27 იანვარი 2009
ევროკავშირის ევროპული საინვესტიციო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ნაბუქოს გაზსადენს.
ევროპის ყველაზე საშინელი გაზის კრიზისით, რომლის დროსაც მთელს კონტინენტზე, შუაგულ ზამთარში მილიონობით სახლი სითბოს გარეშე დარჩა, შეშფოთებულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფერენც გიურშანიმ ევროკავშირისა და ნაბუქოს პროექტში მონაწილე ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმისთვის მოიწვია, რომ პროექტის ნელ მდინარებას ტემპი შესძინოს.
ნაბუქო ამბიციური, მაგრამ დღემდე დაუსრულებელი გაზსადენი რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ის 3,300 კილომეტრზეა გადაჭიმული და თურქეთსა და ავტრიას შორის მდებარეობს. მისი ღირებულება 7.9 მილიარდ ევროა. გაზსადენის მეშვეობით ყოველწლიურად 31 კუბური მეტრი გაზი კასპიის ზღვიდან, რუსეთისა და უკრაინის გვერდზე ავლით აღმოსავლეთ ევროპას უნდა მიეწოდოს.
ნაბუქოს დღეს 6 კომპანია ფლობს - ავსტრიული OMV, უნგრული MOL, რუმინული ტრანსგაზი, ბულგარული ბულგარგაზი, თურქული Botas-ი და გერმანული RWE.
მაგრამ იმისთვის, რომ ამოქმედება შესძლოს ნაბუქოს თანხების ინექცია სჭირდება, დაახლოებით 300 მილიონი ევრო. ორივე ბანკმა, EIB და EBRD პროექტის საწყის ეტაპებზე განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი არიან ინვესტიციის განხორციელებაში სესხების სერიის მეშვეობით, თუ სანდო პირობების მიღებას შეძლებენ.
” EIB მზადაა იმ პროექტის დაფინანსებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მდგრადობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას” - განაცხადა უნგრეთში, ”ნაბუქოს სამიტის” გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში ფილიპ მეისტადტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა. EIB მზადაა დააფინანსოს ”პროექტის ღირებულების 25%-ზე მეტი”, რასაც მთავრობებს შორის ნაბუკოს მილსადენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეთანხმება დასჭირდება, აღნიშნა მან. მეისტადტმა შენიშნა, რომ შარშან ბანკის მიერ 48 მილიარდი დახარჯული ევროდან მეოთხედი ენერგეტიკულ პროექტებს მოხმარდა.
EBRD-ს პრეზიდენტმა თომას მიროვმა ასევე შესთავაზა ნაბუკოს მილსადენს ფინანსური მხარდაჭერა იმ პირობით, რომ ”ის შესაბამისობაში იქნება ფინანსირებისთვის აუცილებელ მყარ პირობებთან”. ბანკი უნდა გაეცნოს კონკრეტულ გეგმას და მიიღოს პროექტის დასრულების გარანტიები, რაც სტაბილურ პოლიტიკურ შეთანხმებას დაეფუძნება.
ევროკავშირი მომავალი გაზის კრიზისების გამო შფოთავს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი, რომელმაც ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტი როტაციის პროცესში დაიკავა, ბოლოდროინდელ გაზის კრიზისს შეეხო. კრიზისი რუსეთსა და უკრაინას შორის ფასებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო წამოიჭრა და გაზის მიწოდებას ევროპისთვის პრობლემები შეუქმნა.
”ახალი კრიზისი ნებისმიერ მომენტში შეიძლება წარმოიქმნას და შესაძლოა ის კიდევ უფრო მძიმე იყოს” - განაცხადა ტოპოლანეკმა. მან დაამატა, რომ ნაბუქოს შეთანხმების მიღწევა ”ევროპული სოლიდარობისთვის ტესტი” იქნება.
რუსეთისა და უკრაინის ბოლო უთანხმოებამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპას თავისი ენერგორესურსების დივერსიფიცირება სჭირდება და ნაბუკო ყურადღების ცენტრში მოექცა.
თუმცა ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პროექტი სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო ოცნება. მის მხარდამჭერებს არ შეუძლიათ იმის გარანტირება, რომ ოდესმე ექნებათ გაზის საჭირო რაოდენობა, ისეთი, რომელიც ნაბუქოს მომგებიან პროექტად აქცევს.
ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი ანდრის პიებალგსი პოლიტიკურ ლიდერებს ნაბუქოსთან დაკავშირებული შეთანხმებისკენ მოუწოდებდა, რადგან თუ ეს შეთანხმება მარტის ბოლომდე არ შედგა, პროექტს საფრთხე შეექმნება.
თავის შესავალ სიტყვაში მასპინძელმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ფერენც გიურშანიმ, ევროკავშირს მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში 200-300 მილიონის გამოყოფისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ გაზსადენის მშენებლობა დასრულდეს. გიურშანიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ მას სესხზე მეტად ევროკავშირის მიერ სასტარტო კაპიტალის გამოყოფის იმედი ჰქონდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ შენიშნა, რომ სამშაბათის სამიტმა ერთი რამ ცხადყო, გიურშანი, რომელიც 2007 წელს ნაბუქოს ”ოცნებას” უწოდებდა, ახლა მთლიანად ემხრობა გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის პროექტს.
მომწოდებლებმა, თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა აღნიშნეს, რომ ისინი გაზის გარკვეული ნაწილის მიწოდებისთვის მზად არიან. ”აზერბაიჯანს, რომელიც არსებული გეგმის მიხედვით ტრანზიტულ ქვეყნად განიხილებოდა, შეუძლია ასევე მიმწოდებლის ფუნქცია შეასრულოს” - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის გაზის მარაგი, რომელიც 2-3 მილიარდი კუბურ მეტრ გაზს შეიცავს, საკმარისია იმისთვის, რომ ”რამდენიმე ათწლეულის” მანძილზე აწარმოოს მიწოდება - თქვა მან.
ავსტრიის ეკონომიკის მინისტრმა რეინჰოლდ მიტერლენერმა ივარაუდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეგვიპტე და ირანიც მიმწოდებლებლად შეიძლება განიხილებოდნენ.
რუსეთი და უკრაინა ისევ ჩხუბობენ
ამასობაში კი რუსეთი და უკრაინა ისევ კამათობენ იმ შეთანხმების დეტალებზე, რომლითაც მათი უთანხმოება დასრულდა.
სამშაბთს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმების პიობებს დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეტალს არ ეთანხმება.
რუსეთის ხელისუფლებაში მისი განცხადებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ მასსა პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის შესაძლოა ჯერ კიდევ უბიძგოს უკრაინას შეთანხმების გაუქმებისკენ.
”შეთანხმების ხელმოწერა ადვილი რამ არ იყო, მაგრამ უკრაინამ სრულად აიღო თავის თავზე (ვალდებულებების) შესრულება და ევროპის მომხმარებლისთვის სრულფასოვანი ტრანზიტის გარანტიები, უთხრა იუშჩენკომ ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროპის კომისიის ხელმძღვანელთან, ხოსე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ.
იუშჩენკოს დაპირებები იმის თაობაზე, რომ დაემორჩილება შეთანხმების პირობებს, რომელიც ტიმოშენკომ მიიყვანა ბოლომდე, ”მნიშვნელოვანი ეტაპია იმისთვის, რომ უფრო ფართო თანამშრომლობისკენ შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას” - განაცხადა ბაროზომ.
მაგრამ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დღემდე შიშობს - მზარდმა პაექრობამ იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს შორის, რომლებიც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან, შესაძლოა შეთანხმებას დარტყმა მიაყენოს.
ევროკავშირი უკრაინის სატრანზიტო სისტემის გაძლიერებაზე მოლაპარაკებებს ატარებს
იუშჩენკოს სამუშაო საუზმეზე ბაროზოსთან ენერგეტიკული საკითხები დომინირებდა. ორივე იმას უსვამდა ხაზს, რომ აუცილებელია უკრაინის სატრანზიტო სისტემის გაძლიერება და ევროპისა და უკრაინის ბაზარებს შორის მეტი კავშირების შექმნა.
კომისია 23 მარტს ბრიუსელში კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენცია უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის მოდერნიზაციისთვის თანხების შეგროვებას ისახავს მიზნად. ევროკავშირი და უკრაინა შეხვედრის დასაგეგმად ექპერტთა ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, განაცხადეს ლიდერებმა სამშაბათს.
კონფლიქტის დროს ბაროზო აფრთხილებდა რუსეთსაც და უკრაინასაც, რომ მათი, როგორც სანდო პარტნიორების რეპუტაცია ილახება.
მაგრამ ორშაბათს მან აღნიშნა ”ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში ჩვენ ნეგატიური შედეგები არ მიგვიღია, რადგან გვჯერა, რომ უკრაინას სურს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება და ჩვენც ასევე ველტვით უკრაინასთან ურთიერთობების გაღრმავებას”.
მან ასევე შენიშნა: ”ჩვენ სრულიად ღიად განვაცხადეთ, რომ იმედგაცრუებულნი ვართ უკრაინასა და რუსეთს შორის წარმოქმნილი პრობლემებით” და უკრაინას პოლიტიკური სტაბილურობისა და რეფორმებისკენ მოუწოდა.
მის დიპლომატიურ და დაბალანსებულ ქმდებებს მოსკოვში ცივად შეხვდებიან, რადგან პესკოვმა უკვე განაცხდა, რომ რუსეთი” იმის შესახებ, თუ ვინ არის დამნაშავე გაზის ტრანზიტის შეწყვეტაში, ევროპელებისგან უფრო სერიოზული განცხადებებისა და მკაცრ შეფასებების მოსმენას არჩევდა ”.
No comments:
Post a Comment