Wednesday, June 18, 2008

რუსეთი - უკრაინა: ნამდვილი და ყალბი ფსონები

le_temps 
ლორან ვინატიე
 
გაზის კრიზისი, ამ ბლოკადით დაინტერესებული ორივე ქვეყნის პოლიტიკურ მოთამაშეთა სტრატეგიითაა გამოწვეული. კონფლიქტის ცენტრში შვეიცარიაში დარეგისტრირებული კომპანია აღმოჩნდა.

2005 წლიდან დაწყებული, რუსეთთან ენერგეტიკულ კავშირზე პასუხისმგებელი უკრაინელები შეშფოთებით ელოდებიან 31 დეკემბრის შუა ღამის დადგომას. მიმდინარე წელს, ისევე როგორც 2006-ში რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდა. ქართულმა კრიზისმა და თბილისისადმი გამოხატულმა უკრაინულმა თანაგრძნობამ, ხელი ვერ შეუწყვეს ორ მეზობელს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. თუმცა ახლანდელი კრიზისი, დეკემბერში კიევის ნაჩქარევი და არასრულყოფილად დიპლომატიური მოქმედებებით უნდა აიხსნას. როგორ შეიქმნა ეს სიტუაცია? ამის გასარკვევად მთავარ მოთამაშეთა სტრატეგიის განხილვაა აუცილებელი.

გაზის მოწოდების სქემის ცენტრში შვეიცარიაში დარეგისტრირებული კომპანია RusUkrEnergo აღმოჩნდა, რომლის აქციათა 50%-ს ცრუ კომპანიები განაგებენ და რომლებიც მთლიანად ”გაზპრომის” კონტროლქვეშაა მოქცეული. აქციების 45% უკრაინელი ბიზნესმენის დიმიტრი ფირტაშის განკარგულებაშია, რომელიც მანამდეც გაზის საქმეებით (თურქმენეთსა და პოლონეთს) შორის იყო დაკავებული. აქციების 5% კი ფირტაშის ძველ პარტნიორს, ივანე ფურსინს ეკუთვნის.

”როს-უკრ-ენერგო” რთული მექანიზმის შუაგულშია მოქცეული, რომელიც გლობალურად ორ ძირითად ბოძს ეყრდნობა: პირველი, შვეიცარიული კომპანიის საქმიანობაში 50%-იანი მონაწილეობით ”გაზპრომის” იაფი, ცენტრალურ-აზიური აირის შეძენაა, რაც ”გაზპრომსა და მის ხელმძღვანელობას ფულის ორჯერ აღების საშუალებას აძლევს. მეორე – ის უკრაინიდან ზოგიერთ პირებს აფინანსებს, რომელთა ვინაობაც ზუსტად არ არის დადგენილი. აქ ისმის კითხვა: როგორია კომპანიის როლი და ადგილი უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე? ანალიტიკოსთა უმრავლესობა გადაჭარბებულად აფასებს მის მნიშვნელობას, თუმცა ახლანდელი კრიზისი სულაც არ უკავშირდება ფინანსური დაინტერესების პროცესებს.

პარადოქსია, მაგრამ უკრაინას და რუსეთს შორის 2008 წლის ენერგეტიკული მოლაპარაკებები ცუდად არ დაწყებულა. 2 ოქტომბერს, ნოვოიგორიოვოში, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მის უკრაინელ კოლეგას იულია ტიმოშჩენკოს შეხვდა. მათ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად და პროპორციულად რუსეთიდან უკრაინისთვის მიწოდებულ აირზე ფასები ეტაპობრივად უნდა გაზრდილიყო, რომელსაც ორივე მხარის ინტერესები უნდა დაეკმაყოფილებინა. ამ გარდამავალი პერიოდის ბოლოს უკრაინას გაზზე საბაზრო ფასი უნდა გადაეხადა, მაგრამ იმავდროულად მას საშუალება ეძლეოდა მნიშვნელოვნად გაეზარდა რუსეთიდან მიწოდებული გაზის სატრანზიტო ფასი. მემორანდუმში აღნიშნული იყო, რომ ის ძალაში 2009 წლის 1 იანვრიდან შევიდოდა იმ შემთხვევაში, თუკი ამ თარიღისთვის უკრაინის ნაციონალური კომპანია ”ნეფტოგაზი” თავის დავალიანებას და 2008 წელს დაგროვილი საჯარიმოების დანამატებს, სულ – 2,1 მილიარდს დაფარავდა. იქვე მითითებულ იქნა, რომ მომავალში ”ნაფტოგაზს” RusUkrEnergo-ს შუამავლობის გარეშე, პირდაპირ უნდა ეწარმოებინა საქმიანობა ”გაზპრომთან.” იულია ტიმოშჩენკოს შეეძლო კიევში ღრმად კმაყოფილი დაბრუნებულიყო. ის რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობაში დარწმუნდა, რომელიც როგორც ჩანს კომპრომისისთვის იყო მზად და ამით მან RusUkrEnergo-ს უკრაინული ბაზრიდან განდევნას მიაღწია, რომელიც უკვე მრავალი თვის გამავლობაში, მის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენდა.

თუმცა 8 ოქტომბერს, საკანონმდებლო ხელისუფლების პარალიზების გამო, რომელიც სახელმწიფოს ორი უმაღლესი პირის მზარდ მტრობაზე მიუთითებდა, პრეზიდენტმა იუშჩენკომ პარლამენტი დაითხოვა. თავდაპირველად არჩევნები 7 დეკემბრისთვის დაიგეგმა, შემდეგ კი ფინანსური სიძნელეებისა და პარლამენტში წარმოქმნილი ახლი სირთულეების გამო, 2009 წლის გაზაფხულისთვის იქნა გადატანილი. კიევში პოლიტიკური არასტაბილურობა და ნარინჯისფერი კოალიციის ორი ყოფილი მოკავშირის დაპირისპირება დაიწყო, რომელშიც მესამე ძალად ვიქტორ იანუკოვიჩის ”რეგიონების პარტია” ჩაერთო. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას მიმდინარე წლის გაზის ფასი უნდა გადაეხადა და ნოვოოგორიევოში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მომავალი წლის ფასი დაეფიქსირებინა.

ლოგიკურია, რომ აღნიშნულ პირობებში თითოეული მხარე ამ ისტორიის საკუთარი სტრატეგიისთვის გამოყენებას ცდილობდა. მით უფრო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2009 წლის ბოლოს ან 2010 წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. გამორიცხული არ არის, რომ დღევანდელი კრიზისი გამოწვეული იყოს სიტუაციაში ჩართული თითოეული მოთამაშის სურვილით -გაერთულებინა კომპრომისის მიღწევა და საქმე უკიდურესობამდე დაეძაბა. აქ ბევრი კითხვა წარმოიშვება.

პირველი – რატომ დაუშვა იულია ტიმოშჩენკომ კრიზისის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელება, როდესაც ის ოქტომბერში მეგობრულად შეუთანხმდა ვლადიმერ პუტინს? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მისი ხელისუფლება სულაც არ არის დაინტერესებული ვალის დროული დაფარვით და მას სულაც არ ადარდებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად რუსების გონივრული წინადადებებისა გაზის ფასზე, შეთანხმება არაფრით დამთავრდეს. დეკემებრეში ”გაზპრომმა” 1 000 კუბურ მეტრ აირზე 250 დოლარის ფასი წამოაყენა, რომელიც უკრაინელებმა უარყვეს (ახლა ძნელი დასადგენია რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი) უკრიანელებმა შემხვედრი წინადადებით 208 დოლარი წარადგინეს, 1 იანავარს – 235 დოლარი, მაგრამ უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. პირველი უარის შემდეგ რუსებმა 418 დოლარი მოითხოვეს. ამგვარად რუსული პოზიციის გამკაცრებაში ნაწილობრივ ბრალი იულია ტიმოშჩენკოს მიუძღვის. შეიძლება ის ფსონს შიდა კრიზისის გამწვავებაზე დებს, იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ უკრაინაში პოლიტიკური პეიზაჟი შეიცვალოს? ანდა ფიქრობს, რომ ამასობაში პრეზიდენტი იუშჩენკო თავის ნამდვილ პოლიტიკურ ზრახვებს გამოააშკარავებს, რომელიც მას ”რეგიონების პარტიასთან” კავშირისკენ უბიძგებს და რითაც საკუთარი დისკრედიტაციის რისკს გაზრდის? თუმცა თუკი იგი, მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთთან ენერგეტიკულ მოლაპარაკებებზე უარს განაცხადებს, განსაკუთრებით RusUkrEnergo-ს შეთანხმების პროცესიდან ამოგდების შესახებ, მაშინ ამის ახსნა მხოლოდ მომავალ არჩევნებში, მისი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

რუსეთის სტრატეგია შედარებით ცხადია. რისი მიღწევა სურს მოსკოვს ამ კრიზისის მეშვეობით? ნაკლებსავარაუდოა, რომ მას უკრაინის დასჯა მხოლოდ საქართველოსთვის გაწეული დახმარების გამო უნდოდეს. უფრო მეტიც, საქმე არც ტარიფში და არც გადაუხდელ ვალშია, რადგან ”გაზპრომი” მზად იყო 250 დოლარის ფასს დათანხმებულიყო და 1,5 მილიარდიანი ვალიც უკრაინის მიერ იანვრის დასაწყისში იქნა გადარიცხული (რჩება კიდევ ჯარიმების საკითხი, რომელიც ”გაზპრომის” მონაცემებით 614 მილიონ დოლარს აღწევს, თუმცა ეს თანხა ნაკლებად შეიძლება გამხდარიყო ასეთი მწვავე კრიზისის მიზეზი).

სამაგიეროდ სავარაუდოა ის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უკრაინელთა განხეთქილებითა და ყოყმანით ისარგებლოს, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ტრანზიტული ქვეყნების არასაიმედოობას. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ”გაზპრომის” მიერ უკრაინელების წინააღმდეგ იანვრის პირველ ნახევარში გაზის მიტაცებაში დადანაშაულება. იგივენაირად უნდა გავიგოთ პუტინის განცხადებაც, რომელმაც ევროპელებს ”North Stream”-ის გაზსადენის უპირატესობაზე მიანიშნა.

ყველაზე დამაჯერებლად კი შემდეგი განმარტება გამოიყურება: რუსეთის ხელისუფლება, ისევე როგორც იულია ტიმოშჩენკო შიდაუკრაინული დაპირისპირების გამწვავებას და ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური გაკოტრების პირას მიყვანას ცდილობს, სწორედ ამიტომ არ თვლიდა რუსეთი RusUkrEnergo-ს არსებობას უკრაინის ბაზარზე პირველადი მნიშვნელობის საკითხად.

ბოლოს რჩება პრეზიდენტ იუშჩენკოს ორაზროვანი პოზიცია. რა იმალება მისი განზრახ გვერდზე დგომის უკან? უკანასკნელი კვირეების განმავლობაში ის უკიდურესად თავშეკავებული იყო. მართალია, დაბეჯითებით მოუწოდებდა მთავრობას ვალის დაფარვის საკითხის გადაწყვეტას, თუმცა ამის იქით მას ნაბიჯები აღარ გადაუდგამს. ახლა ის რთულ მდგომარეობაშია. ენერგეტიკულმა კრიზისმა მას შეიძლება ავნოს კიდეც, მაგრამ მისთვის ეს უფრო მისაღებია, ვიდრე მის მოწინააღმდგედ ქცეული იულია ტიმოშჩენკოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება.

ორი ალტერნატიული სიტუაციის არჩევის წინაშე მდგარი, ის დღეს ცხადია მთავარი დამარცხებულია.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ის უკრაინულ ბაზარზე RusUkrEnergo-ს შეარჩუნებას შეეცადოს. ცნობილია, რომ მას ბიზნესმენ დიმიტრი ფირტაშთან კარგი ურთიერთობები აქვს და 2008 წლის ბოლოს მისი ერთ-ერთი პროტეჟეს, უკრიანის ნაციონალური ბანკის მეთაურის დასაცავად გამოვიდა. თუმცა არც იმის მტკიცებულებები არსებობს, რომ პრეზიდენტი იუშჩენკო იმ მექანიზმიდან, რომელიც შვეცარიაში დარეგისტრირებული ფირმის მიერაა შექმნილი, რაიმე მოგებას მიიღებს. ეს ნაკლები მოტივაციაა იმისთვის, რომ აიხსნას პრეზიდენტის წინააღმდეგობა და ობსტრუქცია, რომელსაც ის ”გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებას უწევს.

თუკი უკრაინის პრეზიდენტს მართლაც მიუძღვის წვლილი განვითარებულ კრიზისში, მაშინ ის მომავალ არჩევნებში ”რეგიონების პარტიასთან” დაახლოების იდეით უნდა იყოს გამოწვეული.

ორიგინალი

No comments: