ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან. ისინი კონსულტაციებს რუსეთის საკითხზეც გამართავენ. ქართული ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიდ მეზობელზე უფრო მეტ ზეწოლას მოითხოვს. ის პრეზიდენტ სააკაშვილს მკაცრად აკრიტიკებს.
ქალბატონო ბურჯანაძე, რუსეთ-საქართველოს ომიდან 3 თვე გავიდა. როგორ შეაფასებდით ამ ომის შედეგს თქვენი ქვეყნისთვის?
ამერიკის და ევროპული თანამეგობრობის (ევროკავშირი) დახმარების მიუხედავად, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, საქართველო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. რუსები არ ასრულებენ საფრანგეთის პრეზიდენტის ძალისხმევით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას და რუსული ჯარები ჯერ კიდევ დგანან საქართველოს ტერიტორიაზე, და არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ მათ საზღვრებს გარეთაც.
კმაყოფილი ხართ ევროკავშირის დამკვირვებლების მუშაობით?
ჩვენ მადლიერები ვართ. მაგრამ ასევე ავღნიშნავთ, რომ რუსეთი შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტს არ ასრულებს და არ გაყავს თავისი ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე. ამის ნაცვლად, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდ სამხედრო ბაზებს აიარაღებს.
ამ ხუთ დღიანი ომით რა გაკვეთილი მიიღეს რუსეთმა, საქართველომ და ევროკავშირმა?
თუკი რუსეთი თავს კვლავ გამარჯვებულად გრძნობს, ეს მცდარი შეფასებაა. მისი იმიჯი მსოფლიოში სერიოზულად შეილახა. იმავდროულად, რუსეთის საზღვრებში არსებულ კავკასურ რეპუბლიკებში სულ უფრო მეტი არეულობაა. იქ სეპარატიზმი იზრდება.
საქართველო და ევროკავშირი?
რუსეთთან ჩვენც უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება. ის ჩვენი მეზობელია, მოგწონს ეს თუ არა, მაგრამ ამასთანავე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეჭქვეშ არ უნდა იდგეს. ევროპამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომ ამ პროცესებში უფრო აქტიურად ომამდე არ ჩაერია. მცდარია ის შეხედულება, თითქოს საქართველო შორსაა და მისი პრობლემები ევროპას არ ეხება. ახლა ევროკავშირმა მისი სამეზობლო პოლიტიკა (ENP) საქართველოს მიმართ უფრო ინტენსიურად უნდა წარმართოს, და არამხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი კავკასიური ქვეყნების, სომხეთის და აზერბაინჯანის მიმართაც. თქვენ ახლა ინტერვიუს მართმევთ ისეთი ღონისძიების წინ როგორიცაა ჰენრიხ ბიოლის და ბერტელსმანის ორგანიზაციების ერთობლივი კონფერენცია, რომელშიც რეგიონის ცნობილი პოლიტიკოსები, ევროპელი დიპლომატები და ექსპერტები ევრკავშირი-კავკასიის მომავალ სტრატეგიაზე იმსჯელებენ. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ კვირაში ნიცაში ევროკავშირი-რუსეთის უმაღლესი დონის შეხვედრა იმართება. რას ელით მერკელის, სარკოზის, ბრაუნის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისგან?
საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში ერთ-ერთ პირველ საკითხად უნდა დარჩეს. ევროპამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს. იმავდროულად, ამ საკითხზე ჩვენ ევროპის ერთიანობა გვჭირდება, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით ერთხმად ლაპარაკობს. სხვა შემთხვევაში რუსეთმა საკუთარ მიზანს მიაღწია. ჩვენ გამარტივებული სავიზო რეჟიმი გვინდა, რომ ქართელებმა ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ. რატომ არის რომ რუსეთი ვიზებზე უარს გვეუბნება.
უნდა განახლდეს თუ არა ევროკავშირი-რუსეთის პარტნიორობასა და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, რომლებიც ომის შემდეგ გადავადდა?
ევროპამ ეს საკითხი კარგად უნდა გაიაზროს, მკაფიოდ განსაზღვროს რუსეთთან დამოკიდებულება, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის საკითხები, რომ რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული იყოს.
ახლახანს თქვენმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მიმართვაში, მათ შორის გაეროს ასამბლეის წინაშე ნიუ-იორკში, საქართველოში "დემოკრატიზაციის ახალი ტალღის" შესახებ ისაუბრა. გჯერათ მისი?
ეს მშვენიერი სიტყვებია, რომლებსაც ხშირად არანაირი ქმედება არ მოჰყვება ხოლმე. ღონისძიებები, რომლებსაც ის ატარებს კოსმეტიკური, ფასადურია.
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილს იმ მოსაზრებაში, რომ საქართველო დღეს გაცილებით წინ არის ვიდრე სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები?
ეს ტყუილი არ არის. თუმცა ჩვენ საკუთარი თავი ალბათ აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს უნდა შევადაროთ, როგორებიცაა პოლონეთი, ჩეხეთი ან სამი ბალტიისპირული რესპუბლიკა.
ერთი წლის წინ პრეზიდნტმა სააკაშვილმა ოპოზიციური დემონსტრაცია ძალით დაშალა და დახურა მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია. იმავდროულად დასავლურ პრესასთან ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ პრესის თავისუფლება საქართველოში არსებობს და 3 ოპოზიციური არხია. ეს განცხადება სინამდვილეს შეესაბამება?
ყველამ, ვინც საქართველოს ამბებში ერკვევა, იცის, რომ ეს მართალი არ არის. მე აღარ მივცემ ჩემს მთავრობას იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს მომვალშიც მოატყუოს. ჩვენმა ხალხმა დღემდე არ იცის სიმართლე აგვისტოს ომზე. ამიტომ, მე 43 კითხვა გავუგზავნე მთავრობას და პრეზიდენტ სააკაშვილს.
რისი გაგება გსურთ?
რატომ აღმოვჩნდით რუსების ხაფანგში, ვინ გასცა ბრძანება საომარ აქციაზე, რატომ დაიხია ჩვენმა ჯარმა უკან ასე სწრაფად, რას გულისხმობდა მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლისკენ მოუწოდებდა, მაშინ როდესაც ჯარი უკან დახევის ბრძანებას იღებდა და ა.შ. მთავრობა ჩვენ ხალხს ომის შესახებ ატყუებს და ცინიკურად აცხადებს, რომ საქართელომ ეს ომი თურმე მოიგო, რადგან მსოფლიოში ჩვენს მიმართ დღეს მეტი ყურადღებაა. თურმე ამისთვის უნდა დაღუპულიყვნენ ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა.
პასუხი მიიღეთ?
დღემდე არ მიმიღია. ამის ნაცვლად, პრეზიდენტმა მთავრობაში კოსმეტიკური ცვლილებები ჩაატარა. ეს სასაცილოა. თანამდებობები დატოვეს კულტურის და გარემოს დაცვის მინისტრებმა, ხოლო თავდაცვის მინისტრი და ომზე პასუხისმგებელი სხვა პირები, ასეთი კატასტროფული მარცხის შემდეგ, თანამდებობებზე დარჩნენ. რომელ დემოკრატიაში შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს?
იმ დემოკრატიული დეფიციტის გათვალისწინებით, რომელზეც თქვენ საუბრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ევროკავშირი სააკაშვილის მთავრობასთან მიმართებაში? უნდა შეაჩერონ მათ მილიარდიანი დახმარების მოწოდება?
არა, რა თქმა უნდა. ჩვენ ეს ფული გვჭირდება. მაგრამ დახმარება მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა განხორციელდეს. ევროპა დეტალურად უნდა იხილავდეს, ეს ფული რისთვის გამოიყოფა. ის ხალხს უნდა მოხმარდეს და არა მთავრობას: საომარი ტერიტორიებიდან დევნილებს, დემოკრატიზაციას.
თქვენ ოპოზიციური პარტია დააფუძნეთ. მაგრამ იმ დროს როდესაც ოპოზიცია ერთიანი არ არის, რა პერსპექტივას ხედავთ?
არ მინდა პატიმოყვარეობაში ჩამომართვათ, მაგრამ მე ჯერ კიდევ საკმარისად პოპულარული ვარ. ჩვენ გაზაფხულზე პარლამენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოვითხოვთ.
No comments:
Post a Comment