15 ნოემბერი 2007
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური მიტინგის დარბევით მეგობრები განარისხა. ახლა რაღა უნდა მოიმოქმედონ?
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმეტრსობამ კარგა ხანია უარი თქვა იმ იდეაზე, რომ სწრაფი ეკონომიკური და პოლტიკური განვითარება მომავალში ღია, თავისუფალ და სამართლებრივ საზოგადოებაში ცხოვრებას უზრუნველყოფს. ზოგიერთი (მაგალითად, უკრაინა) მუდმივად პოლიტიკურ ჩიხშია. მეორენი (მაგალითად, რუსეთი), როგორც ამას კრემლი უწოდებს ”სუვერენულ დემოკრატიას”, ანუ ნეპოტისტურ და ნაციონალისტურ კაპიტალიზმს აშენებენ. და ახლა საქართველოც, რომელიც აქამდე, ბოლო კაშკაშა იმედად იყო შემორჩენილი, ისეთ ქვეყანათა რიგში ჩადგომის რისკის ქვეშ აღმოჩნდა, სადაც კორუმპირებული ელიტა ერთმანეთს სავარძლებზე ეკინკლავება.
უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი სრულიად მოულოდნელი არ ყოფილა. 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის შემდეგ”, რომელმაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა, საქართველოს პრეზიდენტის სუსტ მხარეებს ასე აღწერენ: იმპულსურობა, საკუთარი ვნებების მორჩილება, მრჩეველთა მხოლოდ ვიწრო წრისადმი გამოხატული ნდობა. მაგრამ ბოლო დრომდე ყველაფერს მისი ენერგიულობა, ხედვა, მომხიბვლელობა და, რა თქმა უნდა, თავისუფალი ბაზრისკენ მიმავალი ღირშესანიშნავი რეფორმები გადასწონიდა.
ახლა ბალანსი შეირყა: მომიტინგეებზე მიქსეული სპეცდანიშნულების რაზმები, ასობით დაზარალებული საავადმყოფოში, საგანგებო მდგომარეობა - მართლაც რომ აუხსნელი ჰიპერრეაქციია პროტესტზე, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა. დემონსტრაციების, ანტისახელისუფლებო რადიოსა და ტელევიზიის აკრძალვა იმ ტაქტიკათა რიცხვს მიუკუთვნება, რომელიც კრემლსაც კი შეუფაკლავდა სირცხვილით ღაწვებს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ მის ქვეყანას გარედან პროვოცირებული პუტჩი ემუქრებდა. და თუმცა საქართველო მართლაც ბევრს იტანს რუსი ავისმქმნელებისგან, მან იმის დამადასურებელი ვერც ერთი მტკიცებულების წარმოდგენა ვერ მოახერხა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბოლო დღეების მოვლენებში რუსული კვალი გადამწყვეტ როლს თამაშობდა. მუდმივად იმის ძახილში ”მთაზე მგელი მოდისო”, სააკაშვილი მხოლოდ იმას მიაღწევს, რომ როდესაც მისი ქვეყანა მართლაც გადაეყრება რეალურ საფრთხეს, გარედან ამაზე აღარავინ ირეაგირებს.
5 იანვარს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმება დიდი ვერაფერი შვებაა. არჩევნები მხოლოდ ცინიკური ფანდია, რომელშიც წარმატების მიღწევას სააკაშვილი ოპოზიციის მოუმზადებლობის, დაქსაქსულობის ხარჯზე აპირებს-ამ პირობებში კონკურენცია მართლაც ვერ იქნება სამართლიანი და თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ კანდიდატი ამოირჩია, პრეზიდენტის ძალაუფლება მედიაზე, სახელისუფლებო რესურსის მასშტაბი, მას იოლი გამარჯვებით უზრუნველყოფს. ეს არ იქნება დემოკრატიული მანდატი. არჩევნების გაყალბება ხომ ყველა ტირანის საყვარელი ფანდია.
მოგვაქცევს კი ვინმე ყურადღებას?
დასავლეთი თავისი პროტეჟეს, ”მიშას”მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დაგმობას სამარცხვინოდ არიდებს თავს. ამერიკამ და ევროპის კავშირმა მცირეოდენი წუხილი გამოთქვა და სიმშვიდისკენ მოუწოდა, მაგრამ მათ არც პირდაპირ და არც საჯაროდ არ განუცხადებიათ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელი იყო. არადა, მათ ეს უნდა გაეკეთებინათ. იმის გამოძიებაც ღირს, თუ რაზე იხარჯება საქართველოსთვის ასე უხვად გაღებული უცხოური დახმარება. იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რომ მათი ნაწილი ლამაზ ქალბატონებსა და მერსედესებზე დაიხარჯა. უფრო სამწუხარო ის აღმოჩნდება, თუ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა დოლარები იმ უშიშროების ჯარების წვრთნასა და აღჭურვილობას მოხმარდა, რომელმაც სატელევიზიო აპარატურა ამ დღეებში უმოწყალოდ დალეწა.
საქართველოს მეგობრებმა მიხეილ სააკაშვილს ის უნდა მოსთხოვონ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გადადოს და სანაცვლოდ, გაზაფხულზე საერთაშორისო საზოგადოების მეთვალყურეობით საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც სააკაშვილისგან განსხვავებით, სახელმწიფო მოღვაწისათვის შესაფერისი იმიჯი შერჩენილი აქვს, ყველა პოლიტიკურ ძალას შორის მოლაპარაკებების ორგანიზება უნდა მოახერხოს, უპირველესად ყოვლისა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს და შემდეგ საკონსტიტუციო ცვლებების შესახებ დსიკუსია წამოიწყოს.
ახალმა პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლების ის ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტი არასწორად იყენებს, მისტერ სააკაშვილი კი პოლიტიკურ კარანტინში უნდა გაუშვან. ყველა დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი, განსაკუთრებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში მანამდე უნდა გადაიდოს, სანამ საქართველო ნორმალურ ცხოვრებას არ დაუბრუნდება.
ეს არა მხოლოდ დასავლეთის მთავრობების ჭრილობებს მოეცხება მალამოდ. სააკაშვილის არ-გაკრიტიკება დასავლეთს მთელს რეგიონში გამოუთხრის ძირს. რუსეთი იმაზე დაფიქრდება, თუ რამდენად იყო დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი პატარა ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველყოფის უანგარო სურვილით მოტივირებული. იქნებ ყველაფერი მართლაც მხოლოდ ენერგეტიკული პოლიტიკის გამო და რუსეთის დასასჯელად კეთდებოდა.
და თუ ამერიკა და ევროპა საქართველოს კურსის შეცვლას მოსთხოვენ, მაშინ მათ მის უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნონ. სააკაშვილის გარემოცვის ნევროტულობის ერთ-ერთი მიზეზი ხომ აღორძინებული რუსეთიდან მომავალი საფრთხის მოლოდინია, ხოლო დასავლელი მოკავშირეების სიმტკიცის იმედი დიდად არა აქვთ. ბოლოდროინდელმა აურზაურმა არ უნდა გაუჩინოს კრემლს იმის განცდა, რომ საქართველოს ხმალზე წამოგებას ადვილად შეძლებს. ნატოს სამიტზე ბუქარესტში უნდა გადაწყდეს საქართველოს ალიანსში საბოლოოდ მიღების საკითხი. ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილს ყველაფერი უპირობოდ უნდა მიეცეს. ნატოს წევრობა არა მხოლოდ კარგად დაფინანსებული ქართული ჯარის შემდგომ განვითარებაზე უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ნატოს საკვანძო ღირებულებების ერთგულებაზე: კანონის უზენაესობა და პოლიტიკური პლურალიზმი. ნატოსკენ მიმავალი გზა, ალბათ, უფრო გრძელი და რთული იქნება - სააკაშვილის შეცდომებს უმადლობეთ, მაგრამ რუსეთმა ამის გამო ქვეყნის სამომავლო განვითარების დაბლოკვა ვერ უნდა შეძლოს.
No comments:
Post a Comment