Thursday, May 15, 2008

ექსკლუზივი: ეჭვები აქტივისტის კავშირებზე კაგებესთან

images

დესმონდ ბატლერი და მეტ სიგელი
15 დეკემბერი 2008

ვაშინგტონი
(AP) - ლირა ცხოვრებოვამ თითქმის 600 მილი ვაშინგტონამდე სპეციალური მისიით გადაიფრინა: დამოუკიდებელ აქტივისტს სამხრეთ ოსეთიდან , როგორც ის თავის თავს უწოდებს, სურს ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ გამოწვევა გაუგზავნოს და სეპარატისტული რეგიონის გამო რუსეთთან ომში ქართული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკეების შესახებ უამბოს.

ძვირადღირებული PR კომპანიის მიერ მხარდაჭერილი ცხოვრებოვა მთელ რიგ ამერიკელ ჩინოვნიკებთან აპირებს შეხვედრას, მათ შორის სენატორ პატრიკ ლეის თანამშრომლებთან. ლეი უცხოურ დახმარებებზე დამკვირვებელ ჯგუფს ხელმძღავენლობს. ღონისძიება, სადაც ცხოვრებოვა ამ კვირაში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადება, თავად აშშ-ს მთავრობამ დააფინანსა.

ის, რაც ამერიკელებმა ცხოვრებოვასთან შეხვედრის დროს არ იცოდნენ, იყო ის, რომ მას სამხრეთ ოსეთის ”კაგებესთან”, უშიშროების სამსახურთან კავშირები აქვს.

ქართველები ამბობენ, რომ ის აგენტია. ცხოვრებოვას ამ ბრალდებაზე ეცინება და ამბობს, რომ ის ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლია. მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პირები მასთან დაკავშირებით მაინც შეშფოთდნენ - მათ აინტერესებთ ვინ დააფინანსა ამ ქალბატონის ვაშინგტონში მოგზაურობა.

ცხოვრებოვას ვიზიტი ვაშინგტონში იმ კამპანიის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთის წინააღმდეგ ატარებენ. ამ კამპანიის დროს ორივე მხარე აგვისტოს ომში ერთმანეთის დადანაშაულებას და ბარაკ ობამას მმართველობაში მოსვლის მომენტისთვის ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

საქართველოს დაზვერვამ AP-ს ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები მიაწოდა, რომლებშიც ცხოვრებოვა, როგორც ჩანს, მივლინების, ფულის და ინფორმაციის საკითხებს იხილავს ვასილი გულიევთან, რომელიც ქართველების თქმით, სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების განყოფილების კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა. ამ სამსახურს დღემდე საბჭოთა დროის აკრონომით, კაგებეთი მოიხსენიებენ.

”მე არანაირი ფული აღარ დამრჩა. გუშინ ძალიან მაგარი რაღაც შევიტყვე... ნუ ძალიან მაგარი არა... მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თან აბსოლუტურად შემთხვევით”, ეუბნება ის გულიევს 2005 წლის ივნისის სატელეფონო საუბრის დროს. გულიევი მასთან კონფიდენციალურ შეხვედრას სწრაფად თანხმდება.

ცხოვრებოვამ თქვა, რომ მან არ იცოდა თუკი საქართველოს უშიშროება მის საუბრებს ისმენდა, სანამ AP-იმ მას ამ ჩანაწერების სტენოგრამა არ აჩვენა. ჩანაწერები ნათლად აჩვენებენ, რომ მისი საუბრები 2005 წლიდან იწყება ყოველდღიურად ისმინებოდა.

იმის არანაირი მტკიცებულება, რომ ცხოვრებოვას საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა არ არსებობს, მაგრამ გულიევი აშკარად დაინტერესებული ჩანს მისი ხშირი კავშირებით დასავლურ ორგანიზაციებთან.

ცხოვრებოვამ აღიარა, რომ იგი ჩვეულებრივ ესაუბრება და ხვდება ხოლმე გულიევს, მისი ოჯახის მეგობარს.

AP-სთან სატელევიზიო ინტერვიუში ცხოვრებოვამ განაცხადა, რომ გულიევის ”კაგებეში” მუშაობის შესახებ იცის. მაგრამ პირადად მისი ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფაქტი გამორიცხა. ცხოვრებოვას საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკელმა კოორდინატორმა მარკ სეილორმა (Saylor Co) ჩვენი შეკითხვები გააპროტესტა და AP-ის კამერების გამორთვა მოითხოვა, მაშინ როდესაც ცხოვრებოვა მისი სატელეფონო ჩანაწერების სტენოგრამას ეცნობოდა.

მოგვიანებით, განცხადებაში, ცხოვრებოვამ ჩანაწერებს ”ბინძური, ყალბი და მოსალოდნელი” უწოდა. მან თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ოპონენტებს ჩვეულებრივ აგენტებს ეძახის. ”ეს არის ბრალდება, რომლის გაკეთებაც მარტივია და მისი უარყოფა კი შეუძლებელი”, თქვა მან.

”ადამიანები, ვინც ჩვენს რეგიონში ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, უსაფრთხოების სამსახურებთან კონტაქტს გვერდს ვერ აუვლიან ”, თქვა მან. ”ასე ხდება სამხრეთ ოსეთშიც, ისევე როგორც საქართველოში და ყველამ, ვინც ამ სფეროს იცნობს, ეს იცის”.

სამხრეთ ოსეთი უსაფრთხოების სამსახურების მიერ განსაკუთრებით კონტროლდება. მამუკა არეშიძე დამოუკიდებელი ანალიტიკოსი თბილისიდან, რომელიც რეგიონში დაზვერვით სამუშაოებს აკვირდება, ცხოვრებოვას შეფასებას ეთანხმება. ”მათ, ვინც უცხოეთში მოგზაურობს და ვინც საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობს, შეუძლებელია არ მისცენ ინფორმაცია”, განაცხადა მან.

ცხოვებოვა ამბობს, რომ ის ყველა მთავრობისგან დამოუკიდებლად მუშაობს და ამერიკაში მოგზაურობაზე ინსტრუქციები არავისგან მიუღია. ეს ჩანაწერები განსაკუთრებულს არაფერს ადასტურებს.

ცხოვრებოვას ოფიციალური ლობისტი კომპანია Saylor-ი ამტკიცებს, რომ უცხოეთის არც ერთ მთავრობას მათთვის ლობისტობა არ დაუვალებია. კონგრესში გაგზავნილ ამერიკულ დოკუმენტებში, სეილორი ადასტურებს, რომ არცერთი უცხოური იურიდიული პირი ცხოვებოვას ორგანიზაციის ”გეგმებს არ აკონტროლებს, არ მართავს, მიმართულებას არ აძლევს, არ აფინანსებს და სუბსიდირებას არ უწევს”.

მაგრამ მეთიუ ბრაიზამ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ვინც საქართველოს პრეზიდენთან დაახლოებული პირია და პასუხისმგებელია აშშ-ს პოლიტიკაზე კავკასიაში, განაცხადა, რომ მას ცხოვებოვას დამოუკიდებლობაზე ეჭვი ეპარება. მას შემდეგ რაც AP-იმ მას ამ თემაზე შეკითხვა დაუსვა, ბრაიზამ გააუქმა მისი წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი შეხვედრა ცხოვრებოვასთან.

”კავკასიაში (რეგიონში) წლების განმავლობაში ვმუშაობ. ჩემი გამოცდილებით ეს უნიკალური შემთხვევაა, რომ მსგავს ადამიანს საზოგადოებასთან ურთერთობის ასეთი ძვირადღირებული ფირმა ემსახურებოდეს, ეს განგაშის საფუძველს იძლევა”, ამბობს ბრაიზა.

ცხოვრებოვამ განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ბრაიზამ არ მისცა მის წარმომადგენლებს იმის უფლება, რომ ”აგვისტოს ომით დაზარალებულებისგან ინფორმაცია მიიღონ, განსაკურებით მას შემდეგ რაც მისი ბოსი და ბევრი მისი კოლეგა ბევრჯერ შეხვედნენ საქართველოს ლობისტებს”. ამერიკულ ანგარიშებში ნათქვამია, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს ლობისტების ხშირი შეხვედრების შესახებ.

AP-თან უფრო ადრე ჩაწერილ ინტერვიუში, სადაც ცხოვრებოვა თარჯიმნის საშუალებით საუბრობდა, ის აღწერდა თუ როგორ დაიგეგმა მისი მოგზაურობა:

ომამდე ის სამხრეთ ოსეთის ფარგლებში მუშაობდა. მაგრამ საერთაშორისო კამპანია მას შემდეგ წამოიწყო, რაც სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის დაბომბვებს გადაურჩა. ის ქართული თავდასხმის შემდეგ ქალაქის ნანგრევებში, ბევრ დაღუპულთან ერთად აღმოჩნდა.

”ვფიქრობ მსოფლიო წინ უნდა აღდგომოდა მათ ვინც სამხედრო დანაშაულებებს ჩადიოდა. ამის ნაცვლად დასავლურმა მედიამ საქართველოს მხარე დაიკავა.”

ცხოვრებოვა ამბობს, რომ ის ცნობილ დირიჟორს ვალერი გერგიევს, ეთნიკურ ოსს შეხვდა, რომელმაც ცხინვალში, მისი დაბომბვიდან რამდენიმე კვირაში, კონცერტი გამართა. ის ამბობს, რომ გერგიევმა ის ანდრეი კონჩალოვსკის გააცნო, ცნობილ რუს რეჟისორს, ვინც მას კომპანია Saylor-ის დაქირავებაში დაეხმარა.
კონჩალოვსკი პუტინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერის, ასევე ცნობილი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ძმაა.

ცხოვრებოვამ უარი თქვა საკუთარ ხარჯებზე ესაუბრა ან ფინანსური მფარველების უმრავლესობა დაესახელებინა, მაგრამ Saylor-მა მასთვის უზარმაზარი ძალისხმევა გაიღო. ის მოსკოვსა და ცხინვალში გაემგზავრა, რათა მისი მუშაობა აღეწერა, იმავდროულად ფირმამ ორი ვებ-გვერდი შექმნა, დაგეგმა საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეხვედრები კონგრესში, დაეხმარა მას სტატიების გამოქვეყნებაში Los Angeles Times-სა და Christian Science Monitor-ში.

ლეის ოფისის გარდა, ცხოვრებოვა ასევე რესპუბლიკელი რონ პოლის წარმომადგენლებს და ჰელსინკის კომისიას შეხვდა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკის ფორმულირებას ახდენს. ეუთო, რომელიც ცხოვრებოვას მუშაობას აფინანსებდა, სამხეთ ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ აკრძალა.

ჰელსინკის კომისიის სპიკერმა ლეილ მამუქსმა განაცხადა, რომ ცხოვრებოვა მოითხოვდა აშშ-ს დახმარების პირობებში აუცილებლად ყოფილიყო ჩადებული პირობა, რომ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ დაეხმარებოდა.
ლეის სპიკერმა შეხვედრას რუტინული უწოდა. პოლის ოფისმა კომენტარზე უარი განაცხადა.

ცხოვრებოვა ამ კვირას ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში კონფლიქტის გადაწყვეტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აპირებს მონაწილეობას, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტით დაფინანსდა. განცხადებაში სააგენტომ აღნიშნა, რომ მას მონაწილეები არ შეურჩევია. გაურკვეველი დარჩა, USAID-მა ამ ღონისძიებაში რამდენი გადაიხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ცხოვრებოვას კავშირები კაგებესთან იმას გულისხმობს, რომ იმავდროულად იგი რუსულ ”ეფესბე”-სთან, რუსეთის უშიშროების სამსახურთანაც თანამშრომლობს. ეს ერთი და იგივე ორგანიზაციებია”.

ისევე როგორც უშუალოდ დე-ფაქტო მთავრობა, სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების სამსახურებს დიდწილად მოსკოვთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქეები მართავენ.

”ჩვენ გვაქვს იმის არაერთი მტკიცებულება, რომ ის (ცხოვრებოვა) ”ეფესბე”-ს აგენტია”, თქვა უტიაშვილმა.
მაგრამ ჩანაწერების ნაწილი, რომლებსაც ქართველი ჩინოვნიკები მამხილებელს უწოდებენ, არაერთგვაოვნია.

”მე არ ვიცი მედიას მათ რამდენად დაუმახინჯებელი ასლები მიაწოდეს, მაგრამ ის, რასაც მე ვხედავ, არაფრის მთქმელია”.

ერთ-ერთ ჩანაწერში გულიევი დაჟინებით სთხოვს ცხოვრებოვას მის მიერ დაფუძნებული ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისგან მკურნალობის ცენტრის თანამშრომლებზე ინფორმაცია მიაწოდოს. ცხოვრებოვა გულიევს ეკითხება, რატომ აძლევს იგი მას ასეთ ”პროვკაციულ დავალებას”. როგორც ჩანს, ცხოვრებოვა ეწინააღმდეგება მოსაუბრეს და არ აწვდის მას სრულ ინფორმაციას.

ქართველმა ჩინოვნიკებმა აღნიშნული მონიტორინგი შპიონური პროგრამის ერთ-ერთ წარმატებულ ნაწილად დაახასიათეს, რომლის მიზანი გახლდათ სეპარატისტული სამთავრობო ჩინოვნიკების ძალიან მგრძნობიარე სატელეფონო საუბრების მოსმენა 2004-2008 წლების შუალედში. პროგრამა გრძელდება, მაგრამ ის ნაკლებად ეფექტური გახდა მას შემდეგ, რაც 2007 წლიდან სამხრეთ ოსეთი ქართული სატელეფონო სადგურბს გამოეთიშა და რუსულ სადგურებს მიუერთდა.

ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2005 წლის 2 თებერვალს, როგორც ამას ქართველი ჩინოვნკები ამბობენ, ცხოვრებოვა გულიევს საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის კვლევით ცენტრში საბინ ფრეიზერთან შეხვედრას აღუწერს და იმ ადამიანებს ასახელებს, ვინც ფრეიზერს მისი ვიზიტის დროს სტუმრობდა.

ფრეიზერი და საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა დასავლელი თანამშრომლები ცხოვრებოვას მუშაობას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მასთან დაკავშირებით ეჭვი არასდროს გასჩენიათ.
ფრეიზერმა ინტერვიუს დროს განაცხადა: ”მარტივად გეტყვით, არ ვფიქრობ რომ ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც რუსული საიდუმლო სამსახურები ქმნიან”.

ორიგინალი

No comments: