Thursday, May 8, 2008

მივუჩინოთ რუსეთს ადეკვატური ადგილი

logo_reuters_media_us

8 დეკემბერი 2008

პოლ ტეილორი როიტერის მიმოხილველია. ეს მისი პირადი მოსაზრებაა

ის, რომ რუსეთი, როგორც დერჟავა, ხელახლა დაიბადა, და საკუთარი თავისადმი პატივისცემის აღდგენა და სამეზობლოზე გავლენის დაკანონება მოისურვა, 2008 წლის ერთ-ერთ მთავარ ამბად უნდა დასახელდეს.

რუსული ტანკები აგვისტოში საქართველოში შეიჭრნენ, კრემლმა ევროპის ენერგომარშრუტებზე კონტროლის გაფართოება გადაწყვიტა - ყველაფერმა ამან ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა სატელიტ-ქვეყანას შიშის ზარი დასცა, ხოლო ვაშინგტონი აღაშფოთა.

პრეზიდენტ მედვედევის მუქარამ, რომ თუ ვარშავა აშშ-ს სარაკეტო ფარს თავის ტერიტორიაზე დააყენებს, მაშინ ის კალინინგრადში მოკლე დამიზნების რაკეტებს განათავსებს, რიტორიკული პაექრობის ფსონები კიდევ უფრო მაღლა ასწია.

მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ნავთობის ფასების კოლაფსმა, საქართველოსთან ომის შედეგებმა და არჩეული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამარჯვებამ რუსეთის რეალური ძლევამოსილება ეჭვქვეშ დააყენა.

საკრედიტო დეფიციტმა რუსეთი სხვა განვითარებად ეკონომიკებზე უფრო მეტად დააზიანა, დარტყმა მიაყენა მის საფონდო კაპიტალს, ფასიან ქაღალდებს, რუბლს და ცენტრალური ბანკი აიძულა თავისი საგარეო რეზერვების უზარმაზარი წილი ფინანსურის სისტემის სტაბილიზაციისთვის შეეწირა.

უცხოელი ინვესტორები რუსეთიდან გაიქცნენ, ხოლო ბევრი რუსი ინვესტორი იძულებული გახდა საკუთარი ფული უცხოეთში გაეტანა, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში განხორცილებეული სამხედრო ქმედებების გამო წარმოქმნილი პოლტიკური რისკისგან თავი დაეცვა .

სახელმწიფო მონოპოლისტმა, გაზპრომმა, რომელსაც ევროპის ბევრ კუთხეში, როგორც მტაცებელს ისე უფრთხიან, რადგან კონტინენტის მოხრჩობას თავისი გაზის მარაგებით ცდილობს, მაისის შემდეგ თავისი კაპიტალის ორი მესამედი დაკარგა.

პოპულაცია მცირდება

ახლა, როდესაც, ივლისის შემდეგ, ნავთობის ფასი 147 დოლარიდან 50 დოლარზე დაბლა დავარდა, გაზსა და ნავთობზე ზედმეტად დამოკიდებული რუსული ეკონომიკა ბევრად უფრო მოწყვლადი გახდა, მით უფრო, რომ რუსეთს ენერგეტიკული რესურსების მოპოვების გასაფართოებლად დასავლური ტექნოლოგიები სჭირდება.

ალექსანდრე შოკინმა, რუსეთის მეწარმეთა და ბიზნესმენთა კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 10 წლის ბუმის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი მომავალ წელს 0-დან 3 პროცენტამდე დაეცემა.

რუსეთი კვლავ რჩება დასავლეთისთვის მომგებიან სამომხმარებლო ბაზრად, მაგრამ იმან, რომ ხელისუფლება ბინსესპროცესსში ერევა, კორუფცია ყვავის, ხოლო კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით პრობლემებია, რუსეთი ისევ თავის საბადოებზე დატოვა დამოკიდებული, ხოლო მისი მრავალმხრივი განვითარების პერსპექტივა ჩაშალა.

რუსეთის არა-ენერგეტიკული ეკონომიკური სეგმენტების სისუსტეს ისიც ემატება, რომ მისი დემოგრაფიული მდგომარეობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა - სიცოცხლის ხანგრძლივობა 67 წელს არ აღემატება (მამაკაცებში - 60-ს), შობადობა დაბალია, მოსახლეობა ბერდება, ჯანდაცვის სისტემაში კრიზისია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, რუსეთის მოსახლეობა 2050 წლისთვის 143 მილიონიდან 100 მილიონამდე შემცირდება.

როდესაც საქართველოზე სამხედრო შეტევის შემდეგ რუსეთმა, ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მან მართლაც დიპლომატიური მარცხი განიცადა.

მოსკოვს მხოლოდ ნიკარაგუამ მიბაძა. რუსეთის მთავარმა მოკავშირეებმა ჩინეთმა და ინდოეთმა, პრეცედენტის შიშით, რეგიონების დამოუკიდებლობის აღაირებაზე უარი თქვეს.

ევროპის კავშირმა, რუსეთის გაზის მთავარმა მომხმარებელმა, მის ქმედებებს იმით უპასუხა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირების პროცესი დააჩქარა და აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ახალი მიმწოდებლების ძიება დაიწყო.

სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, ბელორუსიამ და თურქმენეთმა დასავლეთთან თავისი კავშირების გამყარება გადაწყვიტეს.

ნატომ და აშშ-მ არ გადადგეს შემხვედრი ნაბიჯები საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით - ეს საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია - და რუსეთთან, ისევე, როგორც ევროკავშირმა ზოგიერთი გაყინული კონტაქტის აღდგენა გადაწყვიტეს. მაგრამ მოსკოვის მცდელობამ ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემა აშშ-სა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ( რომელსაც საარჩევნო პროცესების მონიტორინგის გამო ვერ იტანს), გვერდის ავლით ჩამოეყალიბებინა, მარცხი განიცადა.

STATUS QUO სახელმწიფო?

რუსი ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ომი საქართველოსთან თავდაცვითი იყო და პროდასვლელი მიხელ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთზე ძალით კონტროლის აღდგენის მცდელობას პასუხობდა.

”რუსეთი status quo სახელმწიფოა და არა ჩასაფრებული აგრესორი რეციდივისტი”- განაცხადა დიმიტრი ტრენინმა, მოსკოვის კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელმა.

მოსკოვმა ამ ბოლო დროს ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც იმაზე უნდა მიგვითითებდეს, რომ თავის სამეზობლოში მას გაყინული კონფლიქტების მოგვარება სურს - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბახის პირველ სამიტს უშუამავლა და მოლდოვეთისა და მისი სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებისთვისაც გარკვეული ინიციატივები გამოთქვა.

ყველაზე დიდ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, უკრაინაში, რომლის 2004 წლის მშვიდობიანმა დემოკრატიულმა ”ნარიჯინსფერმა რევოლუციამ” რუსეთი განარისხა, გავლენის შესანარჩუნებლად მოსკოვი სხვა სახის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს და ძალის გამოყენებას ამით იცილებს თავიდან.

ის, რომ რუსეთს ადეკვატურად უნდა მოვეპყრათ, სულაც არ ნიშნავს მოსკოვის ან მისი უსაფრთხოების იგნორირებას. მისი მდებარეობა, ის, რომ ევროპის გაზის მომარაგების 40% რუსეთზე მოდის, მის უგულვებელყოფას შეუძლებელს ხდის.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი დაინტერესებულნი არიან, რომ მოსკოვი ისეთ ინსტიტუტებს დაუკავშირდეს, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და OECD , თუმცა პროცესი საქართველოს ომის გამო შეჩერდა.

ბევრი დასავლელი ანალიტიკოსის აზრით, სუსტი რუსეთი, ცუდი მოპყრობის შემთხვევაში უფრო საშიში იქნება, ვიდრე ძლიერი.

ნატოში ზოგიერთი რუსეთის ”ვაიმარიზაციას” სარისკოდ მიიჩნევს. გერმანიის ვაიმარის რესპუბლიკა ხომ ეკონომიკური უძლურების შედეგად ჰიტლერმა და ნაცისტურმა მოძრაობამ ჩაიგდეს ხელში.

პოლიტიკურმა დამცირებამ და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ მართლაც შეიძლება აგრსიული ნაციონალიზმი დაბადოს.

საჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-ში, ბორის ელცინის რუსეთის ფედერაციის ნარჩენებს ზოგიერთებმა ” ბირთვული იარაღის მფლობელი ”ზემო ვოლტის რესპუბლიკა” უწოდეს, მიუთითებდნენ რა პარადოქსზე - დანგრეული ქვეყანა, განადგურებული ეკონომიკით, რომელიც ატომური იარაღის უზარმაზარ არსენალს ფლობს.

როდესაც 2000 წელს ელცინი ვლადიმირ პუტინმა შეცვალა, მან რუსეთის ძლევამოსილებისა და პატივის აღდგენა მოინდომა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, დასავლეთი ათწლეულის მანძილზე უგულვებელყოფდა მათ ინტერესებს, თუნდაც იმით, რომ ნატოში აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნები გააწევრიანა.

დღეს ხანდახან ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც რუსოფილები და რუსოფობები მოსკოვიდან მომავალ საფრთხეს აზვიადებენ.

პასუხისმგებლობის მქონე ევროპამ და ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე ნაკლებად ორიენტირებულმა ამერიკამ მოსკოვთან მისი რეალური მნიშვნელოვნების შესაბამისად უნდა ითანამშრომლონ და არ უნდა განიხილონ ის ისე, თითქოს მართლაც გიგანტი იყოს.

ორიგინალი

No comments: