მაიკლ შვირცი
9 ნოემბერი 2008
საქართველო ისევე, როგორც რუსეთი, საარტილერიო იარაღის გამოყენებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
მოსკოვი - საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან აგვისტოს ომში, უფრო მეტი კასეტური ბომბი ისროლეს, ვიდრე ეს თავიდან იყო ცნობილი. ზოგიერთი საარტილერიო დანადგარი, როგორც ჩანს, გაუმართავი იყო და ამიტომ ყუმბარები ასცდა სამხედრო ობიექტებს, ჩამოვარდა სოფლებში და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი გამოიწვია - ასეთია Human Rights Watch-ის მიერ ახლად მოკვლეული მასალის შინაარსი.
სამშაბათს ჯგუფმა განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი ომის მსვლელობისას აქტიურად იყენებდნენ კასეტურ ბომბებს. ომი საქართველოს მიერ, სეპარატისტულ ანკლავზე, სამხრეთ ოსეთზე დიდი საარტილერიო შეტევით დაიწყო. რუსეთმა მყისიერად ირეაგირა და საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ომის მსვლეობისას და მის შემდეგ რუსეთის ქმედებებმა საერთაშორისო საზოგადოების საშინელი აღშფოთება გამოიწვია, ქართული ოპერაციაც სულ უფრო მზარდი, დეტალური კვლევის ობიექტი ხდება. საქართველო სასტიკად უარყოფს მოპოვებული მასალების ადეკვატურობას, მაგრამ Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშში, რომელიც ჩვეულებრივ შეიარაღებებისადმი მიძღვნილ შეკრებაზე ჟენევაში იქნა წარდგენილი, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებია მოყვანილი, რომ საქართველომ ომის დროს ბევრი საშინელი შეცდომა დაუშვა.
ქვეითსაწინააღმდეგო შეიარაღება
კასეტურმ ბომბებმა, ტიპურმა ქვეითსაწინააღმდეგო შეიარაღებამ, რომელიც დეტონაციის შემდეგ 12-მდე პატარა ყუმბარას ისვრის, მოკლე, სისხლისმღვრელი ომის დროს 17 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და 12-ზე მეტი დაჭრა - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, ორივე მხარის მიერ გამოყენებული ბევრი ჭურვი დაცემისას არ აფეთქდა, რამაც უკვე გამოიწვია მსხვერპლი და მომავალშიც შეუქმნის საფრთხეს მშვიდობიან მოქალაქეებს.
რამდენიმე ქართულ სოფელში, რომელიც Human Rights Watch-მა გამოიკვლია, ნაპოვნია ქართველების მიერ ისრაელში შესყიდული სარაკეტო ჭურვების ნარჩენები, რაც ბადებს ვარაუდებს, რომ ადგილი ჰქონდა ”მასობრივ ტექნიკურ შეცდომას”, ნათქვამია რაპორტში. გაუმართავ იარაღს იყენებდნენ ბრძოლაში, რის შედეგადაც ქართულ სოფლებში, თირძინსა და შინდისში დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
გარდა ამისა, უკვე ომის დასრულების შემდეგ აუფეთქებელმა ქართულმა ნაღმებმა მოკლა ორი და დაჭრა სამი ადამიანი - განაცხადა Human Rights Watch-მა.
”აქ ძალიან ბევრი აუფეთქებელი ნაღმი იყო, ყველაფერი კატასტროფულ შეცდომებსა და ტექნიკურ გაუმართაობაზე მიგვანიშნებს” - განაცხადა გიორგი გოგიამ, რომელიც საქართველოში Human Rights Watch-ისთვის მუშაობს და ანგარიშის შედგენაში მონაწილეობდა.
ისრაელში ნაყიდი
საქართველომ აღიარა, რომ შეიარაღება ისრაელში შეისყიდა და ომის მსვლელობისას გამოიყენა, თუმცა ქართველი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კასეტური ბომბები გამოიყენეს მხოლოდ რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში. ქართული ხელისუფლება აკრიტიკებს Human Rights Watch-ის მონაცემებს და აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს შეირაღებული ძალების მიერ ნასროლი ჭურვების ქართულ სოფლებში დაცემის შესახებ.
”ჩვენ ერთ რამეში დარწმუნებულნი ვართ - პუბლიკაციები იმის შესახებ, რომ ქართულმა კასეტურმა ჭურვებმა ზიანი მიაყენა საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას, სრული გაუგებრობაა და არ შეიძლება იყოს სიმართლე” - განაცხადა კახა ლომაიამ, საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ.
ლომაიამ განცხადა, რომ ქართულ კასეტურ ჭურვებს აქვთ თვითგანადგურების მექანიზმი, რომელიც უვნებელყოფს ნებისმიერ ნარჩენს. Human Rights Watch-ი ამას ეჭვის ქვეშ აყენებს.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ ათეულობით და ათეულობით აუფეთქებელი ბომბი და არც ერთი მათგანი არ იყო აღჭურვილი თვითგანადგურების მექანიზმით” - თქვა გოგიამ.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარებმა რუსული და ქართული კასეტური ჭურვები 12-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში აღმოაჩინეს, Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის უმეტესობა რუსული იარაღითაა გამოწვეული.
საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი გააფთრებით უარყოფს ომის დროს კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტს. . Human Rights Watch-მა ქართულ სოფლებში AO-2.5 RTM-ის მიერ ჰაერიდან ნასროლი ჭურვები აღმოაჩინა - ნათქვამია რაპორტში.
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გორის ცენტრალურ მოედანზე 12 აგვისტოს რუსულმა კასეტურმა ბომბმა მოკლა ჰოლანდიელი ოპერატორი და ოთხი სხვა ადამიანი. ანგარიშში, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა, სამინისტრო ამბობს, რომ სამხილების, ვიდეო და ფოტომასალის ექსპერტიზამ ერთი რამ დაადასტურა - მსხვერპლი გამოიწვია რუსულმა სარაკეტო დანადგარმა SS-26-მა, რომელიც დატენილი იყო კასეტური ბომბებით.
კასეტური ჭურვების გამოყენება, იმის გამო, რომ მათ უდიდესი ზიანი მოაქვთ სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, დაგმო თითქმის მთელმა მსოფლიომ. აუფეთქებელი კასეტური ჭურვები, რომლებიც მიმოფანტულია დიდ სივრცეებში წლების მანძილზე კლავს და ასახიჩრებს ადამიანებს. 100-ზე მეტი ქვეყანა მაისში მიუერთდა კასეტური შეიარაღების კონვენციას და პირობა დადო, რომ თავს შეიკავებს მათი გამოყენებისგან. საქართველო და რუსეთი ამ კონვენციას, ისევე, როგორც სხვა მისი მომხმარებლები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი კონვენციას არ მიუერთდა.
No comments:
Post a Comment