Thursday, April 17, 2008

სამარცხვინო შეტევა სამხრეთ ოსეთზე

latimes 
ლირა ცხოვრებოვა
17 ნოემბერი 2008

ბოლოდროინდელმა ანგარიშებმა საქართველოს პრეზიდენტის მონაცემები ომის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა დასავლური სახელმწიფოები მისი ხელისუფლების ზურგს დახმარებებით კვლავ ამარაგებენ.

ამ ბოლო დროს დასავლეთის დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს, სამხრეთ ოსეთის გამო საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი აგვისტოს ომის შესახებ საგრძნობლად შეიცვალა. New York Times-მა, BBC-მ და Human Rights Watch-მა საკმაოდ დიდი რაოდენობით მტკიცებულებები წარმოადგინეს იმის შესახებ, რომ აშშ-ს მიერ შეიარაღებული და გაწვრთნილი ქართული ჯარი თავს ესხმოდა უდანაშაულო მოქალაქეებს, იყენებდა კასეტურ ბომბებს და სხვა აკრძალულ იარაღს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელიც თავიდან საქართველოს ძალიან უჭერდა მხარს, ახლა აღიარა, რომ საქართველო შეცდა, როდესაც შეტევა წამოიწყო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ მილიბენდმა დაგმო საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო თავდასხმა. ეუთოს წარმომადგენლებმა ისეთი ინფორმაცია წარმოადგინეს, რომელიც აცამტვერებს ქართველთა განცხადებებს მათ მიერ წარმოებული ომის თავდაცვითი ხასიათის შესახებ.

Los Angeles Times-საც კი, რომელიც ინტენსიურად აქვეყნებდა მასალას აგვისტოს ომის შესახებ და რომელმაც კონფლიქტის დასრულებიდან მცირე დროში აღიარა, რომ ოსეთის მოსახლეობამ მძიმე განსაცდელი გადაიტანა, არ დაუბეჭდია ვრცელი სტატია ამ კრიტიკულ მოვლენებზე. მაგრამ მხოლოდ Times-ს არ დარჩენია ყურადღების მიღმა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები. გასულ თვეში დასავლეთის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს საქართველო სასტიკი ქმედებებისთვის დაეჯილდოვებინათ და მისთვის $4.5 მილიარდი გადაეცათ. ეს ფული არასდროს მიაღწევს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამდე, რომლის სახლებიც და სკოლებიც დანგრეულია. ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, რომელთა არჩეულმა პრეზიდენტმა, ფიცი დადო, რომ აღადგენს მისი ქვეყნის, როგორც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დამცველის რეპუტაციას, კიდევ 1 მილიარდის მიცემას აპირებენ სამხედრო დანაშაულებებში ეჭვმიტანილი მთავრობის დასახმარებლად.

საქართველოს პი-არ კამპანიამ ომის მსვლელობის დროს ეფექტურად ჩაახშო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა ხმა. მაგრამ ახლა, ომის დასრულების შემდეგ, The Times-მა და სხვებმაც ამ კონფლიქტთან დაკავშირებული საბაზისო ფაქტები უნდა გამოამზეურონ.

დაძაბულობის ესკალაციის, საზღვრის დარღვევის გახშირებული პრეცედენტების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს სატელევიზიო განცხადება გააკეთა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ”ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს ”. ჩვენ, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებმა შვებით ამოვისუნთქეთ და დასაძინებლად წავედით - სააკაშვილმა ხომ გვითხრა, რომ ”არ მსურს ძალადობაზე კიდევ უფრო დიდი ძალადობით ვუპასუხო”.

სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლიდან სულ რამდენიმე საათში ქართულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვლაზე სასტიკი შეტევა დაიწყო. მე, ჩემმა ქმარმა და 86 წლის დედამთილმა თავი შევაფარეთ სახლს, რომელიც აფეთქებებისგან ზანზარებდა. დრო და დრო, როცა სროლა ჩერდებოდა, ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს ტელეფონით ვუკავშირდებოდი და საზარელ ამბებს ვიგებდი. ჩემი ერთი თანამშრომლის ნათესავები ქართულმა ტანკმა დახოცა, ჩემი ახალგაზრდა დანტისტი, საკუთარ სახლთან ჭურვმა ნაკუწებად აქცია.

როცა სამი დღის შემდეგ, უკვე რუსული არმიის მიერ ქართული ჯარების განდევნის მერე, სახლიდან გამოსვლა შევძელი, ჩემი ქალაქი ნანგრევებად იყო ქცეული.

დღეს ცხინვალში, ჩემი მეგობრები და მეზობლები ყველაფერს თავიდან აშენებენ. სახლის მფლობელები კედლებს ლესავენ, მაღაზიებში დახლებს ალაგებენ, მასწავლებლები დროებით კლასებს აწესრიგებენ.

მაგრამ ჩვენს რწმენას ასე იოლად ვეღარაფერი აღადგენს. ერთი ცინიკური მოძრაობით, სააკაშვილმა ეთნიკური სიძულვილის, უნდობლობისა და გაუგებრობის ნაკვერჩხალს ცეცხლი წაუკიდა. ოსები, რომლებმაც მთელი სიცოცხლე ქართველების გვერდით გაატარეს, რომელთაც მათთან ქორწინება, მეგობრობა, გეოგრაფია, ტრადიცია, ადათი აკავშირებდათ, ახლა დარწმუნებულები არიან - რომ არა რუსული ჯარი, მათ განადგურება ელოდათ.

მშვიდობის დაცვა ჩემი პროფესიაა. ათწლეულზე მეტია მე ოსებსა და ქართველებს - მოსწავლეებს, დედებს, მასწავლებლებს და ჯარისაცებს შორისაც კი შეხვედრებს ვაწყობდი. ერთმანეთს იმიტომ ვხდებოდით, რომ გვემსჯელა იმ ღირებულებებზე, რომლებიც გვაკავშირებს და იმ გაუგებრობებსა და სიძულვილზე, რომელიც გვყოფს. ბავშვიდან ბავშვამდე, პიროვნებიდან პიროვნებამდე, სოფლიდან სოფლამდე ხმის მიწვდენას ვცდილობდით იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში, მრავალეთნიკურ რეგიონში ისტორიული და სხვა უფრო კომპლექსური სახის წინააღმდეგობები ჩაგვეცხრო.

მაგრამ ახლა უკვე მეც აღარ ვიცი, შესაძლებელია კი კიდევ მშვიდობიანი თანაარსებობა?

ჩვენ, სამშვიდობო მოძრაობის წევრები არასდროს ვადანაშაულებდით ქართველებს მათი ხელისუფლების ქმედებების გამო. მე სულაც არ მძულს ქართველები - ისინიც ჩვენსავით იმ ე.წ. დემოკრატიული ლიდერის მსხვერპლნი არიან, რომელმაც შეზღუდა პრესა და თავის ხალხს დაუმალა, თუ რა მოხდა სინამდვილეში იმ ავბედით ღამეს.

მე დღემდე მჯერა პატიოსანი დიალოგის ყოვლისშემძლეობის და დღესაც მინდა ხმა მივაწვდინო ჩემს ქართველ მეგობრებს. გასულ თვეში, რამდენიმე ქართველ აქტივისტს სტამბოლში შევხვდი, იქ კონფლიქტის რეგიონში ქალების წინაშე წამოჭრილ პრობლემებზე ვმსჯელობდით. ამ დღეებში ბაქოში ვიყავი და იმ ქართველ ქალებს ველაპარაკე, ვისაც ხუთდღიანმა ომმა მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუყენა.

თუ მსოფლიოს უნდა, რომ კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში მოგვარდეს, ხოლო ზოგადად კავკასიაში ტერიტორიული პრობლემები მართლაც გადაწყდეს, მაშინ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის ახალ საგამოძიებო კომისიას, უნდა ჩატარდეს მოსმენები, სადაც დადგინდება დაირღვა თუ არა საერთაშორისო სამართალი.

კონგრესმა უნდა ჩაატაროს მოსმენები იმის გასარკვევად, თუ როგორ გამოიყენა საქართველომ ამერიკის მიერ ჩატარებული წვრთნები და ამერიკული იარაღი შეტევის დროს. სენატორმა ჰილარი კლინტონმა განსახილველად უკვე წარმოადგინა კანონპროექტი, S 3567, რომლის თანახმადაც უნდა გაირკვეს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები ამერიკისა და რუსეთის, ამერიკისა და რეგიონის სხვა ქვეყნების შემდგომი ურთიერთობების შესახებ.

ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გამოაიარეს ხუთდღიანი ომი და ომისშემდგომი ვითარება.

ქვეყნები, რომლებმაც ომით დაზარალებულ რეგიონში მილიარდობით დახმარება გააგზავნეს, უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს თანხა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამდეც, ომით ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ადამიანებამდეც მიაღწევს.

დამატებითი დახმარება სააკაშვილს მხოლოდ იმ პირობით უნდა მიეცეს, თუ ის უარს იტყვის სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.

ქვეყნებმა, რომლებიც საქართველოს დახმარებას აწვდიან, უნდა მოითხოვონ, რომ საქართველოს მთავრობა თანხებს შემდგომი მილიტარიზაციისათვის არ გამოიყენებს.

წლების გამოცდილებამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ნამდვილი შერიგება სიმართლისა და ნდობის გარეშე ვერ შედგება. სააკაშვილმა სიცრუის კამპანია წამოიწყო, არ თქვა უარი ჩემი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე და ამით ერთი რამ დაადასტურა - დღეს აღარ არსებობს არც სიმართლე და არც ნდობა. სანამ სამყარო არ მოისმენს ჩვენს თავგადასავალს, არ გააცნობიერებს რა მოხდა სინამდვილეში 7 აგვისტოს, სამართალი ვერ გაიმარჯვებს.

ლირა ცხოვრებოვა ასოციაცია ”სამხრეთ ოსეთის ქალები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის” დამფუძნებელია. ათწლეულზე მეტია ის ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობათა გაუმჯობესებაზე მუშაობს.

ორიგინალი

No comments: