Saturday, April 12, 2008

ობამა, მედვედევი და სარაკეტო ფარი

fox
სტეფან კლარკი
12 ნოემბერი 2008

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გასულ კვირას მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგობა აშშ-ს გეგმასთან დაკავშირებით - პოლონეთში სარაკეტო ფარი განათავსოს, - არ შეწყდება მას შემდეგაც, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდება.

გასულ კვირას, ბარაკ ობამა სულ რაღაც ერთი დღის არჩეული პრეზიდენტი იყო, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მას გამოწვევა გაუგზავნა, რითაც ყველას შეახსენა მომავალი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება, რომ ამერიკის მტრები საერთაშორისო კრიზისთან დაკავშირებით ახალი პრეზიდენტის გამოცდას შემდეგი ექვსი თვის მანძილზე შეეცდებიან.

ხალხისადმი თავის პირველ მიმართვაში, მედვედევი იმუქრებოდა, რომ რუსეთი ამერიკის სარაკეტო სისტემების ნეიტრალიაციისთვის საკუთარ საზღვრებთან ახლო დამიზნების სარაკეტო დანადგარებს განათავსებდა.

მედვედევს თავის 85 წუთიან სატელევიზიო გამოსვლაში ობამასთვის არ მიულოცია და მისი სახელი ერთხელაც არ უხსენებია, მაშინ როდესაც ვაშინგტონი საქართველოს ომსა და მსოფლიო ფინანსურ კრიზისში დაადანაშაულა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ამ სასტიკად გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორება ვაშინგტონის შესაძლებლობებს აღემატება.

"იმ დროს, როდესაც ობამა სულ ახლად არჩეული იყო, ამ ტიპის განცხადების გაკეთება ნამდვილად უადგილო გახლდათ", თქვა დიმიტრი საიმსმა, ნიქსონის ცენტრის პრეზიდენტმა და წიგნის "კრახის შემდეგ: რუსეთი საკუთარ ადგილს, როგორც დიდი იმპერია ეძებს" ავტორმა.

"რუსეთის ინტერესების დემონსტრირებისთვის, როდესაც ამერიკა ახალი გზის დასაწყისშია, მან ძალიან ცუდი ფორმა შეარჩია", თქვა საიმსმა.

ობამა მედვედევს ტელეფონით შაბათს ესაუბრა. კრემლმა განაცხადა, რომ მედვედევს და ობამას მიაჩნიათ, რომ "ადრეული ორმხრივი შეხვედრა" უნდა გაიმართოს.

ასეც რომ იყოს, ამ ეპიზოდმა უკვე ამ ორი ნაციის მომავალ ურთიერთობებზე კითხვები გააჩინა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს ურთიერთობები ისედაც საკმარისად შეილახა. საინტერესოა, რა ტიპის საფრთხის მატარებელი იქნება აღორძინებული რუსეთი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში.

1991 წლის საბჭოთა კრახის შემდეგ, ბოლო წლებში ნავთობზე ფასის ზრდის წყალობით რუსეთმა ეკონომიკური ძალები დაიბრუნა, გაზარდა უცხოური ინვესტიციები და შიდა მოხმარება, და მისი დამოკიდებულებაც ამერიკის მიმართ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაცივდა.

ეს ბოლო დროინდელი სიტყვიერი ომი პრეზიდენტ ბუშის სურვილზე პასუხი იყო, რომელიც ევროპული სარაკეტო ფარის განთავსებას პოლონეთსა და ჩეხეთში გეგემავს. საქმე ის არის, რომ ბუშს ამ გეგმის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება თეთრი სახლის დატოვებამდე სურს, ანუ იანვრამდე. სამუშაოს დასრულება 2012 წლისთვის იგეგემება. მაგრამ თავდაცვის დეპარტამენტის ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ პროგრამის გამოცდას წლები დასჭირდება.

მარშალმა გოლდმანმა, ჰარვარდის რუსული და ევრაზიული კვლევების დევის ცენტრის უფროსმა მეცნიერმა გასული კვირის მედვედევის გამოსვლას "საშინლად არასწორი" უწოდა, რადგან ის ობამას აიძულებს უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს, ვიდრე შესაძლოა აპირებდა.

გოლდმანმა თქვა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთირთობების გადარჩენის შანსი არსებობს, მაგრამ ობამამ უარი უნდა თქვას ბუშის პროექტზე და თავდაცვითი სარაკეტო ფარები ევროპაში არ განათავსოს. გოლდმანის თქმით, რუსეთი არასდროს არ დაიჯერებს, რომ ეს პროგრამა მხოლოდ ირანისთვისაა განკუთვნილი.

"მათ უბარლოდ არ სჯერათ ჩვენი", ამბობს გოლდმანი და აცხადებს, რომ რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს და მისცეს ობამას საშუალება საკუთარი საგარეო პოლიტიკა თავად განსაზღვროს.

"მიეცით მას შანსი, ოღონდ კუთხეში ნუ მოამწყვდევთ", ამბობს იგი.

პადმა დესაიმ, ჰარიმანის პროფესორმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის გარდამავალი ეკონომიკების ცენტრის დირექტორმა, თქვა, რომ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ობამას რუსეთთან ურთიერთოებების გაუმჯობესებაში კონგრესიდან შეხვდება.

"დემოკრატები პრობლემებს შექმნიან", თქვა მან, და აღნიშნა, რომ კონგრესის ლიდერებს, რომლებსაც ის მტაცებლებად ახასიათებს, კარგი რეაქცია არ ექნებათ ობამაზე, რომელიც მედვედევთან მოსალაპარაკებლად დაჯდება.

ის ამბობს, რომ რუსეთი აშშ-სთვის საფრთხეს არ ქმნის.

"მათ ბევრი პრობლემები აქვთ. ისინი ნავთობზე ფასების დაცემის და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის წინაშე დგანან. მათ აქვთ პრობლემების მთელი წყება. როგორ შეიძლება ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ", აცხადებს დესაი.

მაგრამ დასძენს, რომ რუსეთი ამერიკისთვის ყოველთვის ეკალივით იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთი აბსოლუტურ დემოკრატიად გარდაიქმნება, აშშ-ს მის ხელმძღვანელებთან პრობლემები ყოველთვის ექნება, რადგან ევროპისა და იაპონიისგან განსხვავებით, რომლებიც ამერიკის ღირებულებებს იზიარებენ, რუსეთს მუდმივად ექნება მისი გეოპოლიტიკური ინტერესები, რომელთა დაცვას თავის სამხრეთ საზღვრებთან ყოველთვის შეეცდება.

საიმსის თქმით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთოებები ამ უკანაკნელის ნაციონალური უსაფრთხოების პრიორიტეტების მიხედვით გაუმჯობესდება ან გაუარესდება.

"თუკი ჩვენი პრიორიტეტები იქნება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ტერორიზმთან ბრძოლა, ნატოს მოკავშირეების დაცვა, ისე რომ რუსეთს არ მივცემთ უფლებას მისი მეზობლების ტერიტორიაზე შეიჭრას, მაშინ ყველა ამ პრიორიტეტის განხორციელება შესაძლებელი გახდება რუსეთთან კონფრონტაციის გარეშე", თქვა მან.

"მაგრამ, თუკი პრიორიტეტი იქნება დემოკრატიის გავრცელება, უკრაინის და საქართველოს ნატოში შეყვანა, რუსეთისთვის ნავთობისადენების მშენებლობის აკრძალვა ევროპაში, მაშინ აშკარაა, რომ ურთიერთობები გაუარესდება".

ორიგინალი

No comments: