Monday, April 7, 2008

პუტინის იმიტატორები

new_statesman

თომას დე ვაალი
29 ნოემბერი 2007

გინდა პროდასავლური იყოს ქვეყანა, გინდა პრომოსკოვური რეპრესიები და კორუფცია რუსეთის სამეზობლოში ისევ ყვავის.

პოსტსაბჭოთა პრეზიდენტი ახალგაზრდულ პატრიოტულ ბანაკს ეწვია. ვიზიტი ფართოდ გაშუქდა. ბანაკში მან საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია გააკრიტიკა და მას ”ამორალური” უწოდა, რადგან მის ბრძოლას სეპარატისტებთან არ იწონებდნენ. მოგვიანებით მან ოპოზიციური მოძრაობის ჩასახშობად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მთავარი ოპოზიციური არხი ეთერიდან გათიშა. მერე თავის პრობლემათა უმეტესობაში ლონდონში მცხოვრებ ოლიგარქს დასდო ბრალი. პრეზიდენტი ცოტა არ იყოს პარანოიდალურად და აგრესიულად იქცეოდა, თუმცა მისი პარტია პარლამენტის უმრავლესობას შეადგენდა, ხოლო ოპონენტები, კარგა ხანია მარგინალიზებული ყავდა.

ჩვენ ვლადიმერ პუტინზე როდი ვლაპარაკობთ, ეს საქართველოს პრეზიდენტი, დასავლეთის ფავორიტი - მიხეილ სააკაშვილია.

მოდით ამ მოვლენას პუტინის ეფექტი ვუწოდოთ. სამი ბალტიისპირული რესპუბლიკა კარგა ხნის წინ საბჭოთა კავშირის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა ისინი ევროკავშირის წევრები არიან. მსგავსი მოლოდინი ნაწილობრივ უკრაინასაც უკავშირდება - მიუხედავად სიღარიბისა და კორუფციისა, იქ, როგორც მინიმუმ, თავისუფალი არჩევნების ჩატარება ისწავლეს. დანარჩენი 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნები უკიდურესი დიქტატურებისა და ნახევრად-დემოკრატიების ჭაობში არიან ჩაფლული.

პერესტროიკიდან 16 წლის შემდეგ, ეს მართლაც სევდის მომგვრელი სურათია. 1991-ში დასავლეთი ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებს უტოპიური ოპტიმიზმით შესცქეროდა. სიტყვა ”გარდამავალი” მაშინ ყველაზე ხშირად წარმოითქმებოდა, ერთი ბეწო ანგლო-საქსონურ ახალ ამბებშიც კი ქვეყნებს სომხეთიდან ტაჯიკისტანამდე ასე მოიხსენიებდნენ: ”საბაზრო ეკონომიკისა და გარდამავალი დემოკრატიის” ქვეყნები.

ეს დეტერმინისტული იმიჯი ერთ რამეს გულისხმობდა, რახან საბჭოთა კავშირი გაქრა, ეს საზოგადოებები აუცილებლად აყვავებულ დემოკრატიებად გარდაიქმნებიან. რეალურად კი აქ სრულიად განსხვავებულ კვაზი-ფეოდალური ქმედება გათამაშდა. ნომენკლატურა, გამძლე ბიუროკრატია, რომელიც საბჭოთა კავშირს მართავდა, საკმაოდ სიცოხლისუნარიანი აღმოჩნდა და იოლად გადავიდა ძველი პარტიული ბოსის პოზიციიდან ნაციონალისტური პოლიტიკოსის სტატუსში. ნურსულთან ნაზარბაევმა, ერთ დროს გორბაჩოვის რეფორმისტმა მოკავშირემ, შეუმჩნევლად გადაინაცვლა ყაზახეთის მუდმივი პრეზიდენტის პოზიციაზე, მისი ოჯახის წევრებმა კი საკვანძო თანამდებობები დაიკავეს. აზერბაიჯანში, კომუნისტი ბოსი ჰეიდარ ალიევი ქვეყნის ლიდერად იქცა და მერე პრეზიდენტობა თავის ვაჟს გადაულოცა.

მთავარი პრიორიტეტი ძალაუფლების შენარჩუნებაა. როდესაც 1996-ში სომხეთის ოპოზიციამ არჩევნების შედეგების გაპროტესტება სცადა, თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ სარქისიანმა მათ უპრობლემოდ მიუჩინა ადგილი: ”100 პროცენტითაც რომ გაემარჯვათ, არც არმია, არც უშიშროების სამსახური, არც შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ლიდერებს არ აღიარებდა”. სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში 1991 წლიდან მოყოლებული მმართველი ელიტის არც ერთ პრეზიდენტს არჩევნები არ წაუგია, ხოლო პარლამენტები, როგორც წესი, ლოიალური მსახურებისა და მეგობრულად განწყობილი ბიზნესმენებისგან შედგება.

თუ წინათ ამას შეფარვით აკეთებდნენ, პუტინმა ამ ფსევდოდემოკრატიას ახალი საპატიო ბრენდი გამოუძებნა. მისი ორი მრჩეველი მმართველობის ახალი სტილის ნათლიად მოგვევლინნენ - გლებ პავლოვსკიმ მას ”მართული დემოკრატია” უწოდა, ხოლო ვლადიმერ სურკოვმა ”სუვერენული დემოკრატია”.

პუტინის გენიამ დემოკრატიას მისი სუბსტანცია გამოაცალა და მხოლოდ გარსი დატოვა ხელუხლებელი. რუსეთში ისევ ტარდება არჩევნები, აქ პარლამენტიც აქვთ, სასამართლო, რამდენიმე კრიტიკულად განწყობილი გაზეთიც გამოდის, დებატების სიმულაციასაც ეწევიან, მაგრამ რეალურად მმართველი რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩენას სამუდამოდ აპირებს. და მართლაც რატომ უნდა ვთქვათ უარი ძალაუფლებასა და მისი მეშვეობით მოპოვებულ ყველა სარგებელზე? სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლოტოვმა შენიშნა - თავისუფალი არჩევნების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეიძლება ის წააგოთ.

ამასობაში პუტინმა მსოფლიო საზოგადოების კრიტიკის ნეიტრალიზებაც მოახერხა: თუ მას დემოკრატიას უწუნებენ, ყოველთვის მოიძებნება იმის მტკიცებულება, რომ დასავლური ხელისუფლებებიც ასევე ცუდად იქცევიან. გერმანიის პოლიციამ დემონსტრანტებს სცემა, ბრიტანული პოლიცია ლორდ ლევის პარტიული შენატანების საქმეს იძიებს, ფრანგები ალჟირში თარეშობენ.

იმედისმომცემი ფიქრები

საქმე, ალბათ, გეოგრაფიაშია. შუა აზიაში, სადაც ევროკავშირი არავითარ ძალისხმევას არ სწევს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაკიცხვა ბევრს არაფერს ნიშნავს, ხელისუფალთ შეუძლიათ გაექცნენ პასუხისმგებლობას ისეთი საშინელებებისთვის, როგორიც იყო 2005 წელს უზბეკეთში, ანდიჟანში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ხოცვა-ჟლეტა. სამხრეთისა და დასავლეთის ქვეყნებში ”ევროპის იდეა” რამდენადმე უფრო მნიშვნელოვანია. სამხრეთ კავკასიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოსა და ნატოში საკუთარი ქვეყნების სტატუსი აღელვებთ და უკეთ იქცევიან, მაგრამ ძალაუფლების განაწილება საკითხად მაინც არ განიხილება.

საქართველოც ზუსტად ამ მოდელს მიყვება, თუმცა დასავლეთის ყველაზე იმედიანი ფიქრები მას უკავშირდება. პარადოქსულია, მაგრამ სააკაშვილის ყველაზე ძირეული პრობლემა იმაში მდგოამრეობს, რომ ”ვარდების რევოლუციის” მიღწევათა პოპულარიზაციისთვის ის ძალიან ბევრ დროს ატარებს უცხოეთში. უამრავი ქართველი იმ ხელისუფლების ნეპოტიზმითა და ქედმაღლობითაა უკმაყოფილო, რომელსაც ასე აქებს სააკაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში.

რაღაც დროის განმავლობაში ამას შედეგი მოჰქონდა. ისეთი განცდა ჩნდებოდა, რომ თუ ახალი საქართველო ანტირუსული და პროდასავლური, ეკონომიკურ რეფორმებზე ორიენტირებული, ახალგაზრდა მინისტრებით დაკომპლექტებული მთავრობით არ იარსებებდა, ის უნდა გამოგვეგონებინა. სააკაშვილი ჯორჯ ბუშმა თავის ოვალურ კაბინეტში მიიღო, მანამდე ორი თვით ადრე ბუში თბილისში სპეციალური ვიზიტით ჩავიდა, თავისუფლების მოედანზე ვარდების რევოლუციას პანეგირიკი მიუძღვნა. ამ წლის აპრილში, ლონდონში ორივემ, გორდონ ბრაუნმაც და ტონი ბლერმაც სააკაშვილი უმაღლეს დონეზე მიიღეს. ბრაუნმა მას ”დემოკრატიის შუქურა” უწოდა. ნიკოლა სარკოზიმ კი თავი სააკაშვილის ფანად გამოაცხადა.

ამ მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ვისმენდი იმას, თუ როგორ იცავდა ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის არადემოკრატიულ ქმედებებს: ”დრო უნდა მივცეთ. ის ჯერაც თავისი ავტორიტარული წინამორბედის მემკვიდრეობას ებრძვის” და უნებლიედ გამახსენდა, როგორ ამბობდნენ 90-იანებში, რომ ედუარდ შევარდნაძესაც, სააკაშვილის წინამორბედს, ასევე ესაჭიროებოდა მხარდაჭერა.

რეალურად კი სააკაშვილი რეფორმატორია, მაგრამ არა დემოკრატი. საქართველოს ბიუჯეტი გაოთხმაგდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში კორუფცია შემცირდა, სტრუქტურული რეფორმები ჩატარდა. მაგრამ სასამართლო, მედია და ადგილობრივი თვითმმართველობა ბევრად უფრო სუსტი და ხელისუფლებაზე დამოკიდებულია, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო. სააკაშვილის კრიტიკოსები მისი მართვის სტილს "საექსპორტო დემოკრატიას" უწოდებენ.

7 ნოემბერს ახალი სააკაშვილი იშვა - მან ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზითა და ბრანდსპოიტებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმები თბილისის ცენტრში ოპოზიციური მიტინგის დასარბევად გაგზავნა. საქართველოს ომბუდსმენი სოზარ სუბარი სხვებთან ერთად სცემეს. ტელე ”იმედი”, რომლის ერთ-ერთი მმართველი რუპერტ მერდოკია, ოპოზიციის რუპორი, ეთერიდან გათიშეს.

საქართველოს კრიზისმა, ევროპაში ზოგიერთს თვალი აუხილა. რა მოიმოქმედონ თავისი აღმოსავლელი მეზობლების მიმართ - აი ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საგარეო პოლიტიკური გამოწვევა. როგორ უნდა გაავრცელო შენი გავლენა ქვეყნებზე, სადაც პროგრესულ უმცირესობას ჯერ კიდევ აღელვებს ევროპული იდეა, მაგრამ ევროკავშირში საბოლოო გაერთიანებას ვერ სთავაზობ?

საქართველო თავშია, სხვები კი მის კვალს მიყვებიან: სუსტი ქვეყნები, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ელიტებით, რომელთაც მარტოოდენ საკუთარი სტაბილურობა აღელვებთ. ორი რამ შეგვიძლია დარწმუნებით განვაცხადოთ: პუტინის იმიტატორები ძალაუფლებას ადვილად არ დათმობენ და თუ გარემოებები ისე წარიმართება, რომ წასვლა მაინც მოუწევთ, მათი ხელისუფლებების ჩამოშლას საშინელი ქაოსი და ნგრევა მოყვება.

ორიგინალი

No comments: