Tuesday, April 8, 2008

პრეზიდენტ სააკაშვილის ოპოზიციას ხელახლა ქართველების მობილიზება უჭირს

le_monde
პეტრე სმოლიარი
8 ნოემბერი 2008

ქართულ ოპოზიციას პარასკევს, 7 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება სურდა. მაგრამ შედეგმა იმედები არ გაამართლა. ვიდრე მანიფესტაციის მთავარი მიზნის, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართებოდნენ, პარლამენტის წინ 10 000-დან 15 000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა. ამ დღეს შარშანდელი 2007 წლის 7 ნოემბრის წლისთავს აღნიშნავდნენ, როდესაც პოლიციამ საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია და შტურმით აიღო სატელევიზიო არხი "იმედი", რამაც სააკაშვილის იმიჯს უცხოეთში სერიოზული ზიანი მიაყენა.

ეს საპროტესტო აქცია, აგვისტოს ომის დროს გამოცხადებული ნაციონალური ერთობის ციკლის დასასრულის აღმნიშვნელიც უნდა გამხდარიყო. მაგრამ მობილიზაციამ შარშანდელ სიმაღლეებს ვერ მიაღწია, როდესაც თბილისის ქუჩებში 60 000 ადამიანი გამოვიდა. მოსახლეობის უმრავლესობა "რუსული თავდასხმის" გამო იმდენად ტრამვირებული და დაბნეულია, რომ ჯერ კიდევ ვერ განუსაზღვრავს საკუთარი ადგილი შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

დემონსტრაციაზე, რომლის ინიციატორი ხუთი პოლიტიკური პარტია გახლდათ, და რომელსაც არ შეუერთდნენ რესპუბლიკური პარტია და ქრისტიან-დემოკრატები, კონფლიქტის დაწყების მიზეზების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა მოითხოვეს, ასევე პრესის თავისუფლება, განსაკუთრებით ტელეკომპანია "იმედისთვის" და ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. აქციაზე პასუხისმგებელი პირების უმრავლესობამ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა.

საპროტესტო აქციის წინა დღეს, ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ უახლოესი ხუთი თვის მოქმედების გეგმა გამოაქვეყნა. ახალი კოალიცია 10 დან 20 დეკემბრის შუალედში ჩამოყალიბდება, ამის შემდეგ მისი პირველი აქცია 2009 წლის 25 იანვარს გაიმართება, რომელზეც ისინი 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო და მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. თუკი ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს 2009 წლის 9 აპრილს ოპოზიცია "ეროვნული დაუმორჩილებლობის კამპანიას" იწყებს.

თავის მხრივ ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტის ყოფილი მოკავშირე, ახალ ოპოზიციურ ფრონტს ხსნის. სააკაშვილის ოპონენტებს არ აკმაყოფილებთ, ოფიციალურად "ავადმყოფობის მიზეზით" ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის გადაყენების ფაქტი, რომელიც ამ პოსტზე ოქტომბრის ბოლოს გიორგი მგალობლიშვილმა შეცვალა, ასევე 4 ნოემბერს თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის ზაზა გოგავას განთავისუფლება.

პარასკევს, გავლით პარიზში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა, რომელიც ნიცაში ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე დასაწრებად მიემგზავრებოდა, მონდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის "ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას არასერიოზულად მიიჩნევს", და თვლის, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევა და აჟიორტაჟის ატეხვა არ ღირს. "იმავდროულად, ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია”. მათ შორის: დასავლელი პარტნიორების და პირველ რიგში ევროკავშირის იმაში დარწმუნება, რომ ვიდრე რუსეთი 7 აგვისტომდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება, მასთან დიალოგი არ განახლდეს.

პარასკევს, ევროპის ორდღიან საგანგებო სამიტზე, ნიკოლა სარკოზიმ რუსეთთან პარტნიორობაზე დიალოგის განახლების სურვილი გამოთქვა. დიმიტრი მედვედევის მიერ 4 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაზე, რომ რუსეთი კალინინგრადში ბალისტიკურ რაკეტებს განათავსებს, სარკოზი მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ამ პრობლემის თავიდან აცილების "მნიშვნელოვანი რესურსები" არსებობს.

ევროკავშირის წევრები ლიტვა და პოლონეთი, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს, რუსეთთან დიალოგის განახლებას ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან. "ამ ქვეყნებს მწარე გამოცდილება აქვთ, მათ იციან თუ რისი გამკეთებელია რუსეთი", ამბობს ეკა ტყეშელაშვილი. ქართველი მინისტრის აზრით პირობების გარეშე რუსეთთან პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების განახლება, მისთვის სიგნალი გახდება, რომ შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს და შემდეგ ყოველგვარი ზიანის გარეშე გამოძვრეს სიტუაციიდან". პირობები, რომლებსაც მინისტრი გულისხმობს, 12 აგვისტოს სამშვიდობო გეგმით არის გათვალისწინებული, განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთის არმიის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას. საქართველოს ხელისუფლებას ასევე იმედი აქვს, რომ ევროკავშირი რუსეთს მოსთხოვს მისი დამკვირვებლების შეშვებას სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიოტრიაზე, რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა ცნო. "ევროკავშირმა რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ ევროპის გავლენის ზონებად დაყოფის დრო წარსულ ჩაბარდა, რომ რუსეთი ვეღარ გადაყლაპავს საქართველოს და ზურგს უკან ვერ მოიქცევს".

ორიგინალი

თემატური ბმული

lexpress.fr: Géorgie: plus de 10.000 manifestants anti-Saakachvili à Tbilissi

No comments: