მარგარიტა ანთიძე, მეთ რობინსონი
7 ნოემბერი 2008
(როიტერი) - დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის წინაააღმდეგ 10 000-ზე მეტი ქართული ოპოზიციის მხარდამჭერი შეიკრიბა.
პარასკევს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში გამართული მიტინგი ოპოზიციური დემონსტრაციის დარბევის პირველ წლისთავს მიეძღვნა. შარშან პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების აღსაკვეთად რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა და პირობა დადო, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დემოკრატიას განავითარებდა, მაგრამ ოპოზიცია ამბობს, რომ მან მოლოდინი ვერ გაამართლა.
დასავლეთის მთავრობები, საკაშვილის მთავარი მხარდამჭერის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით, აგრძელებენ მოწოდებებს მედიის, სასამართლოსა და პოლიტიკური ოპონენტებისთვის ფართო თავისუფლებების მინიჭების შესახებ.
"ჩვენ სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალ ტალღას ვიწყებთ და მანამდე არ გავჩერდებით, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება" - მიმართა მიტინგზე შეკრებილთ, ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ.
გამომსვლელები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას, ადრე, 2009 წელს ითხოვენ. მათ არჩევნების დარღვევით ჩატარების ფაქტიც გაიხსენეს.
სულ უფრო ხმამაღლა გაისმის უკმაყოფილება ხუთდღიანი ომის გამო, როდესაც რუსეთმა ქვეყანაში ტანკები და არმია გაგზავნა საქართველოს მცდელობის აღსაკვეთად - დაებრუნებინა აჯანყებული პრორუსული რეგიონი, სამხრეთ-ოსეთი.
"სააკაშვილი უნდა გადადგეს", თქვა პენსიონერმა ვახტანგ დოლიძემ. "ის ხალხს არ აურჩევია, მან თავი მოგვჭრა ამ ომში, ტერიტორიები დაგვაკარგვინა".
ანალიტიკოსები და დასავლელი დიპლომატები ამბობენ, რომ როგორც ჩანს სააკაშვილს ჯერ პოპულარობა არ დაუკარგავს, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ გლობალური კრიზისის და წაგებული ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მოსახლეობაში სოციალური უკმაყოფილება გაზრდილია.
"მწარე გაკვეთილი"
სააკაშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ სამხრეთ ოსეთზე შეტევის გადაწყვეტილებით, რამაც ოფიციალური თბილისი ადრეულ 1990-იანებში დააბრუნა, პრეზიდენტმა საქართველო ისეთ ომში ჩაითრია, რომელსაც ის ვერ მოგებდა და რომლის დაწყების უფლებაც საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა.
არმია დამარცხდა, კრემლმა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ომის გამო გადაადგილებული ათობით ათასი ქართველი ზამთრის მოახლოვებასთან ერთად უსახლკაროდაა დარჩენილი. პარასკევის საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სანაპიროს გავლით პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართა, სადაც ლიდერებმა საკუთარი მოთხოვნები საჯაროდ წაიკითხეს.
შარშან ნოემბერში ათასობით მომიტინგე რამდენიმე დღის მანძილზე საპროტესტო აქციებს მართავდა, ვიდრე მთავრობამ პოლიცია არ გაგზავნა და შტურმით არ აიღო მთავარი ოპოზიციური ტელე სადგური "იმედი", და ის ეთერიდან არ გათიშა.
მაგრამ ოპოზიცია კვლავ ფრაგმენტულია. ერთ-ერთმა წამყვანმა პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატებმა საკუთარი მიტინგი იმედის ოფისთან გამართეს.
პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ თქვა, რომ შარშანდელმა მოვლენებმა "გაფანტა ილუზიები იმის თაობაზე, რომ ძალადობით მოსული ხელისუფლება ქვეყანას ოდესმე რაიმე კარგს გაუკეთებს".
ომის შემდეგ, საკუთარი მდგომარეობის გათვალისწინებით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ რეფორმებს გაატარებს პარლამენტის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის, რასაც ზოგიერთი დასავლელი დიპლომატი სკეპტიკურად უყურებს.
სააკაშვილის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და პარასკევს განაცხადა, რომ შარშანდელი ძალადობა "ყველასთვის ძალიან მწარე და მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო".
ორიგინალი
No comments:
Post a Comment