Saturday, May 3, 2008

უთანხმოება ნატოში

bbc_logo

ჯონათან მარკუსი
3 დეკემბერი 2008

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ატმოსფერო დაძაბული იყო.

ერთმა დიპლომატმა, რომელიც ნატოს კულუარებს კარგად იცნობს, არსებული სიტუაცია ”ბიუროკრატიულ პოზიციურ” ბრძოლებს შეადარა, როდესაც ყველა მონაწილე ჩასაფრებულია, ხოლო სახელმწიფოთა პოზიციებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის პერსპექტივა უიმედოდ გამოიყურება.

შეხვედრაზე ნატომ ორ საკითხზე მიაღწია შეთანხმებას. გენერალურა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ეს შეთანხმებები ასე აღწერა ”გარკვეული პირობების საფუძველზე რუსეთთან ურთიერთობის ეტაპობრივი განახლება” და საქართველოსა და უკრაინაში პოლიტიკური და სამხედრო რეფორმების მექანიზმების მოძიება, რამაც მათ ნატოსკენ მიმავალი გზა უნდა შეუნარჩუნოს.

საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მეთოდებზე კამათობდნენ, ვიდრე მიზნებზე.

ბუქარესტის ნატოს სამიტზე გასულ აპრილს, კიევი და თბილისი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპზე, მაპზე არ გადაიყვანეს. მაპი რეფორმების სპეციალური პროგრმაა, რომელიც ნატოში გაწევრიანების მსურველების მომზადებას ისახავს მიზნად.

”უსაფძვლო პოლიტიზაცია”

საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსი ქვეყნები ამ ნაბიჯის გადადგმას უფრთხიან, რადგან რუსეთის განაწყენების ეშინიათ. ზაფხულში, რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ შეშფოთება მოსკოვის გამო კიდევ უფრო გამწვავდა.

როგორც, მაღალი რანგის ბრიტანელი ჩინოვნიკები ამბობენ, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის უსაფუძვლო პოლიტიზაცია მოხდა. ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრაზე პრობლემის თავიდან აცილების გზა მოიძიეს და გადაწყვიტეს, რომ აქტივობას უკვე არსებული ორი ინსტიტუტის მეშვეობით განახორციელებენ. ეს ორი ინსტიტუტი ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიებია. მათი მეშვეობით სწორედ იმ რეფორმებს გააკონტროლებენ, რასაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ფარგლებში გააკონტროლებდნენ.

ნატოს ბიუროკრატიული სისტემის მიღმა მყოფი ადამიანი, ალბათ, ვერ გაიგებს, რის გამო ატყდა უთანხმოება.

საქართველოს და უკრაინას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტი, სახელის გარდა, უკვე ჰქონია.

რუსეთთან დაკავშირებული უთანხმოებასაც, ზუსტად ასევე, დიპლომატიური მალამოთი უმკურნალეს.

ეტაპობრივად და გარკვეულ პირობებზე დაყრდნობით რუსეთთან ურთიერთობების განახლების გადაწყვეტილება მოსკოვს ერთ შეტყობინებას უგზავნის - ნატო (და ევროკავშირიც, რომელიც იგივე პოზიციაზეა) რუსეთს იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მისი იზოლირება არ სურს.

შეხვედრის ბოლოს მიღებული კომიუნიკე ალიანსის დიპლომატების ოსტატობის კლასიკური ნიმუშია -ელეგანტურად აუარო გვერდი ყველა მთავარ პრობლემას, და თანაც მოჩვენებითი ერთიანობა შეინარჩუნო.

მაგრამ რეალურად ნატო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ძალიანაა გახლეჩილი - დაპირისპირების ხაზები ერთმანეთს კვეთს და ჭეშმარიტ ერთიანობას, რომელიც ასეთი მტკიცე იყო ცივი ომის დროს და მოგვიანებითაც, ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ პერიოდში, წინ ეღობება.

შფოთიანი ბანაკები

ერთმა სამხედრო ჩინივნიკმა მითხრა: ”ნატომ ის შემაკავშირებელი ჯაჭვი დაკარგა, რომელიც ოდესღაც ერთიანობას უნარჩუნებდა”.

ეს ჯაჭვი საბჭოთა საფრთხე იყო, მის გარეშე კი ალიანსს რამდენიმე შფოთიან ბანაკად დანაწევრების საფრთხე ემუქრება.

ამ პროცესს აღორძინებული რუსეთიც კი ვერას შველის.

მოსკოვის აგრესიული მიდგომა თავისი მეზობლებისადმი ვაშინგტონის წუხილის მიზეზია, მაგრამ განსაკუთრებით ეს ფაქტი ნატოს ახალ წევრებს, პოლონეთსა და ბალტიის წევრებს აშფოთებს.

ნატოს ძველ ევროპელ წევრებს, ”ძველ ევროპას”, როგორც მას აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი უწოდებდა, ნაკლებად ეშინიათ და სულაც არ შფოთავენ.

აშშ-სა და ახალი ევროპის შეძახილები მოსკოვისადმი მიდგომის ძირეულად შეცვლის აუცილებლობაზე, როგორც ჩანს ყრუ კედელს ეჯახება.

გაფართოების როლი

ის, რასაც ნატოს ზოგიერთი წევრი აღორძინებული რუსეთის საფრთხედ აღიქვამს, სხვათა შეცდომებსაც ააშკარავებს.

ამ ბოლო წლებში ვაშინგტონი ნატოს, მის მიერ წამოწყებული გლობალური პატრულირების დანამატად განიხილავდა .

ნატო მართლაც დაყვა აშშ-ს ამ სურვილს - ალიანსის მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში მისი გაფართოებული ფუნქციების ყველაზე ცხადი ნიმუშია. მაგრამ ისინი, ვინც, თავისი აზრით, რუსეთის მოკავშირეა შიშობს, და ფიქრობს, რომ ეს საბრძოლო ექსპედიციები კარგი, ძველმოდური ტერიტორიული უსაფრთხოების სასარგებლოდ უნდა შეიკვეცოს.

ავღანეთმა დღის წესრიგში კიდევ ერთი, ფუნდამენტური პრობლემა დააყენა. აქაური მარცხი ნატოს იმიჯსა და ღირსებას საშინელ დარტყმას მიაყენებს.

კომიუნიკეებისა და პოლიტიკური ბზინვარების მიუხედავად, ყველასთვის ცხადია, რომ ავღანეთში საქმე მაინცდამაინც კარგად ვერ მიდის. ნატო, ალაბათ, არ დამარცხდება, მაგრამ გამარჯვებასაც ნამდვილად ვერ მოიპოვებს.

ნატოს რამდენიმე საკვანძო წევრი ავღანეთში დადებული ფსონების სერიოზულობას ვერ ხედავს და თავისი მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის სასარგებლოდ, არც ოპერაციების მხარდაჭერისკენ ილტვის.

მაშ რას შეცვლის აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ამ ვითარებაში? მოკლედ, რომ ვთქვათ ძალიან ცოტას.

არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ღიად განაცხადა, რომ ავღანეთზე ფოკუსირებას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავღანეთში უფრო მეტი ამერიკული ჯარი გაიგზავნება და შესაბამისად ევროპელებსაც ამას მოსთხოვენ. ევროპის ბევრ დედაქალაქში ამ მოთხოვნას კარგად არ შეხვდებიან.

ვაშინგტონი და მოსკოვი

ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთისადმი ასევე გაურკვეველია.

დემოკრატიული ადმინისტრაციები, როგორც წესი, ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას და სხვა მსგავს საკითხებს რესპუბლიკელებზე უფრო მკაცრად ეკიდებიან. მაგრამ ამის მიუხედავად, სტრატეგიული შეიარაღების შემცირებისკენ მიმართულმა ძალისხმევამ შესაძლოა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საქმიანი ურთიერთობების აღდგენას შუწყოს ხელი.

სარაკეტო თავდაცვითი ფარების საკითხთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციას შეუძლია მომლოდინე პოზიცია დაიკავოს და იმის დასტურს დაელოდოს, რომ ეს ტექნოლოგია მართლაც მუშაობს.

ეს რუსეთს გაახარებდა, ისინი ხომ ამ გეგმას გააფთრებული წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ ნატოს იმ ევროპელ წევრებს დაამწუხრებს, ვინც მოსკოვისგან საფრთხეს მოელის, განსაკუთრებით კი პოლონეთისა და ჩეხეთის მთავრობებს, რომლებმაც ამ პროექტის მხარდასაჭერად უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი გაიღეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, განხეთქილება ნატოში, როგორც ჩანს, გაგრძელდება.

ნატოს ერთმა ვეტერანმა მითხრა, რომ ოთხოცდაათიანებში ალიანსს შეეძლო ერთად დამდგარიყო და სტრატეგიული მნიშვნელობის სირთულეებს გამკლავებოდა. ”ის, რაც ახლა 21-ე საუკუნის დასაწყისში ხდება” - მითხრა მან-”ასე შეიძლება აღიწეროს - დღეს ნატო მოპაექრე ერების ბრძოლის ველი უფროა, ვიდრე ადგილი, სადაც პრობლემებს წყვეტენ”.

”ბრენდი - ნატო”-განაგრძო მან - ”აღარ არის იმდენად მიმზიდველი, რომ ადამიანებმა მისი გულისთვის თავისი განსხვავებები მიაჩუმათონ”.

ორიგინალი

No comments: