Thursday, May 8, 2008

საკვანძო ქართველი მინისტრების დათხოვნის გაურკვეველი მიზეზები



ლიზ ფულერი
8 დეკემბერი 2008

ზუსტად ხუთი კვირის შემდეგ, რაც წელს საქართველოს რიგით მესამე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, გრიგოლ მგალობლიშვილმა საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და განათლების მინისტრები თანამდებობიდან გადააყენა.

5 დეკემბრის სამთავრობო ცვლილებების არგუმენტაცია სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან გვაბრუნებს. თავისი დანიშვნის მომენტისათვის, ნოემბრის დასაწყისში გრიგოლ მგალობლიშვილმა ორი საკვანძო პრირიტეტიდან ერთ-ერთი სწორედ ომის შედეგებზე რეაგირება დაასახელა.

პოსტზე დანიშვნის შემდეგ, იმ დროს არც თუ ისე ცნობილმა დიპლომატმა, მხოლოდ 2 ახალი მინისტრი დანიშნა - კულტურისა და გარემოს დაცვის, რაზეც პარლამენტის ყოფილ სპიკერს ნინო ბურჯანაძეს შემდეგი კითხვა გაუჩნდა - რატომ აგებს პასუხს საქართველოს სამხედრო მარცხზე ეს ორი მინისტრი. ნოემბრის დასაწყისში, გრიგოლ მგალობლიშვილმა თავისი ნაბიჯი ასე ახსნა - მას ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის განსჯის დრო სჭირდებოდა და იქვე დაადასტურა, რომ მზადაა ოპოზიციურ პარტიებთან მათი წარმომადგენლების კანდიდატურების განსახილველად კოალიციურ მთავრობაში შესაყვანად.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველა ახლად დანიშნული მინისტრი ისევ შინაურია. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბათუ ქუთელია თავის ყოფილი ბოსის, დავით კეზერაშვილის პოსტს დაიკავებს. გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო მანამდე, სანამ კულტურის მინისტრად დაინიშნებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ეკა ტყეშელაშვილს შეცვლის, ხოლო ნიკა გვარამია, რომელმაც იანვარში ეკა ტყეშელაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა, გია ნოდიასგან განათლების მინისტრის პორტფელს გადაიბარებს. ოთხ მნიშვნელოვან ცვლილებას შორის განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაიაც უნდა დასახელდეს, რომელმაც ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი დატოვა.

5 დეკემბრის დანიშვნების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მგალობლიშვილთან საჯარო შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე კვირაა საიდუმლოდ განიხილავს სამთავრობო ცვლილებებს. სააკაშვილმა მთავრობის მიმდინარე პრიორიტეტები ხაზგასმით დაასახელა: ცხოვრების დონის გაუმჯობესება და გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე უმუშევრობის ზრდის პრევენცია. მართლაც რთული გასაგებია, როგორ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ეკონომიკურ პროცესებზე უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების გადაყენებამ.

სავსებით ლოგიკურია, რომ კეზერაშვილს, რომელიც 27 ნოემბერს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წინაშე ხანგრძლივი ჩვენებით წარდგა, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების დუნე მოქმედებისთვის პასუხი მოსთხოვეს. რაც შეეხება ეკა ტყეშელაშვილს, ის განტევების ვაცად იმიტომ იქცა, რომ ბრიუსელში 2-3 დეკემბერს, ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე საგარეო საქმეთა მინისტრების დაყოლიება ვერ შეძლო.

5 დეკემბრის სამთავრობო ცვლილებები წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა, ხოლო ბოლო 13 თვის განმავლობაში, კი მეხუთედ: 2007 წლის ნოემბერში, სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის გადადგომაზე და ის ლადო გურგენიძით შეცვალა. ვაშაძე წელს უკვე საგარეო საქმეთა მეოთხე მინისტრია. გელა ბეჟუაშვილი იანვრის ბოლოს დაინიშნა სადაზვერვო სამსახურის უფროსად, ხოლო მისი შემცვლელი დავით ბაქარაძე მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის სპიკერად დასახელდა.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ქვეყნის შიგნით და გარეთ მაღალი თანმდებობის პირთა ხშირ ცვლილებებს სააკაშვილის იმპულსური ნატურითა და ყურადღების დეფიციტით ხსნის. მათ ასეთი კითხვა უჩნდებათ, როგორ ჰგონია პრეზიდენტს, რას შეიძლება მიაღწიონ მინისტრებმა სულ რამდენიმე თვეში. მისი მიდგომა 80-იანი წლების დასაწყისის რუმინეთს მოგვაგონებს. 1984 წლის 1 სექტემბერს ”The Economist”-ი წერდა: კომუნისტი დიქტატორი ნიკოლა ”ჩაუშესკუ იმდენად სწრაფად ცვლის თავის მინისტრებს, რომ მათი სახეების დამახსოვრება ჭირს”. ოპოზიციონერი პოლტიკოსები Caucasus Press-ში 5 დეკემბერს სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებენ, მათ ალოგიკურს და სავარაუდოდ უშედეგოს უწოდებენ.

გაურკვეველია როგორ აისახება სამთავრობო ცვლილებები საზოგადოებრივ აზრზე და სააკაშვილის მხარდაჭერაზე. 10 ნოემბერს ყოველკვირეულმა გამოცემამ ”კვირის პალიტრამ” ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნა, სადაც 510 გამოკითხული რესპონდენტიდან 60.9% სააკაშვილის პოლიტიკას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ დანიშვნები უფრო სააკაშვილისადმი ლოიალობითაა განპირობებული, ვიდრე კანდიდატთა პროფესიონალიზმით. ერთი წლით ადრე იმავე გაზეთში გამოკითხულთა 47%-მა გურგენიძის ახალი კაბინეტისადმი სკეპტიციზმი გამოთქვა, განსაკუთრებით 7 ნოემბერს მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დარბევის ფონზე.

სააკაშვილის არგუმენტაცია, რომ ის რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა ახალ დანიშვნებს, ძნელად თუ ჩაახშობს სპეკულაციებს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი სერიოზულადაა შეშფოთებული, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ მის ყოფილ ცნობილ მოკავშირეთა შორის ბევრი ან პრეზიდენტისგან დისტანცირებას ცდილობს, ან ოპოზიციაში გადადის. მათ შორის არიან: ნინო ბურჯანაძე, რომელმაც ნოემბერში საკუთარი პარტია დააფუძნა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვა; ომბუდსმენი სოზარ სუბარი; ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

და ბოლოს, 5 დეკემბერს ირაკლი ალასანია, საქართველოს ელჩი გაეროში თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ საშინაო პოლიტიკაში ჩართვას აპირებს. ახალი მემარჯვენეების სპიკერმა 5 დეკემბერს civil.ge-ს უთხრა, რომ მისი და რესპუბლიკელთა პარტია, რომლებიც მომავალ კვირას ალიანსად გაერთიანებას გეგმავენ. მართავენ ”კონსულტაციებს” ალასანიასთან, რომელსაც ”ყველაზე მისაღებ” ოფიციალურ პირად მიიჩნევენ მათ შორის, ვინც ბოლო თვეებში სააკაშვილთან ურთიერთობა გაწყვიტა.

ორიგინალი

No comments: