კორესპონდენტის დღიურები
10 ნოემბერი 2008
წარმატებული, მაგრამ რუსეთის მეზობლობით შეშფოთებული ბალტიისპირეთი.
”ციმბირი ესტონელების გარეშე - ესტონეთი საბჭოთა მოქალაქეების გარეშე”. 1981-ში, პოლონეთში სამხედრო მდგომარეობის დაწესების წინააღმდეგ ლონდონში, პოლონეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ეს სლოგანი, რომელიც ორ ასაკოვან ემიგრანტს ბანერზე გამოესახა - საოცრად უიმედოდ გამოიყურებოდა. მართალია, დიდი ბრიტანეთი, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ de jure დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებდა, მაგრამ de facto ის საბჭოთა კავშირს ჰყავდა ოკუპირებული და თვალმისაწვდომ მომავალში ასეთად უნდა დარჩენილიყო. ბრიტანეთმა მაშინ ომამდელი ბალტიისპირული ხელისუფლებების მიერ ბრიტანეთის ბანკში დაცული ოქროს მარაგი საბჭოთა ხელისუფლებას ხელიდან ხელშიც კი გადაულოცა. ესტონეთში ოკუპაციის გაპროტესტება პატიმრობასა და გადასახლებას ნიშნავდა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ - ამაო ჩივილს.
ასეთი პირქუში პერსპექტივის მიუხედავად, ამ დღიურების ავტორი ბალტიისპირულ საქმეს თავს არ ანებებდა: წლების მანძილზე იქ საცხოვრებლად ხარჯავდა ფულს, მოგზაურობდა და წერდა ბალტიისპირეთზე. 1990-ში მან საბჭოთა სასაზღვრო კონტროლის დარღვევით ლიტვური ვიზა 0001 მიიღო (და ერთ კვირაში საბჭოთა კავშირიდან დეპორტირებულიც იქნა). მოგვიანებით, აქ ცხოვრობდა და გაზეთს რედაქტორობდა. მისი უფროსი ვაჟი ტალინის ცენტრალურ კლინიკაში დაიბადა - პირველი დასავლელი ჩვილი, რომელიც 1940 წლის ოკუპაციის შემდეგ ესტონეთში გაჩნდა.
ჰოდა, რამდენიმე დღემ ტალინში მას წარსულის გახსენებისა და აწმყოზე ფიქრის შანსი მისცა. ორივე შემთხვევაში არაერთგვაროვანი სურათი იხატებოდა. ესტონეთის მოგუგუნე ქუჩებში, ახლა ცათამბჯენებია მიმოფანტული, დიდი დასავლური მანქანები მოძრაობას აფერხებენ - დაბრუნებული წარმატებისა და თავისუფლების ნიშნები. 1981 წლის ცივი დეკემბრის შუა დღეს ამას წარმოუდგენელ სასწაულად, ატლანტიდის ხელახალ დაბადებად თუ მიიჩნევდი.
მართლაც, ესტონეთის წარმატებები სხვა ქვეყნებსაც აღაფრთოვანებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მაგალითად, ესტონეთის დიდმა ფანატმა, თავისი პოლიტიკა დერეგულაციას, დაბალ გადასახადებსა და გამჭვირვალე პრივატიზაციის პრინციპებს დააფუძნა. 1990-იანებში ამ პოლტიკას გზა სწორედ ესტონეთმა გაუკვალა. საქართველოს უამრავმა ესტონელმა მიაშურა - ასწავლიდნენ ყველაფერს ანტიკრუფციული პრაქტიკიდან დაწყებული, ჯაშუშების დაჭერით დამთავრებული.
ორი ასეთი განსხვავებული ტემპერამენტის მოძებნა გაგიჭირდებათ. ესტონელები თავშეკავებულნი, რაციონალურნი, არაიერაქიულნი, ჩინებული გუნდური მოთამაშენი არიან. სწორედ ამიტომაა, რომ ესტონური ინსტიტუტები პოსტკომუნისტურ სივრცეში ყველაზე ძლიერი და გამჭვივრვალეა. ქართველები, პირიქით, თავისი ემოციურობით, ირეარქიული ცნობიერებითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, მუშაობის განსხვავებულ სტილს მოითხოვს. როგორც ცნობილია, კონტრასტები ერთმანეთს იზიდავს, ამიტომ ესტონელები და ქართველები ერთმანეთს ბრწყინვალედ შეეწყვნენ.
მაგრამ ესტონეთის ენთუზიაზმმა ”მიშა” სააკაშვილთან დაკავშირებით იკლო. ნაწილობრივ მისი ზოგიერთი პოლიტიკური ნაბიჯისადმი ზიზღის გამო, და კიდევ იმის გამო, რასაც ტალინში პანიკიორობად მიიჩნევენ. საქართველოში ომის შემდეგმ მან განაცხადა - ”შემდეგი ბალტიისპირეთია”. მიუხედავად იმისა, რომ ესტონელებს და მათ მეზობლებს მოსწონთ, როცა საერთაშორისო საზოგადოება რუსეთთან დაკავშირებული მათი პრობლემებისადმი ყურადღებას იჩენს, მაგრამ სულაც არ გრძნობენ თავს ბედნიერად, თუ საქართველოსთან აიგივებენ. ”ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები ვართ, ისინი კი - არა. მიშას უკონტროლო გამონათქვამები ისე ჟღერს, თითქოს ჩვენ ისეთივე შეშლილები და მოწყვლადები ვიყოთ, როგორც ისინი” - მითხრა ცივად ერთმა ოფიციალურმა პირმა.
No comments:
Post a Comment