საქართველოს დემოკრატიაში მეცადინეობა მარტივად არ გამოსდის. 1921 წელს მოკლევადიანი თავისუფლების დაკარგვას 70-იან წლიანი საბჭოთა მმართველობა მოჰყვა; 1991 წელს, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, სამოქალაქო ომი გაჩაღდა, და ბოლოს, მოხდა "ვარდების რევოლუცია", რომელმაც ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებული და ქაოტური მმართველობა დაასრულა. მაგრამ მავნე ჩვევები არსად გამქრალა. ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობის ახალგაზრდობის, (პრეზიდენტი სააკაშვილი 2003 წელს 39 წლის იყო), რეფორმების გატარებისა და ქვეყნის მოდერნიზაციის სურვილის, ასევე პრეზიდენტის ამერიკელი მრჩევლების მიუხედავად, წარსულის პოლიტიკური ზნე-ჩვეულებანი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა.
სააკაშვილმა მკვეთრად პრო-დასავლური კურსი აირჩია. მისი ამბიციური ამოცანები, რომლებსაც ეჭვგარეშე იზიარებს მისი თანამოქალაქეების უმრავლესობა, მდგომარებობს საქართველოს ნატოსა და მოგვიანებით ევროკავშირში გაწევრიანებაში. ევროკავშირის დროშა მთელი ქვეყნის მასშტაბით ფრიალებს. სააკაშვილმა ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოახდინა, გაატარა რეფორმა სასამართლოსა და პოლიციაში. დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა, რისთვისაც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან უამრავი ქება დაიმსახურა. ამ წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის ტემპები შთამბეჭდავია - 14%, და ეს იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ 4 წლის წინ ნანგრევებში იწვა. სახელმწიფო ბიუჯეტი ექვსჯერ გაიზარდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი. და მართლაც, საქართველოს საკუთარი არმია ნატოს სტანდარტების დონეზე უნდა აეყვანა და იმავდროულად უნდა მოევლო ორი "გაყინული კონფლიქტისთვის" სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ორ, სეპარატისტულ რეგიონში.
მაგრამ დადებითმა იმიჯმა, რომლითაც პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სარგებლობს, ვერ გადაფარა ხალხის უკმაყოფილება, რომლის მასშტაბიც და სიღრმეც, გასულ კვირას, თბილისში დაწყებულმა დემონსტრაციებმა გამოავლინა. უკმაყოფილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ქართველები, თავიანთი ბუნებით, ცენტრალური ხელისუფლების მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან, რაც ძალიან მალე შეიძლება ღია დაუმორჩილებლობაშიც გადაიზარდოს. მეორე, გაიზარდა უფსკრული მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და იმ ადამიანების ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებას შორის, რომლებიც იძულებული არიან თვეში 20 ევროზე ნაკლებ ფასად იცხოვრონ, იმ დროს როდესაც ხელისუფლება გრანდიოზული პროექტების პოლიტიკას ატარებს, რომელთა ნაწილი, მართლაც სასარგებლოა, მაგრამ უმრავლესობა – აბსოლუტურად მოჩვენებითია. და ბოლოს, უარის თქმა დიალოგზე იმ ადამიანებთან, ვინც თვლის, რომ პრეზიდენტი ყოველთვის მართალი არ არის. ამის გამო სააკაშვილმა მისი ბევრი მინისტრი დაკარგა.
ოპოზიცია – სუსტი და დაქსაქსულია. მან ერთიანობის გარკვეული ფორმა შეიძინა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნიდან (რომლისთვისაც, სხვათაშორის მზად არ არის) სწრაფად გადავიდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაზე. მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველს განაცხადო, რომ დემონსტრაციების უკან "დგას კონკრეტული ილიგარქიული რუსული ძალა... საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის" (მიხეილ სააკაშვილი). თავად პრეზიდენტი, ანტირუსულ კარტს ხანდახან ძალიან ხშირად იყენებდა, რაშიც მოსკოვიც ეხმარებოდა, რომელიც სულ უფრო ამრავლებდა პროვოკაციებს. მაგრამ ეს კარტი მომგებიანი არ არის, რადგან პრივატიზაციის შედეგად, ქართული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსმა და ყაზახმა ფინანსისტებმა შეიძინეს.
ყველა ცოდვაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დადანაშაულება იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგული არ არის, რისი ნათელი მაგალითიც, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ისტორიაა, "ქორი" მინისტრის, რომელსაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების პრობლემის მოგვარება ძალის გამოყენებით სურდა. ოდესღაც ის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი იყო, მაგრამ შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა და ყოფილი მოკავშირე ერთ-ერთი ოლიგარქის ლიკვიდაციაზე ბრძანების გაცემაში დაადანაშაულა. ოქრუაშვილი დაიჭირეს და მხოლოდ მას შემდეგ გაანთავისუფლეს, როდესაც მისგან დამამცირებელი საჯარო აღიარება მიიღეს. ოქრუაშვილს გარკვევით მიანიშნეს, რომ მას მხოლოდ ემიგრაცია თუ უშველიდა.
ხელისუფლების მსგავსი ქმედებები, კლანებს შორის ურთიერთობის გარჩევას უფრო გავს, ვიდრე დემოკრატიისთვის დამახასიათებელ მეთოდებს, რომლისკენაც ევროპელის სტატუსზე პრეტენზიის მქონე ქართველები მიისწრაფვიან. მათ ვადამდელი არჩევნები კი არა, ხელისუფლების მშვიდიად შეცვლის პრინციპის გამოყენება სჭირდებათ. მაგრამ მანამდე გრძელი გზა აქვთ გასავლელი.
No comments:
Post a Comment