Tuesday, May 6, 2008

მოსკოვის დღევანდელი პოლიტიკა: რამდენად სერიოზულია საფრთხე?

Eurasianet-logo

მარკ კაცი
5 დეკემბერი 2008

გასულ თვეებში რუსეთმა გეოპოლიტიკურ კონტექსტში თვითდამკვიდრება რამდენიმე მიმართულებით სცადა: საქართველოში შეჭრით, საპასუხო მუქარით ჩეხეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ, სადაც აშშ-ს სარაკეტო თავდაცვითი სისტმების განთავსების სურვილი აქვს და ვენესუელასთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენით. მთავარი კითხვა, რომელიც დასავლელ ექსპერტებს უჩნდებათ ასე ჟღერს: ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსეთი ზოგადად უფრო აგრესიული საგარეო და სამხედრო პოლიტიკის გატარებას აპირებს? თუ ამ ქმედებათა მიზანი უფრო კონკრეტული, უფრო კონიუნქტურულია?

მოსკოვმა მომენტი მართლაც კარგად შეარჩია - ამერიკა ერაყსა და ავღანეთში თავისი სამხედრო ოპერაციებით, ზოგადად ტერორიზმთან ბრძოლითაა დაკავებული და ყველა მიმართულებით მიზნის მიღწევას მინიმალური რისკით ცდილობს.

საქართველოში რუსეთი იმისთვის შეიჭრა, რომ ორ ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომელსაც ისედაც დიდი ხანია აკონტროლებს და სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ქართულ მმართველობას რუსებს ამჯობინებს, სრული კონტროლი დაემყარებინა. რუსეთის შეჭრას საქართველოში გამართლება არა ჰქონდა, მაგრამ მოსკოვის ქმედებები ბევრად უფრო ლიმიტირებული აღმოჩნდა, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო. რუსეთის ჯარები, ასე თუ ისე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ შესულან და არც მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების ძალადობრივად გადაგდება უცდიათ. თუმცა იმის გამო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკუთარი შეიარაღებული ძალები დატოვა და ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოებაში მაინც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

რუსეთის ინტერვენცია ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს, მაგრამ კონფლიქტის შეზღუდულმა მასშტაბებმა და იმ ფაქტმა, რომ ომის მიზეზებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მისამართით სულ უფრო ბევრი კითხვა ჩნდება, შედეგად ერთი რამ გამოიღო - ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ენთუზიაზმმა იკლო, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური მონაპოვარია.

მოსკოვმა კიდევ რამდენიმე სხვა ნაბიჯიც გადადგა : ჯერ დაიმუქრა, რომ სარაკეტო დანადგარებს პოლონეთსა და ჩეხეთს დაუმიზნებს, ხოლო მოგვიანებით განაცხადა, რომ თუ ვარშავა და პრაღა აშშ-ს სარაკეტო სისტემების განთავსებაზე თანხმობას განაცხადებს, ის კალინინგრადში თავის სარაკეტო სისტემებს დააყენებს. ამ ქმედებათა მიზანი, ალბათ, შემდგომში მდგომარეობს - ობამას ახალმა ადმინისტრაციამ უარი უნდა თქვას სარაკეტო სისტმების განთავსების გეგმაზე, ხოლო თუ ამერიკა გეგმის განხორციელებას ბოლომდე გადაწყვეტს, მაშინ დაძაბულობამ ამერიკასა და ევროპას შორის უნდა იმატოს.

ვენესუელასთან და ჰუგო ჩავესთან თანამშრომლობა რუსეთისთვის, მართლაც ძალიან ხელსაყრელია. თუ ვენესუელა რუსულ იარღს იყიდის, რუსულ ნავთობკომპანიებს დასავლურის სანაცვლოდ ქვეყანაში შემოუშვებს და ა.შ, რუსეთი მართლაც დიდი ფულის გაკეთებას შეძლებს. გარდა ამისა, თავის შემოგარენში ამერიკის სამხედრო აქტივობების ინტენსიფიკაციას რუსეთი ვენესუელაში, ამერიკის სამეზობლოში ასეთსავე აქტივობებს დაუპირისპირებს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ნაბიჯს რუსული საზოგადოებრივი აზრი მხარს უჭერს.

აქედან გამომდინარე, მოსკოვის მიზნები საკმაოდ კონკრეტულია - მას დიპლომატიური და საშინაო პოლიტიკური მიზნების მიღწევა მცირეოდენი გეოპოლიტიკური დანახარჯით სურს, ლიმიტირებული რისკების გამოყენებით. სწორედ ამ მცირეოდენი საფასურის დონეზე აპირებს რუსეთი მოქმედებას, ის დაბალი რისკების ფორმულით ხელმძღვანელობს. მაგრამ თუ შეატყო, რომ ამ ფორმულის ფარგლებში და მის იმედად,სხვა ნაბიჯების გადადგმას მოახერხებს, მოსკოვი მათ აუცილებლად გადადგამს. მაგალითად მან შეიძლება, რუსეთის პერიფერიაზე განლაგებული იმ ტერიტორიების დაბრუნება გადაწყვიტოს, სადაც დიდი რუსული პოპულაციებია. ასეთებია ყირიმი, დნესტრისპირეთი, ჩრდილო ყაზახეთი, და იქნებ ბელორუსიაც. ის შესაძლოა სარაკეტო დანადგრებით სხვა ქვეყნებსაც დაემუქროს, თუ ისინი აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობას გადაწყვეტენ, მით უფრო, თუ მისი მუქარა პოლონეთსა და ჩეხეთთან დაკავშირებით, პოზიტიურ რეზულტატს მოუტანს. და თუ ლათინური ამერიკის სხვა ანტიამერიკულად განწყობილი ქვეყნებიც ვენესუელასავით სურვილს გამოთქვამენ, რუსეთმა შესაძლოა იქაც გააგზავნოს სამხედრო ფლოტი და უფრო მეტიც, სამხედრო ბაზები დააფუძნოს.

მაგრამ დაბალი რისკების მოდელით ოპერირებამ და საწყისმა წარმატებამ რუსეთს შეიძლება მოგვიანებით დიდი პრობლემები გაუჩინოს ისეთი, რომელთა პროგნოზირებასაც კრემლის პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ. მაგალითად, თუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრეცედენტს ევროპა აღარ განიხილავს, როგორც იზოლირებულ შემთხვევას, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი უფრო თავშეკავებულად მოიქცეოდა, არამედ, როგორც ქცევის ზოგადად მოდელად აღიქვამს, ამას შედეგად არა მხოლოდ ის მოყვება, რომ ევროპას რუსეთის უფრო შეეშინდებოდა, არამედ ისიც, რომ ის კვლავ სთხოვდა ამერიკას პროტექციას და დაცვას რუსეთისაგან.

გარდა ამისა ჰუგო ჩავესი რუსეთისთვის საიმედო პარტნიორი ვერ იქნება. თუ ნავთობზე ფასები ძალიან დაიწევს და ჩავესი შემოსული თანხით უკმაყოფილო დარჩება, მაშინ რუსულ კომპანიებს ზუსტად ისევე მოეპყრობა, როგორც დასავლურს. ვენესუელას არამდგრად რეჟიმთან კავშირი იმ დროს, როდესაც რუსეთის ენერგოშემოსავლებმა დიდი დარტყმა მიიღო, შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი ხელსაყრელი ავანტიურა, როგორც ეს მოსკოვს თავიდან მიაჩნდა. მეორეს მხრივ, თუ ფასები ბენზინზე ისევ აიწევს, ხოლო რუსულ-ვენესუელური ურთიერობები მართლაც ალიანსს დაემსგავსება, სხვა ლათინოამერიკულმა ქვეყნებმა მაგალითად, ბრაზილიამ (რომელთანაც რუსეთი დამეგობრებას ცდილობს) შესაძლოა ისევ მოითხოვოს ამერიკული პროტექცია.

მოკლედ, რომ ვთქვათ, თუ რუსეთი დღევანდელი წარმატებით შეგულიანებული, იმავე სქემით მოქცევას განაგრძობს, მალე აღმოაჩენს, რომ გაღებული საფასური და რისკი გაიზრდება, ხოლო მოგება სულ უფრო შემცირდება. მოსკოვის ქცევის დღევანდელი მოდელი რუსეთისთვის უფრო სახოფათო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ამერიკისა და დასავლეთისთვის.

ორიგინალი

No comments: