მეტ სიეგლი
7 ნოემბერი 2008 
თბილისი, საქართველო (AP)- ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა პარასკევს საქართველოს დედაქალაქს მარშით ჩაუარა. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქცია შარშანდელი მოვლენების წლისთავს დაამთხვია - შარშან, ზუსტად ამ დღეს, სპეცდანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბიეს.
ორი მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტია რესპუბლიკელები და ქრისტიან-დემოკრატები - პროტესტს არ შეუერთდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ომის შემდეგ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობა სჭირდება.
ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე 50 000 კაცს ელოდებოდნენ. მაგრამ პროტესტანტთა რაოდენობა ბევრად ნაკლები იყო. შეკრებილებმა სააკაშვილის რეზიდენციისკენ მიმავალი თბილისის მიხვეუ-მოხვეული ქუჩები აიარეს და სკანდირებდნენ ”წადი”.
ოპოზიცია ასევე პრესის თავისუფლებას და გაზაფხულზე ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდა.
”ჩვენ საკაშვილის გადადგომას მშვიდობიანი გზით მივაღწევთ” - განაცხადა კახა კუკავამ, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა.
ომში საქართველოს დანაკარგებით გამოწვეულ რისხვას სააკაშვილის ოპონენტების უკმაყოფილებაც დაემატა. ოპოზიცია მოითხოვს განმარტებებს ომში დაშვებული შეცდომების გამო, რომლებმაც თავი მაშინ იჩინა, როდესაც სააკაშვილმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე, რეგიონზე კონტროლის აღდგენის მიზნით, შეიარაღებული შეტევა განახორციელა.
რუსეთის ჯარი სწრაფად შემოვიდა სამხრეთ ოსეთში, გამოდევნა იქიდან ქართული არმია და ღრმად შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ოთხ კვირას დაჰყო.
”სააკაშვილის სისხლიანი ავანტიურა სრული მარცხით დამთავრდა” - განაცხადა ნესტან კირთაძემ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.
რუსეთმა სეპარატისტების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და აქ ათასობით ჯარისკაცის დატოვების პირობა დადო, რამაც საქართველოს მიერ ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსებს ძირი გამოუთხარა.
2007 წლის საპროტესტო აქციებს, რომელთა მსვლელობისას სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დამოუკიდებელი მედია დაარბია, მისი დასავლელი მხარდამჭერების საშინელი შეშფოთება მოყვა, ხოლო სააკაშვილის, როგორც დემოკრატი რეფორმატორის იმიჯი დააზარალა.
პარასკევის აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს მიმართვას ბარაკ ობამას ადმინისტრაციისადმი და სააკაშვილისადმი მხარდაჭერაზე უარის თქმა სთხოვეს.
”საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დემოკრატიულ ფასეულებებს დაეფუძნება და არა იმ პიროვნებების მხარადჭერას, ვინც კომპრემეტირება გაუკეთა საკუთარ თავსა და დემოკრატიულ ღირებულებებს” - ნათქვამია განცხადებაში.
No comments:
Post a Comment