Monday, April 7, 2008

საქართველოს განცხადებები რუსეთის ომთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს

new_york_times

სი ჯეი ჩივერსი და ელენ ბარი
7 ნოემბერი 2008

თბილისი, საქართველო - საქართველოსა და რუსეთს შორის ომის დაწყების შესახებ დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების ახალი მონაცემები საქართველოს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მისი ქმედებები მხოლოდ სეპარატისტებისა და რუსეთის აგრესიისგან თავდაცვას ისახავდა მიზნად, ეჭვს ქვეშ აყენებს.

ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოს გამოუცდელმა არმიამ 7 აგვისტოს სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქზე შეტევის დროს ზიანის მიყენების მიზნით განურჩევლად გაუხსნა ცეცხლი საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებიდან მშვიდობიან მოსახლეობას, რუს მშვიდობისმყოფელებსა და შეუიარაღებელ მეთვალყურეებს .

მონაცემები არ არის საბოლოო და არც იმდენად სრული, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ამ ომის გამო გართულებული ურთიერთობები დაარეგულიროს, მაგრამ, ის ბადებს კითხვებს საქართველოს განცხადებების გარშემო, რომელთა თანახმადაც საქართველოს მიერ ცხინვალის, სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქის დაბომბვის ოპერაცია ზუსტად ჩატარდა. საქართველო სხვადასხვა არგუმენტის გამოყენებით ცხინვალის დაბომბვის ოპერაციას იცავს და აცხადებს, რომ ეს ოპერაცია აუცილებელი იყო სეპარატისტთა მიერ ქართული სოფლების მძიმე არტილერიით დაბომბვისა და რუსეთის შემოჭრის შესაჩერებლად.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეტევას ახასიათებდა, როგორც ზუსტად დაგეგმილ თავდაცვით აქციას. მაგრამ დამკვირვებელთა ცნობით, რომელიც 7 აგვისტოთია დათარიღებული, ქართული საარტილერიო ჭურვები და რაკეტები ქალაქში 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა. დაბომბვის პირველსავე საათებში, სულ ცოტა 48 ჭურვი მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში დაეცა. დამკვირვებლებმა აგრეთვე განაცხადეს, რომ ისინი ვერ ადასტურებენ, რომ იმ საღამოს ქართულ სოფლებს ვინმემ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა - სწორედ ამ არგუმენტს იყენებს ყველაზე ხშირად სააკაშვილი შეტევის გასამართლებლად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელები აპროტესტებენ ამ მონაცემებს და დასავლეთის მთავრობებს მათი უგულვებელყოფისკენ მოუწოდებენ. ”მე არ ვიცი, ეს რა ინფორმაციაა და არ მესმის რით დასტურდება ის” - ამბობს გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ”არსებობს საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფლების ხანგრძლივი დაბომბვის და რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო მშენებლობის უამრავი მტკიცებულება. ეს მონაცემები მოვლენათა საბოლოო სურათს ვერ შეცვლის”.

”ვის შეეძლო აღერიცხა აფეთქებები. ეს ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს” - დაამატა მან.

კრემლი მიესალმა დამკვირვებელთა კვლევებს, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კარასინის წერილობითი განცხადების თანახმად ასახავენ: ”მოვლენათა რეალურ განვითარებას ქართველთა შეტევის წინ”. მან დაამატა, რომ მონაცემები უარყოფს ქართველთა ბრალდებებს, რომელთაც მითიური უწოდა.

დამკვირვებლები ეუთოს მანდატით მომუშავე ინტერნაციონალური გუნდია. ამ ორაგანიზაციაში 56 სახელმწიფოა გაერთიანებული. ჯგუფი კონფლიქტს 1990-იანი წლებიდან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინა ხელშეკრულების დადების მომენტიდან აკვირდება.

დამკვირვებელთა მონაცემები, რომელთა შორის იყო, ფინელი მაიორის, ბელორუსი საჰაერო მედესანტის და პოლონელი სამოქალაქო პირის დასკვნებიც, თბილისში ორჯერ, აგვისტოსა და ოქტომბერში დიპლომატთა ბრიფინგზე განიხილეს. დასკვნები ნიუ-ორკ ტაიმსს ორივე ბრიფინგში მონაწილე ადამიანებმა მიაწოდეს.

სააკაშვილი, რომელმაც რუსეთის შემოჭრა საქართველოში ნაცისტთა მიერ 1938-ში ევროპის ანექსიასა და 1968 წელს საბჭოთა ჯარების პრაღაში შესვლას შეადარა, შინ არეულობის პირისპირ აღმოჩნდა და დასავლეთის მთავრობებიც სკეპტიკურად უდგებიან მის შეფასებებს.

ეს მოკლე ომი საქართველოსთვის უბედურება იყო. შეტევა უკუგდებულ იქნა. ქართულმა ჯარმა მძიმე შეურაცხყოფა გადაიტანა: რუსულმა არმიამ დაამარცხა მისი შენაერთები, დაიკავა და გაძარცვა მისი ბაზები, ხელში ჩაიგდო მისი აღჭურვილობა, დაძრწოდა საქართველოს გზებზე ისე, როგორც უნდოდა. არაფორმალურმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომელთა შორის იყვნენ ოსები, ჩეჩნები და კაზაკები, გაძარცვეს და ადგილობრივი მოსახლეობისგან გაწმინდეს ის ქართული სოფლები, რომელთა დაცვასაც ქართველები აპირებდნენ. ზოგიერთი სოფელი მთლიანადაა დამწვარი.

იარაღის კონცენტრაცია

ეუთოს დამკვირვებელთა მონაცემების თანახმად 7 აგვისტოს 15:00 საათზე მათ შენიშნეს ქართული საარტილერიო და სარაკეტო დანადგარების დიდი მასა გორის ჩრდილოეთით, ანკლავის სამხრეთით მდებარე ტერიტორიების მახლობლად.

18:10 წუთზე რუსული სამშვიდობო ჯარების წარმომადგენლებმა დამკვირვებლებს აცნობეს, რომ ოსურ სოფელ ხეთაგუროვოზე ქართული არტილერიის მიერ ცეცხლის გახსნას ეჭვობენ. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ დადასტურებულა, ხოლო 19:00 საათზე ქართველებმა განაცხადეს, რომ ცეცხლს ცალმხრივად წყვეტენ.

ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა 23:00 საათზე გადმოსცეს, რომ ქართული სოფლები მძიმე არტილერიით იბომბება და განაცხადეს, რომ სამხრეთ ოსეთში ”კონსტიტუციური წესრიგის” აღსადგენისთვის ოპერაციას იწყებენ. ცხინვალის დაბომბვა ამ ინფორმაციის გადაცემის შემდეგ მალე დაიწყო.

დამკვირვებელთა ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ ცხინვალის შეტევის წინ, ქართული სოფლების დაბომბვის ხმა არ ისმოდა. სულ მცირე ორი სოფელი იმ ოთხ სოფელს შორის, რომლებიც, ქართველთა განცხადებების თანახმად, დაიბომბა, მათ ოფისთან ცხინვალში ახლოსაა განლაგებული და ამიტომ მათ საარტილერიო შეტევის ხმა უნდა გაეგოთ.

უფრო მეტიც, დამკვირვებლებმა გააკეთეს ჩანაწერი, რომ ქართველთა მიერ დაბომბვის დაწყების შემდეგ , 23:35-დან 23:45 წუთამდე ჭურვები სკდებოდა 15 - 20 წამის ინტერვალით.

8 აგვისტოს 00:15 წუთზე გენერალ-მაიორმა კულახმეტოვმა, რუსული სამშვიდობო ჯარების მეთაურმა აცნობა დამკვირვებლებს, რომ მისმა შენაერთმა დანაკარგები განიცადა და განაცხადა, რომ რუს ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

დაახლოებით 00:35 წუთზე დამკვირვებლებმა ცხინვალში 100 მძიმე ჭურვის აფეთქების ხმა დააფიქსირეს, აქედან 48 დამკვირვებელთა ოფისთან მოხდა. ოფისი საცხოვრებელ რაიონშია განლაგებული და დაბომბვისას დაზიანდა.

გენერალმა ნაგოვიცინმა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ 8 აგვისტოს დილისთვის ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ორმა მაღალი ჩინის ამრიკელმა ოფიცერმა, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, ანონიმურობის პირობით (ისინი ქართველ სამხედროებთან მუშაობენ) განაცხადეს, რომ მიუხედავად რუსების ქცევისა ან მათი მიზნებისა ანკლავთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ქართულმა საარტილერიო და სარაკეტო დანადგარებმა რუსულ პოზიციებს შეუტიეს, კონფლიქტი რუსეთთან გარდაუვალი გახდა. ასეთი სარისკო ნაბიჯი არაგონივრული და სახიფათო იყო.

მაღალი თანამდებობის პირები, ჯგუფი, რომელსაც შეზღუდული სამხედრო გამოცდილება აქვთ, ხოლო სააკაშვილისადმი ლოიალურად არიან განწყობილნი, აცხადებენ, რომ ცხინვალი ძირითადად მათსა და სეპარატისტებს შორის შეჯახებისას და რუსეთის საპასუხო დაბომბვებისას, მეორე დღეს დაზიანდა. ქალაქის დაბომბვების გასამართლებლად, ქართველებმა დასავლელ დიპლომატებს განუცხადეს, რომ სეპარატისტები იარაღს ჩვეულებრივი მოქალაქეების ბინებში მალავდნენ და ამიტომ ისინი ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენდნენ.

”ქართველები აღიარებენ, რომ ისინი ესროდნენ მერის ოფისს, პოლიციის შტაბებს, რადგან მათ სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ” - ამბობს მეთიუ ბრაიზა, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ვაშინგტონში სააკაშვილის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერი.

ეს განცხადებები დამოუკიდებელი წყაროების მიერ არ დადასტურებულა და ისინი რაიან გრისტის, ბრიტანული არმიის ყოფილი კაპიტნის კრიტიკის საგანი გახდა. გრისტის ომის დაწყების მომენტისთვის ეუთოს ერთი-ერთი წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. ის აცხადებს, რომ აღნიშნულ ღამეს მას ყველა მხარესთან ჰქონდა უწყვეტი კონტაქტი: ოფისთან ცხინვალში, მეთაურ სტეფან იანგთან, რომელიც ბრიტანეთის არმიის გადამდგარი ოფიცერია და მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

”ჩემთვის აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ ადგილი ჰქონდა ძალის სრულ განურჩეველ და არაპროპორციულ გამოყენებას, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა პროვოკაციები” - ამბობს მისტერ გრისტი - ”შეტევას ცხადად ვხედავდი. ეს იყო განურჩეველი თავდასხმა ქალაქზე”.

გრიტსი, როგორც სამხედრო ოფიცერი და დიპლომატი ირლანდიაში, კვიპროსზე, კოსოვოში და იუგოსლავიაში მსახურობდა. აგვისტოში მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა, რომელსაც არავითარი სამხედრო გამოცდილება არ აქვს, დაარწმუნა დიპლომატები, რომ შეტევა ზომიერი და კარგად დაგეგმილი იყო, გრისტმა ევროპის კავშირის დიპლომატებისთვის ბრიფინგი ჩაატარა, სადაც მეთვალყურეთა დასკვნები და მისი შეფასებები წარმოადგინა. ამ ბრიფინგიდან ცოტა ხანში გრისტი თანამდებობიდან გაურკვეველ ვითარებაში გადადგა.

მეორე ბრიფინგი საქართველოში ვიზიტად მყოფი სამხედრო ატაშეებისთვის მეთაურმა იანგმა ჩაატარა. ბრიფინგზე დამსწრე ერთ-ერთი პირის ცნობით, იანგი ეთანხმებოდა მეთვალყურეთა შეფასებებს, რომ ქართული სოფლები აგვისტოს საღამოს და ღამით ძლიერად არ დაბომბილა. ”თუ იმ მიდამოებში, რომლებზეც საქართველოს წარმომადგენლები მიგვანიშნებენ მძიმე დაბომბვა მიმდინარეობდა, ჩვენს ხალხს ეს უნდა გაეგო, მათ კი არაფერი გაუგიათ. მათ მხოლოდ დრო და დრო მსუბუქი იარაღის ხმა ესმოდათ”.

ეუთომ უარი უთხრა The Times-ს, რომელსაც მეთაურ იანგისა და მეთვალყურეებისგან ინტერვიუს აღება უნდოდა, მიზეზად ის მოიტანა, რომ ისინი ძალიან სენსიტიურ საკითხებზე მუშაობენ და არ უნდათ ამ უთანხმოებების საჯაროდ გამომზეურება.

წყენა და გაზვიადება

ქართველებისა და რუსების მონაცემებში გარკვევა რთული იყო. ძალადობა ანკლავის საზღვრებთან გასულ ზაფხულს მოხდა, მაგრამ მთელი წლის მანძილზე და 7 გვისტოს წინა დღეებშიც გრძელდებოდა. ქართული სოფლები დაიბომბა, დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

ერთ მხარეს მეორეზე პრეტენზიათა მთელი ნუსხა ჰქონდა შემუშავებული და ორივე ამტკიცებდა, რომ მისი არგუმენტები უეჭველია. ამავე დროს ორივე უამრავ ყალბ და გაზვიადებულ განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის იყო დასახელებული მსხვერპლის რაოდენობა, რომლებიც შემდგომ დამოუკიდებელი შეფასებებით არ დასტურდებოდა. იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოსა და რუსეთის რეპუტაცია შელახული იყო, პი-არ ომმა კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო.

რუსულმა შენაერთებმა მშვიდობიანი მოქალაქეების საკუთრება დააზიანეს და ქართველებმა ისინი ოსურ მილიციასთან ერთად ეთნიკურ წმენდებში დაადანაშაულეს. რუსეთმა და ოსეთმა ქართველებს მშვიდობიან ოსე მოქალაქეებზე თავდასხმაში დასდეს ბრალი.

მაგრამ ერთი ყველაზე მწვავე პასუხგაუცემელი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა შეიცვალა 7 აგვისტოს 19:00 საათსა და 11:30 წუთამდე. 19:00 საათზე სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტაზე განცხადება გააკეთა, ხოლო 11:30 წუთზე შეტევის ბრძანება გასცა. რუსებისა და ოსების აზრით, განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ ფანდი იყო. ეს დრო სააკაშვილმა სარაკეტო და საარტილერიო დანადგარების დასაყენებლად გამოიყენა.

ამ ვერსიას ოსები მასობრივად უჭერენ მხარს. მოქალაქეები გაუთავებლად იმეორებენ, რომ შინ დარჩნენ მას მერე, რაც სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. 68 წლის ემილია ძოჰოევა თავის 70 წლის ქმართან, ფელიქსთან შინ იყო, როცა დაბომბვა დაიწყო. ფელიქსს იდაყვს ქვევით ხელი მოაჭრეს, ხოლო მარცხენა ხელი და სხეული დამწვარი აქვს. ”სააკაშვილმა გვითხრა, რომ არაფერი მოხდებოდა” - ამბობს ემილია - ”ჩვენც დასაძინებლად წავედით”.

ვერც საქართველომ და ვერც დასავლელმა მოკავშირეებმა ჯერჯერობით ვერ წარმოადგინეს იმის მტკიცებულებები, რომ რუსების შემოჭრამ ან ოსეთის ზონაში ქართველების აუტანელმა მდგომარეობამ შეტევა აუცილებელი გახდა, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს.

საქართველომ სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის შეიარაღებული კოლონა 7 აგვისტოს დილას შემოვიდა, რაც სამშვიდობო მისიის წესების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ ჩანაწერში არ ჩანს, თუ რამხელა კოლონა, რა შემადგენლობით და რა მისიით შემოვიდა. გარდა ამისა არ მტკიცდება, რომ ქართველებმა ეს ჩანაწერი მათ მიერ დაბომბვის დაწყებამდე მრავალი საათით ადრე გააკეთეს. რუსები ამტკიცებენ, რომ ეს ჯარების როტაციის რუტინული ლოჯისტიკური ვარჯიში იყო.

დაბობვის ბუნდოვანი მონაცემები

The Times-ის მერ აღებული ინტერვიუები გაურკვეველ სურათს იძლევა - დაიბომბა, თუ არა ქართული სოფლები მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხდა. ზემო ნიქოზის მცხოვრებლები, ამბობენ, რომ ისინი საღამოს 18:00 საათზე დაიბობნენ, რაც ქართველების განცხადებებს ეთანხმება.

ორ სხვა სოფელში საქართველოს განცხადებები არ დასტურდება. ავნევში განაცხადეს, რომ დაბომბვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებამდე შეწყდა და არ განახლებულა მანამდე, სანამ ქართული დაბობვა რა დაიწყო. თამარაშენში რამდენიმე ადგილობრივმა განაცხადა, რომ ისინი დაიბომბნენ 7 აგვისტოს საღამოს, მაგრამ არც იმდენად, რომ სარდაფებში ჩასულიყვნენ. სხვებმა განაცხადეს, რომ 9 აგვისტომდე არავის დაუბომბია.

იმის გამო, რომ საკმარისი სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის მოპოვება რთულია, ეუთოს დასკვნებმა ამერიკის შეერთებული შტატები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. აშშ, სააკაშვილის საერთაშორისო მხარდამჭერის მთავარი წყარო, ეთანხმებოდა ამ ორგანიზაციების დასკვნებს და ადიდებდა მის პროფესიონალიზმს. მისტერ ბრაიზა მონაცემების შეფასებისგან თავს იკავებს.

”მე იქ არ ვყოფილვარ” - ამბობს ის შეტაკებაზე - ”ჩვენ იქ ჩვენი ხალხი არ გვყოლია, მაგრამ ეუთო ამ წლების მანძილზე ჩვენთვის ბევრ საკითხში სანდო წყაროს წარმოადგენდა”.

თავის მხრივ ეუთო უარს ამბობს შიდა ინფორმაციის განხილვაზე, აცხადებს, რომ მის მიერ ჩატარებული სამუშაო ზუსტია, მაგრამ ყველას ფრთხილი ინტერპრეტაციებისკენ მოუწოდებს. ”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეუთოს მიერ ჩატარებული ყველა დაკვირვება კვალიფიციური, ზუსტი და მიუკერძოებელია” - აცხადებს სპიკერი მარტა ფრიმენი e-mail-ში - ”მაგრამ თუ სრული სურათის მიღება გვინდა, სამეთვალყურეო აქტივობა გარკვეულ ადგილებსა და გარკვეულ დროს, არ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად”.

ორიგინალი

No comments: