Thursday, April 10, 2008

ქართული ოპოზიციის შანსი

tol-logo1
ლილი დი პუპო
10 ნოემბერი 2008

მისცემს კი აგვისტოს ომი საქართველოს აფორიაქებულ ოპოზიციას
ხელისუფლებაში მოსვლის შანსს?

თბილისი
– 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის ქუჩებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი შეკრიბეს.

პარასკევს, ერთი წლის შემდეგ, მათ იგივე გააკეთეს. მაგრამ დემონსტრანტების რიცხვი შარშანდელს საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა, შესაძლოა იმის გამოც, რომ ხმაურიანი წლის შემდეგ ადამიანები იმედგაცრუებულნი და გამოფიტულნი არიან.

არ არის ნათელი რა ადგილი უკავიათ ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოების ცნობიერებაში; ისიც გაურკვეველია რამდენად შეძლებენ ისინი წაგებული ომის ფაქტორის იმაზე ეფექტურად გამოყენებას, ვიდრე მათ შარშან, ხელისუფლების ავტორიტარიზმში და კორუფციაში მხილება გამოიყენეს.

იმ დროს როდესაც სააკაშვილის რეპუტაციამ აგვისტოს ომის შემდეგ სერიოზული დარტყმა განიცადა, უცხოელი კომენტატორებისა და რუსეთის ლიდერების პროგნოზები, რომ ის შიდა პოლიტიკურ კონფლიქტს ვერ გადაურჩებოდა, ჯერ კიდევ საეჭვოა. ომმა ოპოზიციას ხელისუფლების კრიტიკის ახალი საფუძველი მისცა, მაგრამ ჩნდება კითხვა – რამდენად წარმატებულად გამოიყენებს ოპოზიცია ხალხის უკმაყოფილების ამ ახალ წყაროს.

27 ოქტომბერს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და ერთ დროს საკაშვილის მოკავშირე ნინო ბურჯანაძემ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. როგორც ამბობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც მალე იგივეს გაკეთებას აპირებს.
დავით აფრასიძე, თბილისში, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენას მთლიანად აგვისტოს ომის შედეგად აღიქვამს. ამ ფაქტმა ორივე პოლიტიკოსს უბიძგა პროცესებში სწორედ ახლა ჩართულიყვნენ და არა გაზაფხულზე, როდესაც ზოგიერთებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ხილვა სურთ.

ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენასთან ერთად, უახლოეს კვირებში ოპოზიციის მთავარი პრობლემა იქნება პარტიული და პირადი ინტერესები, საერთო მიზნის მიღწევისთვის გვერდზე გადადონ.

"თუკი ოპოზიციამ გაკვეთილი მიიღო, მაშინ ის მართლაც უნდა გაერთიანდეს", ამბობს არჩილ გეგეშიძე, თბილისში საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის წარმომადგენელი.

ოპოზიცია საქართველოში ჰეტეროგენულია. ეს პარტიებისა და ინდივიდების თავისუფალი კოალიციაა, სადაც წარმოდგენილია როგორც მკვეთრად მემარჯვენე, ასევე მკვეთრად მემარცხენე განწყობები. ეს ისეთი ტიპური კავშირია, რომელსაც ერთი მთავარი მიზანი - საკააშვილის მთავრობისგან განთავისუფლება - აერთიანებს. მრავალფეროვნება მათ არსებული მთავრობის მიერ გამოწვეული სოციალური უკმაყოფილების ეფექტურ მობილიზებაში ხელს უშლის.

მაისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 60 პროცენტი მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 119 ადგილი მოიპოვა. 9 პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ კი ხმების დაახლოებით 18 პროცენტი მიიღო და მალევე დაიშალა.

იმ დროს, როდესაც ამ კოალიციის ხელახლა გაჩენის პერსპექტივა არსებობს, გაურკვეველია, შეუერთდებიან თუ არა მას ხელისუფლების ყოფილი წევრები, ბურჯანაძე და ნოღაიდელი. კახა კუკავა, კონსერვატიული პარტიიდან პარლამენტის ყოფილი წევრი ამ იდეას უარყოფს, იხსენებს რა შარშანდელ მოვლენებს და ბურჯანაძის როლს იმ ხელისუფლებაში, რომელმაც პოლიციის ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა და მოგვიანებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

"ის პასუხისმგებელი პირი იყო და აქტიური მოთამაშე 7 ნოემბრის მოვლენების დროს", თქვა კუკავამ, "ჩვენ მას დემოკრატიულ ლიდერად არ მივიჩნევთ. ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ მხოლოდ კოალიციის გარეთ".

თუმცა მომდევნო კვირებში ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისთვის ერთი მთავარი მიზეზი აქვთ - მათ გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას უნდა მიაღწიონ. "ტელეკომპანია "იმედს" ოპოზიცია ხალხის მობილიზაციისთვის ფართოდ იყენებდა. დღეს მედია კონტროლდება", თქვა გეგეშიძემ, იმ ცნობილ ტელეკომპანიაზე საუბრისას, რომელშიც შარშანდელი საპროტესტო აქციების დროს პოლიცია შეიჭრა და დახურა.

ომი და პოპულიზმი

თუკი აგვისტოში ოპოზიციურმა პარტიებმა სააკაშვილის გარშემო ერთიანობის დემონსტრირება მოახდინეს, დღეს უკვე ღიად აკრიტიკებენ მის მიერ ომის დაწყების გადაწყვეტილებას და კრიზისის მართვის პროცესს.

კუკავამაც და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოპოზიციის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმაც სააკაშვილის გადაწყვეტილება ომში ჩაბმულიყო, გააკრიტიკეს, რადგან, მათი მტკიცებით, ყველამ იცოდა, რომ საქართველოს რუსეთთან ომის მოგების შანსი არ გააჩნდა.

თინა ხიდაშელი რესპუბლიკური პარტიიდან, აგვისტოს ომში ხედავს მთავრობის მიერ გასული წლების განმავლობაში გადადგმული მთელი რიგი არასწორი ნაბიჯების ლოგიკურ დასასრულს "7 აგვისტო 7 ნოემბრის და სხვა არარაციონალური და უგუნური ნაბიჯების შედეგია, რომლებიც სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაგა... ის რთული პრობლემების გადასაწყვეტად მარტივ გადაწყვეტილებებს ირჩევს".

ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარებისთვის ეკონომიკისა და დემოკრატიული პროცესებისთვის ხელშეწყობას და მათზე კონცენტრირებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს "დემოკრატიის გარეშე იგივე მიზეზები იგივე შედეგებს მოგვიტანს. და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რომ ჩვენ აბსოლუტურად დაზღვეული ვართ მორიგი კონფრონტაციისგან".

აფრასიძეს, კავკასიის ინსტიტუტიდან, ეშინია, რომ ომზე პოლიტიკური დებატები ზედაპირული და დიდ წილად იმაზე ორიენტირებული იქნება, თუ რატომ წააგო საქართველომ ეს ომი და არა იმ გარემოებებზე, რომლებმაც ეს მარცხი გამოიწვია. მან თქვა, რომ ოპოზიციას ძალიან ცოტა შანსი აქვს გამარჯვების, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური დისკურსი არ შეიცვლება. "თუკი დებატები ისეთივე პოპულისტური დარჩება, როდესაც მთავარი აქცენტი კეთდება თეთრზე და შავზე, მაშინ სააკაშვილი ბევრად უკეთ წარმოჩინდება".

აგვისტოს ომზე დებატების შეზღუდვა, თავისუფალი მედიის არ არსებობამ გამოიწვია. "იმისთვის რომ ეს კითხვები დასვათ, თქვენ თავისუფალი მედია გჭირდებათ", განაცხადა გეგეშიძემ.

არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა – არის კი ქართული საზოგადოება აგვისტოს მოვლენების შემდეგ საკმარისად მზად იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების სწრაფ მოგვარებაზე დაპირებები გვერდზე გადადოს.

გეგეშიძეს მიაჩნია, რომ ეს საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რა დისკურსს მიმართავენ პოლიტიკოსები. "თუკი ქართული საზოგადოება ამისთვის მომწიფებულია, მაშინ არანაირი პოპულისტური დაპირებები უახლოეს მომავალში ქვეყნის გაერთიანებაზე აღარ იქნება. თუკი ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არ აღმოჩნდება, პოლიტიკოსები ამას იგრძნობენ და საკუთარი კამპანიების წარმართვისას ამ პოპულისტურ ენას კვლავ გამოიყენებენ".

1990-იანების დასაწყისში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს გამოეყო. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის მთავრობის მთავარი დაპირება გახლდათ "სააკაშვილმა ის პოზიცია დაიკავა, საიდანაც ოპოზიციას ხელისუფლებაზე თავდასხმა შეეძლო", ამბობს აფრასიძე.

პრეზიდენტის შეცდომა იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე კონცენტრირება მოახდინა, არამედ იმაში, რომ მან ქართულ მოსახლეობაში კონფლიქტების სწრაფ გადაწყვეტაზე მცდარი იმედები გააჩინა, აცხადებს გეგეშიძე.

აფრასიძეს იმედი აქვს, რომ ომმა დაძლია პოლიტიკური დილემა, რომლის წინაშეც ქვეყანა ვარდების რევოლუციის შემდეგ იდგა "2004 წლიდან ჩვენ ეს დილემა ყოველთვის გვქონდა: ერთი მხრივ - ტერიტორიული მთლიანობა, და მეორე მხრივ - ევროპული გზა, ქვეყნის მოდერნიზაცია. ახლა არანაირი დილემა აღარ არსებობს. და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს არავინ დაუბრუნდება და არ იტყვის - მე ის ბიჭი ვარ ვინც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს".

ვარდების რევოლუციის პერიოდიდან სააკაშვილის ხელისუფლების სიმყარის მთავარ გასაღებს პოლიტიკური ალტერნატივის დეფიციტის პირობებში პოპულისტური რიტორიკისადმი ტენდენცია წარმოადგენდა. ოპოზიციის მთავარი პრობლემა სწორედ ის იქნება, რომ ქართული მოსახლეობა ამ ალტერნატივის არსებობაში დაარწმუნოს.

ზურაბიშვილი, ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით ქართველების მოლოდინზე საუბრისას ამბობს "რადგან ჩვენ ძალიან, ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ, მოსახლეობის მთავარი კითხვა ასეთი იქნება, როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ თქვენთან ერთად უკეთ ვიქნებით. და ეს ის კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ".

ორიგინალი

No comments: