17 ნოემბერი 2008
კავკასიის ომი და დამნაშავის თემა
კავკასიის აგვისტოს ომი მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდებოდა, თუმცა კონფლიქტი ქართველებს და რუსებს შორის დღემდე მოუგვარებლია: მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობები შერყეულია. სამშაბათს, შუამავლები ევროკავშირი და გაერო ჟენევაში მოწინააღმდეგე მხარეების კვლავ ერთ მაგიდასთან დასმას შეეცდებიან, იუწყება ჯესინ დომბლუტი.
ომიდან სამი თვის გასვლის შემდეგ საქართველოს მთავრობა კვლავ საკუთარ პოზიციაზე რჩება: აგვისტოს ომში ერთადერთი პასუხიმგებელი მხარე რუსეთია. საქართველომ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე შეტევა იმიტომ განახორციელა, რომ ქვეყანაში რუსების შემოჭრა შეეჩერებინა, ირწმუნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე:
"ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, რუსეთი გონს უნდა მოვიდეს".
მართალია რუსეთმა საკუთარი ჯარები საქართველოს ეპიცენტრიდან გაიყვანა, მაგრამ აჯანყებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დღეს უფრო მეტი სამხედრო ჰყავს, ვიდრე აგვისტოს კონფლიქტამდე. ქართველებისთვის ეს მიუღებელია. ისინი სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ისევ საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევენ და სწორედ ამიტომ არ სურთ ამ რეგიონების წარმომადგენლებთან ჟენევაში ერთ მაგიდასთან დასხდომა. კალანდაძე:
"ჩვენ რუსეთთან ვლაპარაკობთ, რადგან მოწინააღმდეგე ერთია – რუსეთი და არა სეპარატისტული მთავრობები. სეპარატისტებს რუსები მართავენ. სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც რუსეთის წარმომადგენლები არიან და არა ხალხის მიერ არჩეული მთავრობები".
სწორედ ასეთმა უდიერმა დამოკიდებულებამ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხალხებთან ხელი შეუწყო იმას, რომ გასული 15 წლის განმავლობაში ეს აჯანყებული რეგიონები სულ უფრო დაცილდნენ საქართველოს ცენტრალურ მთავრობას. ეს უნდა დასრულდეს, ამბობს ქართველი ოპოზიციონერი პლიტიკოსი კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავა. ის სეპარატისტებთან დიალოგს ითხოვს.
"საუბარი არ არის იმაზე, თუ რამდენად წარმოადგენენ ეს მთავრობები მათ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამ რეგიონების პოლიტიკურ სტატუსზე მოლაპარაკებების წარმოება ჯერ ძალიან ადრეა. მაგრამ ჩვენ მშვიდობისთვის გარანტიები უნდა შევქმნათ და დევნილების სტატუსი გავარკვიოთ. ჩვენ უნდა აღგვედგინა სარკინიგზო და სატრანსპორტო კომუნიკაცია ქვეყნის ნაწილებს შორის და ვაჭრობაზე გვესაუბრა".
ჟენევის მოლაპარაკებები ამის შანსს იძლევა. მაგრამ სადაოა რამდენად შეძლებენ დიალოგში ჩაბმას წაჩხუბებული მხარეები. პოლიტიკოსი კუკავა ოქტომბერში, ჟენევაში ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
"ჟენევის მოლაპარაკებები სააკაშვილის დოპლომატიის ახალი მაგალითი იყო: ის ამ მოლაპარაკებებს პროპაგანდის მიზნებისთვის ბოროტად იყენებს. ჟენევის დისკუსიამ მარცხი იმიტომაც განიცადა, რომ სააკაშვილს სურდა ემტკიცებინა, რომ ომზე პასუხიმგებელი მხოლოდ რუსეთი იყო. პრესასთან საუბრისას მან ძალიან უცნაური რამ განცხადა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა საქართველოს დიპლომატიის გამარჯვება იქნებოდა. სწორედ ამის გამოა, რომ წინ ვერ მივიწევთ".
ორიგინალი
No comments:
Post a Comment