონიის გაფართოვება.

სამხრეთ ოსეთზე საქართველოს შეტევას წინ უსწრებდა თვეების მანძილზე მიმდინარე სროლები, რომლებიც, რა თქმა უნდა, რუსების მიერ იმართებოდა იმისთვის, რომ საქართველოს პროვოცირება მოეხერხებინათ. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ეს იცოდა, იცოდნენ ევროპელებმაც, ამერიკელებმაც, რომლებიც მუდმივად აფრთხილებდნენ თავისი მოუთმენლობით ცნობილ სააკაშვილს, რომ დენთი მშრალად შეენახა. მაგრამ 7 აგვისტოს, კვირების მანძილზე მიმდინარე ორმხრივი ავტომატური და სარაკეტო სროლების შემდეგ, საქართველომ ოსეთის დედაქალაქს, ცხინვალს, განუწყვეტელი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. სააკაშვილი აცხადებდა, რომ შეტევა ოსების მიერ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ განხორციელდა. მაგრამ როგორც წერდა ნოემბერში ნიუ-იორკ თაიმსი, საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან ეჭვობენ, რომ მსგავსი დაბომბვები საერთოდ მოხდა. მეორე დღეს, ახლა უკვე casus belli-თ შეირაღებულმა რუსეთმა დამანგრეველი კონტრშეტევა წამოიწყო და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, არამედ საქართველოს ტერიტორიაზეც შეიჭრა. რუსებმა, სამხრეთ ოსეთის საზღვრიდან 20 წუთის სავალზე მდებარე გორი, თავისი ოპერაციების ბაზად აქციეს.

ნეტა რას ფიქრობდნენ რუსი ჯარისკაცები, როდესაც ისინი სტალინის პატარა სახლს, ან რამდენიმე ასეულის მილის მოშორებით, გორის მთავარ მოედანზე წამოჭიმულ სტალინის ძეგლს უტრიალებდნენ, ძეგლს, რომლის მსგავსიც, რამდენადაც ვიცი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღარსადაა. იცოდნენ მათ ქალაქის ამ პატარა კუთხის მნიშვნელობა, მისი ადგილი პოლიტიკურ-ისტორიულ ცის კაბადონზე? მათ უნდა სცოდნოდათ. როცა საქმე საქართველოს ეხება, ბევრ რუსს ასეთი გრძნობა ეუფლება - ამაყი ნაბიჯით მომავალი, ქედმაღალი არმია, რომელიც დაუსჯელად მარშირებდა სტალინის სამშობლოში, რაღაც აზრით, სწორედ მის დაკვეთას ასრულებდა. მაგრამ მერე, რა უნდა მოხდეს მერე? როდესაც შემოჭრილი არმია უკან დაიხევს, რა მოუვა ამ კუთხეს? აღდგება საქართველო იმავე ქვეყნად, როგორიც რამდენიმე კვირით ადრე იყო? რა გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური როლი შეიძლება მას დაეკისროს?

ეს კითხვები მიტრიალებდა, როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კონფლიქტზე და მის უამრავ გამოძახილზე სასაუბროდ ვურეკავდი. მასთან დაკავშირებას კვირები დასჭირდა. ჯერ ნიუ-იორკში დავურეკე მეგობარს, რომელმაც დაურეკა ვიღაცას თბილისში, ვინც იცნობდა ვიღაცას, რომელიც პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი იყო და როგორც აღმოჩნდა, ძალიან იყო დაინტერესებული დასავლელ ჟურნალისტთან შეხვედრით იმისთვის, რომ გაეფანტა მითები, რომლებსაც, პრეზიდენტის აზრით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთი ავრცელებდა. ერთი კვირადღის ნაშუადღევს, ნიუ-იორკში, ჩემს ბინაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ქალმა დარეკა. მან მითხრა, რომ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ 35 წუთში უნდა გადამერეკა. ასეც მოვიქეცი და ოპერატორმაც მასთან მყისიერად დამაკავშირა. როდესაც სააკაშვილმა ყურმილი აიღო, დათრგუნული ჩანდა. საქართველოში ღამის 10 საათი იყო, პრეზიდენტი თავის ოფისში იმყოფებოდა, ხოლო რუსული ჯარი სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ის იჯდა, ნახევარი საათის სავალ გზაზე იყო დაბანაკებული.

სააკაშვილმა, რომელიც კარგ ინგლისურს ლაპარაკობს, 1995 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის იურისტის ხარისხი მიიღო და შემდეგ სწავლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გააგრძელა. როდესაც ის 2003 წლის ბოლოს ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის მეშვეობით მოვიდა და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე შეცვალა, ვაშინგტონი მას ისე შეეგება, როგორც დიდი ხნის ნანატრ ახალი ტიპის პოსტსაბჭოთა ლიდერს, როგორც დემოკრატიულად მოაზროვნე ვესტერნაიზერს. სააკაშვილი თავს ანტისტალინად აღიქვამს, არა უბრალოდ რეფორმატორად, არამედ ახალი ეპოქის განსხეულებად. იმ მორალური რწმენით განმსჭვალული, რომ საქართველომ მთელი გულით უნდა თქვaს უარი თავის წარსულზე და დასავლეთში ჩაეწეროს, ის, როგორც ჩანს, მზადაა საქართველოს პოლიტიკური იდენტობა მეტაბოლიზმის დონეზე შეცვალოს. როდესაც თავის ანტიკრემლურ ტირადაში გზა-კვალი აერევა ხოლმე, ისეთი ეჭვი გიჩნდება, რომ სააკაშვილის ნაწილი თავისსავე საზoგადოებაში არსებულ ელემენტებს უპირისპირდება იმათ, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ნაზ გრძნობებს, თითქმის ნოსტალგიას იმპერიისა და ბელადისადმი, ან ლიდერისადმი, რომელიც სიცხადესა და მიზანდასახულებას მოუტანთ და თავისუფლებისგან გაქცევის შესაძლებლობას მისცემს.

რუსეთს საქართველოს ტერიტორიის მოზრდილი ნაწილი ჰქონდა ოკუპირებული, მათ შორის შავი ზღვის პორტი ფოთი, საკვანძო გზატკეცილები, ვესტერნაიზერი კი დასავლეთს გამოწვევას უგზავნიდა და იდეალების ერთგულებას სთხოვდა. ”თუ დასავლეთი თავის ღირებულებებს საქართველოს მსგავს ქვეყნებში ვერ დაიცავს, მაშინ სადღა დაიცავს?” - მკითხა სააკაშვილმა. ის ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკონომიკის განახლებას უკიდურესად სჭირდება მარშალის გეგმა და უფრო მეტი სამხედრო დახმარება. ”მე ვფიქრობ, რომ დასავლეთში ზოგიერთი თავის უმოქმედობას ასე ამართლებს: ”ვინ დაიწყო პირველმა?”. ყველა მათგანმა იცის, რომ რუსეთი წლების მანძილზე ემზადებოდა ამისთვის. მაშინ ისიც თქვან, რომ დუბჩეკმა პრაღის გაზაფხულის რეფორმატორმა ლიდერმა საბჭოთა კავშირის პროვოცირება მოახდინა”.

მისი პრეზიდენტობის დასაწყისიდანვე სააკაშვილის სტანდარტულ ნარატივი ასეთია: რუსეთი, საბჭოთა კავშირივით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის თავის მეზობლებს და ყოფილ სატელიტ ქვეყნებს და მხოლოდ სააკაშვილია, ვინც ალექსანდრე დუბჩეკივით 1968 წელს, ან უნგრეთის პრემიერ-მინისტრივით იმრე ნადივით 1956-ში, გულადად არ ეპუება მოსკოვს. მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, სააკაშვილმა მითხრა: ”ეს ზუსტად ისაა, რაც მეორე მსოფლიო ომის წინ ევროპაში მოხდა - სტალინი ფინეთის წინააღმდეგ 1939 წელს. მერე კი ჩეხოსლოვაკია 1968 წელს. ეს სტალინისა და ბრეჟნევის ტაქტიკის კომბინაციაა, ყველაზე საზარელი ფორმით”. მის ხმაში გაღიზიანება გაისმა, იმედგაცრუება იმის გამო, რომ დასავლელი ლიდერები ვერ ხედავენ მოვლენებს, როგორც ის ხედავს - ერთმნიშვნელოვანი ჭკუის სასწავლებელი ზნეობრივი პარალელებით ”მაშინს” და ”ახლას” შორის.

”ჩვენ ვაფრთხილებდით ხალხს”-ამბობს სააკაშვილი-”მაგრამ ეს უხერხულ სიმართლედ ეჩვენებოდათ, ვიღაცეებს ისიც კი ეგონათ, რომ ყველაფერი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. ახლა, იმან რაც აქ მოხდა, ნებისმიერ ფანტაზიას გადააჭარბა”. ის აგრძელებს: ”ნახეთ როგორ იქცეოდა პუტინი კავკასიაში, როდესაც ჩეჩნეთში შეიჭრა. რაც უფრო სასტიკად იქცეოდა, მით უფრო იმორჩილებდა კავკასიას. მერე იუკოსი და ხოდორკოვსკი. ახლა უკვე ვერც ერთი სხვა ბიზნესმენი ვერ ამოიღებს ხმას პუტინის წინააღმდეგ. ყველაზე მამაცი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს და მეზობელი ქვეყნის მკვლელობის დროც მოვიდა, რადგან სამეზობლოში სხვა ვერავინ ბედავს რუსეთის გამოწვევას. და, რა თქმა უნდა, საქართველო იმის სიმბოლოდ იქცა, რომ შეიძლება სხვაგვარად იცხოვრო - დემოკრატია რუსული ავტოკრატიის წინააღმდეგ. ასე რომ ეს ქცევის ძალიან გარკვეული მოდელი იყო. ეს ის საკითხია, რომლზეც ევროპელებმა უნდა იფიქრონ: ვინ გახდება ამ აგრესიის შემდეგი მსხვერპლი?”

დასასრული

ორიგინალი

No comments: