ქართული "ვარდების რევოლუცია" ცრემლსადენი ღრუბლების ნისლში გაიფანტა: გუშინ საღამოს სპეცრაზმმა თბილისში ოპოზიციური მიტინგი დაარბია, პროდასავლელმა პრეზიდენტმა კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველოს დედაქალაქის ცენტრში გუშინ ნამდვილი ბრძოლები გაიმართა, სპეციალური დანიშნულების რაზმები მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლებს და რეზინის ტყვიებს იყენებდნენ. მიხეილ სააკაშვილმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
2003 წლის შემდეგ, "ვარდების რევოლუციის" ტალღაზე მოსული სააკაშვილისთვის ქუჩის აქციები ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. პროცესმა, კავკასიის სტრატეგიულ რეგიონში შესაძლოა ამერიკის პოლიტიკის ინტერესებიც დააზარალოს.
ბ-ნი სააკაშვილი, რომელიც მკვეთრად პროამერიკული კურსის მომხრეა და საქართველოს რუსეთის ორბიტიდან გამოყვანისა და მისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის გამო პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ დაუპირისპირდა, ამ ღამით 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შემდეგ პოლიცია ორი ოპოზიციური არხის შენობაში შეიჭრა და მათი მაუწყებლობა შეაჩერა.
ქართულმა ხელისუფლებამ, ასევე, პერსონა ნონ-გრატად სამი რუსი დიპლომატი გამოაცხადა და საკუთარი ელჩი მოსკოვში სასწრაფო კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიწვია.
"საქართველო დესტაბილიზაციის სერიოზულ საფრთხეს შეეჯახა, - განაცხადა სააკაშვილმა ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში, - რომლის უკანაც რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები დგანან".
იმავდოულად, ოპოზიცია ბატონ სააკაშვილს კორუფციასა და ავტორიტარიზმში ადანაშაულებს და პირობას დებს, რომ მისი პოსტიდან გადაყენებისთვის ძალისხმევას გააორმაგებს. მისი ყოფილი მოკავშირის, ექს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ქართველი ხალხი დაიღალა სააკაშვილის და მისი დაუსრულებელი ბრალდებებისგან რუსეთის მისამართით. ეს არის ნამდვილი წინააღმდეგობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის".
სააკაშვილის მხარდასაჭერად აშშ-მ უამრავი თანხა გაიღო. თუმცა, კორუფციასთან ბრძოლასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში გარკვეული წარმატებების მიუხედავად, ბევრი ქართველი ჩივის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელშესახებ გაუმჯობესებას ვერ გრძნობს.
შედეგად, დღევანდელი კონფრონტაციის დროს ვაშინგტონი შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგეს – მხარი დაუჭიროს ლიდერს, რომელიც პოპულარობას კარგავს, თუ ამ ყველაზე არასასურველ მომენტში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან მოკავშირეს ქაოსში გადაშვების საშუალება მისცეს. აშშ-სთვის საქართველოს მნიშვნელობა გასულ თვეს კიდევ უფრო გაიზარდა, მას შემდეგ რაც ბ-ნმა პუტინმა მოახერხა და კასპიის ზღვის სანაპიროს ქვეყნების სამიტზე ამერიკას ხელიდან გამოაცალა აზერბაიჯანის სამხედრო ბაზად გამოყენების პერსპექტივა - ირანის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის შემთხვევაში.
დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა მიტინგების მეექვსე დღეს გამოიყენეს. აქციები ოპოზიციური პარტიების კოალიციის ორგანიზებით იმართებოდა. პროტესტი პარასკევს დაიწყო და პარლამენტის შენობის წინ მალევე 50 000 ადამიანი შეიკრიბა. შემდეგ დღეებში ხალხის რაოდენობამ იკლო და გუშინდელი დღისთვის, როდესაც სპეც-რაზმელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიები ხელკეტებით გაწმინდეს, იქ 3 000 ადამიანამდე იყო.
ამის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, ქუჩის ბრძოლები გაჩაღდა, ჰაერში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. როდესაც ათასობით ადამიანმა მიტინგის გასაგრძელებლად იქვე, ახლოს მდებარე მოედანზე გადაინაცვლა, პოლიციამ რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო.
ლევან გაჩეჩილაძემ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მისი რეალური სახე აჩვენა: "გაზი და ხელკეტები. მათ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ გამოყენეს, და ამისთვის პასუხს აგებენ".
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საავადმყოფოებს 360-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც ძირითადად ცრემლსადენი გაზის ეფექტზე ჩიოდნენ. გარდა ამისა, მოვლენების თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ტენიდნენ პოლიციელები დასისხლიანებულ ადამიანებს მანქანებში. "ესენი ფაშისტები არიან, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ აქ საღამოს მოვალთ, ხვალაც მოვალთ. და ვივლით მანამდე, ვიდრე ჩვენსას არ მივაღწევთ", ამბობს ნინო ხორნაული, 50 წლის მიტინგის მონაწილე ქალბატონი.
არეულობები თბილისში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს მოგაგონებთ. 2003 წლის ნოემბერში ის მასობრივ დემონტრაციებს სათავეში ჩაუდგა, რაც პარლამენტში შეჭრით და ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის დამხობით დასრულდა. მაშინ პროტესტის მიზეზად არჩევნების გაყალბება იქცა. ოპოზიცია ახლა არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ახალი პარლამენტის არჩევნებს ითხოვს.
პარლამენტის სპიკერმა და საკაშვილის ერთგულმა თანამებრძოლმა ნინო ბურჯანაძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნა გამოთქვა.
ხალხის ხელისუფლება
"ნარინჯისფერი რევოლუცია" - 2004 წელს მასობრივმა გამოსვლებმა უკრაინაში მთავრობა აიძულა ფალსიფიცირებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაეუქმებინა და ახალი კენჭისყრა დაენიშნა, რომელსაც ხელისუფლებაში პრო-დასავლურად განწყობილი პოლიტიკოსის, ვიქტორ იუშჩენკოს მოსვლა მოჰყვა.
"კედრების რევოლუცია" – ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შემდეგ 2005 წლის თებერვალში ლიბანში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო, რის შედეგადაც სირიის ჯარებმა ლიბანი მთლიანად დატოვეს.
"ტიტების რევოლუცია" – 2005 წელს საპროტესტო აქციების შედეგად ყირგიზეთის პრეზიდენტი ასკარ აკაევი გადააყენეს. ახალმა პრეზიდენტმა კურმანბეკ ბაკიევმა იმავე წელს გამართულ არჩევნებში არნახული მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ მოგვიანებით მის წინააღმდეგ ოპოზიციამ გაილაშქრა, მას კორუფციის ბრალდებები წაუყენეს.
"მეწამულის რევოლუცია" – 2005 წელს ერაყში რევოლუციური ცვლილებების მომასწავებელი არჩევნები ჩატარდა, რომლებზეც ხელახალი კენჭისყრის თავიდან ასაცილებლად მეწამულის მელნები გამოიყენეს. ერაყში დღემდე მიმდინარე სისხლისღვრა, ართულებს მომხდარის იქ მიმდინარე სხვა მოძრაობებთან დაკავშირებას.
"ზაფრანისფერი რევოლუცია" – წელს ბირმაში ხუნტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ სტუდენტები და ზაფრანისფერ ანაფორებში შემოსილი ბუდისტი ბერები. პროტესტი სასტიკად ჩაახშვეს.
No comments:
Post a Comment