13 ნოემბერი 2008
ანუ როგორ გახდა რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთის ყველაზე ენაწყლიანი პარტნიორი, მაშინ როდესაც არჩევამდე მას პუტინისთვის ნორმალური განცხადება არ ემეტებოდა და მოსკოვის მოთოკვაზე ოცნებობდა. ვინსენტ ჟოვეს გამოძიება.
სცენა, რომლის შესახებ არასდროს არავის უამბნია, კრემლში გაიმართა, 12 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში. ნიკოლა სარკოზი დიმიტრი მედვედევის და ვლადიმერ პუტინის პირისპირაა. ის ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ საქართველოში საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს და რუსეთის არმიამ თბილისი არ უნდა აიღოს. მან იცის, რომ რუსული არმიის დიდ ნაწილს ბოლომდე წასვლა და სააკაშვილის განადგურება სურს. საიდან იცის? საფრანგეთის სამხედრო დაზვერვისგან. მათი მონაცემებით, ზოგიერთი პასუხისმგებელი პირი, მოსკოვში თავის ხელმძღვანელობას საქართველოში კიდევ უფრო ღმრად შეჭრას ურჩევს, რადგან გზა თავისუფალია. სარკოზიმ ასევე იცის – ან ფიქრობს რომ იცის, რომ კრემლს უკვე მომზადებული ჰყავს მარიონეტული მთავრობა საქართველოში, რომელიც არსებულ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი პუტინს და მედვედევს მიმართავს: "თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ. მსოფლიო ამას არ დაუშვებს". პუტინი მისთვის ჩვეული ბინძური ლექსიკით აწყვეტინებს: "მე ამ სააკაშვილს ერთი ადგილით დავკიდებ". "დაკიდებ?" – ფრანგი პრეზიდენტი შეცბა. "რატომაც არა? - პასუხობს პუტინი - ამერიკელებმა სადამ ჰუსეინი ხომ დაკიდეს?", "კი, დაკიდეს, მაგრამ შენც ბუშივით გინდა დაამთავრო?". პუტინი დაფიქრდა: "მართალი ხარ". და აი აქ: საკაშვილმა გადაირჩინა როგორც საკუთარი თავი, ასევე ... ეს მომენტი სარკოზის მხრიდან ქართველებისთვის გაკეთებული გადამწყვეტი ჟესტი აღმოჩნდა, შეგვატყობინა ჟან-დევიდ ლევიტმა, ელისეს სასახლის დიპლომატიურმა მრჩეველმა, რომელსაც მიაჩნია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში უზარმაზარი როლი ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას ზაფხულში რუსების მიმართ ლოიალურობაში ადანაშაულებს. საფრანგეთი-რუსეთის მეგობრული ჯგუფის პრეზიდენტი ერვე მარიტონიც კი იმაზე საუბრობს, რომ უპრინციპო საფრანგეთი კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. "ეს ყველაფერი სისულელეა", ამბობს ლევიტი, ზედმეტსახელად "დიპლომატორი".
სისულელე? თუმცა იმავე 12 აგვისტოს მოსკოვში, ნიკოლა სარკოზი ხმამაღლა და მკაფიოდ აცხადებს, რომ "აბსოლუტურად ნორმალურია" როდესაც მოსკოვი "რუსულენოვან მოსახლეობას რუსეთის საზღვრებს გარეთ" იცავს, რითაც კრემლის ნეო-იმპერიულ პროპაგანდას იზიარებს. მოგვიანებით ის ამტკიცებს, რომ რუსები იმ პოზიციებზე დაბრუნებას აპირებენ, რომლებიც ომის დაწყებამდე ეკავათ, და თუკი ისინი ამას არ გააკეთებენ, საფრთხე გაიზრდება. მაგრამ დღევანდელ დღემდე რუსებს პირობა არ შეუსრულებიათ, მეტიც, მათ საქართველოს ტერიტორიის ის ნაწილებიც დაკავეს, სადაც კონფლიქტამდე არ მდგარან: კოდორის ხეობა და ქალაქი ახალგორი (60 კილომეტრში თბილისიდან). გარდა ამისა, ისინი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ევროპელ დამკვირვებლებს არ უშვებენ.
სარკოზი კი კრემლს ტაშს უკრავს. 8 ოქტომბერს IFRI–ის მიერ ორგანიზებულ (და ნაწილობრივ კრემლის საყვარელი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას დაფინანსებულ) ეივანის კონფერენციაზე, სარკოზიმ მედვედევს "ყველა ვალდებულების შესრულებისთვის" მადლობა გადაუხადა, და ძველი ურთიერთოების აღდგენის სურვილი გამოთქვა, კერძოდ - მოლაპარაკებების განახლება "სტრატეგიულ პარტნიორობაზე". სხვა სიტყვებით რომ ვთქათ, დროა ყველაფერი დავივიწყოთ და რუსების ქმედება კავკასიაში, როგორც შემდგარი ფაქტი ისე მივიღოთო – ანუ "კოსოვო პირიქით", ამბობს ალენ მინი, რომელიც მისი მეგობრის, სარკოზის დიპლომატიური გამჭრიახობით აღფრთოვანებულია.
"სარკოზიმ სწორედ ის გააკეთა რისი იმედიც გვქონდა - საფრანგეთის კურთხევა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე", ამბობს რუსეთის ოფიციალური პირი და დასძენს: "ის ახლა ევროპაში რუსეთის საუკეთესო მეგობარია, საუკეთესო ადვოკატი. არადა, როგორი შეშფოთებულები ვიყავით როდესაც აირჩიეს. ასეთ გარდაქმნას ვინ წარმოიდგენდა?". თანაც როგორ გარდაქმნას! გარდაქმნა თუ ღალატი? მოდით გავიხსენოთ. საარჩევნო კამპანიის დროს ნიკოლა სარკოზი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის და ჟაკ შირაკის "რეალური პოლიტიკის" წინააღმდეგ იბრძოდა. ის ამხელს "ჩეჩნეთში 200 000 ადამიანის მკვლელობაზე დუმილს" და ამტკიცებს, რომ "ურჩევნია ბუშს ჩამოართვას ხელი, ვიდრე პუტინს".
2006 წლის დეკემბერში ის საგანგებო სადილს აწყობს, ჩუმად, ისე რომ შირაკისგან დარტყმა აიცილოს. სადილზე პარიზში მცხოვრებ კრემლის შეურიგებელ კრიტიკოსებს პატიჟებს. "სარკოზის ტექსტი მაშინ ძალიან ანტიპუტინისტური იყო. ის ამბობდა, რომ თუკი ელისეს სასახლეში მოხვდება, იგი გარი კასპაროვს (მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, პუტინის მკაცრი ოპონენტი) დაპატიჟებს და თბილად იხსებდა მის მეგობარ "მიშა"-ს, სააკაშვილს. იმ დროს მას ძალიან მყარი შეხედულებები ჰქონდა, - აცხადებს იმ დროს სარკოზის სტრატეგიული მრჩეველი პიერ ლელუში - საბოლოოდ, მე მჯერა, რომ..."
სანაცვლოდ, პუტინი სარკოზის კანდიდატურას არაფრად აგდებს. სარკოზი მოსკოვში, მის კოლეგა მინისტრთანაა დაპატიჟებული, მაგრამ პუტინი უარს ამბობს კრემლში მის მიღებაზე. რუსეთის პრეზიდენტი არ მალავს, რომ მისი ფავორიტი დომინიკ დე ვილპენია, მისი მეგობრის ჟაკ შირაკის "კვიცი". ხოლო როდესაც UMP-ს კანდიდატმა 6 მაისს არჩევნებში გაიმარჯვა, კრემლის პირველი პირი რამდენიმე დღე იცდის, ვიდრე ფრანგ კოლეგას მიულოცავს, მით უფრო, რომ პირველი ვისაც სარკოზი ელისეს სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის რანგში ხვდება, არც მეტი, არც ნაკლები, სააკაშვილია. მაგრამ, როგორც "დიპლომატორი" ლევიტი ამბობს, საარჩევნო კამპანიის შემდეგ საფრანგეთზე და მის ინტერესებზე ფიქრის დრო დადგა.
სარკოზის მიდგომა რუსეთისადმი რადიკალურად იცვალება. ელისეს სასახლის მასპინძელი კრემლის ხელმძღვანელებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებზეც რამდენიმე კვირით ადრე საშინელი წარმოდგენა ჰქონდა, პირად კავშირებს ეძებს. "მოულოდნელად სარკოზის გუნდმა ნათლად გვაგრძნობინა, რომ ისეთივე ურთიერთობის შენარჩუნება სურს, როგორიც შირაკის დროს გვქონდა", ამბობს რუსეთის ოფიციალური პირი. ეს სარკოზის დანიშვნებზეც აისახება: საკვანძო პოსტებზე არ ნიშნავენ იმ ადამიანებს, ვინც მოსკოვთან მკაცრი პოლიტიკის მომხრეა.
პირიქით საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაზე პასუხიმგებელი პირები დიდი ხანია, რაც თავიანთ რუს კოლეგებს იცნობენ და მათთან ურთიერთობას აფასებენ. როდესაც ბერნარ კუშნერი გაეროს კოსოვოში წარმოადგენდა, სერგეი ლავროვი იმავე გაეროში რუსეთის ელჩი იყო. ისინი უკვე წლებია რაც ერთმანეთს "შენობით" მიმართავენ. ლევიტი, რომლის მამაც რუსი გახლდათ, პუტინის გარემოცვაში სერგეი პრიხოდკოს აღმოაჩენს. სად? სწორედ იმავე პოსტზე, რომელზეც 2000 წელს დატოვა, როდესაც თავად ელისეს სასახლეში, შირაკის დროს, დიპლომატიურ მრჩევლად გადავიდა. "დიპლომატორი" გაეროში ლავროვის კოლეგაც იყო. მაშინ საფრანგეთი და რუსეთი ერთობლივად ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ს მიერ ერაყში ომის დაწყებას. ყველაფერი ეს ძლიერ კავშირებს ქმნის, ძალიან ძლიერს.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტს მოსკოვთან მჭიდრო კავშირების მომხრე ადამიანები ხელმძღვანელობენ. ასეთი, თავად ფრანსუა ფიიონია (გასულ აპრილში ის პირველი ოფიციალური დასავლელი პირი იყო, ვინც საქართველოს და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა, საჯაროდ მოსკოვის მოუმზადებლობის საბაბით გაამართლა). პრემიერ-მინისტრის ორი ყველაზე ახლო მრჩეველი, ჟან დე ბუასიუ და იგორ მიტროფანოვი, პუშკინის ენას შესანიშნავად ფლობენ და უკვე დიდი ხანია, რაც მოსკოვს რეგულარულად სტუმრობენ. ბუასიუ მოსკოვში ჯერ კიდევ პომპიდუსთან ერთად გახლდათ... მოკლედ ფრანკო-რუსული "ინტენსიური" ურთიერთოებებისთვის ყველაფერი თავის ადგილზეა, ამბობენ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვათაშორის, კუშნერი საგარეო უწყების ხელმძღვანელად სულ ახალი დანიშნული იყო, როდესაც ლავროვს შეუთვალა, საფრანგეთს სურს "ევროპაში რუსეთთან პრივილეგირებული მოლაპარაკის" სტატუსი ჰქონდესო. განცხადება საჯარო არა, მაგრამ ოფიციალურია. ეს გერმანიის "უკან ჩამოტოვების" სურვილზე მიუთითებს.
დიდი რვიანის სამიტზე, 2007 წლის ივნისში, სარკოზი პუტინს პირველად ხვდება. რუსეთის პრეზიდენტი მასზე უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენს. იგივე ასაკი, იგივე ტანის ზომა (თითქმის), სიარულის მანერაც კი, ისეთივე დაუმუშავებელი ლექსიკა, ეს ორნი თითქოს მეგობრობისთვის არიან დაბადებულნი. ნიკოლა ვლადიმერის მოხიბვლას ცდილობს. მოლაპარაკებებში შესვენების დროს ის სესილის მობილურზე ურეკავს, პუტინს ეუბნება "ნიძლავი დავდეთ, რომ დაგალაპარაკებდი" და მას ყურმილს აწვდის - რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს სურს კრემლის მეპატრონეს ორი სიტყვით ინგლისურად გაესაუბროს. თავაზიანობა თავაზიანობის სანაცვლოდ. რამდენიმე დღეში პუტინი სარკოზის ურეკავს და კარგ ამბავს ეუბნება: უზარმაზარი კონკურსის პირობებში, ციმბირში, შტოკმანის საბადოს ერთობლივი დამუშავებისთვის, გაზპრომს მეწყვილედ ფრანგული ნავთობ-კომპანია Total შეურჩია. შესანიშნავი საჩუქარია მეგობრული ურთიერთობების დაწყებისთვის.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წლის ოქტომბერში პუტინი სარკოზის საკუთარ აგარაკზე მასპინძლობს. ისინი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ: რუსეთი საფრანგეთს ლიბანში მხარდაჭერას პირდება, ამბობს, რომ ჩადში ევროპული ძალების დასახმარებლად ვერტმფრენებს გაგზავნის. ვახშამის დასრულების შემდეგ, სარკოზი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს მართავს და პუტინის აქებს "ვლადიმერი ძალიან ჭკვიანია, ის საერთაშორისო პოლიტიკის ყველა ნიუანსზე ფლობს ინფორმაციას და აბსოლუტურად გახსნილია", მოკლედ ის "განსხვავდება პრესის მიერ მასზე შექმნილი პორტრეტისგან". თუმცა სინამდვილეში შეხვედრა არც ისეთი უღრუბლო გახლდათ. პუტინმა კატეგორიული უარი განაცხადა, რომ ირანზე ზეწოლას გააძლიერებს. სარკოზის აუხსნეს, რომ ეს "კაგებეს მეთოდია". ის იმედგაცრუებული და დაბნეული იყო, მაგრამ კრემლის მეთაურთან არშიყობას არ იშლიდა.
2007 წლის დეკემბერში პუტინის პარტია გაყალბებულ არჩევნებზე იმარჯვებს. ანგელა მერკელი და გორდონ ბრაუნი ამ არჩვენების დემოკრატიულობას ეჭქვეშ აყენებენ. სარკოზი პირველია სახელმწიფოს მეთაურებს შორის, ვინც კრემლის მეთაურს გამარჯვებას ულოცავს, რასაც გარკვეული უკმაყოფილების ტალღაც მოჰყვა. ელისეს სასახლეში ფილოსოფოსი ანდრე გლუკსმანი რეკავს. მას სურს რომ პრეზიდენტმა მოსკოვის "ნეო-საბჭოთა" ხელისუფლების არსზე უფრო მეტი იცოდეს და ამ საკითხში დიდი სპეციალისტის მოსმენას ურჩევს (გლიუკსმანმა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დროს მხარი დაუჭირა). 2008 წლის იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტი საიდუმლოდ ხვდება პუტინის სასტიკ მოწინააღმდეგეს ვლადიმერ ბუკოვსკის, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დისიდენტს, რომელმაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წლები გაატარა.
ბუკოვსკი პირველად ყვება საჯაროდ მისი შეხვედრის თაობაზე ელისეს სასახლეში: "ანდრე გლიუკსმანს სურდა ამეხსნა სარკოზისთვის, თუ რას წარმოადგენდნენ სინამდვილეში ის არსებები, რომლებიც კრემლის სათავეში არიან, ეს ყოფილი კაგებეშნიკები, რომლებსაც მე სამწუხაროდ ძალიან კარგად ვიცნობ. ერთი საათის განმავლობაში მე მას ვუხსნიდი, რომ ამ ადამიანებთან "არშიყი" სახიფათოა, რომ იგი ამით ვერაფერს მოიგებს, თუ არა პირიქით. თითქოს მეთანხმებოდა", მაგრამ იმედგაცრუებული ბუკოვსკი დასძენს: "ამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყოლია. სარკოზიმ განაგრძო თავისი ორაზროვანი ურთიერთობები ჯერ პუტინთან და შემდეგ მედვედევთან".
2008 წელს სარკოზი ისევ პირველია, ვინც მედვედევს გრანდიოზულ არჩევნებში (მაგრამ ნაკლებად დემოკრატიულში) გამარჯვებას ულოცავს, შემდეგ მოსკოში კუშნერს აგზავნის, იმის გასასაგებად თუ რა სხვაობაა მედვედევსა და პუტინს შორის. რუსეთის ახალი პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილად ეპყრობა, და საქართველოს და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, საფრანგეთს სამოქალაქო ბირთვული ენერგიის ერთობლივ გაყიდვას სთავაზობს. კუშნერი იგივეს იმეორებს: საფრანგეთს სურს რუსეთთან პრივილეგირებული მოლაპარაკის სტატუსი ჰქონდეს და მედვედევს ევროპელების დარწმუნებაში - ხელი მოაწერონ მოსკოვთან "სტრატეგიულ" პარტნიორობას – მხარდაჭერას პირდება. "როდესაც დავბრუნდი სარკოზის ვუთხარი, რომ მედევედევი "მარიონეტი" არ არის. ის ახალგაზრდაა, დაკვირვებული, ძალიან ჭკვიანი და პატივმოყვარე. მე ავუხსენი პრეზიდენტს, რომ მასთან საქმის დაჭერა შეიძლება", ამბობს კუშნერი.
მაგრამ საქართველოს კრიზისმა კინაღამ ყველაფერი არ გააფუჭა. სარკოზი გეგმას ცვლის: რუსეთის პრეზიდენტთან განსაკუთრებული ურთიერთოებების გაბმა და კონფლიქტიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება, რაც მის საერთაშორისო კარიერას უნიკალურ სამსახურს გაუწევს. 2 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ელისეს სასახლეში ექსპერტების ჯგუფს იწვევს და მათ ახალ სტრატეგიას აცნობს. ექსპერტებს შორის არიან ანდრე გლუსკმანის შვილი რაფაელი, ჟურნალისტი ლორა მანდევილი, პოლიტოლოგი მარი მენდრა [1] და ელენ კარერ დ’ანკოსი. "მან თქვა, რომ მისი აზრით მედვედევი უფრო ლიბერალია, ვიდრე პუტინი. ამიტომ მას პოზიციების გამყარებაში უნდა დაეხმაროს, - გვითხრა ამ კონფიდენციალური შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, - რომ ის ვალდებულია იგივე როლი ითამაშოს, რასაც ტეტჩერი გორბაჩოვთან ურთიერთობაში თამაშობდა". გრანდიოზული პროგრამაა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ამ "ტეტჩერულ" სტრატეგიას ერთ კვირაში, 9 სექტემბერს, მოსკოვის აგარაკზე აამოქმედებს. აქ საქართველოს კონფლიქტის 6 პუნქტიანი გეგმის გარშემო მოლაპარაკებები იმართება. რუსები ერთი საკვანძო ფრაზის გამო მოლაპარაკებას ბლოკირებას უკეთებენ. სარკოზი შეხვედრის დატოვებით იმუქრება და მედვედევს მიმართავს: "დიმიტრი შენ 42 წლის, ახალგაზრდა მმართველი ხარ, შენს მიმართ ყველა კეთილგანწყობილია. ეს არაჩვეულებრივი შანსია. ხელიდან ნუ გაუშვებ", შემდეგ ემუქრება "მაგრამ თუ კი მაინც შენსას გააკეთებ, ევროპელებს სანქციების დაწესებაში ხელს ვერ შევუშლი. რა გინდა, დარჩენილი ცხოვრება "ყველასგან გაკიცხულმა" გაატარო?", კუშნერის თქმით, ამ სიტყვებით სარკოზიმ რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც დამწყებ ავტოკრატს უფრო გავდა, ვიდრე მომავალ გორბაჩოვს, ხელმოწერა გამოსტაცა.
ამის შემდეგ ნიკოლა და დიმიტრი ერთმანეთს ქათინაურში ეჯიბრებიან: საფრანგეთმა უარი თქვა საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვაზე, ხოლო რუსულ კრეისერს "პეტრე დიდი" ტულონის პორტში შესვლის საშუალება მიეცა. და ეს ყველაფერი საქართველოში შეჭრიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ! კონფიდენციალური წერილის "Russia Intelligence" მიხედვით, მოსკოვი მალე ფრანგული სამხედრო გემების ყიდვას შეძლებს, ხოლო სარკოზისთან დაახლოებულმა Alstom-ის პრეზიდენტმა, პატრიკ კრონმა სულ ახლახანს რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელთან, რომელიც ასევე პუტინთან დაახლოებული პირია, თავბრუდამხვევი ხელშეკრულება გააფორმა – გზა პოტენციურად 85 მილიარდი ევროს მოცულობის ბაზრისკენ. და ეს ყველაფერი სისულელეა?
[1] მარია მენდრამ ახლახანს გამოაქვეყნა "რუსეთი: ძალაუფლების მეორე მხარე" («Russie : l'envers du pouvoir», Odile Jacob), ლორა მანდევილი "რუსული მიღწევა" («la Reconquête russe», Grasset ) და რაფაელ გლიუკსმანი "საუბრები მიხეილ სააკაშვილთან" (un livre d'entretiens, avec Mikheïl Saakachvil,” Hachette)
19 აგვისტო 2008
2008 წლის 19 აგვისტოს საფრანგეთის შტაბ-ბინაში პანიკაა. სამხრეთ ოსეთის პოლიცია საჩხერეში ფრანგულ-ქართული სამხედრო მომზადების ცენტრისკენ დაიძრა, სადაც გაწრთვნილი არმია ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადება. ფრანგებმა ბრძანება მიიღეს - არ ისროლონ. რუსები სიტუაციას აგვარებენ.
ნიკოლა სარკოზი
ნიკოლა სარკოზი (სააკაშვილთან ერთად თბილისში 12 აგვისტოს) – ისევ "მიშას" მეგობარია? "მან დიდი სისულელე ჩაიდინა, ამერიკელებიც კი ეუბნებოდნენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა", იმეორებს ის.
12 ივლისი 2007
2007 წლის 12 ივლისს, პუტინი სარკოზის აცნობებს, რომ გაზპრომთან ერთად ციმბირში გიგანტური ნავთობის საბადოზე შტოკმანზე სამუშაოდ Total-ი აარჩია. ის 2014 წლიდან სადაო გაზსადენს North Stream მოამარაგებს, რომელიც რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს გერმანიასთან, ბალტიის ზღვის გავლით.
ვლადიმერ პუტინი
8 აგვისტოს პეკინში, ვლადიმერ პუტინი, ოლიმპიურ სტადიონზე, ნიკოლა სარკოზისთან ერთად მყოფ მის უმცროს ვაჟს, ლუის გადაეხევა. სარკოზი რამდენიმე წუთით ადრე პუტინს არწმუნებს სამხრეთ ოსეთზე ქართულ შეტევას არ უპასუხოს. "მე დავსჯი სააკაშვილს", უთხრა მას პუტინმა.
ბერნარ კუშნერი
12 აგვისტოს მოსკოვში, ბერნარ კუშნერი (აქ მედვედევთან) გაცეცხლებულია ჟან-დევიდ ლევიტზე. პრეზიდენტის დიპლომატიურმა მრჩეველმა სარკოზის არ აჩვენა ხელშეკრულების ტექსტი, რომელზეც მინისტრმა წინა დღეს სააკაშვილს ხელი მოაწერინა და რომელიც შეიცავდა ფრაზას "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა".
მთელი ზაფხული
მთელი ზაფხულის განმავლობაში პარიზს ყირიმზე რუსული თავდასხმის ეშინია. საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურები თანამგზავრს ორიენტირს ცლიან, რომ მან რუსული არმიის უკრაინის საზღვრისკენ გადაადგილება გადაიღოს. ისინი განსაკუთრებულ მოძრაობას ვერ ამჩნევენ.
ორიგინალი
თემატური ბმული: Daily Mail, Guardian
1 comment:
წარმოიდგინეთ სიტუაცია როგორი ჩახლართულია, ათასი ნიუანსი, ყველაფერი წინასწარ გათვლილი და გადაწყვეტილია. მსოფლიო ლიდერები ერთმანეთში სასაუბრო ენას ყოველთვის პოულობენ. ჩვენი დაობებული საზოგადება კი რუსთაველზე ხან "მიშას" ყვირის, ხან "სარკო, სარკოს!" . მატარებელი მიდის, ჩვენ კი, დაწევასაც არ ვცდილობთ.
Post a Comment